„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6535-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190040.05.001.016838
  • Word
6535-Iს
22/06/2012
ვებგვერდი, 03/07/2012
010190040.05.001.016838
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში არჩევისა და ამ ორგანოებიდან პარლამენტის წევრის გასვლის წესები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს;“.

3. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.“.

4. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.“.

5. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრის ხელფასი მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, პრემიას და სხვა დანამატებს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. დახმარება პარლამენტის წევრის დაღუპვისას (გარდაცვალებისას) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

4. პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

7. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის სასახლეში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. ამომრჩევლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა

ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისას პარლამენტის წევრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებთან და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.“.

10. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის

თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელთა მიერ პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1  თავი:

„თავი VI1

გარდამავალი დებულება

    მუხლი 351 . პარლამენტის წევრის მიერ კითხვით მიმართვის უფლება

2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს და შეაფასოს პასუხები. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 22 ივნისი.

№6535-Iს