დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კულტურის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 751 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.000.000.05.001.000.217 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (16/03/2021 - 30/11/2023)
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ითვალისწინებს ქართული ეროვნული კულტურის მრავალსაუკუნოვან უმდიდრეს ტრადიციებს, კულტურის სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ერების გამოცდილებას.
ეს კანონი ამკვიდრებს კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის პრიორიტეტულობას პიროვნების ჰარმონიულ აღზრდასა და განვითარებაში, მის შეუზღუდავ თვითგამოხატვაში, ხალხის, თითოეული მოქალაქის კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინებასა და გამდიდრებაში, მთელი საზოგადოების ზნეობრივ სრულყოფასა და ჰუმანიზაციაში.
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, აკისრებს სახელმწიფოს ყოველმხრივ ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა საყოველთაო აღიარებას, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებასა და გაფართოებას, შემოქმედებით ინტეგრაციას.
ეს კანონი კულტურის სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ჩამოყალიბებასთან ერთად, განსაზღვრავს თითოეული მოქალაქის ვალდებულებას კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის საქმეში.
ეს კანონი კულტურის სფეროს პრიორიტეტულობის, მისი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ავალებს სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს და მუნიციპალიტეტის ორგანოებს გაუწიონ მაქსიმალური ფინანსური და სხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური დახმარება კულტურის ყველა დარგს.
ეს კანონი არის ქვეყანაში კულტურის განვითარებისა და დაცვა-შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6907 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა კულტურის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა კულტურის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი არეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს.
მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) კულტურის სფეროში საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და რეალიზება;
ბ) კულტურულ ფასეულობათა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების გამოყენების სამართლებრივი პრინციპებისა და ნორმების განსაზღვრა;
გ) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის სუბიექტთა ძირითადი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება;
დ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებების განსაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და შესანარჩუნებლად;
ე) საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი კულტურული მოღვაწეობისა და შემოქმედებით პროცესში სახელმწიფოს ჩაურევლობის სამართლებრივი გარანტიის შექმნა;
ვ) ქართული კულტურის აქტიურად ჩართვა ერთიანი მსოფლიოს კულტურულ პროცესებში;
ზ) კულტურის სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება.
მუხლი 4. კულტურული მოღვაწეობის პრინციპები
კულტურული მოღვაწეობის პრინციპებია:
ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და სრული დამოუკიდებლობა;
ბ) ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარება;
გ) ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
დ) კულტურის სფეროში მონოპოლიზმის დაუშვებლობა;
ე) კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელმისაწვდომობა და საჯაროობის შეუზღუდველობა;
ვ) საქართველოს მოქალაქეთა კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავებისათვის ხელშეწყობა;
ზ) კულტურული მოღვაწეობის ჰუმანისტური მიმართულება.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კულტურული მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების დაცვა, შენარჩუნება, კვლევა, გავრცელება და ათვისება;
ბ) შემოქმედებითი მოღვაწეობა _ კულტურული ფასეულობების შექმნა, აღდგენა და ინტერპრეტაცია;
გ) კულტურული მოღვაწეობის სუბიექტები - კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირები, სახელმწიფო;
დ) შემოქმედებითი მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურულ ფასეულობებს ქმნის, აღადგენს ან ახდენს მათ ინტერპრეტაციას;
ე) კულტურის მუშაკი _ ფიზიკური პირი, რომელიც კულტურის სფეროში საქმიანობს;
ვ) კულტურის ორგანიზაცია _ სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაცია, დაწესებულება ან საწარმო, აგრეთვე ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ეწევა კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობას;
ზ) კულტურის სფერო _ ისტორიულ-კულტურული ტერიტორიები და ობიექტები, შენობა-ნაგებობები, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლები, ფოლკლორი, მხატვრული სუვენირი, ხალხური რეწვა და ხელობა, პროფესიული ხელოვნება და ლიტერატურა, სახელოვნებო განათლება და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკა, სამეცნიერო კვლევა და მეთოდიკა, ტექნოლოგიები, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და გაშუქება, კულტურულ-გასართობი შემეცნებითი პროგრამები და შოუ-ბიზნესი;
თ) კულტურული მემკვიდრეობა:
თ.ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან;
თ.ბ) არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად;
ი) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება;
კ) ინტელექტუალური საკუთრება _ შემოქმედებითი მოღვაწეობის ობიექტივირებული შედეგი;
ლ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკა _ იმ პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა, რომლითაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო კულტურის დაცვის, განვითარებისა და გავრცელების საქმეში;
მ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი).
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4711 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.141
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
თავი II. კულტურის სფეროში ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი
მუხლი 6. ადამიანის კულტურული მოღვაწეობის უფლება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კულტურული მოღვაწეობა საქართველოში არის ადამიანის შეუვალი უფლება. საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან კულტურულ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი კუთვნილებისა, შეზღუდული შესაძლებლობისა ან სხვა ნიშნისა.
შემოქმედებითი მუშაკის კულტურულ და შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებული უფლებები პრიორიტეტულია კულტურული მოღვაწეობის სხვა სუბიექტების _ სახელმწიფოსა და იურიდიული პირის უფლებებთან მიმართებაში. ფიზიკური პირის უფლებების რეალიზება ხდება ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე.
მუხლი 8. შემოქმედებითი მოღვაწეობის უფლება
ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მოღვაწეობის უფლება თავისი ინტერესებისა და უნარის შესაბამისად.
მუხლი 9. შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა
დაუშვებელია შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურა, შემოქმედებით ნაწარმოებზე ყადაღის დადება და მისი გავრცელების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.
მუხლი 10. ადამიანის კულტურული თვითმყოფადობის უფლება
ყოველ ადამიანს აქვს კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციის თავისუფლად არჩევის უფლება.
მუხლი 11. კულტურული ფასეულობებით სარგებლობის უფლება
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეზიაროს კულტურულ ფასეულობებს, ისარგებლოს სახელმწიფო ბიბლიოთეკების, მუზეუმების, არქივების ფონდებით, კულტურული მოღვაწეობის სხვა შესაბამისი მასალებით კანონმდებლობის ფარგლებში.
2. კულტურული ფასეულობებით სარგებლობისას შეზღუდვას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით ან მათი სარგებლობის განსაკუთრებული რეჟიმის გამო ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 12. სახელოვნებო განათლება
1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს სახელოვნებო განათლების მიღების შეუზღუდავი უფლება.
2. სახელოვნებო საბაზო განათლების დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
მუხლი 13. საკუთრების უფლება კულტურის სფეროში
1. კულტურის სფეროში დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული საკუთრების ყველა ფორმა.
2. კულტურის სფეროში ყოველ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგები თავად შემოქმედის საკუთრებაა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3. საქართველოში დაშვებულია საკუთრების უფლება კულტურულ ფასეულობებზე კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კულტურის სფეროში მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
1. საქართველოში ნებადართულია კულტურის ყოველგვარი სტატუსის დაწესებულების საქმიანობა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს.
2. საქართველოში კულტურის ორგანიზაცია იქმნება და მოქმედებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
3. კულტურის სფეროში ასოციაცია, შემოქმედებითი კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანება იქმნება კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის განხორციელების მიზნით.
4. კულტურის სფეროში საწარმო იქმნება შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის საჭირო მასალების, დანადგარებისა და სხვა საშუალებებისა თუ პროდუქციის საწარმოებლად, მათი ტირაჟირების, გავრცელებისა და რეალიზაციისათვის, აგრეთვე, კულტურის სფეროში შუამავლობისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისათვის.
მუხლი 15. საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების უცხო ქვეყანაში გატანის უფლება
ყოველ შემოქმედებით მუშაკს უფლება აქვს, ექსპონირებისა და გასხვისების მიზნით უცხო ქვეყანაში გაიტანოს საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებები კულტურის სფეროში
უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის კულტურული მოღვაწეობის განსხვავებული პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 17. მოქალაქის მოვალეობა კულტურის სფეროში
ყოველი მოქალაქე ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას კულტურის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
თავი III. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა უფლებამოსილება კულტურის სფეროში
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6907 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 18. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა კულტურის სფეროში;
ა1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნის ხელშეწყობა და იმ მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას;
ბ) კულტურული მოღვაწეობის, კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა;
გ) სახელმწიფო კულტურული პოლიტიკისა და პროგრამების განსაზღვრა, მათი შესრულების გარანტია ბიუჯეტიდან და სხვა ფონდებიდან სახსრების გამოყოფის მეშვეობით;
დ) კულტურულ ფასეულობათა განკარგვის წესის დადგენა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების პრივატიზების წესების განსაზღვრა;
ვ) სახელმწიფო დაქვემდებარების კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
ზ) კულტურის ორგანიზაციებისათვის ნაგებობათა და შენობათა მიკუთვნების პრიორიტეტების განსაზღვრა;
თ) კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების დაფინანსებაში წილობრივი მონაწილეობა;
ი) ქველმოქმედებისა და სპონსორობის ხელის შეწყობა;
კ) კულტურის სფეროში მოღვაწე ეკონომიკურად და სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეების დახმარება;
ლ) შემოქმედებითი მუშაკის მხარდაჭერა;
მ) კულტურულ ფასეულობათა შექმნისა და გავრცელების სფეროში მონოპოლიზმთან ბრძოლა და ამ მიზნით კულტურის არასახელმწიფო ორგანიზაციების, საწარმოების, ასოციაციების, შემოქმედებითი კავშირების, გილდიებისა და სხვა კულტურული გაერთიანებების საქმიანობის ხელშეწყობა.
მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში
1. კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის განხორციელება;
ბ) კულტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება;
გ) სახელმწიფო კულტურული პროგრამების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება აღნიშნული კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;
დ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;
ვ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა;
ზ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობებზე, სხვა ნაგებობებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.
2. საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შეთანხმებით.
მუხლი 20. სახელმწიფოს როლი რეგიონების კულტურულ განვითარებაში
სახელმწიფო ხელს უწყობს რეგიონებში კულტურული მოღვაწეობის განვითარების თანაბარი პირობების შექმნას, კულტურული განვითარების სპეციალური სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას, კერძო და საზოგადოებრივი ფინანსური წყაროების მოზიდვასა და დაბანდებას, კანონის ფარგლებში აწესებს საგადასახადო და სხვა შეღავათებს.
მუხლი 21. სახელმწიფოს ვალდებულება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
1. საქართველოს ხელისუფლება აღიარებს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პრიორიტეტს.
2. (ამოღებულია - 25.09.2013, №1329).
3. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
მუხლი 22. სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად
1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.
2. სახელმწიფო ზრუნავს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე;
3. სახელმწიფო ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების დაცვასა და გამოყენებას.
4. სახელმწიფოს აქვს კერძო მფლობელობაში არსებული ძეგლების შესყიდვის უპირატესი უფლება.
5. მიწაში, მის ზედაპირზე, წყალში ან ძველ ნაგებობებში აღმოჩენილი ძეგლი, რომლის მესაკუთრის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, წარმოადგენს ობიექტს, რომლის სახელმწიფოს, იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის მიკუთვნების საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
მუხლი 23. სახელმწიფოს ვალდებულება შემოქმედებითი საქმიანობის ხელშესაწყობად
1. შემოქმედებითი მოღვაწეობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო:
ა) უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის ორგანიზაციების საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს ამ სფეროში კერძო და არასახელმწიფო კულტურის ორგანიზაციების ფუნქციონირებას.
2. სახელმწიფოს ვალდებულება აისახება ქველმოქმედთა საქმიანობაში შეღავათებით, გრანტებით, სუბსიდიებით და კანონით დაწესებული სხვაგვარი დახმარებით.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან მათ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკების, მუზეუმების, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდების დაცვასა და გამოყენებას.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3646 - სსმ I, №44, 27.11.2006 წ., მუხ.294
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5294 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6907 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 25. სტატისტიკა კულტურის სფეროში
1. სახელმწიფო აწარმოებს ოფიციალურ სტატისტიკას კულტურის სფეროში და ვალდებულია უზრუნველყოს სტატისტიკის მართებულობა, დროულობა და საჯაროობა.
2. კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის კოორდინაციას და ამ საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირთა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს სამინისტრო.
მუხლი 26. საქართველოს ტერიტორიიდან კულტურული ფასეულობების გატანა და შემოტანა
საქართველოს ტერიტორიიდან კულტურულ ფასეულობათა გატანა და შემოტანა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი IV. კულტურის სფეროს ეკონომიკური რეგულირება
მუხლი 27. პრივატიზაცია კულტურის სფეროში
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები პრივატიზებას არ ექვემდებარება.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2019 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.90
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
მუხლი 29. კულტურისა და კულტურული მოღვაწეობის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
1. საქართველოში კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო გარანტიის საფუძველია საქართველოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება.
2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კონსტიტუციის, „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
3. სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების ქველმოქმედებასა და სპონსორობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების დაწესებით.
4. ცენტრალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდითაა გამოწვეული.
5. კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარების ფონდების შექმნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. არასაბიუჯეტო წყაროებიდან თანხების მოზიდვა არ იწვევს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების შემცირებას კულტურის სფეროში.
მუხლი 30. კულტურის დაცვისა და განვითარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სახელმწიფო ხელს უწყობს იმ პროდუქციის წარმოებას, რომელიც აუცილებელია კულტურის განვითარებისა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურული ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები შეიმუშავებენ და განახორციელებენ სამეცნიერო-ტექნიკურ პოლიტიკას კულტურის სფეროში ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დასანერგად.
მუხლი 31. კულტურის მუშაკთა შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა
1. კულტურის სფეროს მუშაკთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით.
2. საავტორო გასამრჯელოს ოდენობა, მისი ანაზღაურების წესი და ვადა განისაზღვრება ავტორთან დადებული ხელშეკრულებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კულტურის მუშაკთა სოციალურ დაცვას.
4. კულტურის მუშაკთა მინიმალური ხელფასი უნდა აღემატებოდეს საქართველოში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა საშუალო ხელფასის ოდენობას.
თავი V. საერთაშორისო ურთიერთობა კულტურის სფეროში
მუხლი 32. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნები
საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნებია:
ა) საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის კულტურულ მონაპოვართა გაცვლა;
ბ) კულტურის შესახებ ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
გ) საერთაშორისო აქტების შესაბამისად თითოეული ხალხის კულტურული მონაპოვრის ხელმისაწვდომობა;
დ) ხალხთა შორის მშვიდობიანი ურთიერთობისა და მეგობრობის განვითარება.
მუხლი 33. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის პრინციპები
1. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა არის სახელმწიფოსა და მასში მცხოვრები ყველა ხალხის უფლება.
2. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა ეფუძნება კულტურის თვითმყოფადობის პატივისცემას.
3. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა ხორციელდება სახელმწიფოებისა და მათი ხალხების ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე.
მუხლი 34. საერთაშორისო კულტურული გაცვლის სუბიექტები
1. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის მიზნებისა და პრინციპების უზრუნველსაყოფად საქართველო ხელს უწყობს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სუბიექტთა წრის გაფართოებას, კულტურათა დიალოგში კერძო პირთა და კულტურის ორგანიზაციების დამოუკიდებელ მონაწილეობას.
2. სახელმწიფოს ეგიდით კულტურული გაცვლის სუბიექტთა უცხოეთში გასვლის ნებართვას იძლევა სამინისტრო.
მუხლი 35. საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები
1. საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის სახელმწიფო პოლიტიკა და პრიორიტეტები განისაზღვრება კულტურის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამებითა და სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებებით.
2. საქართველოს საერთაშორისო კულტურული გაცვლის პრიორიტეტებია:
ა) კულტურულ ფასეულობათა ერთობლივი შექმნა;
ბ) ისტორიისა და კულტურის ძეგლების შესწავლა და რესტავრაცია;
გ) კულტურის მუშაკთა კადრების მომზადება და სტაჟირება;
დ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, აღჭურვილობათა შექმნა და კულტურის სფეროში დანერგვა;
ე) მეთოდური და სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების გაცვლა.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
მუხლი 36. კულტურული თანამშრომლობა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან
სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული კულტურის კერების ფუნქციონირებას საზღვარგარეთ, აყალიბებს კულტურის ცენტრებს, თანამშრომლობს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან და სათვისტომოებთან, ატარებს ერთობლივ კულტურულ ღონისძიებებს.
მუხლი 37. საქართველოს კულტურის ძეგლები და კულტურული ფასეულობები საზღვარგარეთ
1. სახელმწიფო ატარებს მიზანმიმართულ პოლიტიკას მისი ტერიტორიიდან უკანონოდ გატანილ კულტურულ ფასეულობათა დასაბრუნებლად.
2. საზღვარგარეთ უკანონოდ გატანილი ყველა კულტურული ფასეულობა, რაც საქართველოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობადაა მიჩნეული, უნდა დაუბრუნდეს სამშობლოს, განურჩევლად მისი ადგილმდებარეობის, დროისა და გატანის გარემოებებისა.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სახელმწიფო ახორციელებს ღონისძიებებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლთა გამოვლენის, აღრიცხვის, შესწავლის, რესტავრირებისა და დაცვისათვის.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
მუხლი 38. საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობა
1. საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შეიძლება შეიქმნას საერთაშორისო კულტურული ფონდებისა და ორგანიზაციების ფილიალი და სხვა სტრუქტურები.
2. ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს შევიდეს კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი წესდების შესაბამისად.
3. საქართველოს კულტურის ორგანიზაციებს უფლება აქვთ თანამშრომლობისათვის მოიზიდონ უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება საზღვარგარეთის სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკურ პირთა მიზნობრივად გაწევრიანების შესახებ.
თავი VI . პასუხისმგებლობა „კულტურის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 39. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი VII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 40. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღება აუცილებელია ამ კანონთან დაკავშირებით
1. ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ;
ბ) კანონი საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ;
გ) კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ;
დ) კანონი განათლების შესახებ;
ე) კანონი სახელოვნებო განათლების შესახებ;
ვ)კანონი მუზეუმების შესახებ;
ზ) კანონი თეატრის შესახებ;
თ) კანონი არქივის შესახებ;
ი) კანონი კინოს შესახებ;
კ) კანონი საკონცერტო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ;
ლ) კანონი კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და შემოტანის შესახებ;
მ) კანონი კულტურის სფეროში სპონსორული და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ;
ნ) შეთანხმება (კონკორდიუმი) საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის;
ო) (ამოღებულია).
1 1 . საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის შესახებ“.
2. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 1998 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75
საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4355 - სსმ I, №6, 26.02.2007 წ., მუხ.67
თავი VIII. დასკვნითი დებულებები
მუხლი 41. კანონის ამოქმედების ვადა
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 12 ივნისი.
№751-IIს
დოკუმენტის კომენტარები