დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4711 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
ძალაში შესვლის თარიღი | 12/06/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 450.000.000.05.001.002.818 |
საქართველოს კანონი
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997 წელი, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) კულტურული მემკვიდრეობა:
თ.ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის, მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები, ასევე ბაღები, პარკები, ლანდშაფტური არქიტექტურის ობიექტები, ისტორიული დასახლებები, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან;
თ.ბ) არამატერიალური – ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის, ჩათვლით, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათწესები, ჩვეულებები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, რომლებიც საზოგადოების, ჯგუფებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეული პირების მიერ აღიარებულია მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად;
ი) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება;“.
2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. პრივატიზაცია კულტურის სფეროში
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები, კინო-, ფოტო-, ფონომასალების სახელმწიფო ფონდები, სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლები და ეროვნული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები პრივატიზებას არ ექვემდებარება.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობების პრივატიზება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით და მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4711–Iს
დოკუმენტის კომენტარები