„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5294-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.019656
5294-Iს
26/11/2019
ვებგვერდი, 04/12/2019
450000000.05.001.019656
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია − სხვადასხვა მასალით შექმნილი ობიექტი, რომელიც კულტურულ ფასეულობას მიეკუთვნება: ძეგლი (ქანდაკება, სკულპტურა), ობელისკი, ინსტალაცია (კონცეპტუალური ხელოვნების ობიექტი).“.

2. მე-19 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენცია კულტურის სფეროში

1. კულტურის სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის განხორციელება;

ბ) კულტურის განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ფონდების ფორმირება;

გ) სახელმწიფო კულტურული პროგრამების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იმ თანხის რაოდენობის დადგენა, რომელიც ნაწილდება აღნიშნული კულტურული პროგრამების მიხედვით, სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით;

დ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებასთან შეთანხმებით მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

ე) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა;

ვ) მუნიციპალიტეტის კულტურის ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა;

ზ)  არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენობებზე, სხვა ნაგებობებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებზე კონტროლის დაწესება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება.

2.  საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოები იღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოვლენა, აღრიცხვა, შესწავლა, რესტავრაცია და დაცვა.“.

4. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო  ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან მათ საკუთრებაში მყოფი ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საარქივო და სხვა ანალოგიური ფონდები, უზრუნველყონ მათი შენახვა, ფუნქციონირება და განვითარება.“.

5. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრალური ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან კულტურის სახელმწიფო დაფინანსების საერთო მოცულობა რეგულარულად ზუსტდება იმ დამატებითი დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც ფასების, ტარიფებისა და ხელფასების ზრდითაა გამოწვეული.“.

მუხლი 2. მუნიციპალიტეტების შესაბამისმა ორგანოებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 ნოემბერი 2019 წ.

N5294-Iს