დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვაზისა და ღვინის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1438 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.05.001.000.368 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, ვაზის მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი, ქართული ჯიშების, მეღვინეობის ქართული, ტრადიციული მეთოდების გავრცელებასა და პოპულარიზაციას, მაღალხარისხოვანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნებასა და ზრდას.
მუხლი 1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის, მათ შორის, ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, მადუღარი ტკბილის, მაჭრის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და სპირტიანი სასმლის, წარმოებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპორტსა და იმპორტს.
2. ეს კანონი განსაზღვრავს ვაზის სამყნობი მასალის, ვაზის სარგავი მასალის, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირების სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
თავი II. ტერმინების განმარტება
მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აისვაინი – ღვინო, რომელიც მიიღება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნის გამოწურვით მიღებული ყურძნის ტკბილის არასრული დადუღებით;
ბ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ღვინოში მცენარის/მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, სხვა ბუნებრივი არომატიზატორის, ეთილის სპირტის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და შაქრის შერევით;
გ) ბრენდი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება არანაკლებ ექვსთვიანი დავარგების ღვინის დისტილატისგან;
დ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინო, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო, ბუნებრივად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის ან დურდოს არასრული დადუღებით;
ე) ბუნებრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე გამდიდრებამდე (ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, საქაროზას ან ეთილის სპირტის დამატებამდე);
ვ) გადამწიფებული ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება გადამწიფებული ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 15%-ს აღემატება, ხოლო ფაქტობრივი სპირტშემცველობა 12%-ზე ნაკლები არ არის;
ზ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია (ყურძენი მოყვანილი და გადამუშავებულია, ღვინო დამზადებულია) ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში, მევენახეობის მიკროზონაში ან მათ გაერთიანებულ ნაწილში (შემდგომ – გეოგრაფიული ადგილი), რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომლის საწარმოებლად გამოიყენება მხოლოდ აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მოყვანილი ყურძენი, რომელსაც მინიჭებული აქვს იმავე გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
თ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია მევენახეობის ზონაში, მევენახეობის ქვეზონაში ან მევენახეობის მიკროზონაში, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორებით, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
ი) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო – ღვინო, რომელიც წარმოებულია ვიტის ვინიფერას სახეობაში შემავალი ვაზის ჯიშებისგან იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
კ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც წარმოებულია იმ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში, რომელიც განაპირობებს მის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციას ან სხვა მახასიათებელს, რომლის საწარმოებლად აუცილებელი ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილია ამ გეოგრაფიულ ადგილზე, რომელსაც მინიჭებული აქვს აღნიშნული გეოგრაფიული ადგილის სახელი და რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში;
ლ) დისტილატის დავარგება – მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებით ღვინის დისტილატის ან ჭაჭის დისტილატის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი;
მ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა კლერტიანად ან უკლერტოდ;
მ1) დეალკოჰოლიზაცია − ღვინისთვის ალკოჰოლის ნაწილობრივ მოცილება ვაკუუმში აორთქლებით, დისტილაციით ან/და მემბრანული ტექნიკის გამოყენებით;
მ2) დეალკოჰოლიზებული ღვინო − ღვინო, რომელიც მიიღება დეალკოჰოლიზაციით და რომლის სპირტშემცველობა 0,5%-დან 15%-მდეა;
ნ) ეტიკეტი – ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, დასახელება, სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი, ილუსტრაცია, გრაფიკული გამოსახულება, სიმბოლო, რომელიც დაბეჭდილია, ამოტვიფრულია ან სხვაგვარადაა გამოსახული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ჭურჭელზე ან/და შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტზე;
ო) ვაზის გენეტიკური რესურსები – ვაზის ადგილობრივი ჯიშები, ვაზის ინტროდუცირებული ჯიშები და ვაზის ველური ფორმები;
პ) ვაზის რქა – ვაზის ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;
ჟ) ვენახი – მიწის ნაკვეთი ვაზის ნარგაობით;
ჟ1) ვენახების ერთიანი კადასტრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი ვენახებისა და მევენახეების შესახებ მონაცემთა ბაზა;
რ) ვ იტის ვინიფერა (Vitis vinifera) – ვაზისებრთა ოჯახის (Vitaceae) ვაზის გვარში (Vitis) შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროაზიური ვაზის კულტურულ ჯიშებს (Vitis vinifera L. Ssp sativa DC) და ველურ ვაზს (Vitis vinifera L. Ssp silvestris (Gmelin) Hegi);
ს) ინსპექტირება – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დასადგენად;
ტ) კლონური სელექცია – ვაზის ჯიშის გენეტიკური გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა, როდესაც ბუნებრივი მუტაციის შედეგად წარმოშობილი ვაზის სახესხვაობები სპეციალური ნიშნების მიხედვით შეირჩევა;
უ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – არაკარამელიზებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც ნაწილობრივი დეჰიდრატაციით შაქრის კონცენტრაცია არანაკლებ 58,2%-მდეა გაზრდილი, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება;
ფ) ლიქიორული ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე ყურძნისეული წარმოშობის სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 24%-მდეა;
ქ) ლოტი – ღვინის კომპანიის მიერ დროის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იმავე ტიპის სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ან სატრანსპორტო ჭურჭელში მოთავსებული ერთგვაროვანი პროდუქციის პარტია;
ღ) ლოტის ნომერი – უნიკალური ნომერი, რომელიც ლოტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;
ყ) მადუღარი ტკბილი – ყურძნის ტკბილი, რომელშიც დაწყებულია ალკოჰოლური დუღილი და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს აღემატება;
შ) მაჭარი – ახალგაზრდა ღვინო, რომელშიც დუღილი დამთავრებული არ არის;
ჩ) მევენახეობის ზონა – საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, სადაც ვაზის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელი აგროეკოლოგიური პირობებია;
ც) მევენახეობის მიკროზონა – მევენახეობის ქვეზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის სხვა მიკროზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება;
ძ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონის ნაწილი, რომელიც მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონებისგან აგროეკოლოგიური პირობებით განსხვავდება;
წ) მისტელი – პროდუქტი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა;
ჭ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე 1 ბარზე მეტია და 2,5 ბარზე ნაკლებია;
ხ) მცირე ზომის მარანი – ღვინის საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრ ღვინოს არ აღემატება;
ჯ) მხედველობის ერთი არე – დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმელის ჭურჭლის ან/და შეფუთვის ზედაპირის ნაწილი (გარდა ძირისა), რომლის დანახვა შესაძლებელია ჭურჭლის ან/და შეფუთვის შემობრუნების გარეშე;
ჰ) ნამყენი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია საძირეზე სანამყენე კვირტის დამყნობისა და დაფესვიანების შედეგად და ვენახის გასაშენებლად გამოიყენება;
ჰ1) ნებადართული ვაზის ჯიში – საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოსაყენებლად ნებადართული ვაზის ჯიში;
ჰ2) ნეიტრალური სპირტი – ეთილის სპირტი, რომელიც მიიღება ყურძნისეული ან სხვა წარმოშობის ნედლეულის გამოხდით და რომლის სპირტშემცველობა 95%-ს აღემატება;
ჰ3) პოტენციური სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პროდუქტში არსებული შაქრის მთლიანად დადუღებით;
ჰ4) რეკომენდებული ვაზის ჯიში – საქართველოში მევენახეობის თითოეული ზონისათვის და მევენახეობის თითოეული ქვეზონისათვის აპრობირებული ვაზის ჯიში, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია მაღალხარისხოვანი პროდუქციის საწარმოებლად;
ჰ5) რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი, რომელშიც მჟავიანობა და სხვა ნივთიერებების შემცველობა შემცირებულია მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული ოპერაციების და ნივთიერებების გამოყენებით და რომელშიც შაქრის კონცენტრაცია 82%-ზე ნაკლები არ არის, ხოლო სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება;
ჰ6) საბაზისო მასალა – კლონური სელექციით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომლის ჯიშური სიწმინდისა და სანიტარიული სისუფთავისთვის პასუხისმგებელია მასალის სელექციონერი-მწარმოებელი;
ჰ7) სადესერტო ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილზე, დურდოზე, მადუღარ ტკბილზე, მადუღარ დურდოზე ან ღვინოზე სპირტის ან/და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატებით და რომლის სპირტშემცველობა 12%-დან 17%-მდეა;
ჰ8) საერთო სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობისა და პოტენციური სპირტშემცველობის ჯამი;
ჰ9) საკუთარფესვიანი ნერგი – ვაზის ნერგი, რომელიც მიღებულია ვაზის ერთწლიანი რქის დაფესვიანებით;
ჰ10) სამეწარმეო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი ან სამყნობი მასალა ძირითადად სამეწარმეო მიზნით გამოიყენება;
ჰ11) სამომხმარებლო ტარა – ტარა, რომელშიც დაფასოებულია ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტი მომხმარებლისთვის მისაწოდებლად;
ჰ12) სამოყვარულო ვენახი – ვენახი, რომელში მოყვანილი ყურძენი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება;
ჰ13) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის მისაღებად;
ჰ14) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო – ღვინო, რომლის ძირითადი თვისებები განპირობებულია ალკოჰოლური დუღილის შემდეგ მის ზედაპირზე განვითარებული საფუვრის აპკზე დავარგებით;
ჰ15) საქპატენტი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“;
ჰ16) საძირე – ფილოქსერაგამძლე ვაზის რქა, რომელიც განკუთვნილია მყნობისთვის;
ჰ17) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის/ჯიშების ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის მისაღებად;
ჰ18) სახელმწიფო კონტროლი – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჰ19) სახელმწიფო ზედამხედველობა – პროცედურა, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჰ20) სახლის ღვინო – ღვინო, რომელიც დამზადებულია მცირე ზომის მარანში;
ჰ21) სერტიფიცირება – პროცედურა, რომელიც ხორციელდება იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ჰ22) სერტიფიცირებული მასალა – საბაზისო მასალის გამრავლებით მიღებული ვაზის უვირუსო სამყნობი და სარგავი მასალა, რომელშიც გარანტირებულია ვაზის იდენტურობა, ჯიშური სიწმინდე და სისუფთავე ძირითადი ვირუსებისა და დაავადებებისგან;
ჰ23) სპეციალური დანიშნულების ვენახი – ვენახი, რომელიც გაშენებულია სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, სადემონსტრაციო, საკოლექციო, სასელექციო ან/და ჯიშთა გამოცდის მიზნით;
ჰ24) სპეციალური ღვინო – ღვინო, რომლის დასამზადებლად გამოყენებულია სპეციალური მეთოდები ან/და ტექნოლოგია, რაც ამ ღვინის გამორჩეულ თვისებებს განაპირობებს;
ჰ25) სპირტშემცველობა – ფაქტობრივი სპირტშემცველობა;
ჰ26) სტანდარტული მასალა – არასელექციური ან მასობრივი სელექციით მიღებული ვაზის სამყნობი მასალა/ვაზის სარგავი მასალა, რომელშიც დაცულია ვაზის იდენტურობა და ჯიშური სიწმინდე;
ჰ27) ფაქტობრივი სპირტშემცველობა – ეთილის სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 200C ტემპერატურაზე;
ჰ28) ქვევრის ღვინო – ღვინო, რომელიც დადუღებული და დავარგებულია ქვევრში არანაკლებ მისი დაწურვის წლის 31 დეკემბრამდე, სრულ ან ნაწილობრივ ჭაჭაზე;
ჰ29) ქიშმიში – მწიფე ყურძნის დეჰიდრატაციით მიღებული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება საკვებად და რომლის დაწურვა მეღვინეობის პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი მეთოდებით ან/და სპონტანური დადუღება შეუძლებელია;
ჰ30) ღვინის დისტილატი – ღვინის ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ღვინის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო;
ჰ31) ღვინის კომპანია – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი), რომლის სამეწარმეო საქმიანობა უკავშირდება ღვინის, ღვინისეული სასმლის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის, სპირტის ან/და ვაზის სამყნობი მასალის/ვაზის სარგავი მასალის წარმოებას ან/და რეალიზაციას;
ჰ32) ღვინო – ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი, რომელიც მიიღება მხოლოდ ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად;
ჰ33) ყურძენი – ვაზის მწიფე ნაყოფი;
ჰ34) ყურძნის ტკბილი – ყურძნის დაწურვით მიღებული თხევადი პროდუქტი;
ჰ35) ყურძნის წვენი – ყურძნის ტკბილისგან ან კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისგან მიღებული თხევადი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის მიერ უშუალო მოხმარებისთვის და რომლის სპირტშემცველობა 1%-ს არ აღემატება;
ჰ36) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელი (ალკოჰოლიანი სასმელი) − ღვინო, სპირტიანი სასმელი, ღვინისეული სასმელი;
ჰ37) ყურძნისეული წარმოშობის სპირტი (სპირტი) – ღვინის, ლექის, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით მიღებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტი;
ჰ38) ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი (სპირტიანი სასმელი) – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი: ბრენდი, ჭაჭის არაყი, მაგარი სასმელი;
ჰ39) შაქრიანობა – აღმდგენი შაქრების მასური კონცენტრაცია;
ჰ40) შემაგრებული ღვინო – ლიქიორული ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე სპირტის დამატებით;
ჰ41) შემჭკნარი ყურძნის ღვინო – ღვინო, რომელიც მიიღება შემჭკნარი ყურძნის, ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად და რომლის საერთო სპირტშემცველობა და ბუნებრივი სპირტშემცველობა 16%-ს აღემატება, ხოლო სპირტშემცველობა 9%-ზე ნაკლები არ არის;
ჰ42) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018);
ჰ43) შესაბამისობის სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ჰ44) შეტყობინება – დადგენილი წესით ღვინის კომპანიის მიერ წარდგენილი შეტყობინება, რომელიც მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
ჰ45) შუშხუნა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე 2,5 ბარზე ნაკლები არ არის;
ჰ46) ცქრიალა ღვინო – ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის ან ღვინის პირველადი დუღილის ან ღვინის მეორეული დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200C ტემპერატურაზე 3 ბარზე ნაკლები არ არის;
ჰ47) წარმოების სპეციფიკაცია – საქპატენტში რეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც აღწერს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის, ფიზიკურ, ქიმიურ და ორგანოლეპტიკურ თვისებებს, აგრეთვე პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისების ან რეპუტაციის გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივ გარემოსთან და ადამიანის ფაქტორთან კავშირს, წარმოების წესს და სხვა მახასიათებლებს;
ჰ48) წარმოშობის სერტიფიკატი – ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას;
ჰ49) ჭაჭის არაყი – ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელი, რომელიც მიიღება ჭაჭის დისტილატისგან და რომლის სპირტშემცველობა 40%-ზე ნაკლები არ არის;
ჰ50) ჭაჭის დისტილატი – გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს ფრაქციონირებული ან პირდაპირი გამოხდით მიღებული სპირტი, რომელიც გამოხდილია არაუმეტეს 86% სპირტშემცველობით და რომელსაც შენარჩუნებული აქვს ჭაჭის ნახადისთვის დამახასიათებელი არომატი და გემო.
ჰ51) ღვინისეული სასმელი − ღვინის ბაზაზე დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელი, რომლის მოცულობის არანაკლებ 50%-ს ღვინო შეადგენს და რომლის სპირტშემცველობა 3,5%-დან 14,5%-მდეა.
თავი II1. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117
მუხლი 31. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო
1. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. სააგენტოს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი და აღნიშნულია სააგენტოს სახელწოდება, დამოუკიდებელი ბალანსი, ქონება, შესაბამისი საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, გრანტები, მომსახურების გაწევით მიღებული სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 32. სააგენტოს უფლებამოსილებანი
1. სააგენტო საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და სააგენტოს დებულების საფუძველზე.
2. სააგენტოს ძირითადი უფლებამოსილებებია:
ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება;
გ) ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა;
დ) საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება;
ე) საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება და ხელშეწყობა;
ვ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამისი სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
თ) ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამის ღონისძიებათა ხელშეწყობა;
ი) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
კ) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვის საფუძველზე ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობა.
3. სააგენტო სახელმწიფო კონტროლსა და სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით.
თავი III. ვაზის გენეტიკური რესურსები და მათი დაცვა. ვაზის ჯიშების კლასიფიკაცია
მუხლი 4. ვაზის გენეტიკური რესურსები და მათი დაცვა
1. ვაზის გენეტიკური რესურსები, მათ შორის, ვაზის ადგილობრივი ჯიშების გენოფონდი და ვაზის ველური ფორმები, არის ეროვნული სიმდიდრე, რომელსაც სახელმწიფო იცავს.
2. ვაზის გენეტიკური რესურსების გამოვლენას, კვლევას, შესწავლასა და კონსერვაციას აფინანსებს სახელმწიფო.
მუხლი 5. სამეწარმეო ვაზის ჯიშის კატეგორიები
1. სამეწარმეო ვაზის ჯიში არის ნებადართული ვაზის ჯიში ან/და რეკომენდებული ვაზის ჯიში.
2. დანიშნულების მიხედვით სამეწარმეო ვაზის ჯიშის კატეგორიებია:
ა) საღვინე ვაზის ჯიში;
ბ) სასუფრე ვაზის ჯიში;
გ) საქიშმიშე ვაზის ჯიში;
დ) ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიში.
3. ღვინის წარმოებისათვის ნებადართული ვაზის ჯიშებისა და რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი მოიცავს მხოლოდ ვიტის ვინიფერას (Vitis vinifera) სახეობის ჯიშებს.
მუხლი 7. საქართველოს მევენახეობის ზონები და მევენახეობის ქვეზონები
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობის შემდეგი ზონები და მევენახეობის შესაბამისი ქვეზონები:
ა) კახეთი (ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი);
ბ) ქართლი (ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი);
გ) მესხეთი;
დ) იმერეთი (ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი);
ე) რაჭა;
ვ) ლეჩხუმი;
ზ) გურია;
თ) სამეგრელო;
ი) აფხაზეთი;
კ) აჭარა.
2. საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრებს, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
თავი IV. ვაზის სარგავი მასალის წარმოება
მუხლი 8. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის კატეგორიები
1. ვაზის სამყნობი მასალის კატეგორიებია:
ა) საბაზისო მასალა;
ბ) სერტიფიცირებული მასალა;
გ) სტანდარტული მასალა.
2. ვაზის სარგავი მასალის კატეგორიებია:
ა) საკუთარფესვიანი ნერგი;
ბ) ნამყენი ნერგი.
მუხლი 81. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოება
1. ვაზის სერტიფიცირებული ნერგის საწარმოებლად გამოსაყენებელი მასალა მიღებული უნდა იქნეს მხოლოდ სერტიფიცირებული საბაზისო საძირეთა სადედისგან და სერტიფიცირებული საბაზისო სანამყენეთა სადედისგან.
2. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაზისო საძირეთა სადედეზე და საბაზისო სანამყენეთა სადედეზე, ვაზის ნერგის წარმოების ყველა ეტაპზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 9. ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება
ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
თავი V. ვენახის გაშენებისა და მოვლის პირობები
დანიშნულების მიხედვით ვენახის კატეგორიებია:
ა) სამოყვარულო ვენახი;
ბ) სპეციალური დანიშნულების ვენახი;
გ) სამეწარმეო ვენახი.
1. სამეწარმეო ვენახის გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშის გამოყენება.
2. სამეწარმეო ვენახის გაშენება დასაშვებია მხოლოდ:
ა) ნამყენი ნერგით – ყურძნის მოყვანის მიზნით;
ბ) საკუთარფესვიანი ნერგით – საძირეთა სადედის გაშენების მიზნით.
მუხლი 12. სამოყვარულო ვენახი და სპეციალური დანიშნულების ვენახი
1. სამოყვარულო ვენახსა და სპეციალური დანიშნულების ვენახში დასაშვებია ნებისმიერი ჯიშის ვაზის ან/და ნებისმიერი სახეობის ვაზის გაშენება.
2. საკუთარფესვიანი ნერგი ან დაუფესვიანებელი ვაზის რქა გამოიყენება მხოლოდ საძირეთა სადედის გასაშენებლად ან სამეცნიერო მიზნით.
თავი VI. ღვინის კლასიფიკაცია. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული და აკრძალული ოპერაციები
1. წარმოშობის ადგილის მიხედვით ღვინის კატეგორიებია:
ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო;
ბ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო.
2. დამზადების მეთოდის მიხედვით სპეციალური ღვინის კატეგორიებია:
ა) ცქრიალა ღვინო;
ბ) მსუბუქად ცქრიალა ღვინო;
გ) შუშხუნა ღვინო;
დ) ქვევრის ღვინო;
ე) ლიქიორული ღვინო (მათ შორის, შემაგრებული ღვინო და სხვა ლიქიორული ღვინო);
ვ) სადესერტო ღვინო;
ზ) საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო;
თ) შემჭკნარი ყურძნის ღვინო;
ი) აისვაინი;
კ) არომატიზებული ღვინო;
ლ) სახლის ღვინო;
მ) დეალკოჰოლიზებული ღვინო.
3. ფერის მიხედვით ღვინის კატეგორიებია:
ა) თეთრი;
ბ) ქარვისფერი;
გ) ვარდისფერი;
დ) წითელი.
4. შაქრიანობის მიხედვით ღვინის (გარდა ცქრიალა ღვინისა) კატეგორიებია:
ა) მშრალი;
ბ) ნახევრად მშრალი;
გ) ნახევრად ტკბილი;
დ) ტკბილი.
5. შაქრიანობის მიხედვით ცქრიალა ღვინის კატეგორიებია:
ა) ექსტრა ბრიუტი;
ბ) ბრიუტი;
გ) ექსტრა მშრალი;
დ) მშრალი;
ე) ნახევრად მშრალი;
ვ) ნახევრად ტკბილი;
ზ) ტკბილი.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ღვინოების წარმოების ზოგად წესს და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 15. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული და აკრძალული ოპერაციები
1. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:
ა) ღვინის წარმოება გამოწნეხილი დურდოსგან, ლექისგან ან/და ქიშმიშისგან;
ბ) ყურძნის წვენის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის, რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დადუღება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით. ეს აკრძალვა არ ეხება ყურძნის ტკბილში, დურდოში, მადუღარ ტკბილში, მადუღარ დურდოში ან ღვინოში კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატების ოპერაციას;
გ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება;
დ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი წარმოშობის სპირტის დამატება (გარდა ლიქიორული ღვინისა, არომატიზებული ღვინისა ან/და ნახშირორჟანგის შემცველი ღვინის საწარმოებლად გამოყენებულ ლიქიორში შემავალი სპირტისა);
ე) ბუნებრივად ნახევრად მშრალი ღვინის, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის, ბუნებრივად ტკბილი ღვინის ან აისვაინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან/და რექტიფიცირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დამატება;
ვ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, აგრეთვე ცქრიალა ღვინისთვის ან/და შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილი ლიქიორისა;
ზ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი ბუნებრივი ან სინთეზური არომატის დამატება, გარდა არომატიზებული ღვინისა, რომელშიც დასაშვებია ამ კანონით ნებადართული ბუნებრივი არომატიზატორის გამოყენება;
თ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ღვინოში ნებისმიერი საღებავი ნივთიერების დამატება;
ი) საქართველოში იმპორტირებული ყურძნის, ყურძნის ტკბილის, დურდოს, ყურძნის წვენის, მისტელის, მადუღარი ტკბილის, მადუღარი დურდოს ან მაჭრის გადამუშავება ან გამოყენება ალკოჰოლიანი სასმელის წარმოების მიზნით, ან ასეთი საქონლის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა;
კ) სხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინის საქართველოში წარმოებულ ღვინოში შერევა.
11. ღვინისეული სასმლის წარმოებისას ნებადართულია წყლის, საქაროზის, ბუნებრივი არომატისა და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევა იწვევს ღვინისა და სპირტიანი სასმლის თვისებრიობის შეცვლას.
3. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულია მხოლოდ იმ პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ.
მუხლი 16. ღვინისა და სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა
1. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქპატენტში რეგისტრაციის საფუძველზე.
2. ღვინის ან სპირტიანი სასმელის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისთვის საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოსთან შეთანხმებული, შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაცია.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წარმოების სპეციფიკაციაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა;
ბ) ფიზიკური, ქიმიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები;
გ) ღვინის, სპირტიანი სასმელის დამზადების სპეციფიკური მეთოდები ან/და შეზღუდვები;
დ) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრები;
ე) 1 ჰექტარ ვენახზე ყურძნის მაქსიმალური მოსავლიანობა და ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა;
ვ) ვაზის ჯიში/ჯიშები;
ზ) პროდუქტის განსაკუთრებული ხარისხის, თვისებების ან/და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან;
თ) დამატებითი განსაკუთრებული მახასიათებლები (არსებობის შემთხვევაში);
ი) მაკონტროლებელი ორგანო.
4. საქპატენტში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციაში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.
1. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოდ, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის ღვინისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
2. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელად, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიის სპირტიანი სასმელისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
3. დასაშვებია, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიან სასმელს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოს ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიან სასმელს მოეხსნას შესაბამისი კატეგორია.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიის ცვლილება დასაშვებია მეწარმის ინიციატივით ან/და სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით.
სავალდებულოა, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის საწარმოებლად გამოყენებული ყურძნის არანაკლებ 85%-ისა მოყვანილი იყოს შესაბამისი გეოგრაფიული აღნიშვნის წარმოების სპეციფიკაციაში მითითებულ გეოგრაფიულ ადგილზე.
1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ ყურძნის გამოყენება, რომელიც მოყვანილია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოების სპეციფიკაციით.
2. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოებისას დასაშვებია 15%-მდე იმ სპირტების გამოყენება, რომლებიც მიღებულია მევენახეობის იმავე ზონის სხვა ქვეზონის ან სხვა მიკროზონის ფარგლებში ვაზის იმავე ჯიშისგან ან მევენახეობის შესაბამისი ზონისთვის რეკომენდებული ვაზის იმავე ფერის სხვა ჯიშისგან, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით.
3. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის შესაბამისი გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში მოყვანილი ყურძნის გადამუშავება და ღვინის ან სპირტიანი სასმელის წარმოება დასაშვებია ამ გეოგრაფიული ადგილის გარეთაც, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ფარგლებში და იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის შეზღუდული შესაბამისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სპეციფიკაციით.
თავი XI. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელები
მუხლი 25. სპირტიანი სასმელის კატეგორიები
1. სპირტიანი სასმელის კატეგორიებია:
ა) ბრენდი;
ბ) ჭაჭის არაყი;
გ) მაგარი სასმელი.
2. წარმოშობის ადგილის მიხედვით სპირტიანი სასმელის კატეგორიებია:
ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;
ბ) დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელი.
მუხლი 26. სპირტიანი სასმელის წარმოებასთან დაკავშირებული შეზღუდვები
სპირტიანი სასმელის საწარმოებლად ნეიტრალური სპირტის გამოყენება დაუშვებელია.
1. ბრენდი იწარმოება ღვინის დისტილატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის მერქანთან შეხებისას დავარგებით.
2. ბრენდის სპირტშემცველობა 36%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მუხლი 28. ჭაჭის არყის წარმოება
1. ჭაჭის არაყი იწარმოება დადუღებული, გამოწნეხილი ან გამოუწნეხავი დურდოს გამოხდით.
2. ჭაჭის არყის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები.
მუხლი 29. მაგარი სასმელის წარმოება
1. მაგარი სასმელის წარმოება დასაშვებია მხოლოდ ყურძნისეული წარმოშობის სპირტისგან.
2. მაგარი სასმელის სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 37,5%-ზე ნაკლები.
მუხლი 30. სპირტიანი სასმელის წარმოება
სპირტიანი სასმელის წარმოების ზოგად წესს და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
თავი XII. პროდუქციის ეტიკეტირება
მუხლი 31. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირების წესი
1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტირება სავალდებულოა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ყველა სავალდებულო ინფორმაცია. აღნიშნულ ინფორმაციას შეიძლება დაემატოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა ნებადართული ინფორმაცია.
3. საქართველოში წარმოებული ან საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) პროდუქტის დასახელება;
ბ) პროდუქტის ნომინალური მოცულობა;
გ) პროდუქტის ფაქტობრივი სპირტშემცველობა;
დ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის შემთხვევაში – შესაბამისი ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, აგრეთვე აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, რომელიც შეიძლება ჩაანაცვლოს სააგენტოს მიერ დამტკიცებულმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ნიშანმა ან აბრევიატურამ;
ე) სპეციალური ღვინის შემთხვევაში – შესაბამისი კატეგორიის დასახელება;
ვ) პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნის დასახელება;
ზ) პროდუქტის მწარმოებლის დასახელება და მისამართი, ჩამომსხმელის დასახელება და მისამართი, თუ პროდუქტის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია, ხოლო საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმლის შემთხვევაში – იმპორტიორის დასახელება და მისამართი;
თ) ლოტის ნომერი;
ი) აღნიშვნა „შეიცავს სულფიტებს“, თუ 1 ლიტრ პროდუქტში სულფიტების შემცველობა 10 მილიგრამს აღემატება.
4. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება და აღნიშვნა „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“ ან „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“ თანამიმდევრულად უნდა იყოს მითითებული.
5. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინის ან დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, მისი განთავსების ფორმის, ზომისა და ადგილის გათვალისწინებით, მომხმარებელი ალკოჰოლიანი სასმელის კატეგორიასთან დაკავშირებით შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს.
მუხლი 32. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მისათითებლად ნებადართული ინფორმაცია
1. ნებადართულია, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სასაქონლო (სავაჭრო) ნიშანი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ვაზის ჯიშის/ჯიშების დასახელება, თუ პროდუქტის არანაკლებ 85%-ის საწარმოებლად გამოყენებულია აღნიშნული ვაზის ჯიშის/ჯიშების ყურძენი;
გ) ღვინის შემთხვევაში – მოსავლის წელი, თუ ღვინის არანაკლებ 85% წარმოებულია აღნიშნულ წელს მოყვანილი ყურძნისგან;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული ღვინის/სპირტიანი სასმლის ფერის, შაქრიანობის, დამზადების მეთოდის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება;
ე) ქართული ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ღვინო“;
ვ) ცქრიალა ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა „ტრადიციული მეთოდი“, თუ ცქრიალა ღვინო ბოთლური მეთოდითაა წარმოებული;
ზ) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნა ღვინის ხის კასრში დადუღების ან/და დავარგების შესახებ, თუ ღვინო ხის კასრში დადუღდა ან/და დავარგდა;
[ თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს შეადგენს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი; (ამოქმედდეს 2028 წლის 3 იანვრიდან)]
[ თ) ბრენდის შემთხვევაში – აღნიშვნა „ქართული ბრენდი“, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული სპირტის არანაკლებ 85%-ს საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული სპირტი შეადგენს; (ამოქმედდეს 2028 წლის 4 იანვრიდან)]
ი) ბრენდის შემთხვევაში – ბრენდის ასაკი ან დავარგების მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის დასახელება ან შესაბამისი კატეგორიისთვის დადგენილი აღნიშვნები;
კ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის თვისებრიობის, წარმოშობის ადგილის, მოსავლის წლის, მწარმოებლის, ტიპის, სტილის ან/და სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარ წარმოდგენას არ შეუქმნის.
2. დასაშვებია, ექსპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე მიეთითოს დამატებითი ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 33. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე სავალდებულო ინფორმაციის მითითების წესი
1. საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“–„ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია უნდა მიეთითოს ქართულ ენაზე ან ქართულ და უცხოურ ენებზე.
2. ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება, ნომინალური მოცულობა, ფაქტობრივი სპირტშემცველობა და მწარმოებელი ქვეყნის დასახელება უნდა მიეთითოს მხედველობის ერთ არეში.
მუხლი 331. პასუხისმგებლობა ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის
ამ კანონის 31-ე, 32-ე ან/და 33-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევა იწვევს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავი XII1. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება
მუხლი 332. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის სერტიფიცირება
1. ალკოჰოლიანი სასმლისა და სპირტის სერტიფიცირება სავალდებულოა.
2. სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება:
ა) საქართველოში წარმოებული და საქართველოში სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმელი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;
ბ) ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება);
გ) იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული პარტია (გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება).
3. (ამოღებულია - 16.11.2021, №1018).
4. სავალდებულოა საქართველოში წარმოებული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელისა და საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმება, რომელსაც ახორციელებს სააგენტოსთან არსებული მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ სახლის ღვინოზე, რომელშიც გოგირდის დიოქსიდის საერთო შემცველობა 40 მგ/ლ-ს, ხოლო 1 ლოტის ნომრით ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა – 3000-ს არ აღემატება.
6. შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელი პირობაა მწარმოებლის მიერ აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დაცვა ამ კანონის შესაბამისად.
7. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის შესაბამისობის სერტიფიკატებს გასცემს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
8. სერტიფიცირების პროცესში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენის და შესაბამისი გამოცდის ოქმის გაცემის უფლება აქვს მხოლოდ ეროვნული ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგამოცდო ლაბორატორიას.
9. შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის ვადა და საფასური განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავი XII2. ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება, ექსპორტი, იმპორტი
მუხლი 333. ალკოჰოლიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება
1. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
2. ნებისმიერი კატეგორიის სპირტიანი სასმელის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
21. ღვინისეული სასმლის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
3. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ღვინის შესაბამისობის სერტიფიკატი.
31. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ღვინისეული სასმლის რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ამ ალკოჰოლიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატი.
4. ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
5. ამ მუხლის პირველი–31 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 334. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი
1. ღვინისა და ღვინისეული სასმლის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
2. ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის დროს წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
3. საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას, დაფასოებულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისთვის.
4. საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა დაუშვებელია.
თავი XII3. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება
მუხლი 335. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესები
1. ღვინის კომპანია ვალდებულია აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და სააგენტოს დადგენილ ვადებში წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.
2. ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება იმ ღვინის მწარმოებელზე, რომლის მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
3. მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესსა და ფორმებს, აგრეთვე შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირების, შენახვის, დამუშავებისა და ჩამოსხმის დროს ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრულ ოდენობებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავი XII4. გარდამავალი დებულებანი
მუხლი 336. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა) ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ;
ბ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1018);
გ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ.
11. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 თებერვლისა მიიღოს დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის – „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის შესახებ“.
1 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება:
ა) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ;
ბ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ;
გ) ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ;
დ) ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ;
ე) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესის განსაზღვრის შესახებ;
ვ) საქართველოს მევენახეობის ზონებისა და მევენახეობის ქვეზონების საზღვრების, ნებადართული ვაზის ჯიშების, აგრეთვე ამ ზონებისა და ქვეზონების მიხედვით რეკომენდებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ;
ზ) ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი;
თ) მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური და ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობების განსაზღვრის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღება.
14. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2022 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს „ღვინისეული სასმლის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების გამოცემა.
15. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2023 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს ბრძანება „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“.
2. (ამოღებულია).
3. ამ მ უხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე ძალაშია ღვინის მრეწველობაში არსებული ტექნოლოგიური ინსტრუქციები, წესები და ნორმატივები.
4. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
თავი XIII. დასკვნითი დებულებანი
საქართველოს 2005 წლის 5 ივნისის კანონი №4869- სსმ I, №21, 18.06.2007 წ ., მუხ .183
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის 332 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 12 ივნისი.
№1438-IIს
დოკუმენტის კომენტარები