დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვაზისა და ღვინის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1438 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 23-24, 30/06/1998 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.050.000.05.001.000.368 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/09/1998 - 04/07/2002)
საქართველოს კანონი
ვაზისა და ღვინის შესახებ
საქართველო განეკუთვნება ხარისხოვანი და მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის ამოცანაა ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მევენახეობა-მეღვინეობის როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
ვაზის ნერგის, ყურძნის, ღვინისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა და რეალიზაციის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 2
ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთა სამეურნეო საქმიანობა მოიცავს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სასაქონლო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციას, აგრეთვე იმპორტირებულ ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებზე.
თავი II
ტერმინების განმარტება
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვენახი – ვაზის ნარგაობა;
ბ) სამრეწველო ვენახი – ამა თუ იმ ზონისათვის დადგენილი ჯიშის ვაზის ნარგაობა, რომლის ყურძენიც ძირითადად სარეალიზაციოდ ან სამრეწველო დანიშნულებით გამოიყენება;
გ) სპეციალური დანიშნულების ვენახი – სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საკოლექციო, სასელექციო და ჯიშთა გამოცდის მიზნით გაშენებული ნარგაობა;
დ) მოყვარულთა ვენახი – საკარმიდამო ან საბაღე მცირეფართობიან ნაკვეთზე გაშენებული ვაზის ნარგაობა ან ერთეული ვაზის ძირი, რომელიც ჯიშური მრავალფეროვნებით ხასიათდება. მოწეული ყურძენი გამოიყენება როგორც უშუალო მოხმარებისათვის, ასევე სარეალიზაციოდ და მასზე არ ვრცელდება სამრეწველო ვენახისადმი წაყენებული მოთხოვნები;
ე) ვაზის სტანდარტული სორტიმენტი – საქართველოს ტერიტორიაზე აპრობირებული და სტანდარტიზებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი;
ვ) ვაზის აბორიგენული ჯიში – ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიში;
ზ) ვაზის ინტროდუცირებული ჯიში – შემოტანილი და აპრობირებული ვაზის ჯიში;
თ) კლონი (ტოტი–შტო) – ვაზის ერთი ჯიშის ნარგაობიდან განსხვავებული თვისებრივი ნიშნის (მოსავლიანობა) ან ნიშნების (მაღალი მოსავლიანობა, მაღალი შაქრიანობა, მავნე ორგანიზმებისადმი გამძლეობა და სხვ.) მატარებელი მოდგმის, შტოს გამოყოფა;
ი) ვიტის ვინიფერა – ვაზისებრთა ოჯახში შემავალი სახეობა, რომელიც მოიცავს ევროპული და აზიური კულტურული ვაზის ჯიშებს;
კ) ნერგი – ვეგეტაციური გამრავლების გზით მიღებული ერთი ან ორწლიანი ახალგაზრდა ფესვიანი დასარგავად განკუთვნილი მცენარე;
ლ) სტანდარტული ნერგი – ძირითადი სარგავი მასალა, ნამყენი ან საკუთარფესვიანი;
მ) საძირეთა სადედე – ფილოქსერაგამძლე სახეობათა ჰიბრიდული ვაზის ჯიშის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი საძირე მასალის საწარმოებლად;
ნ) სანამყენეთა სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც განკუთვნილია ვაზის გასამრავლებელი სანამყენე მასალის საწარმოებლად;
ო) ვაზის რქა (კალამი) – ერთწლიანი რქის ნაწილი, რომელიც გამოიყენება დასაფესვიანებლად ან საკვირტე (სანამყენე) მასალის დასამზადებლად;
პ) საძირე – მყნობისთვის გამოსაყენებელი ფილოქსერაგამძლე ვაზის ერთწლიანი ლერწის კვირტდაბრმავებული ნაწილი;
ჟ) საკუთარფესვიანი ნერგი – ერთწლიანი რქის ნაწილის ან კვირტის დაფესვიანების შედეგად მიღებული ნერგი;
რ) ნამყენი ნერგი – საძირეზე სანამყენე კვირტის მყნობის შედეგად მიღებული ნერგი, რომელიც ვენახის გასაშენებლად გამოიყენება;
ს) მევენახეობის ზონა – ვრცელი გეოგრაფიული ტერიტორია (მხარე), სადაც აგროეკოლოგიური პირობები ხელსაყრელია ვაზის კულტურის გასაშენებლად;
ტ) მევენახეობის ქვეზონა – მევენახეობის ზონაში შემავალი შედარებით მცირე ტერიტორია (ადგილი), სადაც მოწეული ყურძნისა და მისი გადამუშავების პროდუქტების განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია ამ ადგილის ბუნებრივი ფაქტორებით ან ვაზის ჯიშის (ჯიშების) მხოლოდ ამ პირობებში გამომჟღავნებული განსაკუთრებული ღირსებებით;
უ) განსაკუთრებული ზონა – მევენახეობა-მეღვინეობის რაიონი ან მისი ნაწილი, ადგილი ან ასეთი ადგილების გაერთიანებული უბანი, სადაც მზადდება განსაკუთრებული ხარისხობრივი მაჩვენებლების მქონე სამარკო ღვინოები;
ფ) აპრობაცია – ვენახის, სადედის, სანერგის გამოკვლევა ბიოლოგიურად ჯანსაღი, ჯიშობრივად ერთგვაროვანი (სუფთა) ნარგაობის მისაღებად და გასამრავლებლად;
ქ) მისტელი – დასპირტული ყურძნის ტკბილი, რომლის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 16%-ზე ნაკლები;
ღ) კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი – 1%-ზე ნაკლები ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის არაკარამელიზებული თხევადი პროდუქტი, რომელშიც შაქრის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 60%-ზე ნაკლები;
ყ) ყურძნის წვენი – 1%-ზე ნაკლები ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის დუღილის უნარის მქონე არამადუღარი პროდუქტი, რომელიც მიღებულია კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის ან კონცენტრირებული ყურძნის წვენისაგან;
შ) კონცენტრირებული ყურძნის წვენი – 1%-ზე ნაკლები ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის არაკარამელიზებული პროდუქტი, რომელშიც შაქრის კონცენტრაცია 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ჩ) ღვინო – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ყურძნის ტკბილის ან დურდოს ნაწილობრივი ან სრული ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა 9,5%-ზე, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 4,0 გ/დმ3-ზე ნაკლები არ არის, მქროლავი მჟავიანობა კი – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3-ია;
ც) სუფრის ღვინო – მასობრივი მოხმარების ღვინო, რომელიც მიღებულია ვაზის სტანდარტული ჯიშის ყურძნისაგან ზოგადი ტექნოლოგიის გამოყენებით;
ძ) სამარკო ღვინო – უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომელიც მიღებულია თითოეული მარკისთვის მკაცრად განსაზღვრულ მევენახეობის ზონაში, მხარესა და ქვეზონაში მოწეული ვაზის სტანდარტული ჯიშების ყურძნისაგან სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით და მინიჭებული აქვს სპეციალური სარეგისტრაციო ნომერი;
წ) წარმოშობის ადგილის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებული სამარკო ღვინო – განსაკუთრებულ ზონაში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინო, რომლის წარმოების პროცესი (ზონის გეოგრაფიული საზღვრები, ნარგაობის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა, ჯიშური სიწმინდე, ხარისხის კონდიციური მაჩვენებლები) ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს;
ჭ) საკოლექციო ღვინო – ბოთლში არანაკლებ 3 წლით დაძველებული სამარკო ღვინო;
ხ) მშრალი ღვინო – დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 3,0 გ/დმ3-მდეა;
ჯ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 5-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
ჰ) ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია მშრალ ღვინოში ყურძნის ტკბილის დამატებით, რომელშიც მარედუცირებელი შაქრების კონცენტრაცია 5-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
ა.ა) ცქრიალა ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია ახლად დაკრეფილი ყურძნის, ყურძნის ტკბილის, სუფრის ან სამარკო ღვინის პირველადი და მეორადი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელშიც ნახშირმჟავა გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს 3,5 ბარს, მოცულობითი სპირტშემცველობა კი 10,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ა.ბ) შუშხუნა ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია სუფრის ღვინისაგან და რომელშიც ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა 9,5%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ა.გ) სპეციალური ღვინო – ღვინო, რომელიც მიღებულია ყურძნის ტკბილის ან დურდოს ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილით და მასზე ეთილის სპირტის დამატებით და რომელშიც ღვინის საერთო სპირტშემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 24%-ს, ტიტრული მჟავიანობა უნდა იყოს 4-8 გ/დმ3, მარედუცირებელი შაქრების შემცველობა კი - არანაკლებ 30 გ/დმ3;
ა.დ) არომატიზებული ღვინო – ღვინო, რომელიც დამზადებულია მშრალი ან სპეციალური ღვინოების, მცენარეთა სხვადასხვა ნაწილების ექსტრაქტის ან მათი არომატული სპირტების, ეთილის სპირტისა და შაქრის შერევით, რომლის საერთო სპირტშემცველობა უნდა იყოს 20-24 მოცულობითი პროცენტი, ტიტრული მჟავიანობა – 4-8 გ/დმ3, მარედუცირებელი შაქრების შემცველობა კი - არანაკლებ 60 გ/დმ3;
ა.ე) საბრენდე ღვინომასალა – დაუმუშავებელი და გაუფილტრავი ახალგაზრდა ღვინომასალა;
ა.ვ) ყურძნის ჭაჭა – ყურძნის დაწნეხვის შედეგად მიღებული დაუდუღარი ან დადუღებული მასა (პროდუქტი);
ა.ზ) დურდო – დაჭყლეტილი ყურძნის მასა, მარცვლის კანი, რბილობი, წვენი, წიპწა (კლერტით ან უკლერტოდ), ღვინის დაყენების ტექნოლოგიური ციკლის პირველი შუალედური პროდუქტი;
ა.თ) პიკეტი – პროდუქტი, რომელიც მიღებულია ყურძნის ტკბილი ჭაჭის წყლით გამორეცხვის შედეგად მიღებული სითხის დუღილით ან დადუღებული ყურძნის ჭაჭის გამოწვლილვით;
ა.ი) ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20°C ტემპერატურაზე;
ა.კ) საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – სუფთა სპირტის მოცულობითი რაოდენობა პროდუქტის 100 მოცულობით ერთეულში 20°C ტემპერატურაზე პროდუქტში არსებული შაქრის მთლიანად დადუღების შემთხვევაში;
ა.ლ) ტიტრული მჟავიანობა – ყურძნის ტკბილსა და ღვინოში არსებული მჟავებისა და მჟავე მარილების ერთობლიობა;
ა.მ) მქროლავი მჟავიანობა – ღვინის ხარისხისა და სიჯანსაღის მაჩვენებელი, რომლის შემცველობაც ღვინოსა და ალკოჰოლიან სასმელებში განპირობებულია ერთფუძიანი მჟავების არსებობით;
ა.ნ) კუპაჟი – ღვინომასალებისა (ან ბრენდის სპირტების) და მეღვინეობაში ნებადართული სხვადასხვა კომპონენტის ნაზავი;
ა.ო) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია) – ჯიშის, ხარისხისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით ერთნაირი ღვინოპროდუქციის ურთიერთშერევა ერთგვაროვანი შემადგენლობის პარტიების მიღების მიზნით;
ა.პ) საექსპედიციო ლიქიორი – ცქრიალა და შუშხუნა ღვინის ტექნოლოგიური კომპონენტი, რომელიც შედგება დაკუპაჟებული ღვინის, საქაროზის, საბრენდე სპირტისა და ლიმონმჟავისაგან;
ა.ჟ) სატირაჟე ლიქიორი – სატირაჟე ნაზავის კომპონენტი, რომელიც მიიღება საკუპაჟე ღვინომასალების ნაზავში მსხვილკრისტალური შაქრის ფხვნილის გახსნით;
ა.რ) სატირაჟე ნაზავი – ნახევარპროდუქტი, რომელიც გამოიყენება მეორადი დუღილისათვის კლასიკური (ბოთლის) წესით ცქრიალა ღვინის დამზადებისას;
ა.ს) სადუღარი ნაზავი – რეზერვუარული მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას მეორადი დუღილისთვის განკუთვნილი ნაზავი;
ა.ტ) ასამბლაჟი – ცქრიალა ღვინის წარმოებისას ერთი და იმავე ჯიშის, წლის მოსავლისა და ადგილის ყურძნის გადამუშავებით მიღებული ღვინოების ურთიერთშერევა;
ა.უ) ტირაჟი – ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას სატირაჟე ნაზავის ჩამოსხმის, დახუფვისა და საცობის დამაგრების ტექნოლოგიური ოპერაცია;
ა.ფ) დაგაზვა (სატურაცია) – ღვინის ან სხვა სასმელების ნახშირორჟანგა გაზით ხელოვნურად დაგაზვა და გაჯერება;
ა.ქ) სამარკო ცქრიალა ღვინო – უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინო, რომელიც წარმოებულია მევენახეობის განსაკუთრებულ ზონაში მოწეული ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაციაში ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე ჯიშისაგან მიღებული უმაღლესი ხარისხის (სამარკო) ღვინოებისაგან სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით;
ა.ღ) ღვინის (ეთილის) სპირტი – ალკოჰოლშემცველი (ღვინო, ლექი, ჭაჭა) ნედლეულის გამოხდით მიღებული უმაღლესი გაწმენდის რექტიფიცირებული სპირტი;
ა.ყ) ღვინის დისტილატი (ახალი სპირტი) – ალკოჰოლშემცველი (ღვინო, ლექი, ჭაჭა) ნედლეულის ერთჯერადი გამოხდით მიღებული სპირტი;
ა.შ) სპირტიანი სასმელი – 14%-ზე მეტი მოცულობითი სპირტშემცველობის სითხე, რომელიც დამზადებულია ყურძნისეული ნედლეულისაგან მიღებული ეთილის სპირტისა და ამ კანონის თანახმად მეღვინეობაში ნებადართული ნივთიერებების დამატებით ან დაუმატებლად;
ა.ჩ) კოლერი (დამწვარი შაქარი) – პროდუქტი, რომელიც მიღებულია მაღალ ტემპერატურაზე საქაროზის კონტროლირებული გაცხელებით;
ა.ც) დატკბობა – სპირტიანი სასმელების დამზადებისას მეღვინეობაში ნებადართული ერთი ან რამდენიმე დამატკბობელი პროდუქტის გამოყენება მზა პროდუქციაში საერთო შაქრის მასის გარკვეული კონცენტრაციის შესაქმნელად;
ა.ძ) არომატიზება – მეღვინეობაში ნებადართული მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული ერთი ან მეტი არომატიზატორის გამოყენება ღვინისა და სპირტიანი სასმელების დამზადებისას;
ა.წ) გააქტივება – დავარგებაში გამოყენებული მუხის ტკეჩში ჟანგვა-აღდგენთი პროცესების დაჩქარებული წარმართვა სპეციალური ტექნიკური ან ტექნოლოგიური ხერხის გამოყენებით;
ა.ჭ) საბრენდე სპირტი – ბრენდის წარმოების შუალედური პროდუქტი, საბრენდე ღვინის ორჯერადი გამოხდით მიღებული 62-70% სპირტშემცველობის მქონე შუანახადი ფრაქცია;
ა.ხ) დარბილებული წყალი – სიხისტის მარილების მოცილების მიზნით გამოხდილი ან სხვა ფიზიკურ-ქიმიური მეთოდით დამუშავებული სასმელი წყალი;
ა.ჯ) დავარგება – ტექნოლოგიურ ჭურჭელში გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური პროცესების ბუნებრივი წარმართვა;
ა.ჰ) ღვინის ბრენდი – არანაკლებ 40% მოცულობითი სპირტშემცველობისა და სპეციფიკური თვისებების მქონე სასმელი;
ბ.ა) მუხის ექსტრაქტი - სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული მუხის ტკეჩისაგან მიღებული ფხვიერი ან თხევადი მასა (არომატიზატორი), რომელიც გამოიყენება მომინანქრებულ ავზში ორდინარული ბრენდის დავარგებისა და მაგარი სასმელის დამზადებისას.
თავი III
ვაზის გენეტიკური რესურსები და მისი დაცვა. ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაცია
მუხლი 4
1. ვაზის გენეტიკური რესურსები – აბორიგენული (ადგილობრივი წარმოშობის) ჯიშების გენოფონდი და ვაზის ველური ფორმები ეროვნული სიმდიდრეა, რომელსაც იცავს სახელმწიფო.
2. ვაზის გენეტიკური რესურსების გამოვლენას, გამოკვლევას, შესწავლასა და კონსერვაციას აფინანსებს სახელმწიფო. ამავე საქმიანობას შეიძლება ეწეოდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.
მუხლი 5
1. ვაზის სტანდარტული სორტიმენტი მოიცავს აბორიგენულ და ინტროდუცირებულ (ვიტის ვინიფერას) ჯიშებს, აგრეთვე ფილოქსერაგამძლე სახეობათაშორის საძირე ჰიბრიდებს.
2. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ვაზის ჯიშების შემდეგი სტანდარტული სორტიმენტი და კლასიფიკაცია:
I. თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები
ავასირხვა | მწვანე კახური | ჩინური |
ალიგოტე | მწვანე კახური - კლონი 12 | ციცქა |
გორული მწვანე | რქაწითელი | ცოლიკოური |
კრახუნა | რქაწითელი- კლონი 48 | წულუკიძის თეთრა |
| მუსკატური რქაწითელი | ხიხვი |
| ქისი | კაპისტონი თეთრი |
| შარდონე | პინო თეთრი |
II. ფერადყურძნიანი საღვინე ჯიშები
ალადასტური | პინო შავი |
ალექსანდროული | საფერავი |
თავკვერი | საფერავი ბუდეშურისებრი |
კაბერნე სოვინიონი | საფერავი – კლონი 359 |
მუჯურეთული | უსახელოური |
ოცხანური საფერე | შავკაპიტო |
ოჯალეში | ჩხავერი |
ორბელური ოჯალეში | ძელშავი |
| კაჭიჭი |
III. ცქრიალა ღვინისათვის განკუთვნილი ვაზის ჯიშები
ალიგოტე | რქაწითელი მუსკატური | შავკაპიტო |
გორული მწვანე | ჩინური | ქისი |
თავკვერი | ციცქა | კაპისტონი თეთრი |
პინო შავი | შარდონე |
|
პინო თეთრი |
|
|
ცქრიალა ღვინის წარმოებისათვის დასაშვებია ახმეტის, ივრის, ქსნისა და არაგვის ხეობებში რქაწითელისაგან მიღებული ღვინომასალების გამოყენება. შუშხუნა ღვინისათვის გამოიყენება სტანდარტულ სორტიმენტში შემავალი ვაზის ყველა ჯიში.
IV. სუფრის ვაზის ჯიშები
ქართული საადრეო | განჯური | ყარაბურნუ |
ხალილი | კოლხური | სახალხო თეთრი |
შასლა თეთრი | გორულა | ალექსანდრიული მუსკატი |
წითელი ბუდეშური | თბილისური | ცხენის ძუძუ მუსკატური რქაწითელი ცხენის ძუძუ აფხაზური |
V. ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიშები (ჰიბრიდები)
ბერლანდიერი 6.
1. აკრძალულია ყურძნის სასაქონლო წარმოების მიზნით ამ კანონის მე-5 მუხლით ჩამოთვლილი ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილი ჯიშების გარდა სხვა ჯიშების გაშენება.
2. ვაზის სტანდარტული სორტიმენტის გაუმჯობესება და შევსება ხორციელდება ახალი სელექციური და ინტროდუცირებული ჯიშების, აგრეთვე გამოვლენილი კლონების საფუძველზე, რომლებსაც მეცნიერული რეკომენდაციით უტარდებათ სახელმწიფო ჯიშთა გამოცდა სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში.
მუხლი 7.
ყურძნის ჯიშების სამრეწველო გამოყენებისათვის ამ კანონით დადგენილია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შემდეგი ზონები და ქვეზონები:
№ | ზონა | ქვეზონა | დარაიონებული ჯიშები |
1 | 2 | 3 | 4 |
I
II
| აღმოსავლეთი საქართველო კახეთი:
ქართლი:
მესხეთი:
დასავლეთი საქართველო იმერეთი:
რაჭა-ლეჩხუმი:
შავი ზღვის სანაპირო ზონა |
ა) შიდა კახეთი - მდ. ალაზნის აუზი:
ბ) გარე კახეთი – საგარეჯოს რაიონი, გარდაბნის რაიონის ტერიტორიის ნაწილი
ა) ქვემო ქართლი
ბ) შიდა ქართლი
ახალციხე-ასპინძა-ადიგენი
ა) ზემო იმერეთი-საჩხერე-ჭიათურა-ხარაგოულის რაიონები
ბ) შუა იმერეთი – ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდადის რაიონები
გ) ქვემო იმერეთი - წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის რაიონები
ა) ქვემო რაჭა
ბ) ლეჩხუმი
ა) გურია
ბ) აჭარა (ქედა-შუახევი-ხულო)
გ) სამეგრელო
დ) აფხაზეთი |
რქაწითელი, რქაწითელი- კლონი №48 ქისი, მწვანე კახური, მწვანე კახური-კლონი №12, ხიხვი, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი-კლონი №359, კაბერნე სოვინიონი, თავკვერი, პინო შავი, მუსკატური რქაწითელი სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, თბილისური, ხალილი, ქართული საადრეო, ალექსანდრიული მუსკატი რქაწითელი, რქაწითელი-კლონი №48, მწვანე კახური, მწვანე კახური -კლონი №12, საფერავი, საფერავი ბუდეშურისებური, საფერავი კლონი - №359, პინო შავი, ალიგოტე, ჩინური სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, ხალილი, ქართული საადრეო, თბილისური, მუსკატური რქაწითელი
რქაწითელი, რქაწითელი კლონი-№48, ალიგოტე, ჩინური, თავკვერი, ასურეთული შავი
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, ხალილი, კარაბურნუ საადრეო, თბილისური, ქართული, მუსკატური რქაწითელი
ჩინური, გორული მწვანე, პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, რქაწითელი, თავკვერი, შავკაპიტო, საფერავი ბუდეშურისებური
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, თბილისური, ქართული საადრეო, გორულა, რქაწითელი მუსკატური, წითელი ბუდეშური, კარაბურნუ, ცხენის ძუძუ
გორული მწვანე, ხიხვი, ალიგოტე, პინო შავი, შარდონე
ციცქა, ცოლიკოური, გორული მწვანე, პინო შავი, ალიგოტე, შარდონე, ოცხანური საფერე
ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ოცხანური საფერე, გორული მწვანე, ძელშავი, კაპისტონი თეთრი, ალადასტური, შარდონე
ცოლიკოური, ალადასტური
ალექსანდრიული, მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა, ცოლიკოური
უსახელოური, მუჯურეთული, ცოლიკოური, ორბელური ოჯალეში
ჩხავერი, ალადასტური, ცოლიკოური
ცოლიკოური, ჩხავერი, ალიგოტე, პინო შავი
სუფრის ყურძნის ჯიშები: განჯური, შასლა თეთრი, ქართული საადრეო
ოჯალეში, ცოლიკოური
ცოლიკოური, ჩხავერი, კაჭიჭი, ავასირხვა, ცხენის ძუძუ აფხაზური |
თავი IV
ვაზის სარგავი მასალის წარმოება
მუხლი 8
1. სელექციური, ჯიშობრივად წმინდა საძირეთა და სანამყენეთა სადედეები ეწყობა სახელმწიფო, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მეურნეობებში. სადედე შენდება მხოლოდ ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შემავალ ჯიშობრივად და ფიტოსანიტარიულად სუფთა ვაზის ჯიშის ნერგისაგან.
2. საკვირტე მასალის მისაღებად დასაშვებია სპეციალურად გაშენებული სამრეწველო ვენახის გამოყოფა, თუ იგი აკმაყოფილებს სადედისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მასობრივი და ფიტოსანიტარიული სელექციის ჩატარების შემდეგ ჯიშობრივად სუფთა, ჯანსაღი, უვირუსო, სერტიფიცირებული სარგავი მასალის მიღების გარანტიას იძლევა.
3. აპრობაციისათვის გამოყოფილი ვენახის ნაკვეთი მკვეთრად გაიმიჯნება სხვა ნაკვეთისაგან, ტარდება სარეგისტრაციო დავთარში და ენიჭება სანამყენე სადედის კატეგორია.
4. მყნობისთვის დასაშვებია მხოლოდ აპრობირებული (სელექცირებული) საძირისა და სანამყენე მასალის გამოყენება.
მუხლი 9
1. ნერგის გაცემა (გაყიდვა) ნებადართულია მხოლოდ მისი ხარისხის, ჯიშური სიწმინდისა და სიჯანსაღის დამადასტურებელი მოწმობისა (სერტიფიკატის) და სათანადო ეტიკეტის დართვით.
2. ნერგის ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირება ხდება ნერგის წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით.
3. სარგავი მასალის იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V
ვენახის გაშენებისა და მოვლის პირობები
მუხლი 10
ვენახი იყოფა სამოყვარულო, სპეციალურ და სამრეწველო ვენახად. სამრეწველო დანიშნულების ვენახის გაშენების უფლების წარმოშობის საფუძველია ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში წარდგენილი შეტყობინება.
მუხლი 11
მევენახეობის ძირითად სამრეწველო რაიონებში, განსაკუთრებულ ზონებსა და ქვეზონებში სავალდებულოა ამ კანონით დადგენილი სორტიმენტის დაცვა.
მუხლი 12
1. საქართველოში სამრეწველო ვენახის გაშენება ნებადართულია მხოლოდ ერთწლიანი ან ორწლიანი, ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნობილი ნერგით.
2. საკუთარფესვიანი (ან დაუფესვიანებელი რქით) ნერგი გამოიყენება მხოლოდ ფილოქსერაგამძლე სადედეების გასაშენებლად ან სამეცნიერო მიზნებით.
მუხლი 13
1. სამარკო ღვინოების წარმოებისათვის ყურძნის საჰექტარო მოსავალი რეგლამენტირებულია განსაზღვრულ ზონებსა და ქვეზონებში.
2. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობის რეგლამენტსა და რეგლამენტირებული მოსავლის ზონაში ვაზის რეკომენდებული დატვირთვის ნორმებს ამუშავებს დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
3. ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობა არ იზღუდება სუფრის ყურძნის, ყურძნის წვენისა და მასობრივი მოხმარების ღვინოების წარმოების ზონებში.
4. მოსავლიან ვენახში კონტროლს ექვემდებარება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი სასუქების შეტანის რეგლამენტის დაცვა.
5. ვენახში მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ნებადართული შხამქიმიკატებისა და სასუქების ვენახში შეტანის რეგლამენტის დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამარკო ღვინოების წარმოების ზონაში ვენახის მორწყვა წყდება ყურძნის კრეფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
თავი VI
ღვინის კლასიფიკაცია. მეღვინეობის პროდუქციის განსაზღვრა. მეღვინეობის პრაქტიკა
მუხლი 14
საერთაშორისო მოთხოვნებისა და მეღვინეობის პრაქტიკის გათვალისწინებით ამ კანონით დადგენილია საქართველოში წარმოებული ყურძნის ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ხარისხის მიხედვით:
ა.ა) სუფრის ღვინო;
ა.ბ) სამარკო ღვინო;
ა.გ) საკოლექციო ღვინო.
ბ) ტიპების მიხედვით:
ბ.ა) მშრალი ღვინო;
ბ.ბ) ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო;
ბ.გ) ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინო;
ბ.დ) ცქრიალა და შუშხუნა ღვინო;
ბ.ე) სპეციალური ღვინო;
ბ.ვ) არომატიზებული ღვინო.
გ) ფერის მიხედვით:
გ.ა) თეთრი ღვინო;
გ.ბ) ვარდისფერი ღვინო;
გ.გ) წითელი ღვინო.
მუხლი 15
1. მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულია შემდეგი პროცესების გამოყენება:
ა) აერაცია;
ბ) ასამბლაჟი;
გ) არევა(ბარბოტაჟი);
დ) გადაღება;
ე) შევსება;
ვ) გამოყინვა;
ზ) გამოწნეხვა;
თ) გამოხდა (გადადენა, დისტილაცია);
ი) გაწებვა;
კ) დავარგება;
ლ) დაძველება;
მ) არომატიზება;
ნ) დასპირტვა;
ო) წაყელვა (დეგორჟაჟი);
პ) დაჭაშნიკება (დეგუსტაცია);
ჟ) გაულითონოება (დემეტალიზაცია);
რ) გაუგოგირდოება (დესულფიტაცია);
ს) დუღილი (ფერმენტაცია);
ტ) გაერთგვაროვნება (ეგალიზაცია);
უ) გამოწვლილვა (ექსტრაგირება);
ფ) კუპაჟი;
ქ) ნეიტრალიზაცია;
ღ) დაგაზვა (სატურაცია);
ყ) დაგოგირდოვანება (სულფიტაცია);
შ) ტირაჟი;
ჩ) განშრევნება (ცენტრიფუგირება).
2. მეღვინეობის პრაქტიკაში ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების ნებართვის საფუძველზე დასაშვებია შემდეგი მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება:
ა) ამონიუმის სულფატი, ამონიუმის ბისულფატი;
ბ) ახალი, მშრალი და განუზავებელი ღვინის ლექი;
გ) ბენტონიტი;
დ) გოგირდოვანი ანჰიდრიდი;
ე) დიამონიუმფოსფატი;
ვ) დიატომიტი;
ზ) თევზის წებო;
თ) კვერცხის ცილა;
ი) მცენარეული ნაცარი;
კ) ფიტინი;
ლ) სისხლის ყვითელი მარილი;
მ) თიამინის ჰიდროქლორიდი;
ნ) ინერტული აირები ;
ო) ინერტული საფილტრი მასალები და აგენტები;
პ) იონშემცვლელი ფისები;
ჟ) კაზეინი და კალიუმის კაზეინატი;
რ) კალიუმის ნაერთები (ალგანატი, ალგინატი, ბიკარბონატი, ბისულფიტი და მეტაბისულფიტი, კარბონატი, ტარტრატი, ბიტარტრატი, ნეიტრალური ტარტრატი, პიროსულფიტი, სორბიტი, ფერონციალი, ფიტატი);
ს) კაოლინი;
ტ) კაჟის ზეჟანგი გელის ან კოლოიდური ხსნარის სახით;
უ) მჟავები (ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის, მეტაღვინის, სორბინის, ღვინის);
ფ) პოლიმერული დამწმენდი პრეპარატები;
ქ) ასკანგელი;
ღ) რძემჟავა ბაქტერიები;
ყ) საკვები ჟელატინი;
შ) საფუარის წმინდა კულტურა;
ჩ) ტანინი;
ც) ფერმენტული (ენზიმური) პრეპარატები;
ძ) ღვინის მჟავისა და კალციუმის კარბონატის ჰომოგენური პრეპარატი;
წ) ცეოლიტი;
ჭ) ცხოველური ალბუმინი;
ხ) გააქტივებული ნახშირი;
ჯ) ქვიშა.
3. დასაშვებია:
ა) ყველა კატეგორიის ღვინისათვის დადგენილი ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობის ზღვრიდან გადახრა მხოლოდ 0,5 მოცულობითი პროცენტის სპირტშემცველობის ფარგლებში;
ბ) მისტელის გამოყენება მხოლოდ სპეციალური ღვინის დასამზადებლად;
გ) პიკეტის გამოყენება მხოლოდ გამოსახდელად ან მწარმოებლის მიერ პირადი მოხმარებისათვის;
დ) მეღვინეობის პრაქტიკაში გამოყენებული მასალებისა და ნივთიერებების წყალში გახსნა, თუ ეს აუცილებელია წარმოებაში მათ მოსახმარებლად;
ე) ვაზის სტანდარტული ჯიშების კლასიფიკაციაში ჩამოთვლილი სორტიმენტისაგან წარმოებული დაუმუშავებელი ან დამუშავებული ღვინომასალის რეალიზება, თუ იგი აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. ღვინო, რომელიც არ შეიცავს სუფრის ღვინისათვის განსაზღვრული სპირტის მინიმალურ რაოდენობას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძმრის დასამზადებლად, სპირტის გამოსახდელად ან პირადი მოხმარებისათვის.
5. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია:
ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის წარმოება ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და წესების დარღვევით გაშენებულ სამრეწველო დანიშნულების ვენახში მოწეული ყურძნისაგან;
ბ) საწარმოო მიზნით ყურძნის, დურდოსა და ჭაჭის გამოწნეხვა დარგობრივი ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილი ნორმის გადამეტებით;
გ) ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება;
დ) ღვინის წარმოება ყურძნის ჭაჭის, ლექისა და ქიშმიშისაგან;
ე) გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება სხვა საწარმოო მიზნით;
ვ) წყლის დამატება ამ კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ ყურძნისეულ პროდუქციაზე, გარდა სპირტიანი სასმელებისა;
ზ) სუფრის, სამარკო, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი ბრენდის სპირტისა;
თ) ღვინოში (გარდა არომატიზებული ღვინისა) ან ბრენდში მღებავი და არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება;
ი) ღვინოში საქაროზას დამატება დადუღებისათვის ან მასში შაქრების მასური წილის კონდიციამდე მიყვანის მიზნით, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა და კუპაჟისათვის საჭირო შაქრის სიროფისა, აგრეთვე სპირტიანი სასმელებისა;
კ) ღვინის ბრენდის დავარგებული სპირტების გარდა სხვა სპირტების გამოყენება ბრენდის დასამზადებლად;
ლ) შაქრის სიროფის (საქაროზა) ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და /ან სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება;
მ) ღვინოპროდუქციაში იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით.
თავი VII
განსაკუთრებულ ზონაში სამარკო ღვინოების წარმოება და რეგისტრაცია
მუხლი 16
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნის სამარკო ღვინოების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) განსაკუთრებულ ზონაში წარმოებული სამარკო ღვინო;
ბ) განსაკუთრებულ ზონაში წარმოებული კონტროლს დაქვემდებარებული სამარკო ღვინო.
2. სამარკო ღვინოების წარმოება ეფუძნება შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
ა) ყურძნის წარმოებას განსაკუთრებულ ზონაში;
ბ) ვაზის ჯიშს;
გ) ყურძნის წარმოების აგროტექნიკურ რეგლამენტებს;
დ) ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ წესებს;
ე) ბუნებრივ სპირტშემცველობის ზღვარს;
ვ) ყურძნის საჰექტარო მოსავლიანობასა და ღვინის გამოსავლიანობას ერთი ჰექტარიდან ან 1 ტონა ყურძნიდან;
ზ) ფიზიკურ-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ მონაცემებსა და ორგანოლეპტიკურ შეფასებას.
3. სამარკო ღვინოების წარმოება დასაშვებია მხოლოდ ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში ჩამოთვლილი ჯიშებისაგან.
მუხლი 17
1. თითოეული განსაკუთრებული ზონა მკაცრად განისაზღვრება ვენახის ნაკვეთის ან მათი ერთობლიობის მინიშნებითა და იმ ფაქტორების გათვალისწინებით (ნიადაგი, კლიმატი, ვენახის განლაგება, ექსპოზიცია და ა.შ.), რომლებიც განაპირობებენ ამ ზონაში წარმოებულ სამარკო ღვინის ხარისხს.
2. სამარკო ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ზონებში დასაშვებია მხოლოდ ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში ზონის ან ქვეზონისათვის დამტკიცებული ვაზის ჯიშების გაშენება.
3. განსაკუთრებული ზონის რეგისტრაციის დღიდან 3 წლის განმავლობაში ამ ზონაში დასაშვებია აგრეთვე „ვიტის ვინიფერას“ სახეობის ვაზის მხოლოდ იმ ჯიშების არსებობა, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში.
4. თუ 3 წლის შემდეგ სამარკო ღვინოების წარმოებისათვის განკუთვნილ განსაკუთრებულ ზონებში არ იქნება დაცული ამ მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნა, იკრძალება ასეთ ზონებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული ღვინისთვის „სამარკო ღვინის“ სტატუსის მინიჭება.
მუხლი 18
აკრძალულია განსაკუთრებულ ზონაში წარმოებული ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებისა და ყურძნის წვენის გარდა სხვა სასმელებისათვის განსაკუთრებული ზონის სახელის, ვაზის ჯიშის, სხვა სპეციფიკური, ტრადიციული დასახელების გამოყენება, თუ სახელდების შემთხვევაში წარმოშობისა და შემადგენლობის თვალსაზრისით წარმოიქმნება სამარკო პროდუქციასთან მათი აღრევის რისკი.
მუხლი 19
საქართველოში წარმოებული ყველა სამარკო ღვინო ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.
თავი VIII
სამარკო ღვინის რეალიზაციისა და ჩამოხარისხების განსაკუთრებული პირობები
მუხლი 20
1. რთველის მომდევნო წლის 1 იანვრისათვის სამარკო ღვინის დამზადების ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ატარებს სამარკო ღვინის კატეგორიისთვის განკუთვნილი ღვინოების ინვენტარიზაციას და დადგენილი წესის მიხედვით აფასებს მათ ხარისხს.
2. სამარკო ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ამ პროცესებთან დაკავშირებული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ატესტირებული სამარკო ღვინის მაღალი ხარისხი.
3. საქართველოში ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოო პროცესისა და ატესტირებული სამარკო ღვინის ხარისხის კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამარკო ღვინის ხარისხის გაუარესებისას იგი ექვემდებარება დაბალ ხარისხში გადაყვანას (ჩამოხარისხებას) და კარგავს უფლებას იწოდებოდეს განსაკუთრებულ ზონაში წარმოებულ სამარკო ღვინოდ.
მუხლი 21
სამომხმარებლო ბაზარზე აკრძალულია შემდეგი სამარკო ღვინოების რეალიზაცია:
ა) მშრალი და სპეციალური ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის დეკემბრამდე;
ბ) ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისა – რთველის მომდევნო წლის იანვრამდე;
გ) ცქრიალა ღვინოებისა:
გ.ა) ბოთლის მეთოდით დამზადებულისა – დავარგების ვადის გასვლამდე;
გ.ბ) რეზერვუარული მეთოდით დამზადებულისა – დავარგების ვადის გასვლამდე.
დ) სერტიფიკატის გარეშე;
ე) თანმხლებ დოკუმენტებში სამარკო ღვინის კატეგორიის, მარკის, დასახელებისა და მოსავლის წლის მითითების გარეშე.
თავი IX
ცქრიალა ღვინოები
მუხლი 22
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე ცქრიალა ღვინოების წარმოების შემდეგი მეთოდები:
ა) კლასიკური (ბოთლის);
ბ) რეზერვუარული (პერიოდული ან უწყვეტ ნაკადში).
2. შაქრის შემცველობის მიხედვით საქართველოში წარმოებული ცქრიალა ღვინოების მიმართ ამ კანონით დადგენილია მათი მარკის (ტიპის) განმსაზღვრელი შემდეგი მოთხოვნები:
ა) ძლიერ მშრალი – შაქრის შემცველობა არ აღემატება 3,0 გ/დმ3;
ბ) მშრალი – შაქრის შემცველობა 20-35 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
გ) ნახევრად მშრალი – შაქრის შემცველობა 35-50 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
დ) ნახევრად ტკბილი – შაქრის შემცველობა 50-80 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
ე) ტკბილი – შაქრის შემცველობა 80 გ/დმ3-ზე მეტია.
მუხლი 23
1. საჭირო მარკის ცქრიალა ღვინის მისაღებად ნებადართულია საექსპედიციო ლიქიორის დამატება მხოლოდ:
ა) ბოთლის მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას – წაყელვის ოპერაციის დამთავრებისთანავე;
ბ) რეზერვუარული მეთოდით ცქრიალა ღვინის წარმოებისას – მეორადი დუღილის დამთავრების შემდეგ რეზერვუარში ან უშუალოდ ბოთლებში ცქრიალა ღვინის ჩამოსხმის დროს.
2. დასაშვებია ცქრიალა ღვინოში მხოლოდ მეორადი დუღილის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგა გაზის არსებობა, გარდა ცქრიალა ღვინის უშუალოდ ყურძნის ტკბილისაგან მიღების შემთხვევისა.
თავი X
შუშხუნა ღვინოები
მუხლი 24
1. შაქრის შემცველობის მიხედვით საქართველოში წარმოებული შუშხუნა ღვინის მიმართ ამ კანონით დადგენილია მისი ტიპის განმსაზღვრელი შემდეგი მოთხოვნები:
ა) მშრალი – შაქრის შემცველობა არ აღემატება 3,0 გ/დმ3-ის;
ბ) ნახევრად მშრალი – შაქრის შემცველობა 10–25 გ/დმ3-ს ფარგლებშია;
გ) ნახევრად ტკბილი – შაქრის შემცველობა 30–80 გ/დმ3-ის ფარგლებშია;
დ) ტკბილი – შაქრის შემცველობა 80 გ/დმ3-ზე მეტია.
2. შუშხუნა ღვინის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ საექსპედიციო ლიქიორი, რომლის დამატება ხდება შუშხუნა ღვინისთვის განკუთვნილ ნაზავში ან უშუალოდ ბოთლებში შუშხუნა ღვინის ჩამოსხმისას.
3. საექსპედიციო ლიქიორის დამატება არ ჩაითვლება შაქრიანობის გაზრდის ოპერაციად.
4. საექსპედიციო ლიქიორის დამატებამ არ უნდა გამოიწვიოს შუშხუნა ღვინოში საერთო მოცულობითი სპირტშემცველობის 0,5%-ზე მეტად გაზრდა.
თავი XI
ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელები
მუხლი 25
1. ამ კანონით დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების შემდეგი კლასიფიკაცია:
ა) ღვინის ბრენდი;
ბ) ყურძნის არაყი;
გ) მაგარი სასმელი;
დ) ლიქიორი და ნაყენი.
2. სპირტიანი სასმელების დამზადებისას მათი დატკბობის, შეფერვისა და არომატიზების მიზნით ნებადართულია საქაროზის, გლუკოზის, ფრუქტოზის, ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის, ყურძნის ტკბილის, კოლერის (დამწვარი შაქარი), მუხის ბუნებრივი ექსტრაქტის, თაფლისა და სხვა ბუნებრივი არომატიზატორების გამოყენება.
მუხლი 26
1. საბრენდე ღვინომასალის მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 9,0%-ზე ნაკლები, ხოლო ტიტრული მჟავიანობა - 5,0 გ/დმ3 ნაკლები.
2. საბრენდე სპირტში მქროლავი მჟავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,8 გ/ლ-ს, ხოლო მეთილალკოჰოლის შემცველობა - 1,5 გ/ლ-ს (უწყლო სპირტზე გაანგარიშებით).
3. გამოსახდელად დასაშვებია მხოლოდ საბრენდე ღვინომასალა.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17
მუხლი 27
1. ხარისხის მიხედვით დადგენილია ღვინის ბრენდის შემდეგი კატეგორიები:
ა) ორდინარული;
ბ) სამარკო;
გ) საკოლექციო.
2. ორდინარული ღვინის ბრენდი მზადდება მუხის კასრებში სამი, ოთხი და ხუთი წლის განმავლობაში დავარგებული საბრენდე სპირტებისაგან. სამწლიანი ბრენდი შეიძლება დამზადდეს აგრეთვე მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ გაუაქტივებელ ან გააქტივებულ მუხის ტკეჩებზე მხოლოდ სამი წლის განმავლობაში დავარგებული ბრენდის სპირტისაგან. სამარკო ბრენდი მზადდება არანაკლებ ექვსწლიანი დავარგების ბრენდის სპირტებისაგან. საკოლექციო ბრენდი მზადდება მუხის კასრებსა და ბუტებში სამარკო ბრენდის დავარგებით არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
3. საბრენდე სპირტის დავარგების ასაკის მიხედვით დადგენილია სამარკო ბრენდის შემდეგი ჯგუფები:
ა) I ჯგუფი – „ბრენდი დავარგებული“, რომელიც მზადდება 6-7 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
ბ) II ჯგუფი – „ბრენდი დავარგებული. უმაღლესი ხარისხის“, რომელიც მზადდება 8-10 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
გ) III ჯგუფი – „ბრენდი ძველი“, რომელიც მზადდება 10–20 წლიანი დავარგების საბრენდე სპირტებისაგან;
დ) IV ჯგუფი – „ბრენდი ძალიან ძველი“, რომელიც მზადდება 20 და მეტი წლის დავარგების საბრენდე სპირტებისაგან.
4. I ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში არანაკლებ ხუთწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. II ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში ექვსწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. III ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში შვიდწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. IV ჯგუფის ბრენდის დამზადებისას ნებადართულია კუპაჟებში რვაწლიანი დავარგების საბრენდე სპირტის გამოყენება არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.
5. საქართველოში წარმოებული სამარკო ბრენდი ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში.
მუხლი 28
ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია: ღვინის, ლექისა და დადუღებული ჭაჭის გამოხდით მიღებული არანაკლებ 96%-ის მოცულობითი სპირტშემცველობის უმაღლესი გაწმენდის რექტიფიცირებული ეთილის სპირტისა და დარბილებული წყლის ურთიერთშერევით, სპეციალური მარკის გააქტივებული ნახშირისა და ქვიშის ფილტრში გატარებით; ამასთანავე მქროლავი მჟავების შემცველობა უნდა იყოს არა უმეტეს 0,04 გ/დმ3-ისა, ხოლო მეთილალკოჰოლის შემცველობა - 0,5 გ/დმ3-ისა (უწყლო სპირტზე გაანგარიშებით).
მუხლი 29
1. მაგარი სასმელის დამზადება დასაშვებია:
ა) ალკოჰოლშემცველი (ღვინო, ლექი, ჭაჭა) ნედლეულისაგან მიღებული არანაკლებ 86% მოცულობითი სპირტშემცველობის ეთილის სპირტისა და დარბილებული წყლის ურთიერთშერევით, ნებადართული მცენარეული ინგრედიენტების დამატებით ან დაუმატებლად, დავარგების გარეშე, სპეციალურად დამუშავებული ნახშირისა და ქვიშის ფილტრებში გატარებით (მისი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 35%-ისა);
ბ) არანაკლებ 4,0 გ/დმ3 ტიტრული მჟავების შემცველობის ყურძნის ნაწნეხი ფრაქციებისაგან დაყენებული ღვინის ერთჯერადი ან ორჯერადი გამოხდის გზით მიღებული შუანახადი ფრაქციისაგან, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არ აღემატება 70%-ს და დავარგებულია 3 წლის განმავლობაში მაინც; ამასთანავე მქროლავი მჟავების შემცველობა უნდა იყოს არაუმეტეს 1,25გ/დმ3-ისა, ხოლო მეთილალკოჰოლის – 2,0გ/დმ3-ისა (უწყლო სპირტზე გაანგარიშებით);
გ) ჭაჭის დუღილისა და ორჯერადი გამოხდის გზით მიღებული არაუმეტეს 86% მოცულობითი სპირტშემცველობის შუანახადი ფრაქციის სპირტისაგან, რომლის მქროლავი მჟავების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 1,40გ/დმ3-ს, ხოლო მეთილალკოჰოლის შემცველობა - 10,0გ/დმ3-ს.
2. მაგარი სასმელი შეიძლება დავარგებულ იქნეს მუხის კასრებში ან მომინანქრებულ ავზში ჩაწყობილ გააქტივებულ ან გაუაქტივებელ მუხის ტკეჩებზე. დასაშვებია მუხის ბუნებრივი ექსტრაქტის (არომატიზატორის) გამოყენება დავარგების გარეშე.
მუხლი 30
1. ლიქიორები და ნაყენები მზადდება მხოლოდ ალკოჰოლშემცველი (ღვინო, ლექი, ჭაჭა) ნედლეულისაგან მიღებული რექტიფიცირებული ეთილის სპირტისა და დარბილებული წყლის ურთიერთშეზავებით, მეღვინეობაში გამოსაყენებლად ნებადართული მცენარეული ინგრედიენტების დამატებით.
2. ამ კანონის თანახმად ლიქიორები და ნაყენები დაყოფილია 12 ჯგუფად:
ა) ლიქიორი – მაგარი და სადესერტო:
ა.ა) მაგარი ლიქიორი მზადდება უმთავრესად ეთერზეთოვანი ნედლეულისაგან მიღებული არომატული სპირტით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 35-45%-ია, შაქრიანობა – 25-50 გ/100 სმ3.
ბ.ბ) სადესერტო ლიქიორი მზადდება ხილკენკროვანთა დასპირტული წვენებისა და მორსებისაგან და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა – 25-30%-ია, შაქრიანობა – 30-50 გ/100 სმ3;
ბ) კრემი მზადდება დასპირტული წვენების, ნაყენების, მორსებისა და ეთერზეთებისაგან და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 20-23%–ია, შაქრიანობა – 49-60 გ/100სმ3;
გ) ტკბილი სასმელი მზადდება ხილკენკროვანთა ნედლეულისაგან და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 18-20%–ია, შაქრიანობა – 25-40 გ/100სმ3;
დ) პუნში მზადდება დასპირტული წვენების, მორსებისა და ნაყენებისაგან ეთერზეთების, თაფლის, ბრენდის, პორტვეინის, ლიმონმჟავასა და სხვა ინგრედიენტების დამატებით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 15-20%–ია, შაქრიანობა – 30-40 გ/100სმ3;
ე) ტკბილი ნაყენი მზადდება ხილკენკროვანი ნედლეულისაგან და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 16-25%–ია, შაქრიანობა – 8-30გ/სმ3;
ვ) ნახევრად ტკბილი ნაყენი მზადდება დასპირტული წვენების მორსებისა და ნაყენებისაგან და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 30-40%–ია, შაქრიანობა – 9-10 გ/100სმ3;
ზ) ნახევრად ტკბილი დაბალგრადუსიანი ნაყენი მზადდება ამ პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 20-28%–ია, შაქრიანობა – 4-10 გ/100სმ3;
თ) დაბალგრადუსიანი მწარე ნაყენი მზადდება სხვადასხვა ნაყენის ურთიერთშერევით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 25-28%–ია;
ი) სადესერტო სასმელი მზადდება დასპირტული წვენითა და ნაყენით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 12-16%–ია. შაქრიანობა – 14-30 გ/სმ3;
კ) აპერიტივი მზადდება სამკურნალო ბალახებისა და მცენარეთა ძირების გამოყენებით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 15-35%–ია, შაქრიანობა – 4-18 გ/სმ3;
ლ) მწარე ნაყენი მზადდება უმეტესად ეთერზეთებისა და არომატული ნედლეულის გამოყენებით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 30-60%–ია, შაქრიანობა – 0-7 გ/100 სმ3;
მ) ბალზამი მზადდება ეთერზეთებისა და არომატული ნედლეულის გამოყენებით და მისი მოცულობითი სპირტშემცველობა 40-45%–ია.
3. ლიქიორებისა და ნაყენების მახასიათებლები და მათი დამზადების წესი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტების მოთხოვნებს.
თავი XII
პროდუქციის ეტიკეტირება
მუხლი 31
1. სარეალიზაციო ჭურჭელში ჩამოსხმული პროდუქციის ეტიკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად აღნიშვნებს:
ა) „ქართული ღვინო “, თუ პროდუქციაში არ არის შერეული სხვა ქვეყნის ღვინო და ღვინომასალა;
ბ) პროდუქციის სახეობას კლასიფიკაციის მიხედვით;
გ) პროდუქციის სახელწოდებას;
დ) პროდუქციის მოცულობას;
ე) მოცულობით სპირტშემცველობას;
ვ) შაქრის შემცველობას;
ზ) პროდუქციის მწარმოებელი ფირმის დასახელებას.
2. ბრენდის ეტიკეტზე აღინიშნება აგრეთვე კუპაჟში გამოყენებული სპირტების საშუალო ასაკი.
3. შუშხუნა ღვინის ეტიკეტზე დაეწერება – „შუშხუნა ღვინო “ .
4. ცქრიალა ღვინის ეტიკეტირება უნდა მოხდეს მისი დამზადების ადგილზე. აკრძალულია ცქრიალა ღვინის ნებისმიერი აღნიშვნისას (ეტიკეტზე, ყუთზე, დოკუმენტებსა და სხვ.) ტერმინების – „შამპანური“, „დამზადებულია შამპანიზაციის მეთოდით“ გამოყენება.
5. პროდუქციის ექსპორტირებისას ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა – „დამზადებულია საქართველოში“.
მუხლი 32
1. პროდუქციის ეტიკეტზე, კონტრეტიკეტსა და საყელოზე ნებადართულია აღინიშნოს:
ა) პროდუქციის ფერი;
ბ) ვაზის ჯიშის ან ჯიშების დასახელება, თუ პროდუქცია (ღვინო, ბრენდი და ა.შ.) დამზადებულია აღნიშნული ჯიშის ან ჯიშების ყურძნის სულ ცოტა 85%-ის გამოყენებით;
გ) ყურძნის მოსავლის წელი, თუ ღვინის სულ ცოტა 85% დამზადებულია აღნიშნულ წელს მოწეული ყურძნისაგან;
დ) პროდუქციის ტრადიციული დასახელება, თუ იგი არსებობს და გამოიყენება მისი წარმოების ზონაში და ძირითადი ნედლეულის (ყურძნის) სახელწოდების სინონიმი, თუ იგი მოცემული ზონისათვის ტრადიციულია;
ე) განსაკუთრებული ნიშანი, რომელსაც შეუძლია აამაღლოს მისი პრესტიჟი;
ვ) პროდუქციის ხარისხის კონტროლის სარეგისტრაციო ნომერი (სამარკო პროდუქციისათვის), რომელსაც პროდუქციას ანიჭებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
ზ) ბოთლებში ჩამოსხმული სამარკო პროდუქციის რაოდენობა;
თ) დაზუსტებები, რომლებიც შეეხება პროდუქციის დამზადების მეთოდს, ფერს, შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს და ა.შ., და რომლებიც რეგლამენტირებულია მოცემული პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციით;
ი) ინფორმაცია:
ი.ა) პროდუქციის, მწარმოებლისა და პროდუქციის რეალიზაციის მონაწილეთა შესახებ;
ი.ბ) იმ ძირითადი ნედლეულის (ყურძნის, სპირტისა და ა.შ.) წარმოების ბუნებრივი და ტექნოლოგიური პირობების შესახებ, რომლისგანაც დამზადებულია მოცემული პროდუქცია;
ი.გ) პროდუქციის სასარგებლო (მათ შორის დიეტური, დიაბეტური) თვისებების შესახებ;
ი.დ) პროდუქციის მიერ მიღებული ჯილდოების შესახებ;
ი.ე) მწარმოებელთა ან რეალიზატორთა (დისტრიბუტორთა) იმ ჯგუფის (გაერთიანების) შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული პროდუქციის მწარმოებელი, თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს პროდუქციის პრესტიჟის ამაღლებას;
ი.ვ) პროდუქციის წარმოების ზონაში არსებული ისტორიული ადგილის (ძეგლის) შესახებ.
2. ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გაფორმების ელემენტებზე დასაშვებია დამატებითი ან განსაკუთრებული ინფორმაცია იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობის ან იმპორტიორი პირის მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 33
1. პროდუქციის ეტიკეტზე გამოყენებული აღნიშვნები უნდა იყოს ქართულ ენაზე, ან ქართულთან ერთად ერთ ან ორ უცხო ენაზე. ამასთან, უცხო ენაზე აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი აღნიშვნები:
ა) „დამზადებულია საქართველოში“;
ბ) სამარკო პროდუქციის წარმოშობის გეოგრაფიული მინიშნება და მწარმოებელი საწარმოს დასახელება;
გ) წარმოების განსაკუთრებული ზონის დასახელება ან ის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც მოცემულ პროდუქციას (ღვინო, ბრენდი) სამარკოს კატეგორიას ანიჭებენ;
დ) პროდუქციის დასახელება.
2. აკრძალულია პროდუქციის ეტიკეტზე ისეთი აღნიშვნების გაკეთება, რომლებიც შეიცავენ მცდარ ინფორმაციას.
თავი XIII
დასკვნითი დებულება
მუხლი 34
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 12 ივნისი.
№1438-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1604-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.17
დოკუმენტის კომენტარები