რეგულირების საფასურის შესახებ

რეგულირების საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1860
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 15/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.05.001.001.958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1860
01/07/2005
სსმ, 38, 15/07/2005
310.120.000.05.001.001.958
რეგულირების საფასურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (25/03/2013 - 20/11/2013)

საქართველოს კანონი

რეგულირების საფასურის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროს – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოები, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.     

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი II. რეგულირების საფასურის ცნება, ოდენობა, სტრუქტურა და გადახდის წესი

    მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება

1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების  ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.

2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − გარემოს ეროვნული სააგენტოს და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შემთხვევაში − მათი ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა. 

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები

1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ:

ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის  განკარგვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა

1. რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტს.

2. რეგულირების საფასური ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული გადამხდელებისათვის გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან.

3. რეგულირების საფასური უნდა იყოს არადისკრიმინაციული და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები საფასური.

საქართველოს 2007 წლის 5 ივნის ის კანონი № 48 65 - სსმ I, 21 , 18 . 06 .200 7 წ., მუხ. 180

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №43451 - სსმ I,  №42, 22.07.2010 წ., მუხ.270

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი

1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.

2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდულობით.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის ან/და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ცალ-ცალკე ან/და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვისთვის.

4.  დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 90 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 7. რეგულირების საფასურის გადამხდელთა პასუხისმგებლობა

რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ამ საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4680 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

 

თავი III. დასკვნითი დებულება

    მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 1 ივლისი.

№1860-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.