„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1590-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 310120000.05.001.017208
1590-რს
20/11/2013
ვებგვერდი, 03/12/2013
310120000.05.001.017208
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ამ კანონის მიზანია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა.“.

   2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო                             

  ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა ორგანოზე, რომლებიც, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არიან მარეგულირებელი ორგანოები, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე − გარემოს ეროვნულ სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებას, და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოზე, რომელიც ახორციელებს ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას.“.

    3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − გარემოს ეროვნული სააგენტოს და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შემთხვევაში − მათი ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.“.

   4. მე-5 მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა“;

   ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. რეგულირების საფასური არადისკრიმინაციული უნდა იყოს და ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად.

   4. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს, რეგულირების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, უფლება აქვთ, ნორმატიული აქტით დაადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები რეგულირების საფასური.“.

   5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.“.

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ნოემბერი 2013 წ.

N1590-რს