დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3482 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/07/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 27/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.05.001.002.367 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/03/2013 - 03/09/2015)
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ
ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით;
ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში;
გ) (ამოღებულია);
დ) მნიშვნელოვანი წილი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობით.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა.
საქართველოს 200 8 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ. 44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.
4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 200 8 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ. 44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2 1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.
საქართველოს 200 8 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ. 44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №356 - ვებგვერდი, 04.04.2013წ.
მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა
1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.
მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250000 (ორას ორმოცდაათი ათას) ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი, თუ:
ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;
ბ) წარსულში იყო კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა;
გ) არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;
დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ე) არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.
4. პირს ეკრძალება იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე აძლევს თანხმობას ან ეუბნება დასაბუთებულ უარს.
7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს არ წარუდგინა განაცხადი ან ეროვნული ბანკისაგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი;
ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;
გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება საქართველოს ეროვნულ ბანკს. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვ- ნული ბანკის ნორმატიული აქტით;
ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;
ზ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს ბეჭდვით ორგანოში სამეურნეო წლის ფინანსური ანგარიშგება და გარეაუდიტორული დასკვნა.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
საქართველოს 200 8 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ. 44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები
1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალობა.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მიეცემათ მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხ- მების საფუძველზე.
3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება.
საქართველოს 200 8 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ. 44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად ( სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება).
2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები ( აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33- ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი № 5254 - სსმ I, № 29 , 27.07.2007 წ., მუხ. 313
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 18 ივლისი.
№3482–რს
დოკუმენტის კომენტარები