მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3482
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.05.001.002.367
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3482
18/07/2006
სსმ, 30, 27/07/2006
220.090.000.05.001.002.367
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (08/05/2019 - 30/10/2019)

საქართველოს კანონი

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით;

ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში;

გ) (ამოღებულია);

დ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით აიღოს ვალდებულებები;

ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისთვის შექმნილი პირი ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

ზ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან,  გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;

თ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქმნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;

ი) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;

კ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ლ) დაკავშირებული პირი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი,  პარტნიორი/აქციონერი, მათთან ისეთი ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირველი ან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7 , 26.03.2008 წ., მუხ.44
საქართველოს 2009  წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას  საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7 , 26.03.2008 წ., მუხ.44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:

ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება;

ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;

გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;

დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;

ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;

ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;

1) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება;

2) ამ პუნქტის „ა“–„ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა;

ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

21. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წერილობითი მითითებებით დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №356 - ვებგვერდი, 04.04.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა

1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი

1. პირის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. განაღდებული კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა გაიზარდოს.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და ფორმირების წესი.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.

2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ:

ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) იგი იყო კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადახდისუუნარო გახდა;

გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ;

დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ე) მას არა აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.

4. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

41. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი ახორციელებს უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას.

5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) მონაწილეობა 10%-ს ან 50%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.

6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.

8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.

9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 8. აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი;

ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;

გ) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) აწარმოოს  გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება, პასუხისმგებელი იყოს აღნიშნული ანგარიშგებების უტყუარობისთვის, აგრეთვე ინფორმაციისა და ანგარიშგებების სრულად წარდგენისთვის, დაიცვას საჯაროობის პრინციპი; საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება.  აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით;

ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით;

ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;

ზ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.

2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;

ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.

საქართველოს 2008   წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7 , 26.03.2008 წ., მუხ.44
საქართველოს 2009  წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები

1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

    მუხლი 91. დარღვევები და სანქციები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა:

ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა;

ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;

გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნები;

ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და  არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;

გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, ფულადი სახსრების მოზიდვა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა,  პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;

ვ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმოს რეგისტრაცია.

3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

   მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის შესახებ) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.

3. სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე საგადასახადო სამსახურებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაცემულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი № 5924 - სსმ I, № 7 , 26.03.2008 წ., მუხ.44
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 28 ოქტომბრის  კანონი №4465 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. 
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3295 – ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4249 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4594 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.

    მუხლი 101. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ვალდებულებათა გადაცემას.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.

6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.

8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება).

2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები (აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.

4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს 2007  წლის 11 ივლისის კანონი №5254 - სსმ I, №29 , 27.07.2007 წ., მუხ.313

    მუხლი 12. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 18 ივლისი.

№3482–რს

23. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3933-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 22. 22/02/2023 - საქართველოს კანონი - 2604-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 21. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2145-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 20. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1803-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 19. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1797-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 18. 09/09/2022 - საქართველოს კანონი - 1793-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 17. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1333-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 16. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 882-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 15. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5685-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 14. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5234-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 13. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4594-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 12. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4249-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 11. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3295-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 10. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1899-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 10/03/2017 - საქართველოს კანონი - 442-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 8. 28/10/2015 - საქართველოს კანონი - 4465-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 7. 03/09/2015 - საქართველოს კანონი - 4198-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 6. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 356-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 5. 06/03/2013 - საქართველოს კანონი - 263-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 4. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5528-რს - ვებგვერდი, 111228086, 28/12/2011 3. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1682 - სსმ, 29, 12/10/2009 2. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5924 - სსმ, 7, 26/03/2008 1. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5254 - სსმ, 29, 27/07/2007