დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 442-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.05.001.018334 |
|
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 238) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში;“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“. 4. მე-7 მუხლის მე-5−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პირი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე. 6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.“. 5. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.“. 6. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.“. 7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ თავად მსესხებელს, მის წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. სხვა პირს ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებელთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 10 მარტი 2017 წ. N442-IIს |
დოკუმენტის კომენტარები