ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.002.345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3424
30/06/2006
სსმ, 25, 13/07/2006
240.090.000.05.001.002.345
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/07/2012 - 06/09/2013)

საქართველოს კანონი

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა ინვესტიციების დაბანდებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი პროცედურების გაუმჯობესებით და დამატებითი სამართლებრივი რეჟიმის შექმნით.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციაზე, რომლებიც დაბანდებული და გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ამ კანონით დგინდება სპეციალური ნორმები და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წახალისებისათვის.

3. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, 32 , 31 . 07 .200 6 წ., მუხ. 247

 

თავი II. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა

    მუხლი 3. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.

4. სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა განახორციელოს უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, 32 , 31 . 07 .200 6 წ., მუხ. 247

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივლისის კანონი №6627 - ვებგვერდი, 09.07.2012წ.

    მუხლი 4. ინვესტორის უფლებები

1. ინვესტორს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა სააგენტოს მეშვეობით;

ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სააგენტოს მეშვეობით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ ნებართვის) გაცემასა და ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ სააგენტოსთან და ინვესტორთან.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, 32 , 31 . 07 .200 6 წ., მუხ. 247

 

თავი III . წინასწარი ლიცენზია და ნებართვა

    მუხლი 5. წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ განსაზღვრული საქმიანობის/ქმედების განხორციელების უფლებას შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა:

ა) სარგებლობის ლიცენზიისა;

ბ) მშენებლობის ნებართვისა;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა).

2. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს; ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს). ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ხდიდეს შეუძლებელს მის დაკმაყოფილებას. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ ვადაზე ადრე.

4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი.

5. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დადასტურებას ახდენს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლის ის კანონი № 3526 - სსმ I, 32 , 31 . 07 .200 6 წ., მუხ. 247

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349

 

თავი IV. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების ხელშემწყობი რეჟიმი

    მუხლი 9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია

1. ინვესტორს, რომელიც გეგმავს, განახორციელოს ინვესტიცია, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 8 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უფლება აქვს, საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვოს თავის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მიანიჭოს მაღალმთიან რეგიონებში განხორციელებულ ინვესტიციას, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 2 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

    მუხლი 10. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი ინვესტორმა შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მისანიჭებლად ინვესტორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საინვესტიციო განაცხადს, რომელსაც უნდა დაერთოს ინვესტიციის განხორციელების დეტალური გეგმა.

3. საინვესტიციო განაცხადს შეისწავლის (შეისწავლიან) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამინისტრო (სამინისტროები) ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანო (ორგანოები) მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, რის საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული წამყვანი სამინისტროს მოტივირებული წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება ინვესტორს. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები. მხარეთა შეთანხმებით საინვესტიციო გეგმასა და ხელშეკრულებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. ხელშეკრულების პირობები საჯაროა.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე ინვესტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ეკისრება ინვესტიციების განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციების მოცულობის 2 %-ს, ან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა.

6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7. სააგენტო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.

8. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დეტალურად განსაზღვროს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

    მუხლი 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია, მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს სააგენტოს. სააგენტო შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების სხვა შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, მაკონტროლებელი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

    მუხლი 12. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვა

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების) გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ იგი არ გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

    მუხლი 13. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება

1. საქართველოს დედაქალაქში, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია მტკიცდება საქართველოს მთავრობის თანხმობით.

2. საქართველოს დედაქალაქსა და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების ზონა წარმოადგენს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონას და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრეთვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4518-ვებგვერდი, 15.04.2011წ.

 

თავი V. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული საინვესტიციო საქმიანობა

ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით საქართველოს მთავრობას შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა პირმა, რომლის საქმიანობაც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხორციელდება მიმართვის დროისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიწყო შესაბამისი საინვესტიციო საქმიანობა.

    მუხლი 15. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349

 

თავი VI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედების დღიდან.

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

საქართველოს პრეზიდენტი                        მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 30 ივნისი.

№3424-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3526 - სსმ I, №32, 31.07.2006 წ., მუხ.247

2. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5297 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.349

3. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 - ვებგვერდი , 01.04.2011 .

4. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4 518 - ვებგვერდი , 15 .04.2011 .

5 . საქართველოს 201 2 წლის 5 ივლისის კანონი 6627 - ვებგვერდი , 09 .07.201 2 .