ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.002.345
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3424
30/06/2006
სსმ, 25, 13/07/2006
240.090.000.05.001.002.345
ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/07/2006 - 25/07/2006)

 

საქართველოს კანონი

ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

თავი I.ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა ინვესტიციების დაბანდებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი პროცედურების გაუმჯობესებით და დამატებითი სამართლებრივი რეჟიმის შექმნით.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციაზე, რომლებიც დაბანდებული და გამოყენებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ამ კანონით დგინდება სპეციალური ნორმები და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წახალისებისათვის. ამ კანონით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება არ თავისუფლდება რაიმე სახის გადასახადის ან მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

3. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.

თავი II. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა

    მუხლი 3. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტო არის სახელმწიფოს წარმომადგენელი ინვესტორთან ურთიერთობაში.

3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო უწევს ინვესტორს მომსახურებას საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება ანაზღაურებადია. მომსახურების საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

4. სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა განახორციელოს უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

    მუხლი 4. ინვესტორის უფლებები

1. ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობების განხორციელებისას ინვესტორს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა სააგენტოს შუამავლობით;

ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სააგენტოს შუამავლობით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მის პირობით უფლებებსა და ლიცენზიის/ნებართვის გაცემის პროცედურებს.

2. ამ კანონით რეგულირებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ სააგენტოსთან და ინვესტორთან ლიცენზიის/ნებართვის გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.

თავი III. წინასწარი ლიცენზია და ნებართვა

    მუხლი 5. წინასწარი ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემის წესი

1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის ან ქმედების განხორციელების უფლება შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა, გარდა სარგებლობის ლიცენზიისა. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა.

2. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

3. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად განმცხადებელმა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა წარუდგინოს იმ საქმიანობის ტექნიკური პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც იგი ითხოვს ლიცენზიას/ნებართვას. ტექნიკური პროექტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად დეტალური, რათა შესაძლებელი გახდეს პირობების მკაფიოდ განსაზღვრა (საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით იგი შეიძლება მოიცავდეს საქმიანობის სახეს, ინვესტიციების რაოდენობას, განრიგსა და ტიპებს; ადგილმდებარეობას, ტექნოლოგიურ პროცესებს, გამოყენებული მანქანა-დანადგარების აღწერასა და ტიპებს, განხორციელების გრაფიკს, აგრეთვე ინვესტორის გადაწყვეტილების შესაბამისად სხვა მონაცემებს). ლიცენზიის/ნებართვის გამცემს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური პროექტის დაზუსტება პირობების დადგენის მიზნით. ეს მოთხოვნა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ხდიდეს შეუძლებელს მის დაკმაყოფილებას. ტექნიკური პროექტის დაზუსტებისათვის დადგენილი ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარადგინოს აღნიშნულ ვადაზე ადრე.

4. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მოთხოვნიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სალიცენზიო/სანებართვო პირობები და საჭიროების შემთხვევაში – მათი დაკმაყოფილების ვადები. სალიცენზიო/სანებართვო პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მათი დაკმაყოფილების შეფასება და მონიტორინგი.

5. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა ძალაში შედის მას შემდეგ, რაც ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი წარადგენს დადგენილი სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაკმაყოფილების ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ დოკუმენტებს. დადასტურებას ახდენს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, ეს ცვლილება არ შეიძლება გავრცელდეს ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით ლიცენზიის/ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადებში და დადგენილი წესით.

    მუხლი 6. ინვესტიციებთან დაკავშირებული სახელმწიფო (ადგილობრივი) ქონების შეძენა

1. ინვესტორს უფლება აქვს, უფლებამოსილ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანოს მიმართოს სახელმწიფო (ადგილობრივი) ქონების (მიწის, შენობა-ნაგებობის ან წილის (აქციების)) შეძენის ინტერესის გამოხატვით ან/და პირობების შეთავაზებით.

2. დაუშვებელია ინვესტორისათვის უარის თქმა სახელმწიფო (ადგილობრივი) ქონების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) ქონება პრივატიზებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით ან კანონმდებლობით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული ქონების პრივატიზების წესი;

ბ) ინვესტორს ქონება ესაჭიროება ისეთი მიზნებისათვის, რომელთა განხორციელება ეწინააღმდეგება ტერიტორიულ ზონირებას ან რომლებიც იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას. ქონების ერთიანობა შეიძლება დაირღვეს, თუ ინვესტორი ითხოვს ქონების იმ ნაწილს, რომელზედაც ცალკე უფლების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს მთლიანი ქონების ეკონომიკურ ღირებულებას ან/და ხელს უშლის ქონების დანარჩენი ნაწილის მიზნობრივ გამოყენებას. უარი უნდა დასაბუთდეს.

3. თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილი ქონება არის მთლიანი ქონების ნაწილი, რომლის პრივატიზება იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, განაცხადოს უარი ინვესტორისათვის ქონების გადაცემაზე მხოლოდ სათანადო დასაბუთებით. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, შეატყობინოს ინვესტორს მთლიანი ქონების თაობაზე ან მთლიანი ქონების იმ ნაწილის შესახებ, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პრივატიზებას.

4. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო (ადგილობრივი) ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ. ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ შეიძლება მიიღოს საკუთარი ინიციატივით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასაბუთებული წარდგინებით, წარდგინებიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საქართველოს მთავრობის თანხმობად. ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.

    მუხლი 7. ქონების შეძენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ზოგიერთი დებულება

1. ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.

2. უფლებამოსილი სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) ორგანო ქონების შეძენის შესახებ განაცხადის წარდგენიდან:

ა) 30 დღის განმავლობაში აცხადებს აუქციონს ან პირობით აუქციონს ინვესტორის მიერ შემოთავაზებული პირობებით;

ბ) ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში 30 დღის ვადაში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს მთავრობას კონკურენტული შერჩევის წესით ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხის გადაწყვეტის შესახებ;

გ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში 15 დღის ვადაში აცნობებს ინვესტორს, რომ ქონება არ ექვემდებარება პრივატიზებას;

დ) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების არსებობის შემთხვევაში 15 დღის ვადაში აცნობებს ინვესტორს წარდგინების შესახებ.

3. თუ შესაბამისი სახელმწიფო (ადგილობრივი) ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ან მისი პრივატიზებისათვის აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა იურიდიული პროცედურების განხორციელება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ქონების რეგისტრაციის ან/და სხვა იურიდიული პროცედურის დასრულების თარიღიდან, რომლის ორგანიზების ვადა არ შეიძლება იყოს 2 თვეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოებების შესახებ უნდა ეცნობოს ინვესტორს განაცხადის წარდგენიდან (აგრეთვე ვადის გაგრძელებიდან) არა უგვიანეს 7 დღისა.

4. არ შეიძლება ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელშიც მიწის ნასყიდობის ფასი მიწის ნორმატიულ ფასზე ნაკლები იქნება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გადაცილების ან ქონების პრივატიზებაზე უარის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს მთავრობას ქონების შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (გარდა მიწის რესურსებისა).

    მუხლი 8. ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის წესით

1. ქონების პირდაპირი მიყიდვა დაიშვება მხოლოდ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით პრივატიზებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო ქონება.

2. თუ ობიექტის სირთულის გამო შეუძლებელია ქონების პრივატიზების პირობების განსაზღვრა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურენტული შერჩევის წესით ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.

3. პირდაპირი მიყიდვა დასაშვებია განსაზღვრული პირობებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულია ამ წესის გამოყენებით მიყიდვის აუცილებლობა და უზრუნველყოფილია მისი საჯაროობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნდება საერთოსახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და დგინდება ინტერესთა გამოხატვის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, აღნიშნული ვადის გონივრული შემცირება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პოტენციური ინვესტორების ინფორმირებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის პირობით. ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოდგენილი ყველა განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში.

5. ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შედეგად საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებას ინვესტორისათვის ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ.

6. პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ქონების პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად ინვესტორი ვალდებულია, წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტის ეკვივალენტური თანხა. თუ საინვესტიციო განაცხადის ღირებულება აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული თანხა გამოიანგარიშება საპრივატიზებო განაცხადის ღირებულებიდან. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

თავი IV. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების ხელშემწყობი რეჟიმი

    მუხლი 9. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია

1. ინვესტორს, რომელიც გეგმავს, განახორციელოს ინვესტიცია, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 8 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უფლება აქვს, საქართველოს მთავრობისაგან მოითხოვოს თავის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მიანიჭოს მაღალმთიან რეგიონებში განხორციელებულ ინვესტიციას, რომლის საერთო რაოდენობა აღემატება 2 მილიონ ლარს ან რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით დადებით ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება ხდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

    მუხლი 10. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი ინვესტორმა შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ.

2. ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მისანიჭებლად ინვესტორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს საინვესტიციო განაცხადს, რომელსაც უნდა დაერთოს ინვესტიციის განხორციელების დეტალური გეგმა.

3. საინვესტიციო განაცხადს შეისწავლის (შეისწავლიან) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამინისტრო (სამინისტროები) ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანო (ორგანოები) მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, რის საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული წამყვანი სამინისტროს მოტივირებული წარდგინებით, რის შესახებაც ეცნობება ინვესტორს. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება მემორანდუმი, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები. მხარეთა შეთანხმებით საინვესტიციო გეგმასა და მემორანდუმში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები. მემორანდუმის პირობები საჯაროა.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ინვესტორს შეიძლება დაეკისროს ინვესტიციის განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციის საერთო რაოდენობის 2 პროცენტს, ან შესაბამისი (5 პროცენტის) საბანკო გარანტიის წარდგენა.

6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საქართველოს მთავრობა საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.

7. სააგენტო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.

8. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დეტალურად განსაზღვროს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

    მუხლი 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია, თავის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს სააგენტოს. სააგენტო იღებს ზომებს ინვესტორის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრისათვის და უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის თაობაზე.

    მუხლი 12. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვა

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი მოქმედებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადით.

2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული მემორანდუმის პირობები.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიის/ნებართვის გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ მისი მოქმედება არ შეჩერდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზიის/ნებართვის პირობების დარღვევისათვის.

4. მემორანდუმის პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 13. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ზოგიერთი უფლებამოსილება

1. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში ტერიტორიულ ზონირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

2. ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ მიწას (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს და მშენებლობის ნებართვებს გასცემს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.

3. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს ძველი თბილისის უბნების საზღვრები, რომლებზედაც ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეჟიმი.

თავი V. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 14. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული საინვესტიციო საქმიანობა

ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით საქართველოს მთავრობას შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა პირმა, რომლის საქმიანობაც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხორციელდება მიმართვის დროისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიწყო შესაბამისი საინვესტიციო საქმიანობა.

    მუხლი 15. სახელმწიფო ქონების პრივატიზება ამ კანონით დადგენილი წესით

1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სახელმწიფო ქონების (მათ შორის, მიწის) პირდაპირი მიყიდვა (განკარგვა) განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ქონების (მათ შორის, მიწის) აუქციონის, პირობითი აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების (განკარგვის) მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

თავი VI. დასკვნითი დებულება

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 30 ივნისი.

№3424-რს