„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 848-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 02/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 240090000.05.001.018464
848-IIს
17/05/2017
ვებგვერდი, 02/06/2017
240090000.05.001.018464
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში

1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.

3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში უფლებამოსილია აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურებად საწყისებზე განახორციელოს. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთ­რებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს.

მუხლი 4. ინვესტორის უფლებები

1. ინვესტორს უფლება აქვს: 

ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეშვეობით;

ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეშვეობით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემას და ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – აწარმოე საქართველოში და ინვესტორთან.“.

2. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში ვალდებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე სისტემატური მონიტორინგი აწარმოოს და შესაბამისი ანგარიში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.“.

3. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების შემაფერხებელი სხვა გარემოებების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში უფლება აქვს, მაკონტროლებელი ორგანოებისგან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 მაისი 2017 წ.

N848-IIს