„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 31/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 240.080.000.05.001.002.389
  • Word
3526
25/07/2006
სსმ, 32, 31/07/2006
240.080.000.05.001.002.389
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ. 198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონით დგინდება სპეციალური ნორმები და დამატებითი ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წახალისებისათვის.“.

2. მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.

2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ინვესტორის უფლებები

1. ინვესტორს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა სააგენტოს მეშვეობით;

ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის განხორციელება სააგენტოს მეშვეობით;

გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ ნებართვის) გაცემასა და ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;

დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ სააგენტოსთან და ინვესტორთან.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი ლიცენზია/ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ განსაზღვრული საქმიანობის/ქმედების განხორციელების უფლებას შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მისაღებად კანონით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით. პირობის დაკმაყოფილებისათვის შეიძლება დადგინდეს ვადა. წინასწარ შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა:

ა) სარგებლობის ლიცენზიისა;

ბ) მშენებლობის ნებართვისა;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის სფეროში არსებული ლიცენზიისა (ნებართვისა).“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის შემდეგ დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეცვლა წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ შეცვლილი პირობები აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობები, რომლებიც აუარესებს ინვესტორის მდგომარეობას, იგი არ ვრცელდება წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელზე მისი თანხმობის გარეშე წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7. წინასწარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემის ვადები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

5. მე-6 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, დაიწყოს სათანადო ქმედებების განხორციელება სახელმწიფო (თვითმმართველი ერთეულის) ქონების პრივატიზების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა) ქონება პრივატიზებას არ ექვემდებარება საქართველოს კანონით ან ამ ქონებისათვის დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული პრივატიზების წესი;

ბ) ინვესტორს ქონება ესაჭიროება ისეთი მიზნებისათვის, რომელთა განხორციელება ეწინააღმდეგება განაშენიანების რეგულირების გეგმას ან უფლებრივ ზონირებას ან იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას;

გ) საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

3. თუ ინვესტორის მიერ მოთხოვნილი ქონება არის მთლიანი ქონების ნაწილი, რომლის პრივატიზება იწვევს ქონების ერთიანობის დარღვევას, გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, პრივატიზების პროცესის დაწყებაზე უარი განაცხადოს მხოლოდ სათანადო დასაბუთებით. ქონების ერთიანობა შეიძლება დაირღვეს, თუ ინვესტორი ითხოვს მთლიანი ქონების იმ ნაწილს, რომელზედაც ცალკე უფლების არსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს მთლიანი ქონების ეკონომიკურ ღირებულებას ან/და ხელს უშლის მთლიანი ქონების დანარჩენი ნაწილის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეატყობინოს ინვესტორს მთლიანი ქონების ან მისი იმ ნაწილის შესახებ, რომელიც შესაძლებელია დაექვემდებაროს პრივატიზებას.

4. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო (თვითმმართველი ერთეულის) ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ. ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ შეიძლება მიიღოს საკუთარი ინიციატივით (სახელმწიფო ქონების შესახებ) ან შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე (თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ), წარდგინებიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საქართველოს მთავრობის თანხმობად. ქონების პრივატიზების მიზანშეუწონლობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 30 დღის განმავლობაში აცხადებს აუქციონს (ან აუქციონს პირობებით) ინვესტორის მიერ შემოთავაზებული პირობებით;“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ შესაბამისი სახელმწიფო (თვითმმართველი ერთეულის) ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში ან მისი პრივატიზებისათვის აუცილებელია კანონით განსაზღვრული სხვა იურიდიული პროცედურების განხორციელება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება ქონების რეგისტრაციის ან/და სხვა იურიდიული პროცედურების დასრულების თარიღიდან, რომლის ორგანიზების ვადა არ შეიძლება იყოს 2 თვეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. აღნიშნული გარემოებების შესახებ უნდა ეცნობოს ინვესტორს განაცხადის წარდგენიდან (აგრეთვე ვადის გაგრძელებიდან) არა უგვიანეს 14 დღისა.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. აუქციონი ან აუქციონი პირობებით ცხადდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან ინვესტორის ინიციატივით. თუ ინვესტორი ითხოვს ქონების შეძენას გარკვეული პირობებით, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გამოაცხადოს აუქციონი ან აუქციონი პირობებით. აუქციონის პირობებით გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუქციონი პირობებით ცხადდება ინვესტორის მიერ შემოთავაზებულ არსებით პირობებზე. არ შეიძლება ისეთი პირობის დადგენა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანიჭებს მას წინასწარ განსაზღვრულ უპირატესობას ან სხვაგვარად შეუძლებელს ხდის აუქციონში სხვა ინვესტორების მონაწილეობას. პირობების რაოდენობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ოთხს. დამატებითი ან განსხვავებული პირობების დადგენა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის თანხმობით.“;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გადაცილების ან ქონების შეძენაზე უარის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს მთავრობას ქონების შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო ქონებაზე და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის რესურსებზე.“.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ქონების პირდაპირი მიყიდვა

1. ქონების გასხვისება შეიძლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესი ვრცელდება:

ა) სახელმწიფო ქონებაზე;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის რესურსებზე.

3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მიწის რესურსებისა) პირდაპირი მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის წარდგინების საფუძველზე.

4. ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება:

ა) განსაზღვრული პირობებით;

ბ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;

გ) ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებისა და საჯაროობის უზრუნველყოფის პირობით.

5. ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:

ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;

ბ) პრივატიზების პირობები ხასიათდება განსაკუთრებული სპეციფიკურობით;

გ) ინვესტორთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია;

დ) არ არსებობს პირობათა შეფასების წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები.

6. ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება ინვესტორის მიერ ინტერესის გამოხატვით.

7. ინვესტორის წინადადებებს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

8. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

9. საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ქონების პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად ინვესტორი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 %-ის ეკვივალენტური თანხა. თუ დაპირებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული თანხა შეესაბამება დაპირებული ინვესტიციის მოცულობის 5 %-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტში – სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში – თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას.

11. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.“.

8. მე-10 მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ინვესტიციის პირობები. მხარეთა შეთანხმებით საინვესტიციო გეგმასა და ხელშეკრულებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. ხელშეკრულების პირობები საჯაროა.

5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე ინვესტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ეკისრება ინვესტიციების განხორციელების საგარანტიო თანხის დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციების მოცულობის 2 %-ს, ან შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა.

6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.“.

9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში ინვესტორი უფლებამოსილია, მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ აცნობოს სააგენტოს. სააგენტო შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების სხვა შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, მაკონტროლებელი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.“.

10. მე-12 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი უქმდება, თუ ინვესტორმა ვერ შეასრულა ამ კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის გაუქმება არ იწვევს უკვე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების) გაუქმებას. ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვა ძალაშია, თუ იგი არ გაუქმდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საგარანტიო თანხა დაუყოვნებლივ უბრუნდება ინვესტორს.“.

11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება

1. საქართველოს დედაქალაქში, ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია მტკიცდება საქართველოს მთავრობის თანხმობით.

2. საქართველოს დედაქალაქსა და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების ზონა წარმოადგენს „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონას და მას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზონაში, ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვასა და მშენებლობის ნებართვების გაცემას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.“.

12. მე-15 და მე-16 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 15. სახელმწიფო ქონების პრივატიზება ამ კანონით დადგენილი წესით

საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებმა უზრუნველყონ სახელმწიფო ქონების (მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) აუქციონისა (აუქციონისა პირობებით) და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების (განკარგვის) მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 15 აგვისტოდან.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამოქმედების დღიდან.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 ივლისი.

№3526–რს