ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.785
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4593
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
310.150.000.05.001.002.785
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/05/2014 - 29/12/2021)

საქართველოს კანონი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;

ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო;

დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას;

ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ვ) სახელმწიფო რეგისტრაცია – ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ზ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა;

თ) ტექნიკური რეგლამენტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტი;

ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა;

კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის მათ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;

ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს საფასური უნდა გადაუხადოს;

მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისათვის და ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა, რომლის რეგულირებას ახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების პრინციპებისა და ტექნიკური რეგულირების ორგანოების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ტრანსპორტის სფეროში

ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის ყველა სუბიექტზე;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე:

გ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ეს კანონი არ ვრცელდება სარკინიგზო ტრანსპორტზე, მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე.

 

თავი II. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

    მუხლი 5. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

1. ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა მოიცავს ტრანსპორტის სფეროში არსებულ ტექნიკურ რეგლამენტებსაც.

5. სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №45, 21.12.2009 წ., მუხ.334

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

მუხლი 51.  სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა

1. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ში იქმნება სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის  მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სამინისტროს.

4. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივი მოკვლევის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6435 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №823 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.

    მუხლი 6. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს წარმოადგენს სამინისტრო.

2. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 7. სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.

2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;

გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;

ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა.

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1922 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.232

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 8. სააგენტოს დირექტორი

1. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი − პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. სააგენტოს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.

5. სააგენტოს დირექტორი, გარდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

6. სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს.

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1885 - სსმ I, № 33, 09.11.2009 წ., მუხ.207

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება

1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) საფასური;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

5. საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 91. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ასევე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 92. საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჭიროებს თანხმობას

 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სააგენტოს საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით მისაღები სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები 2011 წლის 15 აპრილიდან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე (სააგენტოების დებულებების დამტკიცებამდე და სააგენტოების დირექტორების დანიშვნამდე) ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეები შესაბამის დარგებში. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში და სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დარგში.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებმა ჩამოყალიბებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა უზრუნველყოს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების დებულებების დამტკიცება და სააგენტოების დირექტორების დანიშვნა;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებების სახეების, ვადების, საფასურების განაკვეთების, ასევე საფასურების გადახდისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცება.

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია).

8. (ამოღებულია).

9. (ამოღებულია).

10. (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 ვებგვერდი, 10.03.2011წ.

    მუხლი 11. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ. 93).

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი

№4593–Iს

13. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3311-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3275-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2023 11. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2999-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 29/12/2021 - საქართველოს კანონი - 1268-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 9. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2399-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 8. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 823-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 7. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6435-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 6. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4211-Iს - ვებგვერდი, 110310022, 10/03/2011 5. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3748-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 4. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2265 - სსმ, 45, 21/12/2009 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1922 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1885 - სსმ, 33, 09/11/2009 1. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 856 - სსმ, 40, 29/12/2008