დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6435-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.016815 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 5 1 . სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა
1. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი ინციდენტების (გარდა სერიოზული ინციდენტებისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია.
4. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივი მოკვლევის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.
მუხლი 2. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. 109-ე და 110-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი
1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა, რომელიც ხდება მის ბორტზე გაფრენის მიზნით ფიზიკური პირის ასვლიდან საჰაერო ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ მის დატოვებამდე, თუ:
ა) პირი იღებს სხეულის სასიკვდილო ან მძიმე ხარისხის დაზიანებას:
ა.ა) საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;
ა.ბ) საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის, იმ ნაწილთან, რომელიც ხომალდს მოსცილდა) უშუალო შეხების შედეგად;
ა.გ) რეაქტიული ძრავას აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად.
შენიშვნა: საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანება მიღებულია ბუნებრივი მიზეზების გამო ან თვითდაზიანების შემთხვევაში, ან როცა იგი მიყენებულია სხვა პირის მიერ, ან როცა სხეულის დაზიანება მიიღო მგზავრმა ან ეკიპაჟის წევრმა იმ ადგილას, სადაც მისი ყოფნა აკრძალულია;
ბ) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან მისი აგებულება იშლება:
ბ.ა) საჰაერო ხომალდის აგებულების სიმტკიცის დარღვევის, ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლების გაუარესების შედეგად;
ბ.ბ) როდესაც აუცილებელია საჰაერო ხომალდის შრომატევადი რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;
გ) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილას აღმოჩნდება.
2. ინციდენტი არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა (საავიაციო შემთხვევის გარდა), რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე.
3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებები იმაზე მიანიშნებს, რომ არსებობდა ინციდენტის საავიაციო შემთხვევაში გადაზრდის მაღალი ალბათობა.
4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევასა და ინციდენტზე ხორციელდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
5. საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი არ არის საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის ან მისი დადგომისთვის ვინმეს პასუხისმგებლობის დადგენა.
მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა
1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი ინციდენტის (გარდა სერიოზული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია , რომლის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სააგენტო.
3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის, სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია.
4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შესაბამისი საუწყებო კომისია.
5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების ინტერესებს შეეხება, საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.
6. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება ურთიერთშეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს დაინტერესებულ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.
7. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას შეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა აღემატება 2250 კილოგრამს ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბოაქტიური თვითმფრინავია.“.
2. 113-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 12 ივნისი.
№6435-რს
დოკუმენტის კომენტარები