დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ტრანპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4211-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110310022, 10/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.016173 |
საქართველოს კანონი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“−„მ“ ქვეპუნქტები:
„კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის მათ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;
ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს საფასური უნდა გადაუხადოს;
მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისათვის და ტვირთების გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა, რომლის რეგულირებას ახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების პრინციპებისა და ტექნიკური რეგულირების ორგანოების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.“.
3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი III
ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები
მუხლი 7. სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები
1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.
2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;
ბ) საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;
გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ტექნიკურ რეგლამენტებს ამტკიცებს სამინისტრო;
დ) ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა;
ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია;
ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა.
მუხლი 8. სააგენტოს დირექტორი
1. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი − პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. სააგენტოს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
4. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.
5. სააგენტოს დირექტორი, გარდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. სახმელეთო ტრანსპორტის დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
6. სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს.
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება
1. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საფასური;
გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.
5. საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 91. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ასევე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 92. საქმიანობა, რომლის განხორციელებაც საჭიროებს თანხმობას
1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სააგენტოს საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით მისაღები სხვა გადაწყვეტილებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
5. მე-10 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები 2011 წლის 15 აპრილიდან.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე (სააგენტოების დებულებების დამტკიცებამდე და სააგენტოების დირექტორების დანიშვნამდე) ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეები შესაბამის დარგებში. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში და სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დარგში.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებმა ჩამოყალიბებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ თავიანთი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არა უგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა უზრუნველყოს:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების დებულებების დამტკიცება და სააგენტოების დირექტორების დანიშვნა;
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებისთვის;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებების სახეების, ვადების, საფასურების განაკვეთების, ასევე საფასურების გადახდისა და გადახდილი საფასურების დაბრუნების წესებისა და პირობების დამტკიცება.“;
დ) მე-6−მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 22 თებერვალი.
№4211–Iს
დოკუმენტის კომენტარები