„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2999-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.020886
2999-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
310150000.05.001.020886
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროების სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;

ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, სამდინარო, საჰაერო;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“;

გ) „კ“−„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;

ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასა და მათი გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს;

მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს კანონი არ ვრცელდება მილსადენებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე.“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 51. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა

1. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო.

3. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო თუ სარკინიგზო შემთხვევის, სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს შესაბამისად:

ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო;

ბ) გემთმფლობელი;

გ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.

4. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის ან სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს სატრანსპორტო საწარმო სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ან სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში  მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.

5. სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საზღვაო ტრანსპორტის სფეროსა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტისა) სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის სფეროში.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საავიაციო ტრანსპორტის, სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;“.

6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს დირექტორს შეიძლება ჰყავდეს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი − პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. სააგენტოს დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) 2023 წლის 1 ივლისამდე − მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცება და მისი დირექტორის დანიშვნა;

ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და ვადების, საფასურის განაკვეთების, აგრეთვე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემა;

ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელების წესის დამტკიცება;

ბ.გ) სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და მათი სათანადო რესურსებით აღჭურვა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის:

ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან;

ბ) მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2999-XIმს-Xმპ