ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.785
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4593
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
310.150.000.05.001.002.785
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/04/2007 - 23/12/2008)

საქართველოს კანონი

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

 

თავი I.ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;

ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო;

დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას;

ე) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ვ) სახელმწიფო რეგისტრაცია – ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ზ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა;

თ) ტექნიკური რეგლამენტი – „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტი;

ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება, გამოცემა და მათი შესრულების ზედამხედველობა.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების პრინციპებისა და ტექნიკური რეგულირების განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ტრანსპორტის სფეროში

ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

    მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის ყველა სუბიექტზე;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე:

გ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ აღნიშნული სახელმწიფოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ეს კანონი არ ვრცელდება სარკინიგზო ტრანსპორტზე, მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე.

თავი II.  ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

    მუხლი 5. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

1. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.

5. ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს წარმოადგენს სამინისტრო.

2. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

თავი III. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება

    მუხლი 7. ადმინისტრაციის სტატუსი და ფუნქციები

1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებს ადმინისტრაცია.

2. ადმინისტრაცია იქმნება ამ კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

4. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) საავიაციო, ავტოსატრანსპორტო და საზღვაო დარგებში მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;

გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად;

დ) ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა;

ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

    მუხლი 8. ადმინისტრაციის უფროსი

1. ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით.

2. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. ადმინისტრაციის უფროსი მოქმედებს ამ კანონითა და ადმინისტრაციის დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს ადმინისტრაციის თანამშრომლები.

    მუხლი 9. ადმინისტრაციის ბიუჯეტი

1. ადმინისტრაცია ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ადმინისტრაციის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის მიერ თავისი ფუნქციების განხორციელებისას მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. ადმინისტრაციის დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსური) საჯაროა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. განხორციელდეს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეორგანიზება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციად.

2. ადმინისტრაციამ თავისი უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში.

3. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესრულების მიზნით უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ადმინისტრაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენა.

5. ადმინისტრაციის დებულების დამტკიცებამდე და ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნამდე ადმინისტრაციის ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციები განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

6. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა და იმ აქტებისა, რომლებიც ამ კანონს ეწინააღმდეგება) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება ადმინისტრაციას.

7. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციის სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან დაკავშირებით პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენა.

8. ადმინისტრაციამ ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს თავისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

9. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

    მუხლი 11. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 1.08.2001, მუხ. 93).

    მუხლი 12. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4593–Iს

13. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3311-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 15/06/2023 - საქართველოს კანონი - 3275-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2023 11. 31/05/2023 - საქართველოს კანონი - 2999-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 29/12/2021 - საქართველოს კანონი - 1268-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 9. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2399-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 8. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 823-რს - ვებგვერდი, 06/08/2013 7. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6435-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 6. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4211-Iს - ვებგვერდი, 110310022, 10/03/2011 5. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3748-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 4. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2265 - სსმ, 45, 21/12/2009 3. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1922 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1885 - სსმ, 33, 09/11/2009 1. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 856 - სსმ, 40, 29/12/2008