დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2045-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/03/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.017356 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (14/11/2014 - 19/02/2015)
|
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
|
კარი I
ზოგადი დებულებანი
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო 1. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ამ კანონის მიზანია: ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები; ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა; გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას; დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები; ე) განამტკიცოს უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა; ვ) ხელი შეუწყოს უკანონო მიგრაციის პრევენციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება. 2. ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. 3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, 47-ე მუხლისა და VI თავის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი; ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ვიზა – დადგენილი ფორმის ნებართვა ან აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია; დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება; ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და ჩამოსვლის მიზნის თაობაზე; ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის; ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება; თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი; ი) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი; კ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი; ლ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი; მ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას; ნ) შრომითი საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, რომლისთვისაც პირი იღებს ანაზღაურებას; ო) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით; პ) გადამყვანი კომპანია – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით; ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან; რ) თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი – „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები; ს) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას; ტ) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფა.
კარი II უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა
თავი II უცხოელის საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის ზოგადი პრინციპები
მუხლი 3. ზოგადი პრინციპები უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით: ა) ნაცვალგების პრინციპი; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი; გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი; დ) არგაძევების პრინციპი; ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი; ვ) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები; თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით; ი) უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით; ლ) საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); მ) საქართველოში მყოფ უცხოელს შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით; ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით; ო) სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.
მუხლი 4. საქართველოში შემოსვლა 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოში შემოდის და საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან მიმოსვლისათვის დადგენილ საათებში, თუ მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და მიიღებს საქართველოში შემოსვლის ნებართვას. 2. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას, თუ არ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი, თან უნდა იქონიონ მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სამგზავრო დოკუმენტები: ა) გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, წოდება, ნომერი (თუ აქვს), შეიარაღებული ძალების სახეობა და დატანილია ფოტოსურათი; ბ) ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება. 3. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ, საქართველოში სამუშაოდ პირველად შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აკრედიტაციის პერიოდში ისინი საქართველოში იმყოფებიან და საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე. 4. საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის განსხვავებული რეჟიმი. 5. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საქართველოში შემოსვლისათვის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. 6. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც დაკავშირებული არ არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარებასთან, საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 7. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აგრეთვე სარგებლობენ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეღავათებით. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს, გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სამგზავრო დოკუმენტის გარეშე და იმყოფებოდეს საქართველოში 3 თვემდე ვადით.
მუხლი 5. საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლები საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებია: ა) საქართველოს ვიზა; ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვა; გ) საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობა; დ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
თავი III საქართველოს ვიზა
მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები 1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. 2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას. 4. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა. 5. უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. 6. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. 7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელმაც წინა წელს მიიღო ერთი საქართველოს ვიზა მაინც, გამოიყენა ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი. 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის მოქმედების ვადით. იგი დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა. 9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 7. საქართველოს ვიზის კატეგორიები 1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) დიპლომატიური (A კატეგორია); ბ) სპეციალური (B კატეგორია); გ) ორდინალური (C კატეგორია); დ) საიმიგრაციო (D კატეგორია); ე) ტრანზიტული (T კატეგორია). 2. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. 3. საქართველოს ვიზა გაიცემა: ა) დიპლომატიური ვიზა: ა.ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე; ა.ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე; ა.გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან; ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე; ბ) სპეციალური ვიზა: ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე; ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე; ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე; ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის მფლობელ პირებზე; გ) ორდინალური ვიზა: გ.ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე; გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე; გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე, ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა; გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; დ) საიმიგრაციო ვიზა: დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; დ.ბ) D2 კატეგორიის – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე; დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ პირებზე; დ.დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე; ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში. 4. A1 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირები ვიზის მოქმედების პერიოდში საქართველოში დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები 1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. 2. სავიზო განაცხადს უნდა ერთოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს (ან ეს გარემოებები ცნობილი უნდა იყოს საქართველოს ვიზის გამცემი ორგანოსთვის): ა) მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები; ბ) მგზავრობისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა მგზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში; გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის დროს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევისა. 3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი მიიწვიოს გასაუბრებაზე, რათა შემოწმდეს: ა) განმცხადებლის ვინაობა; ბ) სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა; გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა; დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა; ე) განმცხადებლის უკან დაბრუნების გარანტიები. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება მოწვევის წარდგენა. 5. საქართველოს ვიზის მისაღებად არასრულწლოვანს ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ესაჭიროება მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა. 6. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისათვის აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან სპეციალური/მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ. 7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება 1. საქართველოში შესაძლებელია დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება. 2. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 3. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის შემოსვლის მიზნის მისაღწევად მის მიერ მიღებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა საკმარისი არ არის. 4. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 1 თვემდე. 5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება ამ კანონის II და III თავების დებულებები.
მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება 1. უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით ნებისმიერ იმ 180-დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება საქართველოში მისი პირველად შემოსვლის დღიდან. 3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოდის. 5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ: ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა; ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადასხდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 11. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები; ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის; გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა; დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები; ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას; ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა; ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში; თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება. 4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 12. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება 1. საქართველოში შემოსვლისას უცხოელი გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში. 2. სასაზღვრო გამტარ პუნქტში უცხოელის ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ინსპექტირების შედეგად იგი: ა) უცხოელს აძლევს თანხმობას საქართველოში შემოსვლაზე; ბ) უცხოელს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს. 3. სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოში შემოსვლისას, ტრანზიტით გავლისას და საქართველოდან გასვლისას.
მუხლი 13. გადამყვანი კომპანიის ვალდებულება 1. გადამყვანი კომპანია ვალდებულია: ა) შეამოწმოს უცხოელის დოკუმენტები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედი საქართველოს ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები; ბ) ჩამოსვლისთანავე წარადგინოს უცხოელი ინსპექტირებისათვის სასაზღვრო გამტარ პუნქტში; გ) უკან დააბრუნოს ის უცხოელი, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე. 2. გადამყვანი კომპანია ვალდებულია გაიღოს იმ უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების და უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში შემოსვლისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები. 3. თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უცხოელს უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სახელმწიფო ვალდებულია გაიღოს უცხოელის უკან დაბრუნებამდე წარმოქმნილი გაჩერების ხარჯები, ხოლო უცხოელის უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს გადამყვანი კომპანია. 4. გადამყვანი კომპანია უფლებამოსილია მის მიერ უკან დაბრუნებულ უცხოელს მოთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გაიღო უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის გამო. 5. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა) დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადამყვან კომპანიას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV საქართველოში ბინადრობის ნებართვა
მუხლი 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). 2. უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის იმავე მიზნით გაცემის შესახებ, რომლისთვისაც მან მიიღო საქართველოში შემოსვლის ნებართვა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის „დ“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევებზე.
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები: ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე; ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით; გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე; დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე; ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი; ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები უცხოელზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 წლის ვადით. 2. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 3. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვები გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით. 4. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი.
მუხლი 17. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. 2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად არასრულწლოვნისა და ქმედუუნარო პირის განცხადებებს წარადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები. 3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემისას ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ მოწმდება. დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 5. უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა (ამ ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 6. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება არასახელმწიფო ენაზედაც მიიღოს. უცხოელის პასპორტი სააგენტოს შეიძლება წარედგინოს ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. 61. უცხოელზე, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დროებითი ბინადრობის ნებართვას გასცემს და ამ ნებართვის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 7. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად და ამ ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად განცხადებების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 30 დღეს. 8. სააგენტო ვალდებულია აცნობოს უცხოელს განცხადების განხილვის შედეგები ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
მუხლი 18. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ: ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; ბ) აღარ არსებობს ის საფუძველი, რომლის გამოც მან მოიპოვა საქართველოში ყოფნის ნებართვა; გ) იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მას ჩადენილი აქვს დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ე) იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე; ვ) იგი დაავადებულია ისეთი ინფექციური ან სხვა დაავადებით, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ და ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას. ამგვარ დაავადებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ზ) მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; თ) მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს.
მუხლი 19. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების განმეორებით წარდგენა უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, უფლება აქვს, იმავე საფუძვლით განმეორებით წარადგინოს განცხადება პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ 1 თვის შემდეგ.
მუხლი 20. ბინადრობის მოწმობა 1. უცხოელზე, რომელმაც მიიღო საქართველოში ბინადრობის ნებართვა, სააგენტო გასცემს შესაბამის ბინადრობის მოწმობას. 2. უცხოელი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა. 3. საქართველოში ბინადრობის მოწმობის აღების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, საკონსულო დაწესებულებათა თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, სათანადო პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ; ბ) დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელი უცხოელები; გ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 4. უცხოელი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის სახით, თავისუფლების აღკვეთის პერიოდში თავისუფლდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულებისაგან.
მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა 1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად. 2. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 3. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო საქართველოს ორდინალური, საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 5. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ: ა) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას; ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
თავი V მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
მუხლი 22. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი 1. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით დაინტერესებული პირი განცხადებას წარუდგენს სააგენტოს. 2. სააგენტოს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებების დასადგენად განმცხადებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე. 3. სააგენტო უფლებამოსილია საქმის განსახილველად საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება. 4. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება. 5. პირზე, რომელმაც წარადგინა განცხადება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მიზნით, სააგენტო გასცემს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იწვევს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაუქმებას. 6. სააგენტოს მიერ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. 7. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 23. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით: ა) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; გ) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ; დ) თუ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება; ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები. 2. პირს შეუწყდება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ: ა) მან მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი; გ) მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ ამავე კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. 3. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის შემდეგ.
მუხლი 24. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს ამ კანონის VI თავით დადგენილი უფლებებით და აკისრია იმავე თავით დადგენილი მოვალეობები.
თავი VI უცხოელის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 25. უცხოელის საქართველოს მოქალაქესთან თანასწორობა უფლებებსა და მოვალეობებში. უცხოელის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიები 1. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლებები და თავისუფლებები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქართველოში ყველა უცხოელი თანასწორია კანონის წინაშე, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად. 3. საქართველო იცავს თავის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელის სიცოცხლეს, პირად ხელშეუხებლობას, უფლებებსა და თავისუფლებებს. 4. საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს.
მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობის დაცვის ვალდებულება საქართველოში უცხოელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები, პატივი სცეს ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, საქართველოს მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს.
მუხლი 27. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უცხოელს, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
მუხლი 28. საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში უცხოელს შეუძლია განახორციელოს საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მას აქვს ისეთივე უფლებები და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 29. შრომითი საქმიანობის უფლება საქართველოში უცხოელის შრომითი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 30. ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოში უცხოელს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 31. სოციალური უზრუნველყოფის უფლება 1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს აქვს დახმარების, პენსიისა და სხვაგვარი სოციალური უზრუნველყოფის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს. 2. საქართველოში დროებით მყოფი უცხოელის სოციალური უზრუნველყოფის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.
მუხლი 32. ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები 1. საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს, მემკვიდრეობით მიიღოს ან ანდერძით დატოვოს ნებისმიერი ქონება, აგრეთვე შეუძლია ჰქონდეს არაქონებრივი უფლებები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით.
მუხლი 33. განათლების მიღების უფლება საქართველოში მცხოვრებ უცხოელს აქვს განათლების მიღების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34. კულტურული ღირებულებებით სარგებლობის უფლება 1. საქართველოში უცხოელს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს. 2. საქართველოში უცხოელს გარანტირებული აქვს მშობლიური ენით სარგებლობის, ეროვნული კულტურისა და ტრადიციების დაცვის უფლება, თუ ეს ზიანს არ აყენებს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. 3. უცხოელი ვალდებულია გაუფრთხილდეს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლებს და სხვა კულტურულ ღირებულებებს.
მუხლი 35. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლება 1. საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, გახდეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების წევრი, მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში ან დააფუძნოს ისინი. 2. საქართველოში უცხოელს აქვს ისეთივე უფლება, დააფუძნოს საზოგადოებრივი გაერთიანებები, გახდეს პროფესიული კავშირების, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული საზოგადოებებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციების წესდებებსა და საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 36. საქორწინო და საოჯახო ურთიერთობები 1. საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოში მყოფი უცხოელი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქეს.
მუხლი 37. სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში უცხოელს, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია უცხოელის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობისა და რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
მუხლი 38. მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება 1. საქართველოში უცხოელს აქვს თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებები. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების, მართლმსაჯულების განხორციელების ან საქართველოში მცხოვრებ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.
მუხლი 39. უცხოელის დაბეგვრა საქართველოში მცხოვრები უცხოელი იბეგრება ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 40. უცხოელის პირადი უფლებების გარანტირება საქართველოში უცხოელს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული აქვს პიროვნებისა და საცხოვრებელი ადგილის ხელშეუხებლობა, პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობა, ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემა, კორესპონდენციის საიდუმლოების დაცვის უფლება, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
მუხლი 41. უცხოელის უფლებების დაცვა 1. საქართველოში უცხოელს უფლება აქვს, პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს, მიუხედავად თავისი სამართლებრივი მდგომარეობისა. 2. სამართალწარმოების დროს უცხოელი სარგებლობს ისეთივე საპროცესო უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე. 3. უცხოელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის იგი ან რომელშიც ის მუდმივად ცხოვრობს ან რომელიც უფლებამოსილია დაიცვას მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები. 4. უცხოელის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან, უცხოელის დაკავების, დაპატიმრების ან თავისუფლების აღკვეთის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე.
მუხლი 42. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება საქართველოში უცხოელს უფლება არ აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და არჩეულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში.
მუხლი 43. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოში უცხოელს აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 44. სამხედრო ვალდებულება უცხოელი ვალდებული არ არის, იმსახუროს საქართველოს სამხედრო ძალებში.
მუხლი 45. მოწვევის უფლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს აქვს უცხოელის მოწვევის უფლება.
მუხლი 46. თავშესაფრის მიღების უფლება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად საქართველოში უცხოელს აქვს უფლება, ეძიოს და მიიღოს თავშესაფარი.
თავი VII უცხოელის საქართველოდან გასვლა
მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. 4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. 5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე; გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით; დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი.
მუხლი 48. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება 1. უცხოელს, რომელიც ვერ ასრულებს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, შესაძლებელია გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება: ა) თუ მას სააგენტოსთვის წარდგენილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად; ბ) ავადმყოფობის ან ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები; გ) თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება მისი მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად; დ) თუ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას იგი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნით. ამ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება: დ.ა) ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა; დ.გ) ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება; დ.დ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება; ე) საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე. 2. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. 3. უცხოელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება სააგენტოს წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, იმავე მიზნით, რომლითაც მას მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა. 6. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტები სააგენტოს წარედგინება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენისათვის დადგენილი წესით. თუ უცხოელი განმცხადებელი დაინტერესებული აღარ არის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას უცხოელ განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას/გადაწყვეტისას დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციისათვის დადგენილი წესით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 49. საქართველოდან გასვლაზე უარის თქმა უცხოელს საქართველოდან გასვლაზე შეიძლება უარი ეთქვას: ა) თუ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მას ეზღუდება საქართველოდან გასვლა; ბ) თუ იგი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის – სასჯელის მოხდამდე ან სასჯელისაგან გათავისუფლებამდე; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი თავს არიდებს საქართველოს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას – მოვალეობის შესრულებამდე; დ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
კარი III უცხოელის საქართველოდან გაძევება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და პასუხისმგებლობა
თავი VIII ზოგადი დებულებები უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ
მუხლი 50. უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველი უცხოელის საქართველოდან გაძევების სამართლებრივი საფუძველია ეს კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.
თავი IX უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი
მუხლი 51. უცხოელის საქართველოდან გაძევება 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება პირზე სააგენტოს მიერ მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. 3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 52. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყება 1. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს – სასამართლო. 2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა. 3. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის არსებობის შესახებ. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო დაიწყებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას, თუ ცნობილი გახდა უცხოელის საქართველოდან გაძევების ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობა და ამ ორგანოს ექნება შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მუხლი 53. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მისი საქართველოდან გაძევების საკითხს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე. 3. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო ვალდებულია საქართველოდან გასაძევებელ უცხოელს წარუდგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე. 4. გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს: ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს; ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს; გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს.
მუხლი 54. საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე 1. საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. 3. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
მუხლი 55. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება 1. უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გაძევება 30 დღემდე ვადით: ა) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) შემთხვევაში; ბ) მისი ფიზიკური ან/და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში; გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და უმეთვალყურეოდ იმყოფება; დ) ფეხმძიმობის შემთხვევაში, როდესაც, ექიმის დასკვნით, მისი შემდგომი მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას; ე) თუ ფერხდება მიმღები სახელმწიფოს მიერ მისი გაძევებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოწოდება; ვ) თუ იქმნება არასრულწლოვნის უმეთვალყურეოდ დარჩენის ან/და განათლების მიღების შეფერხების საშიშროება. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება არ შეიცვალა, უცხოელს საქართველოდან გაძევება შეიძლება გადაუვადდეს ერთჯერადად, 30 დღის ვადით. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები შესაბამისი ორგანო. 4. უცხოელს საქართველოდან გაძევება არ გადაუვადდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 დღის ვადაში.
თავი X უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვადა 1. თუ უცხოელი არ დატოვებს საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მიღებული გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე იძულებით აღსრულდება. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაძევების შესაბამისი საფუძვლით საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით გაძევებისას – საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვის შემდეგ, დაუყოვნებლივ. 3. თუ უფლებამოსილი ორგანო ვერ აღასრულებს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრამდე.
მუხლი 58. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული არიან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება 24 საათის განმავლობაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
მუხლი 59. სახელმწიფოები, რომლებშიც შეიძლება უცხოელის გაძევება 1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს: ა) მისი მოქალაქეობის ქვეყანაში ან იმ სახელმწიფოში, რომელშიც მას აქვს კანონიერი ცხოვრების უფლება; ბ) იმ სახელმწიფოში, საიდანაც იგი შემოვიდა საქართველოში; გ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს რეადმისიის ან სხვა შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულება; დ) ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც თანხმობას აცხადებს მის მიღებაზე. 2. დაუშვებელია უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევება, რომელშიც: ა) მას დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის ან იმ ქმედებისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) მას დევნიან ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისათვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
მუხლი 60. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება 1. იმ უცხოელს, რომლის საქართველოდან გაძევებაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიეცემა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 2. საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება უცხოელს მიეცემა საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობისას: ა) როდესაც მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) როდესაც ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძველი არ აღმოიფხვრა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ; გ) როდესაც ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება; დ) როდესაც გასაძევებელი უცხოელის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. 5. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა გაიცემა 1 წლის ვადით. საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების შემთხვევაში დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას სააგენტო გასცემს განმეორებით, იმავე ვადით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. 6. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის და დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. 7. უცხოელი, რომელზედაც გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სარგებლობს ამ კანონის 25-ე, 29-ე, 30-ე, 33-ე, 37-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით, აგრეთვე არაქონებრივი უფლებებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 61. საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა 1. დაუშვებელია საქართველოდან გაძევებულ იქნეს: ა) უცხოელი, რომელიც იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ; ბ) უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში; ბ1) უცხოელი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, შესაბამისი სამართალწარმოების დასრულებამდე ან/და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდის განმავლობაში; გ) უცხოელი, რომელსაც დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, გარდა უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების საქართველოდან გაძევება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს განსაკუთრებული ზიანი ადგება.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2705 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
მუხლი 62. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა 1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს გასაძევებელი პირი ან მისი მომწვევი პირი. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ნაწილობრივ ან მთლიანად გაიღებს საქართველოს სახელმწიფო, თუ ხარჯების ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება შეუძლებელია.
მუხლი 63. საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 1. საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადას განსაზღვრავს უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. 2. საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს. ეს წესი არ ვრცელდება ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაზე. 3. საქართველოდან გაძევებული უცხოელი ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა დაკისრებული სახდელის აღსრულებამდე.
თავი XI საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება
მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები 1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. უცხოელის დაკავება ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება განხორციელდეს: ა) თუ ვერ ხერხდება საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის იდენტიფიცირება; ბ) თუ არსებობს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის მიმალვის საფრთხე; გ) თუ უცხოელმა არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს; ე) თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) უცხოელის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად. 3. დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უცხოელი წარედგინება სასამართლოს დროებითი განთავსების ცენტრში მისი მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი შეიძლება მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში როგორც მისი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. უმეთვალყურეოდ მყოფი არასრულწლოვნის ან ოჯახის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და მაქსიმალურად მოკლე ვადით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს საშუალება უნდა მიეცეს, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში იმყოფება, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
მუხლი 65. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელისათვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განისაზღვროს: ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული, არაუმეტეს კვირაში ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან მინიმუმ 1000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია ან რეგულარული შემოსავლების დამადასტურებელი ცნობა; გ) არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობის გირაო. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
მუხლი 66. დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები 1. დაკავებული უცხოელი განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ დროებითი განთავსების ცენტრში. 2. დროებითი განთავსების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) უცხოელის მიმართ დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი მოპყრობის დაუშვებლობა; ბ) უცხოელის მიმართ მისი სქესის, ასაკის და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით მოპყრობა; გ) დროებითი განთავსების ცენტრში ოჯახის მოთავსების შემთხვევაში ოჯახის ერთიანობის პრინციპის დაცვა; დ) არასრულწლოვნის უფლებების დაცვა; ე) ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე განთავსება.
თავი XII უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
მუხლი 67. უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება 1. უცხოელის პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უცხოელის პერსონალურ მონაცემთა გამოყენების და მათში დაცული ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის IV თავით.
თავი XIII უცხოელის პასუხისმგებლობა
მუხლი 68. უცხოელის პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის უცხოელს დადგენილი წესით ეკისრება სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 69. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის ამ კანონის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი XIV საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური
მუხლი 70. საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური 1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, აგრეთვე საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის იხდიან სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
კარი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 71. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებანი 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს: ა) საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცება; ბ) იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცება, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა; გ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცება; დ) უცხოელის საქართველოდან გაძევების წესის დამტკიცება; ე) საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცება; ვ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცება. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 72. გარდამავალი დებულებანი 1. იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ კანონის ამოქმედებამდე გადმოკვეთა, ამავე კანონის III თავის მოქმედება არ ვრცელდება მის მიერ საქართველოს დატოვებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა. 2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც სტატუსი მოიპოვეს ამ კანონის ამოქმედებამდე, უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი წარმოების განხორციელების გარეშე და რომელთა ბინადრობის მოწმობებს ვადა გაუვიდათ, ვალდებული არიან, 2015 წლის 1 სექტემბრამდე მიმართონ სააგენტოს ახალი ბინადრობის მოწმობების ასაღებად. მითითებულ ვადაში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ პირებს შეუწყდებათ მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი. 3. საქართველოში შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელი, რომელზედაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული იყო საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, 2015 წლის 1 მარტამდე თავისუფლდება ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. 4. უცხოელს, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მიიღებს, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. უცხოელს, რომელიც 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და ამ პუნქტის ამოქმედების დროისათვის იმყოფებოდა საქართველოში, უფლება აქვს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 1 მარტამდე, ამ კანონის მე-6 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად საქართველოში წარადგინოს განაცხადი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უცხოელს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მიიღებს საიმიგრაციო ვიზას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ.
მუხლი 73. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები ამ კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №400 ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №401 ბრძანებულება „უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ე) საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 ივნისის №515 ბრძანებულება „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 74. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან. |
ქუთაისი, 5 მარტი 2014 წ. N2045-IIს |
დოკუმენტის კომენტარები