დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 865-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.05.001.102789 |
|
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, VI თავისა და 47-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია მათ უკეთეს სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. თავშესაფრის მაძიებელზე ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის 521 მუხლის მოქმედება.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ კანონის მიზნებისთვის არ წარმოეშობა საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება.“. 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. საქართველოს ვიზა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.“. 4. მე-9 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. უცხოელს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სავიზო განაცხადი წარადგინა, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. აღნიშნული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან. ამ პუნქტით განსაზღვრული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 5. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) თუ მას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია;“. 6. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვები პირველად გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა (გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პირველად გაიცემა 1 წლის ვადით;“. 7. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: „4. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. 5. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილობით გამოითხოვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“. 8. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ;“. 9. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. სამართალწარმოების დროს უცხოელს შეუძლია საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურების უფლებით, თუმცა სამართალწარმოებაში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადვოკატმა სამართალწარმოებაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სამართალწარმოების დროს ადვოკატის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა სამართალწარმოების განხორციელებას არ აფერხებს. 22. თუ სამართალწარმოების დროს უცხოელის მიერ აყვანილი ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, სამართალწარმოება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განხორციელდება. ამ შემთხვევაში არ ინიშნება ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულება 1. უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულება არის უცხოელისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, დატოვოს საქართველო. 2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი არ აქვს, ამ კანონის შესაბამისად ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველო.“. 11. 48-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. უცხოელს ამ მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება, თუ მის მიმართ ამ კანონით დადგენილი წესით დაწყებულია საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ, მათ შორის, ამ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული უცხოელის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 12. 51-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამასთანავე, თუ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს უცხოელისთვის საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება მასზე არ ვრცელდება ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ჩერდება, თუ მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურა ან/და საქართველოში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.“. 13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „მუხლი 511. უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება უცხოელი ვალდებულია მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან, მათ შორის: ა) მას მიაწოდოს ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება; ბ) მას წარუდგინოს თავის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ეხება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას; გ) ითანამშრომლოს მასთან საქართველოდან მის გასაძევებლად საჭირო დოკუმენტაციის მოსაპოვებლად; დ) ითანამშრომლოს მასთან მისი პიროვნების იდენტიფიცირებისა და გადამოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად; ე) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლისას აცნობოს მას მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში); ვ) 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის, აგრეთვე თავისი სამართლებრივი ან სამოქალაქო მდგომარეობის, მათ შორის, ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 61-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების, ცვლილების შესახებ; ზ) შეასრულოს ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები; თ) დატოვოს საქართველო უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ი) გადაიღოს ფოტოსურათი, აიღოს თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები.“. 14. 52-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის სასამართლოში განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულება ან იურიდიული პირი, ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია უცხოელთან არსებული შრომითი ურთიერთობის შესახებ. 32. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს შრომითი მიგრანტების შესახებ ინფორმაცია.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია უცხოელს მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის უფლება.“. 15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი: „მუხლი 521. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი 1. საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ/უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21122 და 21126 მუხლებით დადგენილი წესებით.“. 16. 53-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. ამ გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ეს გადაწყვეტილება უნდა ითარგმნოს უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 პუნქტები: „5. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განსახილველად მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დროს არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად უცხოელთან ტარდება გასაუბრება. ამ გასაუბრების ჩატარების თარიღი უცხოელს ეცნობება 2 სამუშაო დღით ადრე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით. მას გასაუბრების ჩატარების დრო შეიძლება დამატებით ეცნობოს ტელეფონით, რის შესახებაც დგება შესაბამისი სატელეფონო გასაუბრების ოქმი. 6. უცხოელთან გასაუბრების მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება წერილობით ფიქსირდება და ეს მასალები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ინახება უცხოელის პირად საქმეში. 7. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 532 მუხლი: „მუხლი 532. საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ან პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო იღებს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის ან იმ უცხოელის, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ფოტოსურათს, აგრეთვე იღებს მისი თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება დასაშვებია, თუ მისი იდენტიფიცირება ან ვინაობის გადამოწმება სხვაგვარად შეუძლებელია. 14 წლამდე უცხოელისთვის ფოტოსურათის გადაღების, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების დროს გაითვალისწინება მისი უფლებები და საუკეთესო ინტერესები. 2. თუ უცხოელი ფოტოსურათის გადაღებაზე, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარს ამბობს, ეს პერსონალური მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით. 3. უცხოელის ფოტოსურათი, თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. ეს პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ფოტოსურათის გადაღების, თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების, აგრეთვე ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 18. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას. 3. უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება: ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში; ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას; ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის. 4. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა. 6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი. 7. უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 511 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა). 9. უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ: ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე; დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა; ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; თ) იგი ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ: ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე; ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან. 11. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება. 12. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან. 14. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.“. 19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი: „მუხლი 541. უცხოელის მიმალვის საფრთხე უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფასდება მისი მიმალვის საფრთხე. უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ: ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში; ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა; დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ; ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა; ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება; ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას ასკვნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით; თ) იგი საქართველოში შემოვიდა მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა; ი) იგი დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო და მას არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს; ლ) იგი არ ცხადდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას; მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს; ნ) მას არ აქვს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი ან იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს არ აწვდის ან არასწორად უთითებს საქართველოში მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციას ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.“. 20. 55-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და თანმხლების გარეშე იმყოფება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თუ იქმნება არასრულწლოვანის თანმხლების გარეშე დარჩენის ან/და მის მიერ განათლების მიღების შეფერხების საშიშროება.“. 21. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას.“. 22. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 მუხლი: „მუხლი 561. უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი 1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება. 2. უცხოელი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 23. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა 1. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდება. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულდება მისთვის განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ აღასრულებს იმის გამო, რომ გასაძევებელი პირი მიმალულია ან თავშესაფრის მაძიებელია ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომლის გამოც ვერ ხერხდება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ათვლა ჩერდება შესაბამისი გარემოების/საფუძვლის აღმოფხვრამდე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების ვადის შეჩერების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო პერიოდულად შეისწავლის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. ამ გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება განახლდება.“. 24. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 571 და 572 მუხლები: „მუხლი 571. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა 1. თუ უცხოელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელად დაენიშნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული სასჯელი შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულებას განაჩენის ასლთან ერთად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. თუ უცხოელს სასჯელად დაენიშნა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი საქართველოდან გაძევების აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე აღნიშნული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არარსებობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად შესაბამის პროცედურას იწყებს პენიტენციური დაწესებულებიდან სათანადო ინფორმაციის მიღებისთანავე. 6. უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს. მუხლი 572. იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა განესაზღვრა 1. თუ უცხოელს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება აღსრულდეს: ა) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით მისი გათავისუფლებისთანავე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას ადმინისტრაციულ სახდელად ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა; ბ) მის მიერ ადმინისტრაციული სახდელის მოხდამდე, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მას შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული სახდელი, გარდა ადმინისტრაციული პატიმრობისა. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილებას ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილებას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსასრულებლად უცხოელი ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო იყენებს ამ კანონითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ წესებს.“. 25. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“. 26. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ შეიძლება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.“. 27. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 60. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება 1. უცხოელისთვის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილებასა და საქართველოში დროებითი ყოფნის ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. 2. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მისი საქართველოდან გაძევება შეუძლებელია ამ კანონის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის გამო; ბ) ამ კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოება არ შეცვლილა იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ; გ) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; დ) მის მიღებაზე თანხმობას არცერთი სახელმწიფო არ აცხადებს; ე) არსებობს ამ კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 3. უცხოელზე ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცემს სააგენტო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აუქმებს დროებით საიდენტიფიკაციო მოწმობას. 5. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება ეძლევა 1 წლით და ამავე ვადით გაიცემა მასზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1 წლით, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება მიეცა. 6. უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის პერიოდში, როგორც წესი, 6 თვეში ერთხელ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო შეისწავლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებებს. თუ უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლებით სარგებლობის პერიოდში აღმოიფხვრა მისი საქართველოდან გაძევების დამაბრკოლებელი გარემოება, უცხოელს გაუუქმდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება და მის მიმართ დაიწყება საქართველოდან გაძევების შესაბამისი პროცედურა. 7. უცხოელს საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება გაუუქმდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მან არასწორი ინფორმაცია ან/და ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, კერძოდ: ა) მან არსებითი ფაქტობრივი გარემოებები არასწორად წარმოაჩინა ან/და დამალა; ბ) გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მას არ უნდა მისცემოდა საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება; გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მასზე გაცემულია ბინადრობის უფლება. 8. უცხოელს უფლება აქვს, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღებიდან 5 წლის შემდეგ მიმართოს სააგენტოს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მისაღებად. უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადში ერთხელ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. 9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უარს იტყვის უცხოელზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და კვლავ არსებობს ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს გაუგრძელდება საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება. 10. უცხოელი, რომელზედაც გაიცემა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, სარგებლობს ამ კანონის 25-ე, 29-ე, 30-ე, 33-ე, 37-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით, აგრეთვე არაქონებრივი უფლებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 28. 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაუწესდეს იმ უცხოელს, რომელიც, ამავე კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ნებაყოფლობით დატოვებს.“. 29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 და 632 მუხლები: „მუხლი 631. იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ 1. სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იქმნება იმ უცხოელების შესახებ მონაცემთა ბაზა, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან ან იმყოფებოდნენ. ამ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას დამუშავებული მონაცემები და დოკუმენტაცია ინახება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზაში. ეს დამუშავებული ინფორმაცია საჯარო არ არის. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შექმნისა და წარმოების, აგრეთვე მონაცემების დამუშავებისა და გაცვლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მუხლი 632. უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი 1. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი შუამდგომლობა, სასამართლო უწყება, აგრეთვე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, განჩინების გამოტანისას ან ბრძანების გამოცემისას გადაწყვეტილების/განჩინების/ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით განთავსდება ვებგვერდზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელს ჰბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ კანონის 561 მუხლით დადგენილი წესით და მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.“. 30. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 64. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლები 1. საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში: ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ იგი ამ კანონის 511 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის; კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 3. უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება. 4. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს. 6. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი უცხოელი, ოჯახი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად მცირე ვადით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 7. უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება. 8. დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს. 9. თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს. 10. დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დროებითი განთავსების ცენტრში ინახება. 11. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს. 12. უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 31. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 642 და 643 მუხლები: „მუხლი 642. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება 1. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს; ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება; გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას; დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება. 2. საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. მუხლი 643. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები 1. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირს შეიძლება ჩაუტარდეთ დათვალიერება აკრძალული ნივთების გამოსავლენად. ასევე შეიძლება გაისინჯოს მათი პირადი ნივთები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიება. 2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები; ბ) არ შეუქმნას საფრთხე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის უსაფრთხოებას; გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან დროებითი განთავსების ცენტრის საკუთრება. 3. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები.“. 32. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება; ბ) უცხოელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა, ან სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა, ან რეგულარული შემოსავლის მიღების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა; გ) არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობის გირაოს შეტანა; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარება; ე) ვალდებულების დაკისრება, არ შეიცვალოს ის საცხოვრებელი მისამართი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას მიუთითა. 3. კონკრეტული საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ორი ალტერნატიული ზომა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს უცხოელს ან სხვა პირს მისი სახელით ან მის სასარგებლოდ. 5. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადად სასამართლომ შეიძლება განსაზღვროს 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, მაგრამ საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.“. 33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI1 თავი: „თავი XI1. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას მუხლი 661. იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოითხოვს საერთაშორისო დაცვას 1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის ან განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის და ამ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან საერთაშორისო დაცვა მისი საქართველოდან გაძევების პროცედურების გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მოითხოვა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; გ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის დაკავების საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლის დაკავების შემდეგ იგი ამ კანონის 642 მუხლით დადგენილი წესით თავსდება დროებითი განთავსების ცენტრში. მუხლი 662. თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა 1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ. 2. თავშესაფრის მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს ამ კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებული ალტერნატიული ზომა იმავე მუხლით დადგენილი წესით.“. 34. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2025 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N865-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები