საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016655
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135/ნ
11/09/2013
ვებგვერდი, 11/09/2013
430210000.22.022.016655
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/09/2013 - 27/12/2013)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №135/ნ

2013წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილებისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცედს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე



დანართი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება


 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საუნივერსიტეტო განათლების კლასიკურ ევროპულ მოდელზე დაფუძნებული უნივერსალური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ცენტრი.

XIX საუკუნის ქართველ განმანათლებელთა იდეების კვალდაკვალ ივანე ჯავახიშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ 1918 წელს დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ცივილიზებულობის, დემოკრატიულობისა და თვითმყოფადობის სიმბოლოა, რომლის მიზანია სტუდენტთათვის თანამედროვე სტანდარტის შესატყვისი განათლების მიცემა, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მართლშეგნების მაღალი დონის მქონე მოქალაქეთა აღზრდა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.

დამოუკიდებლობა, აკადემიურობა, ფუნდამენტურობა და ინოვაციურობა, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები განსაზღვრავს უნივერსიტეტის სპეციფიკასა და თვითმყოფადობას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა.


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები 
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი”) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო  პროგრამებს,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს,  უწყვეტი პროფესიული განვითარების და სარეზიდენტო პროგრამებს.

2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.

3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”. უნივერსიტეტის სახელწოდების აბრევიატურაა „თსუ“. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, ქ. თბილისი, საქართველო.

4. უნივერსიტეტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიციალური ვებგვერდი - www.tsu.edu.ge და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.

5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან).  

6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.


მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;

ვ) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი – მაგისტრატურა – დოქტორანტურა), დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება;

ზ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;

თ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;

ი) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;

კ) პერსონალის პროფესიული განვითარება;

ლ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;

მ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;

ნ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;

ო) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:

ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;

ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;

დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;

ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;

თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;

ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;

კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მუხლი 4. უნივერსიტეტის სიმბოლიკა და საუნივერსიტეტო დღესასწაული
1. უნივერსიტეტს აქვს თავისი გერბი, ლოგო, დროშა და ჰიმნი.

2. საუნივერსიტეტო დღესასწაულია 8 თებერვალი – უნივერსიტეტის დაარსების დღე.


თავი II
სტრუქტურა და მართვა

მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია – რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულებისაგან, რექტორის მრჩეველთა საბჭოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.

4. უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულების სტრუქტურა და საქმიანობის წესი დგინდება ამ სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება ამ წესდებით დადგენილი წესით.

7. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია ფონდებად ორგანიზებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ისტორიულ–კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო დოკუმენტები.

8. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შედგება ადმინისტრაციისაგან, ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეული ბიბლიოთეკებისაგან და სამკითხველო დარბაზებისაგან, რომლებიც პროფილის მიხედვით განაწილებულია ტერიტორიულად, ასევე წიგნსაცავისგან.

9. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა:

ა) ხელს უწყობს საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას;

ბ) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო მოთხოვნათა შესაბამისად აყალიბებს ბიბლიოთეკის ფონდებს;

გ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას;

დ) უზრუნველყოფს მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას სამკითხველო დარბაზებში, აბონემენტის განყოფილებასა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებში.

10. უნივერსიტეტის სტრუქტურა მტკიცდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინებით, რაც აისახება უნივერსიტეტის წესდებაში.

11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და ამ წესდებით  დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით. 


მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების საჯაროობას;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;

დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.


მუხლი 7. აკადემიური საბჭო 
1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან და საბჭოს სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.

2. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

3. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.

4. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

7. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, 2 წლის გასვლის შემდეგ.

8. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების  ვადით.


მუხლი 8. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად, აკადემიური საბჭო:

 ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტების განვითარების სტრატეგიულ გეგმებს;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;

ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;

ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;

ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;

თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;

ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელიც ასევე მოიცავს სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესს;

ო) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;

პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ჟ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

რ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;

ს) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

ტ) ადგენს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს, ასევე ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების განსაზღვრისა და მიცემის წესს;

უ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების  შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ფ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ქ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;

ღ) დადგენილებით იღებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ყ) ამტკიცებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიან მოდელს;

შ) იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ჩ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;

ც) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;

ძ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს.

წ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.

3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.

4. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით, აკადემიური საბჭო ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სარგებლობს რექტორისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებული სრული უფლებამოსილებებით;

5. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

6. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. 


მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი და საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იგივე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.

2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

4. აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს სამდივნო.

5. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.

6. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

7. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.

9. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

10. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.

11. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია.

12. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა/აკადემიური საბჭოს დახურული სხდომის ჩატარება. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.

13. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი.

 14. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

 15. აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 


მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტ-პროფესორი, რომელიც არის დოქტორანტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

5. სტუდენტისა და პროფესორისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.


მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1.  წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:

ა) შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის სტრუქტურას, რაც აისახება უნივერსიტეტის წესდებაში;

დ)    ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით  ამტკიცებს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების  დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ზ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების (სახელფასო ფონდის) ოდენობასა და პირობებს;

თ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს;

ი) განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით, აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს.

ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბიუჯეტის ცვლილებებს;

მ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესს, რომელიც გარდა ბიუჯეტის შედგენის ძირითადი პრინციპებისა შესაძლებელია ითვალისწინებდეს ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ზღვრულ ოდენობებს;

ნ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;   

ო) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

პ) მომდევნო წლის პირველი კვარტალის დასრულებამდე აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიურ ანგარიშს;

ჟ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

რ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;

ს) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ტ) უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები;

უ) ამტკიცებს უნივერსიტეტის დროშას, გერბს და ჰიმნს.

ფ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.

3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.


მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4  წლის ვადით.

2. სპიკერი:

ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს;

ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;

გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

დ) უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;

ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში;

ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვერება მოქმედი კანონმდებლობით.

    


მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი;

3. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).

4. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ.

6. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

7. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.

9. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, განთავსდება საჯარო გაცნობისათვის უნივერსიტეტის შენობაში და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სხდომის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობება საბჭოს წევრებს.

10. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს სპიკერი მისი მოწვევის აუცილებლობის შემთხვევაში.

11. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.

 12. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებისის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით.

13. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო.

 14. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).

15. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით.

 16. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;

 17. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა (გარდა საბჭოს წევრებისა) წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი.

 18. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები.

19. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო.

20. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

21. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

 22. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.

23. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით.

24. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.

25. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. 


მუხლი 14. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.

2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.

3. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

6. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

7. პირმა, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;

ბ) წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში;

გ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, მათ შორის ხელშეკრულებები უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის სტუდენტს შორის;

დ) უფლებამოსილია დადოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებები, რომელთაც ხელს ასევე აწერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ე) ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ადგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების, ხოლო დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამ სტრუქტურული ერთეულის პერსონალის ნუსხას და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის საშტატო ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით;

ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისმართვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

თ) ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს;

ი) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელს;

კ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარდგინებით ან საკუთარი მოტივირებული გადაწყვეტილებით თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორებს;

ლ) დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში დეკანის მოადგილეს;

მ) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;

ნ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;

ო) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;

პ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

9. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით.

10. რექტორს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით და მათი უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

11. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება და უმაღლესი და პროფესიული  განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომისა და პროფესიულ დიპლომზე ხელმოწერის უფლებამოსილება.

12. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

13. უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

14. უნივერსიტეტის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

 


მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი)
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.

 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

 5. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

 ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

 ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება. 


მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ) უნივერსიტეტის რექტორთან ერთობლივად წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს უნივერსიტეტის სტრუქტურის პროექტს დასამტკიცებლად;

დ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ადგენს და რექტორთან ერთად ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობების დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით;

ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;

ზ) უნივერსიტეტის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს;

თ) ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეებს და უფლებამოსილია გაანაწილოს მათი ფუნქციები;

ი) ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანის მოადგილეს საფინანსო – ეკონომიკურ სფეროში და ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;

კ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ლ) ამზადებს უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

მ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ო) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

პ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, რაც განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 


მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ, აგრეთვე, უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით;

4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოადგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციური საქმიანობის განმსაზღვრელ აქტს.

6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზით და ხელმძღვანელობს და განახორციელებს აკადემიურ სფეროში უნივერსიტეტის საქმიანობის თვითშეფასების პროცესს.

7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;

ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;

გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;

დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით;

ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 


თავი III
ფაკულტეტი

მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები
1. უნივერსიტეტის ფაკულტეტები წარმოადგენენ უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ე) იურიდიული ფაკულტეტი;

ვ) მედიცინის ფაკულტეტი.

3. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით და მის შემადგენლობაში შედის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.

4. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

5. ფაკულტეტის დებულებას დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. 


მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი ფაკულტეტის  სტრუქტურული ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე  არჩეული აკადემიური პერსონალი  და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. საბჭოს წევრთა ოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი ფაკულტეტის  დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ფაკულტეტის საბჭო შეიძლება შედგებოდეს არანაკლებ 20 და არაუმეტეს 40 წევრისგან.

4. ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში, ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსით, ასევე შედის ფაკულტეტის დეკანი.


მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;

ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;

თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;

ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.


მუხლი 21. დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს  4 წლის ვადით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.  თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.

2. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. დეკანად შეიძლება შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

4. ფაკულტეტის დეკანს ჰყავს ორი მოადგილე, საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკურ და საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროებში.

5. დეკანი:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილეების კანდიდატურებს;

ზ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის ადმინისტრაციის პერსონალს;

თ) რექტორს წარუდგენს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების ნუსხის პროექტს;

ი) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებაზე;

კ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

6. დეკანი, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

7. ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება), ასევე შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

8. დეკანის მიერ თავის უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი დეკანის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში.


მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან სრული პროფესორი.  

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.


მუხლი 23. სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.

2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.

 3. სადისერტაციო საბჭოების შედგენის, საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი და საქმიანობა განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 


მუხლი 24. მართვის ორგანოების არჩევნების გამოცხადების უფლებამოსილება
1. რექტორის არჩევნები ცხადდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო.

3. აკადემიური საბჭოს არჩევნები ცხადდება უნივერსიტეტის რექტორის მიერ.


მუხლი 25. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 7 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. არჩევნების სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიაში შესაძლებელია შეყვანილი იქნას სტუდენტური თვითმმართველობისა და არჩევნების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. კომისია ვალდებულია, არჩევნები ჩაატაროს მოქმედი კანონმდებლობის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

5. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

6. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა უფლებამოსილებებს.

7. საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირი, აგრეთვე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.

9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები ამ წესით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად შესაძლებელია იღებდნენ ანაზღაურებას.


თავი IV
უნივერსიტეტის პერსონალი

მუხლი 26. უნივერსიტეტის პერსონალი
1. უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ, სამეცნიერო და დამხმარე თანამდებობებზე პირი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით შესაძლებელია დასაქმებულ იქნეს არა უმეტეს 12 თვის ვადით, გარდა კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 27. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.


მუხლი 28. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.

2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.

3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.

4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.

5. კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 


მუხლი 29. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. სრული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან დოქტორანტი.


მუხლი 30. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის მართვის ორგანოების არჩევნებში;

ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.

დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით. იმ პერსონალის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას  დაიკავებს ზედიზედ მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი შეზღუდვა არ ვრცელდება.

 2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

 ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

 ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებული მოვალეობები;

 გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;

დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. 


მუხლი 31. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა ან/და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა;

ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.


მუხლი 32. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით.

2.  საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას აკადემიური საბჭო იღებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

3. ემერიტუსის აკადემიური წოდება ენიჭება პირს, რომელიც ამ წოდების მინიჭების შესახებ განაცხადის გაკეთების მომენტისათვის:

ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის;

ბ) უკავია უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობა;

გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობაზე;

დ) აქვს თსუ-ში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 20 წლის გამოცდილება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაადგინოს აკადემიურმა საბჭომ.

5. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, სრული პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება უნივერსიტეტის სრული პროფესორის თანამდებობიდან.

6. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და გაცემის პირობები დგინდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

7. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა.

8. უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის სრული პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.

9. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე.

10. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით, ისარგებლოს უნივერსიტეტის რესურსებით და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით.

11. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უწყდება უნივერსიტეტის მიერ გასაცემი ყოველთვიური ანაზღაურება.

12. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.

13. უნივერსიტეტს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.


მუხლი 33. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.

2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.

3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.

4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე.

5. სამეცნიერო თანამდებობებს მიეკუთვნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების პერსონალი, ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების პერსონალი და უნივერსიტეტის საშტატო განრიგით სამეცნიერო პერსონალად განსაზღვრული სხვა პერსონალი.

 6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო განრიგით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე,  უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პერსონალი.

7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს კანცლერი, რექტორის გადაწყვეტილებით. 


მუხლი 34. ადმინისტრაციული თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებულია ამ წესდებით;

ვ) ამ უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.


მუხლი 35. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.

 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, ასევე დამხმარე თანამდებობასთან.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მიერ აკადემიური თანამდებობის შეთავსების შემთხვევაში მას არ მიეცემა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო.

7. პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში ერთდრულად ეკავოს ორი აკადემიური თანამდებობა.


თავი V
სტუდენტი

მუხლი 36. უნივერსიტეტის სტუდენტი 
1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” ან ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.

2. უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.


მუხლი 37. სტუდენტის სტატუსი და უფლებები
1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.

2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობებით.

3. სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, კანონმდებლობისა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში;

ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;

ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;

თ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;

ი) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;

კ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;

ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში.


მუხლი 38. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, პერიოდულად ეცნობოდეს  უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები.

მუხლი 39. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ წესდებით, უნივერსიტეტის ,,ეთიკის კოდექსით“, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, სამართლიანი პროცედურის გზით.

2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით“  გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს იმ ფაკულტეტის საბჭო, რომელზედაც ირიცხება სტუდენტი. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.

3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:

ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;

გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;

დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში;

ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.

4. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებს.

5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.


მუხლი 40. სტუდენტური თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.

2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უნივერსიტეტის თვითმმართველობა, რომელიც ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

5. სტუდენტური ღონისძიებებისათვის განსაზღვრული ასიგნებები აისახება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკატორით გათვალისწინებულ პარამეტრებში. 


მუხლი 41. სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) ადმინისტრაციული (ფინანსური დავალიანება) ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა;

ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა;

გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

დ) პირადი განცხადება;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემეტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.

3. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით.

4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;

ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;

გ) პირადი განცხადება;

დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;

ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, ,,შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე;

ვ) გარდაცვალება.

6. სტუდენტის სტატუსის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.


თავი VI
უნივერსიტეტის განათლების საფეხურები

მუხლი 42. განათლების საფეხურები
1. უნივერსიტეტში მოქმედებს სამსაფეხურიანი უმაღლესი აკადემიური განათლება. განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.

2. უნივერსიტეტში მოქმედებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

3. უნივერსიტეტში ხორციელდება სპეციალური - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. უნივერსიტეტში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60-65 კრედიტს.

5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.


მუხლი 43. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 
1. აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას უნივერსიტეტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს.

2. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.

3. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.


თავი VII
უნივერსიტეტის დაფინანსება,ბიუჯეტი, ქონება და სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 44. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.

3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.  

5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.


მუხლი 45. უნივერსიტეტის დაფინანსება
1. უნივერსიტეტის დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, უნივერსიტეტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე.

2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:

ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);

ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;

გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;

დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;

ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.


მუხლი 46. უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობა
1. უნივერსიტეტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. უნივერსიტეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.


მუხლი 47. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე  საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.


მუხლი 48. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

თავი VIII
რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია

მუხლი 49. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.


თავი IX
წესდებაში ცვლილების შეტანა

მუხლი 50. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი
1. წესდებაში ცვლილების პროექტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.

2. უნივერსიტეტის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით. 


თავი X
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 51. გარდამავალი დებულებები
,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი პუნქტის გათვალისწინებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მოქმედი შემადგენლობის უფლებამოსილება გრძელდება 2014 წლის 20 ოქტომბრამდე, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) მოქმედი შემადგენლობისა და მისი სპიკერის უფლებამოსილება - 2014 წლის 2 ნოემბრამდე, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) უფლებამოსილება - დარჩენილი უფლებამოსილების ვადით. 

მუხლი 52. დასკვნითი დებულებები
1. ამ წესდების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან. აკადემიური საბჭოს  ის ერთი მესამედი  რომლებიც ექვემდებარება განახლებას დგინდება წილისყრით. წილისყრა და მისი ჩატარების პრინციპი დგინდება აკადემიური საბჭოს მიერ აკადემიური საბჭოს სხდომაზე.

2.ამ წესდების მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს, 2014 წლის 2 ნოემბრიდან.

3.ამ წესდების 35-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს  2014 წლის 1 იანვრიდან.