დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 211/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016731 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (www.matsne.gov.ge, 45109, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“. ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ფ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.”. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,რ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;“. 5. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: ,,15. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს (რომელიც სარგებლობს რექტორისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებული სრული უფლებამოსილებებით) ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.“. 6. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“. 7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის: ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“; ბ) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“; გ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას.“. 8. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“. 9. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“. 10. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. მათ გარდა, ფაკულტეტების სადისერტაციო საბჭოების შემადგენლობაში შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მოწვეული იყოს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირიც.“ 11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 27. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“. 12. 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კონკურსი ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები (კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.”. 13. 29-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 29. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 4 წლის ვადით. 4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი, 4 წლის ვადით. 5. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით.“. 14. 32-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) უკავია უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა; გ) ორჯერ მაინც იყო არჩეული უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უფლებამოსილ პირს, მისი შრომითი ხელშეკრულების ვადის ნახევრის გასვლის შემდგომ, მაგრამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, აქვს უფლება მოითხოვს მისთვის ემერიტუსის წოდების მინიჭება, პროფესორის თანამდებობიდან გათავისუფლების პირობით. ემერიტუსის წოდების მინიჭებისთანავე იგი თავისუფლდება უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს განაცხადი ან ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.“. 15. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. უნივერსიტეტში: ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; გ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში; დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.“. 16. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ქვეპუნქტი: ,,8. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირის არჩევა წარმოადგენს მისთვის აკადემიური თანამდებობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.“. 17. 44-ე მუხლს პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“. 18. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ წესდების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 20 ოქტომბრიდან. აკადემიური საბჭოს ის ერთი მესამედი, რომელიც ექვემდებარება განახლებას, დგინდება წილისყრით. წილისყრა და მისი ჩატარების პრინციპი დგინდება აკადემიური საბჭოს მიერ აკადემიური საბჭოს სხდომაზე.“. 19. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები: ,,4. ამ წესდების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის ამ წესდების ამოქმედებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული სრული პროფესორი ჩაითვალოს ამ წესდებით გათვალისწინებულ პროფესორად. 5. ამ წესდების ამოქმედებამდე აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ მოქმედ ასისტენტ-პროფესორზე, აკადემიურ თანამდებობაზე დარჩენილი ვადის ამოწურვამდე, არ ვრცელდება ასისტენტ-პროფესორისათვის ამ წესდებით დადგენილი მოთხოვნები.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები