„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017662
38/ნ
25/02/2019
ვებგვერდი, 25/02/2019
430210000.22.022.017662
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №38/ნ

2019 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016655) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

 1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან).“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;

ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“.

 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი)

1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის მომენტში ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში საბჭოს წევრის სტატუსით შედის უნივერსიტეტის თითოეული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი;

5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს თავად წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აირჩევიან მოქმედი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

7. სტუდენტისა და პროფესორისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უნივერსიტეტთან მათი, შესაბამისად, აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.

9. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.“.

 5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით განიხილავს უნივერსიტეტის წესდების, წესდების ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“.

6. მე-14 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

7. მე-20 მუხლის „ვ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ2) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;“.

8. 21-ე მუხლის „41“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე პირს.“.

 9. 47-ე მუხლის მე-2 – 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

 10. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება

უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

11. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“.

 12. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესდებაში ცვლილების პროექტს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი