საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • Word
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2050
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22(29), 16/06/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.000.568
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2050
28/05/1999
სსმ, 22(29), 16/06/1999
310.150.000.05.001.000.568
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/12/2008 - 30/12/2008)

საქართველოს კანონი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

 

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

კანონში გამოყენებული ტერმინები

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავტომაგისტრალი – 5.1 ნიშნით აღნიშნული გზა;

1) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;

ბ) არასაკმარისი ხილვადობა – გზის ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე ნისლის, წვიმის, თოვის დროს და ა. შ.;

გ) გასწრება – დაკავებული ზოლიდან გამოსვლასთან დაკავშირებული მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასწრება;

დ) გამყოფი ზოლი – გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და განკუთვნილი არ არის ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის ან გაჩერებისათვის და ქვეითის მოძრაობისათვის;

ე) გზა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოწყობილი მიწის ზოლი ან ხელოვნური ნაგებობის ზედაპირი (გზა მოიცავს ერთ ან რამდენიმე სავალ ნაწილს, აგრეთვე ტრამვაის გზას, ტროტუარებს, გვერდულებსა და გამყოფ ზოლებს, მათი არსებობისას);

ვ) გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილე არ იწყებს, არ ანახლებს ან არ განაგრძობს მოძრაობას, არ მიმართავს რაიმე მანევრს, თუკი ეს მასზე უპირატესი მოძრაობის მქონე სხვა მონაწილეს იძულებულს ხდის შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე;

ზ) დასახლებული პუნქტი – ტერიტორია საავტომობილო გზის გასწვრივ, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღინიშნება 5.2.2–5.2.5 ნიშნებით;

თ) დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას;

ი) დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე;

კ) ველოსიპედი – ორ- ან მეტთვლიანი სატრანსპორტო საშუალება (ინვალიდის ეტლის გარდა), რომელიც მასზე მჯდომი ადამიანის ფიზიკური ძალით მოძრაობს;

ლ) იძულებით გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასატანი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის, ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი წინააღმდეგობით განპირობებული საშიშროების გამო;

მ) მარეგულირებელი – საგზაო პოლიციის, სამხედრო ავტოინსპექციის თანამშრომელი, საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის მუშაკი, რკინიგზის, ბორნის გადასასვლელის მორიგე, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირადობის მოწმობა და ეკიპირება (ფორმის ტანსაცმელი ან განმასხვავებელი ნიშანი – სამკლაური, კვერთხი, დისკო წითელი სიგნალით ან შუქამრეკლით, წითელი ფარანი ან ალამი);

ნ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი და თვითმავალი მანქანა;

ო) მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა);

პ) მისაბმელი – მოძრაობისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ნახევრადმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი;

1) მობილური კომუნიკაციის საშუალება – ნებისმიერი ხელსაწყო, რომლის საშუალებით შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება;

ჟ) მოპედი – ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს 50 სმ3-მდე მუშა მოცულობის ძრავით და 40 კმ/სთ-მდე მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით. მოპედთან გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი, მოკიკი და ანალოგიურმახასიათებლიანი სხვა სატრანსპორტო საშუალება;

რ) მოტოციკლი – ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება გვერდითი მისაბმელით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამ- ან ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მასა აღჭურვილ მდგომარეობაში არ აღემატება 400 კილოგრამს;

ს) მოძრაობის ზოლი – მონიშნული ან მოუნიშნავი სავალი ნაწილის გრძივი ზოლი, რომელსაც აქვს საკმაო სიგანე საავტომობილო ტრანსპორტის ერთრიგად მოძრაობისათვის;

ტ) ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის მოელვარე შუქურებჩართული მეწინავე სატრანსპორტო საშუალების თანხლებით, მოძრაობის ერთსა და იმავე ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მიმავალი სამი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი;

უ) რკინიგზის გადასასვლელი – გზისა და რკინიგზის ლიანდაგების ნებისმიერი გადაკვეთა ერთ დონეზე;

ფ) საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები;

ქ) საგზაო მოძრაობის მონაწილე – პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მოძრაობის პროცესში, როგორც მძღოლი, მგზავრი, ქვეითი;

ღ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს გზებზე მოძრაობის მართვას;

ყ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა გამომწვევი მიზეზებისა და მათი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა;

შ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა – საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა;

ჩ) სავალი ნაწილი – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის;

ც) სატრანსპორტო საშუალების სრული მასა – ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი;

ძ) ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის;

წ) უპირატესობა (პრიორიტეტი) – მძღოლის უპირატესობა ან უფლება მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით, პირველმა დაიწყოს მოძრაობა დასახული მიმართულებით;

ჭ) ქვეითი – პირი, რომელიც გზაზეა, მაგრამ არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში, ან არ ასრულებს რაიმე საგზაო სამუშაოს (ქვეითად ითვლება აგრეთვე ის პირი, რომელიც მოძრაობს ინვალიდის ეტლით ძრავის გარეშე, ასევე ველოსიპედის, მოპედის, მოტოციკლის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), ურიკის, საბავშვო ან ინვალიდის ეტლის წამყვანი);

ხ) ქვეითად გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.16.1, 5.16.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით. (თუ მონიშვნები არ არის, ქვეითად გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.16.1 და 5.16.2 ნიშნებს შორის მანძილით).

ჯ) საწევარი – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის ნახევარმისაბმელთან ერთად;

ჰ) ავტომატარებელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად;

1) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებების შემადგენლობა;

2) შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც შედგება სექციებისაგან. ასეთი ავტობუსის სექციებში შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოში დამამზადებლის მიერ.

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

თავი II

სახელმწიფო პოლიტიკა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში

    მუხლი 3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია:

ა) საავტომობილო, მიწისზედა საქალაქო ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;

ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;

დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.

    მუხლი 4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა;

დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს საქმიანობაზე კონტროლი;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

    მუხლი 5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ესენია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მათში დაშავებულ პირთა, სატრანსპორტო საშუალებათა და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი სხვა მაჩვენებლები.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის პოლიტიკა და მისი რეალიზება ეყრდნობა სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 

 

თავი III

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები

     მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები

1. სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და მათგან გამოწვეული ზიანის შემცირებას.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.

თავი IV

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები

    მუხლი 7. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები გზის დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის დროს

1. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გზის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღება წარმოებს სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია დამკვეთი.

4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ მის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე.

    მუხლი 8. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა

1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:

ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის 'ბ' და 'გ' ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საგზაო პოლიციელს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 9. სატრანსპორტო საშუალების, მისი შემადგენელი ნაწილების, დამატებითი მოწყობილობების, სათადარიგო ნაწილებისა და შემადგენლობების რეგისტრაცია

1. საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. ახლად დამზადებული თვითნაკეთი ან შეცვლილი შეთანწყობით, ან სხვა აგრეგატებითა და კვანძებით აწყობილი, დამატებითი მოწყობილობებით ახლად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მისი მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურე-ბელი დოკუმენტების გარეშე აკრძალულია.

    მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს

1. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

2. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

    მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი).

2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.

3. ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით.

5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.

7. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით.

8. ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.

9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.

საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრის კანონი №513 - სსმ I, №35, 11.10.2000 წ., მუხ.101

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1754 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.233

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106

    მუხლი 12. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვა

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია:

ა) ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესს და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხას, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას, ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112

    მუხლი 13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებანი

იურიდიული პირი და ინდივიდუალური მეწარმე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;

ბ) ჯანდაცვის ორგანოების მუშაკებთან ერთად უზრუნველყონ მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება, განახორციელონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაშავებულისათვის მძღოლის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ჩვევების შესწავლის ღონისძიებები;

გ) უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებთან, არ დაუშვან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვება.

    მუხლი 14. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები

1. საქართველოს გზებზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დადგენილია მარჯვენა მხარეს.

2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია მოქმედი სახელმწიფო სტანდარტებით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.

3. საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა გზის გამტარუნარიანობის გადიდების ან სხვა მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე, დაუშვებელია.

     მუხლი 15. საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგადი უფლებები და მოვალეობები

1. საქართველოს გზებზე პირის უსაფრთხო პირობებში მოძრაობის უფლება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია ამ კანონით.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ თავისი უფლებების რეალიზება არ უნდა ზღუდავდეს ან არღვევდეს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის უფლებებს.

3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებიდან და საჯარო მოსამსახურეებისაგან მიიღოს:

ა) ინფორმაცია მოძრაობის უსაფრთხოების პირობების შესახებ;

ბ) ინფორმაცია ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებულ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზთა შესახებ;

გ) ინფორმაცია პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან;

დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარება.

4. საგზაო მოძრაობის მონაწილე ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდება გზაზე.

5. საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება.

    მუხლი 16. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიღების წესი და პირობები

საქართველოში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.

     მუხლი 17. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ ლიცენზირებულ დაწესებულებაში.

2. 'A' და 'B' კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია შესაბამისი პროგრამების მიხედვით მძღოლის დამოუკიდებელი მომზადება.

3. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობა

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება დასტურდება მოწმობით, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ნორმების მოთხოვნებს.

    მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლებია:

ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;

ბ) სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართვის უფლების ჩამორთმევა;

გ) პირის გარდაცვალება.

თავი V

საგზაო მოძრაობის წესები

    მუხლი 20. მძღოლის ზოგადი მოვალეობები

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია თან ჰქონდეს:

ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;

გ) მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, სარგებლობის ან განმკარგულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მფლობელის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

2. მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლს და მგზავრს აუცილებლად უნდა ეხუროთ შეკრული მოტოჩაფხუტი.

3. საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში მონაწილე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

ა) თან ჰქონდეს საგზაო მოძრაობის შესახებ კონვენციის შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტები და მძღოლის მოწმობა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დაამაგროს იმ სახელმწიფოს სარეგისტრაციო და განმასხვავებელი ნიშნები, სადაც ეს ტრანსპორტია რეგისტრირებული.

4. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

ა) მგზავრობის დაწყებამდე შეამოწმოს და მგზავრობისას უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა, მისი საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის შესახებ ძირითადი დებულებების შესაბამისად;

1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას ისარგებლოს უსაფრთხოების ღვედით და უზრუნველყოს მისგან მარჯვენა (ან მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტომაგისტრალზე, გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის და ქალაქების ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზებისა;

ბ) არ იმოძრაოს მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, მისაბმელი მოწყობილობის (მატარებლის შემადგენლობაში) გაუმართაობისას, დღე-ღამის ბნელ დროს მწყობრიდან გამოსული ჩამქრალი ფარებით (ან მათ გარეშე) და უკანა საგაბარიტო სინათლეებით გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება, ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას ნისლის, წვიმის ან თოვის დროს;

გ) გზაში სხვა გაუმართაობის წარმოქმნისას, რომლის დროსაც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, აღმოფხვრას იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – წაიყვანოს ტრანსპორტი სადგომში ან სარემონტო ადგილზე სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომის გათვალისწინებით.

5. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისას მძღოლი ვალდებულია საგზაო პოლიციელის მოთხოვნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს მას:

ა) იმ კატეგორიის მძღოლის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ხოლო მძღოლის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;

ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;

გ) (ამოღებულია).

6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, საგზაო პოლიციელის მოთხოვნით მან უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სიმთვრალე-სიფხიზლის დასადგენად.

7. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია;

ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება, აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე;

გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა შეუძლებელია;

დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის;

ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას.

8. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საგზაო პოლიციის უახლოეს საგუშაგოზე ან პოლიციის ორგანოში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

9. მძღოლს ეკრძალება:

ა) მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა ავადმყოფობისას, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას;

1) სატრანსპორტო საშუალების მართვისას ისარგებლოს მობილური კომუნიკაციის საშუალებით, აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი აქვს სატრანსპორტო საშუალების საჭესა და სიჩქარეთა გადამრთველზე;

ბ) გადასცეს სატრანსპორტო საშუალება სამართავად პირს, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც თან არა აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი მძღოლის მოწმობა.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

     მუხლი 21. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. თანამდებობის პირთა ვალდებულებანი

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი საგზაო პოლიციაში რეგისტრაციაში ტარდება სარეგისტრაციო ნიშნის „ტრანზიტის“ მოქმედების ან შეძენის ვადაში, ან საბაჟო გაფორმებიდან ერთი თვის განმავლობაში.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა (ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარდა) და მისაბმელის სპეციალურ ადგილებზე კეთდება შესაბამისი ნიმუშის სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ავტომობილზე, დამატებით, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში თავსდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიზნით, საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა და აღჭურვილობა უნდა უპასუხებდეს შესაბამის სტანდარტებსა და წესებს.

4. მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილი უნდა აღიჭურვოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე დამაგრებული დასაჯდომებით, ხოლო ბავშვების გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან არ უნდა იყოს 0,8 მეტრზე ნაკლები. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასაჯდომებს უნდა ჰქონდეთ მყარი საზურგეები.

5. სასწავლო ორგანიზაციის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტომობილის მართვის სწავლებისათვის გამოიყენება, უნდა აღიჭურვოს გადაბმულობის ამძრავითა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით.

6. ველოსიპედს უნდა ჰქონდეს გამართული მუხრუჭი, საჭე და ხმოვანი სიგნალი, აღიჭურვოს წინ – შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით ან ფარით (დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისათვის), უკან – შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით, ხოლო ორივე გვერდითი მხრიდან – ნარინჯისფერი ან წითელი ფერის შუქამრეკლით.

7. საჭაპნე ოთხთვალას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციით გათვალისწინებული გამართული სადგომი სამუხრუჭო მოწყობილობა და დაგორების საწინააღმდეგო საყრდენები, აღიჭურვოს წინ – ორი შუქამრეკლითა და თეთრი ფერის ფარნით, უკან – ორი შუქამრეკლით ან წითელი ფერის ფარნით.

8. ტრამვაისა და ტროლეიბუსზე კეთდება შესაბამისი უწყებების მიერ მიკუთვნებული სარეგისტრაციო ნომრები.

9. სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშნები:

ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან 300 მმ-დე დაშორებული, სამი ნარინჯისფერი ფარანი – მისაბმელიან სატვირთო ავტომობილსა და ბორბლიან ტრაქტორზე (1,4 ტონისა და მეტი კლასის), აგრეთვე შეუღლებულ ავტობუსსა და ტროლეიბუსზე;

ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ფერის ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი ფერის არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ფერის ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები;

გ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი ფერის კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.21 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის წინა და უკანა მხარეს;

დ) „ყრუ მძღოლი“ – წვერით ქვევით მიმართული, 160 მმ დიამეტრის, ყვითელი ფერის წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის 40 მმ დიამეტრის სამი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ყრუ-მუნჯი ან ყრუ მძღოლი მართავს;

ე) „საშიში ტვირთი“ – 690X300 მმ ზომის სწორკუთხედი, რომლის მარჯვენა ნაწილის სიგანეა 400X300 მმ და შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი – თეთრად, გარშემო შავი ფერის არშიით (სიგანე 15 მმ)– ასეთი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს;

ვ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზემოთ მიმართული თეთრი ფერის ტოლფერდა სამკუთხედი წითელი ფერის არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ფერის ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს (აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება);

ზ) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10)– იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარის უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი საშიში და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანისას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია;

თ) „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით;

ი) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის ყვითელი ფერის მართკუთხედი წითელი ფერის არშიით (სიგანე 40 მმ) და შუქამრეკლი ზედაპირით – იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს, და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დადგმა შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი, სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.

10. მძღოლის სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე მაგრდება საცნობი ნიშანი „ინვალიდი“ – ყვითელი ფერის კვადრატი 150 მმ-იანი გვერდით და 7.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი ფერის გამოსახულებით – იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ინვალიდები.

11. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, გამაფრთხილებელი მოწყობილობა ან 200X200 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული წითელი და თეთრი ფერის 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით; დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი).

12. ხისტი საბუქსირო მოწყობილობის კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს 25907-89 სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებს.

13. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ:

ა) ხაზზე გაუშვან ტექნიკურად გაუმართავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაცია აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესების დარღვევით, ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, ანდა რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;

ბ) დაუშვან სატრანსპორტო საშუალების სამართავად პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის მდგომარეობაშია, ან განიცდის იმ სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ანდა არის ავად, რაც ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშროებას, აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

გ) ასფალტის, ცემენტ-ბეტონის საფარიან გზებზე მოძრაობისათვის გაუშვან ტრაქტორი და მუხლუხასვლიანი სხვა თვითმავალი მანქანები.

14. გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგებობათა მდგომარეობისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობანი შეინახონ მოძრაობისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში;

ბ) მიიღონ ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით სარგებლობა ქმნის მოძრაობის უსაფრთხოების საშიშრობას.

15. გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

ა) გზაზე სამუშაოს მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყონ მოძრაობის უსაფრთხოება. ეს ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო მანქანები, სამშენებლო მასალა, კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის მიღმა, აღჭურვონ შესაბამისი საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი ფერის სასიგნალო სინათლეებით;

ბ) სამუშაოს დამთავრებისას გზაზე უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის უსაფრთხო მოძრაობა.

16. თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი წესით, შესაბამის უწყებებთან ათანხმებენ:

ა) ქალაქში და საავტომობილო გზაზე მოძრაობის ორგანიზების სქემებს;

ბ) გზის, საგზაო ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტებს;

გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმას, ტრანსპარანტისა და პლაკატის გამოფენას, სარეკლამო დაფისა და სხვა საგნის დაყენებას, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას და აძნელებენ ქვეითის მოძრაობას;

დ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტებსა და გასაჩერებელ პუნქტებს (გაჩერებებს);

ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარებას;

ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებას, მასზე სპეციალური მაშუქი და ხმოვანი სიგნალების დამაგრებას, სატრანსპორტო საშუალების ძარის გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვას;

ზ) საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადატანას;

თ) ავტომატარებლის მოძრაობას, რომლის საერთო სიგრძე აღემატება 20 მეტრს, ან ორ- ან მეტმისაბმელიანი ავტომატარებლის მოძრაობას;

ი) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტის, მართვის სწავლების ინსტრუქტორისა და მძღოლის მოსამზადებელ პროგრამებს;

კ) გზების ნუსხას, რომლებზედაც აკრძალულია სასწავლო სვლა;

ლ) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულებას, რომელიც დაბრკოლებას უქმნის სატრანსპორტო საშუალებას ან ქვეითის მოძრაობას.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106

     მუხლი 22. სპეციალური სიგნალების გამოყენება

1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალების გარდა) და 27–37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც. საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურ ხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები.

2. მძღოლი გზას უთმობს ლურჯი ფერის შუქურით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, აგრეთვე გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელზედაც ჩართულია ახლო განათების ფარები მისი შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

3. ჩართული ლურჯი ფერის შუქურით მდგომ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლი ანელებს სიჩქარეს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებელი გაჩერების შესაძლებლობა.

4. იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4–8 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არ უნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი ან ყვითელი შუქურა არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

    მუხლი 23. ქვეითის მოვალეობანი

1. ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე. ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი ზომის ნივთი, აგრეთვე ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, პირს, რომელიც გადაადგილდება შეუძლიათ იარონ სავალი ნაწილის ნაპირზე, თუ ტროტუარსა და გვერდულაზე მათი მოძრაობა დაბრკოლებას უქმნის სხვა ქვეითებს. თუ არ არის ტროტუარი, გვერდულა და ქვეითთა ბილიკი, ან მათზე მოძრაობა შეუძლებელია, ქვეითმა უნდა იაროს საველოსიპედო ბილიკზე ან იმოძრაოს ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირას (გზაზე, რომელზედაც გამყოფი ზოლი სავალი ნაწილის გარეთა ნაპირზეა). დაუსახლებელ პუნქტში ქვეითმა უნდა იაროს სავალ ნაწილზე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპიროდ. პირმა, რომელიც გადაადგილდება ძრავის გარეშე ინვალიდის ეტლით, აგრეთვე პირებმა, რომლებიც მართავენ მოტოციკლს, მოპედს, ველოსიპედს, უნდა იმოძრაონ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით.

2. სავალ ნაწილზე ქვეითთა ორგანიზებული კოლონის მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არა უმეტეს ოთხი კაცისა. ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარებით: წინ – თეთრით, უკან – წითლით. ბავშვებმა უნდა იარონ მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით.

3. ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს ქვეითთა გადასასვლელზე, მათ შორის, მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელებით, ხოლო თუ ის არ არის – გზაჯვარედინზე, ტროტუარის ან გვერდულის ხაზზე. თუ ხილვადობის ზონაში არ არის გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია სწორი კუთხით სავალი ნაწილის ნაპირთან იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი, ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.

4. რეგულირებად ადგილებში ქვეითი ხელმძღვანელობს მარეგულირებლის ან ქვეითთა შუქნიშნის სიგნალებით, ხოლო თუ ის არ არის – სატრანსპორტო შუქნიშნის სიგნალებით.

5. ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზედაც არ რეგულირდება მოძრაობა, ქვეითი სავალ ნაწილს გადაკვეთს მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. ამასთან, სავალი ნაწილის გადაკვეთისას (სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი) ქვეითმა არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას, არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა წინააღმდეგობის მხრიდან.

6. ქვეითი არ უნდა შეყოვნდეს ან გაჩერდეს სავალ ნაწილზე, თუ ეს არ ქმნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშიშროებას. ქვეითი, რომელმაც ვერ მოასწრო გზაზე გადასვლა, ჩერდება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ზოლზე და გადასვლას აგრძელებს მხოლოდ შემდგომი მოძრაობის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ, შუქნიშნის (მარეგულირებლის) სიგნალების გათვალისწინებით.

7. ქვეითი ვალდებულია თავი შეიკავოს სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს იგი.

8. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო თუ ის არ არის – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ამაღლებული ჩასასხდომი ბაქნის გასაჩერებელი პუნქტიდან (გაჩერებიდან) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასასხდომად სავალ ნაწილზე გადასვლა ნებადართულია მხოლოდ ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოსვლისას ქვეითმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი.

     მუხლი 24. მგზავრის მოვალეობანი

1. მგზავრი ვალდებულია:

სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და გადმოვიდეს ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ტრანსპორტის სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

2. მგზავრს ეკრძალება:

ა) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების გადატანა სხვა რამეზე;

ბ) ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტებზე ჩამოჯდომა ან მათზე ტვირთის დადება;

გ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება.

     მუხლი 25. შუქნიშნისა და მარეგულირებლის სიგნალები

1. შუქნიშანზე გამოყენებულია მწვანე, ყვითელი, წითელი და მოყვითალო ფერის მაშუქი სიგნალები. შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამოისახება ისრით, (ისრებით), ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტითა და X ნიშნით. მრავალსიგნალიან შუქნიშანს შეიძლება ჰქონდეს მრგვალი მწვანე სიგნალის დონეზე განლაგებული მწვანე ისრიანი (ისრებიანი) სიგნალების ორი დამატებითი სექცია.

2. შუქნიშნის მრგვალ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა) მწვანე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას;

ბ) მწვანე მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას, რომ მისი მოქმედების დრო იწურება და მალე ჩაირთვება ამკრძალავი სიგნალი. მწვანე მოციმციმე სიგნალის ჩაქრობამდე დარჩენილი დროის (წამების) შესახებ მძღოლის დამატებით ინფორმირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ციფრობრივი დაფა;

გ) ყვითელი სიგნალი – კრძალავს მოძრაობას, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, და იძლევა ინფორმაციას სიგნალის შეცვლის შესახებ;

დ) ყვითელი მოციმციმე სიგნალი – რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა აწვდის ინფორმაციას არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საშიშროების შესახებ;

ე) წითელი სიგნალი, აგრეთვე წითელი მოციმციმე სიგნალი კრძალავს მოძრაობას. წითელი და ყვითელი სიგნალების ერთობლივი ჩართვა კრძალავს მოძრაობას და იძლევა ინფორმაციას მწვანე სიგნალის ჩართვის შესახებ.

3. მწვანე, ყვითელი და წითელი ფერის ისრიანი (ისრებიანი) ან შუქნიშნის სიგნალებს იგივე მნიშვნელობა აქვთ, რაც შესაბამისი ფერის მრგვალ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებით (მიმართულებებით). ამასთან, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს შესაბამისი საგზაო ნიშნით არ არის აკრძალული. იგივე მნიშვნელობა აქვს მწვანე ისარს დამატებით სექციაში. დამატებითი სექციის გამორთული სიგნალი იძლევა ინფორმაციას, რომ მოძრაობა აკრძალულია ამ სექციით რეგულირებული მიმართულებით.

4. შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონკრეტული ისარი (ისრები) მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნის დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართულ მიმართულებებს.

5. თუ შუქნიშნის სიგნალზე ქვეითის ან ველოსიპედისტის სილუეტია გამოსახული, მისი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ქვეითზე ან ველოსიპედისტზე. ამასთან, მწვანე სიგნალი ნებას რთავს, ხოლო წითელი კრძალავს ქვეითის ან ველოსიპედისტის მოძრაობას. ველოსიპედისტთა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შემცირებული ზომის მრგვალსიგნალიანი შუქნიშანი სწორკუთხოვანი (200X200 მმ) თეთრი ფერის დამატებითი დაფით, რომელზედაც აღბეჭდილია შავი ფერის ველოსიპედის სილუეტი.

6. სავალ ნაწილზე გადასვლის შესაძლებლობის შესახებ ბრმა ქვეითის ინფორმირებისათვის შუქნიშნის შუქურა სიგნალებს ემატება აგრეთვე ხმოვანი სიგნალი.

7. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშნები, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალები შესაბამისად კრძალავს ან ნებას რთავს იმ ზოლზე მოძრაობას, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილისრიანი ყვითელი სიგნალი, რომლის ჩართვა იძლევა ინფორმაციას სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

8. ტრამვაისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, აგრეთვე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირებისათვის გამოიყენება შუქნიშნები ერთი და იმავე ფერის სიგნალიზაციით, T ნიშნის მსგავსად განლაგებული მოყვითალო ფერის ოთხი მრგვალი სიგნალით. მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა სიგნალი, რომელთა შორის მარცხენა – მარცხნივ, საშუალო – პირდაპირ, მარჯვენა კი მარჯვნივ მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მხოლოდ სამი ზედა სიგნალია ჩართული, მოძრაობა აკრძალულია.

9. რკინიგზის გადასასვლელზე არსებული მოყვითალო ფერის მრგვალი მოციმციმე სიგნალი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უფლებას იძლევა. თუ მოციმციმე მოყვითალო და წითელი ფერის სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

10. მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ხელები განზეა გაშვერილი ან ჩამოშვებული:

ა.ა) მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – პირდაპირ და მარჯვნივ, ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე;

ა.ბ) მარეგულირებლის მკერდისა და ზურგის მხრიდან – ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია;

ბ) მარჯვენა ხელი წინ არის გაშვერილი:

ბ.ა) მარცხენა გვერდის მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს – ყველა მიმართულებით;

ბ.ბ) მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ;

ბ.გ) მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია;

ბ.დ) ქვეითს უფლება აქვს გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგს უკან;

გ) ხელი ზემოთ არის აწეული:

გ.ა) ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით აკრძალულია, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

11. მარეგულირებელს ხელების საშუალებით შეუძლია მძღოლსა და ქვეითს მისცეს სხვა გასაგები სიგნალები და ამისათვის გამოიყენოს კვერთხი ან დისკო წითელი სიგნალით (შუქამრეკლით).

12. მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლა – მოლაპარაკე მოწყობილობის ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდება მითითებულ ადგილზე.

13. სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად.

14. შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ან მარეგულირებლის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან (5.33 ნიშანთან), ხოლო თუ ის არ არის:

ა) გზაჯვარედინზე – გადასაკვეთ სავალ ნაწილზე (ამ კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება ქვეითს;

ბ) რკინიგზის გადასასვლელის წინ – ამ კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

გ) სხვა ადგილებში – შუქნიშნის ან მარეგულირებლის წინ ისე, რომ არ შეუქმნას დაბრკოლება სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, რომლებსაც მიეცათ მოძრაობის უფლება.

15. მძღოლს, რომელსაც ყვითელი სიგნალის ჩართვის ან მარეგულირებლის მიერ ხელის ზემოთ აწევის დროს დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში, უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას იმყოფება სავალ ნაწილზე, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ქვეითი უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე.

16. მძღოლი და ქვეითი ასრულებენ სიგნალების მოთხოვნებსა და მარეგულირებლის განკარგულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი ეწინააღმდეგება შუქნიშნის სიგნალებს, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს.

17. რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე სიგნალთან ერთად მიეცემა ხმოვანი სიგნალი, რომელიც მოძრაობის სხვა მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.

    მუხლი 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია

საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება:

ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს;

ბ) იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;

გ) მძღოლის შემხვედრი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს;

დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე);

ე) მოძრაობის მონაწილეთა გასაფრთხილებლად იმ საშიშროების გამო, რომელიც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებისაგან.

     მუხლი 27. მოძრაობის დაწყება, მანევრირება

1. მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებულია ჩართოს სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ხოლო თუ ისინი არ არის ან გამოსულია მწყობრიდან, ანიშნოს ხელით. ამასთან, მანევრი უნდა იყოს უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შეექმნათ დაბრკოლება. მარცხნივ მოხვევის (მობრუნების) სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარცხენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარჯვენა ხელი. მარჯვნივ მოხვევის სიგნალს შეესაბამება გვერდზე გაშვერილი მარჯვენა ხელი ან გვერდზე გაშვერილი, იდაყვში სწორი კუთხით ზემოთ მოხრილი მარცხენა ხელი. დამუხრუჭების სიგნალი მიეცემა ზემოთ აწეული მარცხენა ან მარჯვენა ხელით.

2. მოხვევის მაჩვენებლებით ან ხელით სიგნალი მიეცემა დროულად, მანევრის დაწყების წინ და წყდება მისი დასრულებისთანავე (სიგნალის ხელით მიცემა შეიძლება შეწყდეს უშუალოდ მანევრის დაწყების წინ). ამასთან, სიგნალმა შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მოძრაობის სხვა მონაწილეები. სიგნალის მიცემა მძღოლს არ აძლევს უპირატესობას და არ ათავისუფლებს სიფრთხილის აუცილებელი ზომების მიღებისაგან.

3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითსა და ველოსიპედისტს, რომლებსაც უჭრის გზას.

4. მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს თანმხვედრ სატრანსპორტო საშუალებას. ერთი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა ზოლიდან ზოლში ერთდროულად გადასვლისას მძღოლი გზას უთმობს მარჯვნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალებას.

5. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც მოცემული მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული.

6. მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში მობრუნება სრულდება ამ ვაკისზე, თუ 5.8.1, 5.8.2 ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი არ არის დადგენილი. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.

7. მოხვევა სრულდება ისე, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება არ აღმოჩნდეს საპირისპირო მოძრაობის მხარეს. მარჯვნივ მოხვევისას სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან.

8. თუ თავისი გაბარიტის ან სხვა მიზეზთა გამო, სატრანსპორტო საშუალება ვერ ასრულებს მოხვევას ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.

9. გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან). ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.

10. თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლი გზას უთმობს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.

11. დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე.

12. გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი ამ ზოლზე მოძრაობისას და მეზობელ ზოლზე გადაადგილებისას გზას უთმობს მასზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.

13. მობრუნება აკრძალულია:

ა) ქვეითთა გადასასვლელზე;

ბ) გვირაბში;

გ) ხიდზე, გზაჯვარედინზე, ესტაკადაზე და მის ქვეშ;

დ) რკინიგზის გადასასვლელზე;

ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;

ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია.

14. სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა ნებადართულია, თუ ეს მანევრი უსაფრთხოა და დაბრკოლებას არ უქმნის მოძრაობის სხვა მონაწილეებს. უკუსვლით მოძრაობა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

     მუხლი 28. სატრანსპორტო საშუალებათა განლაგება სავალ ნაწილზე

1. ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება მონიშვნით ან 5.1, 5.8.7, 5.8.8. ნიშნებით, ხოლო თუ ისინი არ არის – თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით. ამასთან, საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარედ ითვლება მარცხნივ განლაგებული სავალი ნაწილის სიგანის ნახევარი.

2. გზაზე, რომელზედაც ოთხი ან მეტი ზოლი და ორმხრივი მოძრაობაა, აკრძალულია გზის სანაპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ მხარეზე გასვლა.

3. მონიშვნით (1.9 მონიშვნის გარდა) აღნიშნულ სამზოლიან გზაზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა და შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ნებადართულია ამ ზოლზე გასვლა მხოლოდ გასწრების, შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. აკრძალულია საპირისპირო მოძრაობისათვის განკუთვნილ უკიდურეს მარცხენა ზოლზე გადასვლა.

4. მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია.

5. სატრანსპორტო საშუალება, რომლის მოძრაობის სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს, ან რომელიც ტექნიკური მდგომარეობის გამო ვერ ავითარებს ამ სიჩქარეს, უნდა მოძრაობდეს განაპირა მარჯვენა ზოლზე, იმ შემთხვევების გარდა, როცა ხორციელდება შემოვლა, გასწრება, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების წინ გადაჯგუფება.

6. მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ყველა ზოლი დაკავებულია, აგრეთვე შემოვლის, გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

7. თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. მონიშვნის წყვეტილ ხაზებზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გადაჯგუფების დროს.

8. იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც.

9. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა გვერდულაზე, ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე (ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ნებადართულია საგზაო-საექსპლუატაციო და კომუნალური სამსახურების ავტომობილების მოძრაობა უშუალოდ გვერდულასთან, ტროტუართან ან ქვეითთა ბილიკთან განლაგებულ სავაჭრო და სხვა საწარმოებსა და ობიექტებთან, ტვირთის მიმტანი სატრანსპორტო საშუალებების უმოკლესი გზით მიდგომა, თუ ამისათვის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება.

10. მძღოლი მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე იცავს დისტანციას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თავიდან აიცილოს შეჯახება. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა.

11. დაუსახლებელ პუნქტში გზაზე მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ-ს, ვალდებულია დაიცვას მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებამდე ისეთი დისტანცია, რომ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მათ წინ უსწრებენ, დაუბრკოლებლად შეეძლოთ ადრე დაკავებულ ზოლზე გადაჯგუფება. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ მძღოლი გასასწრებად ემზადება, აგრეთვე ინტენსიური მოძრაობის დროს და ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას.

     მუხლი 29. მოძრაობის სიჩქარე

1. მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, მან უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, სატრანსპორტო საშუალებისა და ტვირთის თავისებურება და მდგომარეობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით. სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.

2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას.

4. დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოძრაობა:

ა) მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე – არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;

ბ) საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა და მოტოციკლისა, ყველა გზაზე – არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;

გ) მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე – არა უმეტეს 80კმ/სთ, სხვა გზებზე – არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;

დ) ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა – არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;

ე) ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი – არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით.

5. მძღოლს ეკრძალება:

ა) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება;

ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა“ მითითებული სიჩქარის გადაჭარბება;

გ) სხვა სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაბრკოლების შექმნა ნელი მოძრაობით, თუ ეს აუცილებლობით არ არის განპირობებული;

დ) მკვეთრი დამუხრუჭება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭების გარდა.

საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1621 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.205

     მუხლი 30. გასწრება, შემხვედრის გვერდის აქცევა

1. გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს;

ბ) ამავე ზოლზე უკან მომავალმა სატრანსპორტო საშუალებამ არ მისცა გასწრების, მარცხნივ მოხვევის (გადაჯგუფების) სიგნალი;

გ) გასწრების დამთავრებისას გასასწრები სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებას.

2. ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის მძღოლმაც მისცა მარცხნივ მოხვევის სიგნალი და შეუდგა ამ მანევრის შესრულებას, წარმოებს მარჯვენა მხრიდან.

3. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.

4. გასწრების დამთავრებისას (ნებადართული მარჯვნიდან გასწრების გარდა) მძღოლი ვალდებულია დაბრუნდეს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე. მოცემული მიმართულებით ორი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობის შემთხვევაში გამსწრებ მძღოლს შეუძლია დარჩეს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მარცხენა ზოლზე, თუ ადრე დაკავებულ ზოლზე დაბრუნებისთანავე მას მოუხდება ახალი გასწრების დაწყება და თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან უფრო მეტი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

5. გასწრება აკრძალულია:

ა) რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არ არის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა, სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა);

ბ) ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მასზე მოძრაობს ქვეითი;

გ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ, 100 მეტრზე ახლოს;

დ) იმ სატრანპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრებას ან შემოვლას;

ე) აღმართის ბოლოში და გზის სხვა მონაკვეთზე, სადაც ხილვადობა შეზღუდულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით.

6. ნელა მიმავალი მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, თუ ამ სატრანსპორტო საშუალების გასწრება გაძნელებულია, იკავებს რაც შეიძლება მარჯვენა მხარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ჩერდება, რათა გაატაროს მის უკან მოძრავი სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

7. თუ შემხვედრის გვერდის აქცევა გაძნელებულია, გზა უნდა დათმოს იმ მძღოლმა, რომლის მხარეზეც არსებობს დაბრკოლება. 1.13 და 1.14 ნიშნებით აღნიშნულ აღმართზე დაბრკოლების არსებობისას გზას თმობს დაღმართზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი.

     მუხლი 31. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა

1. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულაზე, ხოლო თუ ის არ არის – სავალი ნაწილის ნაპირთან. გზის მარცხენა მხარეს გაჩერება და დგომა ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში, ტრამვაის ლიანდაგების გარეშე, და გზაზე, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა (3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის ცალმხრივმოძრაობიანი გზის მარცხენა მხარეს დგომა შეიძლება მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს).

2. სატრანსპორტო საშუალების დაყენება ნებადართულია ერთ რიგად სავალი ნაწილის ნაპირის პარალელურად, იმ ადგილის (სავალი ნაწილის ადგილობრივი გაფართოება) გარდა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელით ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალების ორ რიგად დაყენებაც. სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედისათვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს.

3. დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენება, ღამის გასათევად და სხვა ამგვარი მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ მოედნებზე ან გზის ფარგლებს მიღმა.

4. გაჩერება აკრძალულია:

ა) ტრამვაისა და რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის ტრამვაისა და მატარებლის მოძრაობას;

ბ) რკინიგზის გადასასვლელზე, გვირაბში, აგრეთვე ესტაკადაზე, ხიდზე, გზაგამტარზე (თუ მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის სამ ზოლზე ნაკლებია) და მათ ქვეშ;

გ) იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია;

დ) ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ, 5 მეტრზე ახლოს;

ე) სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია;

ვ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე და გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირიდან 5 მეტრზე ახლოს, იმ შემთხვევების გარდა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია;

ზ) სადგომი მოედნიდან, ხოლო როცა ის არ არის – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას;

თ) იმ ადგილას, სადაც სატრანსპორტო საშუალება ეფარება შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს, ან შეუძლებელია სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა (შესვლა ან გამოსვლა), ან აბრკოლებს ქვეითის მოძრაობას.

5. დგომა აკრძალულია:

ა) იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება;

ბ) დაუსახლებელ პუნქტში 2.1 ნიშნით აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელიდან 50 მეტრზე ახლოს.

6. იმ ადგილას, სადაც იძულებითი გაჩერებისას გაჩერება აკრძალულია, მძღოლი იღებს ყველა შესაძლო ზომას სატრანსპორტო საშუალების ამ ადგილიდან გასაყვანად.

7. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება, თუ ეს დაბრკოლებას უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

8. მძღოლს შეუძლია გადმოვიდეს სატრანსპორტო საშუალებიდან, თუ წინასწარ მიიღებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებური მოძრაობის, ან სხვა პირის მიერ მისი გამოყენების გამომრიცხავ ზომებს.

     მუხლი 32. გზაჯვარედინის გავლა

1. მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.

2. აკრძალულია გასვლა გზაჯვარედინზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრანსპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით.

3. გზაჯვარედინი, რომელზედაც მოძრაობის რიგითობა შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებით განისაზღვრება, რეგულირებული გზაჯვარედინია. თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არ მუშაობს, ან არ არის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.

4. რეგულირებული გზაჯვარედინი:

ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებიც;

ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;

გ) თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად ტრამვაისა და ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ნებას რთავს, მაშინ ტრამვაის აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალებთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას ტრამვაიმ გზა უნდა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას;

დ) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას გზაჯვარედინზე შესული მძღოლი მოძრაობს დასახული მიმართულებით გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზებია (5.33 ნიშნები), მძღოლი ხელმძღვანელობს თითოეული შუქნიშნის სიგნალით;

ე) შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.

5. არარეგულირებული გზაჯვარედინი:

ა) არათანაბარმნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;

ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც;

გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.

6. მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.

7. თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.

    მუხლი 33. ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

1. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელით სავალ ნაწილზე მიმავალ ქვეითს.

2. თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლები განაგრძობენ სვლას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

3. ქვეითთა რეგულირებულ გადასასვლელზე შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი საშუალებას აძლევს ქვეითს, დაასრულოს მოცემული მიმართულებით სავალ ნაწილზე გადასვლა.

4. აკრძალულია გადასვლა ქვეითთა გადასასვლელზე, თუ მის უკან ტრანსპორტია ჩახერგილი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს.

5. სხვა შემთხვევაში, აგრეთვე იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, მძღოლი გზას უთმობს თეთრი ხელჯოხით სიგნალის მიმცემ ბრმა ქვეითს.

6. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გაჩერებაზე მდგომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმავალ ან ამ ტრანსპორტის კარის მხრიდან მომავალ ქვეითს, თუ ჩასხდომა და გადმოსხდომა ხდება სავალ ნაწილზე ან მასზე განლაგებული ჩასასხდომი მოედნიდან.

7. იმ სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, რომელსაც აქვს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ანელებს სიჩქარეს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ჩერდება და ატარებს ბავშვებს.

     მუხლი 34. მოძრაობა რკინიგზის ლიანდაგებზე

1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას სარგებლობს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზას უთმობს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას).

2. რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას მძღოლი ხელმძღვანელობს საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, მონიშვნის მოთხოვნებით, შლაგბაუმის მდებარეობითა და გადასასვლელის მორიგის მითითებით, რათა დარწმუნდეს, რომ გადასასვლელს მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა) არ უახლოვდება.

3. აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე გადასვლა:

ა) თუ შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება (შუქნიშნის სიგნალის მიუხედავად);

ბ) შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს (მიუხედავად შლაგბაუმის მდებარეობისა ან მისი არსებობისა);

გ) გადასასვლელის მორიგის ამკრძალავი სიგნალის დროს (მორიგე დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავს ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით, ან ხელები განზე აქვს გაშვერილი);

დ) თუ გადასასვლელის უკან მოძრაობა ჩახერგილია და ეს აიძულებს მძღოლს, გაჩერდეს გადასასვლელზე;

ე) თუ საკმარისი ხილვადობის ფარგლებში გადასასვლელს უახლოვდება მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).

4. აკრძალულია აგრეთვე:

ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა;

ბ) შლაგბაუმის თვითნებური გახსნა;

გ) გადასასვლელზე სასოფლო-სამეურნეო, საგზაო, სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა;

დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე 8 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ნელა მიმავალი მანქანის, აგრეთვე ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა.

5. თუ გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.5 ნიშნიან შუქნიშანთან, ხოლო თუ ის არ არის – შლაგბაუმიდან არანაკლებ                  5 მეტრისა. შლაგბაუმის არარსებობის შემთხვევაში მძღოლი ჩერდება უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.

6. რკინიგზის გადასასვლელზე იძულებით გაჩერების დროს მძღოლი დაუყოვნებლივ გადმოსხამს მგზავრებს და იღებს ზომებს მის გასათავისუფლებლად.

7. მძღოლი ვალდებულია აგრეთვე:

ა) შეძლებისამებრ გაგზავნოს ორი კაცი ლიანდაგების გასწვრივ გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ გზავნის მხოლოდ ერთს, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა), აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;

ბ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალების ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი;

გ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.

8. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.

     მუხლი 35. მოძრაობა ავტომაგისტრალზე

1. ავტომაგისტრალზე აკრძალულია:

ა) ქვეითის, შინაური ცხოველების, ველოსიპედისტის, მოპედის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა სიჩქარე ტექნიკური მახასიათებლით ან მათი მდგომარეობის გამო 40 კმ/სთ-ზე ნაკლებია;

ბ) მეორე ზოლს იქით იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება;

გ) გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ;

დ) მობრუნება და შესვლა გამყოფი ზოლის ტექნოლოგიურ წყვეტილებში;

ე) უკუსვლით მოძრაობა;

ვ) სასწავლო სვლა.

2. სავალ ნაწილზე იძულებით გაჩერებისას მძღოლი ხელმძღვანელობს ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და იღებს ზომებს, რათა სატრანსპორტო საშუალება გაიყვანოს ამისათვის განკუთვნილ ზოლზე (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი ხაზის მარჯვნივ).

3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზეც.

    მუხლი 36. მოძრაობა საცხოვრებელ ზონაში

1. საცხოვრებელ ზონაში, იმ ტერიტორიაზე, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი 5.38, 5.39 ნიშნებითაა აღნიშნული, ქვეითს შეუძლია იმოძრაოს როგორც ტროტუარზე, ისე სავალ ნაწილზე. საცხოვრებელ ზონაში უპირატესობა აქვს ქვეითს, მაგრამ მან არ უნდა დააბრკოლოს მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.

2. საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა, ჩართული ძრავით დგომა, აგრეთვე 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილის დგომა სპეციალურად გამოყოფილი და ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.

3. საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას მძღოლი გზას უთმობს მოძრაობის სხვა მონაწილეებს.

4. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

    მუხლი 37. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტი

1. გზაჯვარედინის გარეთ, სადაც ტრამვაის ლიანდაგი კვეთს სავალ ნაწილს, ტრამვაის აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, დეპოდან გამოსვლის შემთხვევის გარდა.

2. გზაზე, სადაც 5.9, 5.10.1–5.10.3 ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილიდან გამოყოფილია მონიშვნის წყვეტილი ხაზით, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისა და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის დროს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.

3. დასახლებულ პუნქტში მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ტროლეიბუსსა და ავტობუსს, რომლებიც მოძრაობას იწყებენ მონიშნული გაჩერებიდან. ტროლეიბუსისა და ავტობუსის მძღოლები კი მხოლოდ მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა დარწმუნდებიან, რომ მათ გზას უთმობენ.

    მუხლი 38. გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა

1. დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები:

ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება;

ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები;

გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის);

დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები.

2. შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე:

ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია;

ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე;

გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით.

3. ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება.

4. დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები.

5. ნისლის საწინააღმდეგო ფარებით სარგებლობა შეიძლება:

ა) დამოუკიდებლად, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აგრეთვე ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად;

ბ) დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე, ფარების ახლო ან შორ განათებასთან ერთად;

გ) ფარების ახლო განათების მაგივრად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. დღე-ღამის ნათელ დროს მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით ახლო განათების ფარები უნდა ჩაირთოს:

ა) ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას;

ბ) ავტობუსითა და სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას;

გ) საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირების დროს (მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე).

7. ფარ-პროჟექტორით და ფარ-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი დავალების შესრულებისას.

8. ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები გამოიყენება მხოლოდ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში. აკრძალულია ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარების „სდექ“ სიგნალთან ჩართვა.

9. საცნობი ნიშანი „ავტომატარებელი“ ირთვება ავტომატარებლის მოძრაობისას, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – მისი გაჩერებისა და დგომის პერიოდშიც.

10. ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე შუქურა ირთვება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე ასრულებს სარემონტო-სამშენებლო ან მოსავლის ასაღებ სამუშაოებს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებაზე საშიში, მსხვილგაბარიტიანი ან მძიმეწონიანი ტვირთის გადატანისას, ამ ტვირთის გადატანის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

11. ხმოვანი სიგნალები გამოიყენება:

ა) დაუსახლებელ პუნქტში გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად;

ბ) თუ იგი აუცილებელია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.

12. გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით.

    მუხლი 39. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება

1. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირება სრულდება, თუ საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების საჭესთან ზის მძღოლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სწორხაზოვანი მოძრაობისას ხისტი გადასაბმელის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას.

2. ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა საბუქსირო ავტობუსით, ტროლეიბუსითა და სატვირთო ავტომობილის ძარით, ხოლო ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას – მგზავრთა ყოფნა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირის კაბინაში.

3. მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს 4-6 მეტრს, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არა უმეტეს 4 მეტრს.

4. აკრძალულია ბუქსირება:

ა) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია (დასაშვებია მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირება);

ბ) ორი ან მეტი სატრანსპორტო საშუალებისა;

გ) სატრანსპორტო საშუალებისა უმოქმედო სამუხრუჭო სისტემით, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ასეთი სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება დასაშვებია მხოლოდ ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით;

დ) მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლისა;

ე) მოქნილი გადასაბმელით, როცა გზები მოყინულია.

     მუხლი 40. სასწავლო სვლა

1. სატრანსპორტო საშუალების მართვის დაწყებითი სწავლება ტარდება დახურულ მოედნებზე ან ავტოდრომებზე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სწავლების ოსტატთან ერთად და იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების მართვის საწყის ჩვევებს.

3. მასწავლებელს თან უნდა ჰქონდეს მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის სწავლების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლად მუშაობის 3 წელზე მეტი სტაჟი, აგრეთვე შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. პირი, რომელიც სწავლობს ავტომობილის მართვას, უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ხოლო მოტოციკლის მართვას – არანაკლებ 14 წლისა.

5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება სწავლება, აქვს საცნობი ნიშანი „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ და ინსტრუქტორისათვის დაყენებულია უკანა ხედვის სარკე.

6. აკრძალულია სასწავლო სვლა იმ გზებზე, რომელთა სია ცხადდება დადგენილი წესით.

    მუხლი 41. მგზავრთა გადაყვანა

1. მგზავრები სატვირთო ავტომობილის ძარით უნდა გადაიყვანოს მძღოლმა, რომელსაც აქვს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა და მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის ერთ წელზე მეტი სტაჟი, ხოლო თუ გადასაყვან პირთა რაოდენობა კაბინაში მყოფთა ჩათვლით რვაზე მეტია, მძღოლს უნდა ჰქონდეს „C“ და „D“კატეგორიები და მოცემული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის 3 წელზე მეტი სტაჟი.

2. ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით, თუ იგი აღჭურვილია ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, ბავშვების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.

3. სატვირთო ავტომობილის ძარით გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომად მოწყობილი ადგილების რიცხვს.

4. მგზავრობის წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ინსტრუქტაჟს უტარებს მგზავრებს ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლი მხოლოდ მაშინ იწყებს მოძრაობას, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის პირობები დაცულია.

5. მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.

6. ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით ბავშვების გადაყვანისას მათ უნდა ახლდეთ უფროსი, ხოლო ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. ამ სატრანსპორტო საშუალებებზე წინ და უკან მაგრდება საცნობი ნიშანი „ბავშვთა გადაყვანა“.

7. მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარები დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.

8. მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია:

ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმიანი სატვირთო ავტომობილის ძარით მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანების კაბინების გარეთ, სატვირთო მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარითა და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწინებული დასაჯდომი ადგილების გარეთ;

ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად). ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ნებადართული მაქსიმალური მასის სიდიდეს.

9. აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტოციკლის უკანა დასაჯდომით და მსუბუქი ავტომობილის წინა დასაჯდომით (თუ ავტომობილს არა აქვს ბავშვის დამჭერი სპეციალური მოწყობილობა).

    მუხლი 42. ტვირთის გადაზიდვა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.

2. მოძრაობის დაწყების წინ და მოძრაობის დროს მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის მასის გადანაწილება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ტვირთის განლაგება, დამაგრება და მისი მდგომარეობა გადმოვარდნისა და მოძრაობის დაბრკოლების თავიდან აცილების მიზნით.

3. ტვირთის გადაზიდვა დაიშვება, თუ იგი:

ა) არ ზღუდავს მძღოლის ხილვადობას;

ბ) არ აძნელებს მართვას და არ არღვევს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას;

გ) არ ეფარება გარე მაშუქ ხელსაწყოებსა და შუქამრეკლებს, სარეგისტრაციო და საცნობ ნიშნებს, აგრეთვე არ უშლის ხელით მიცემული სიგნალების აღქმას;

დ) ზედმეტად არ ხმაურობს, არ აყენებს მტვერს, არ აჭუჭყიანებს გზასა და გარემოს.

4. თუ ტვირთის განლაგება და მდგომარეობა არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია აღმოფხვრას ისინი ან შეწყვიტოს შემდგომი მოძრაობა.

5. სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ წინ და უკან ერთ მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი აღინიშნება საცნობი ნიშნით „მსხვილგაბარიტიანი ტვირთი“, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, ამასთან, წინ – ფარნით ან თეთრი ფერის შუქამრეკლით, უკან – ფარნით ან წითელი ფერის შუქამრეკლით.

6. საშიში, მსხვილგაბარიტიანი და მძიმეწონიანი ტვირთის გადატანა, გასაუვნებელი ტვირთის გადაზიდვა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება სიგანეში 2,55 მეტრს (რეფრეჟერატორის შემთხვევაში 2,60 მეტრს), სიმაღლეში სავალი ნაწილის ზედაპირიდან – 4 მეტრს, სიგრძეში – 20 მეტრს (ავტომატარებელი ან შესახსრებული (საწევარი ნახევარმისაბმელით) ავტოსატრანსპორტო საშუალება, შესახსრებული ავტობუსი), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 12 მეტრს, ან ისეთი ტვირთით მოძრაობა, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ორ და მეტმისაბმელიანი ავტომატარებლის მოძრაობა ხორციელდება ამ პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული რეკომენდაციის მიღების შემდგომ.

საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2022 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.319 

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.445

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216

    მუხლი 43. დამატებითი მოთხოვნები ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მოძრაობისა და პირუტყვის გადარეკვის მიმართ

1. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მართვა, გზებზე მოძრაობისას სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის ან ჯოგის მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკის, ხოლო მოპედის მართვა – 16 წლის ასაკის პირისათვის.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში – თბილისსა და ქუთაისში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ასაკობრივი ცენზი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 წლით.

3. ველოსიპედის, მოპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი პირუტყვის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, აგრეთვე გვერდულაზე, თუ ეს არ აბრკოლებს ქვეითს.

4. ველოსიპედის, საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), საჯდომი და სასაპალნე პირუტყვის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას იყოფა ჯგუფებად – 10 ველოსიპედი, სასაპალნე და საჯდომი პირუტყვი და 5 საჭაპნე ოთხთვალა (მარხილი) თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 80-100 მეტრს.

5. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ:

ა) მოძრაობა, თუ ერთი ხელით მაინც არ უკავიათ საჭე;

ბ) მგზავრების გადაყვანა 7 წლამდე ასაკის ბავშვის გარდა, საიმედო საფეხურებით აღჭურვილი დამატებითი დასაჯდომით;

გ) იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტის გარეთ გადმოშვერილია 0,5 მეტრზე მეტი სიგანით ან სიგრძით და ხელს უშლის მართვაში;

დ) გზაზე მოძრაობა, თუ გვერდით საველოსიპედო ბილიკია;

ე) მოხვევა მარცხნივ ან გზაზე მობრუნება, სადაც ტრამვაი მოძრაობს, აგრეთვე იმ გზებზე, რომლებზედაც მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის ერთ ზოლზე მეტია.

6. აკრძალულია ველოსიპედისა და მოპედის ბუქსირება, აგრეთვე ველოსიპედითა და მოპედით ბუქსირება, გარდა იმ მისაბმელის ბუქსირებისა, რომელიც ველოსიპედთან ან მოპედთან ერთად განკუთვნილია ექსპლუატაციისათვის.

7. გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან საველოსიპედო ბილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლები გზას უთმობენ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

8. საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლმა გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით უნდა ატაროს.

9. პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, ხდება დღე-ღამის ნათელ დროს. მეხრემ პირუტყვი უნდა გადარეკოს გზის მარჯვენა ნაპირისაკენ რაც შეიძლება ახლოს.

10. რკინიგზის ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი ოდენობა იყოფა ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა.

11. საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის) მძღოლს, სასაპალნე, საჯდომი პირუტყვისა და საქონლის გამრეკებს ეკრძალებათ:

ა) პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება;

ბ) პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე და გზაზე, რომელზედაც ამისათვის არ არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში (სხვადასხვა დონეზე განლაგებული გადასარეკების გარდა);

გ) სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე.

თავი VI

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

    მუხლი 44. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VII

პასუხისმგებლობა საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 45. პასუხისმგებლობა საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა იწვევს დისციპლინურ, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დადგენილი წესით.

   

თავი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 45 1 . გარდამავალი დებულებანი

1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:

ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან და მის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4. 2007 წლის 1 მარტამდე:

ა) აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

5. 2007 წლის 1 ივნისამდე ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და ტესტირების მეთოდების შესახებ, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;

ბ) სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის შესახებ;

გ) ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ.

6. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფირნიშების ფორმა, მათი დამზადების წესი და ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება არსებული წესების შესაბამისად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები – საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით.

7. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძალაში შესვლამდე ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ფირნიშის საფასური განისაზღვროს 1 ლარის ოდენობით და იგი ჩაირიცხოს სააგენტოს ანგარიშზე.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №513 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.150

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106

საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5941 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.48

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №890 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.316

    მუხლი 46. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლის დღიდან.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი

     #2050-IIs     

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრის კანონი №513 - სსმ I, №35, 11.10.2000 წ., მუხ.101

2. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №206 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.67

3. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №513 - სსმ I, №32, 10.11.2004 წ., მუხ.150

4. საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1621 - სსმ I, №33, 01.07.2005 წ., მუხ.205

5. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1747 - სსმ I, №38, 15.07.2005 წ., მუხ.248

6. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1754 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.233

7. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2022 - სსმ I, №48, 29.11.2005 წ., მუხ.319 

8. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.445

9. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2964 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.112

10. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3395 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.216

11. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4221 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.54

12. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4602 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.106

13. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5941 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.48

14. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №890 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.316

 

 

 

 

 

საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართი

 

I. საგზაო ნიშნები

 

საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ

საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად

 

1. გამაფრთხილებელი ნიშნები

გამაფრთხილებელი ნიშანი მძღოლს აუწყებს გზის სახიფათო მონაკვეთთან მიახლოებას, რომლის დროსაც აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება.

1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”.

1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”.

1.3.1. „ერთლიანდაგიანი რკინიგზა”, 1.3.2. „მრავალლიანდაგიანი რკინიგზა” (რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი: ერთლიანდაგიანი – 1.3.1, ორ და მეტ- ლიანდაგიანი – 1.3.2).

1.4.1 – 1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” (მძღოლის დამატებითი გაფრთხილება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ).

1.5. „ტრამვაის ხაზის გადაკვეთა”.

1.6. „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა”.

1.7. „წრიული მოძრაობით გადაკვეთა”.

1.8. „შუქნიშნით რეგულირება” (გზაჯვარედინი, ქვეითთა გადასასვლელი ან გზის მონაკვეთი, რომელზედაც მოძრაობა შუქნიშნით რეგულირდება).

1.9. „გასახსნელი ხიდი” (გასახსნელი ხიდი ან ბორნის გადასასვლელი).

1.10. „სანაპიროზე გასასვლელი” (სანაპიროზე ან ნაპირზე გასასვლელი).

1.11.1, 1.11.2. „სახიფათო მოსახვევი” (გზის მომრგვალება მცირე რადიუსით ან შეზღუდული ხილვადობით: 1.11.1 – მარჯვნივ, 1.11.2 – მარცხნივ).

1.12.1, 1.12.2. „სახიფათო მოსახვევები” (გზის მონაკვეთი სახიფათო მოსახვევებით: 1.12.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.12.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ).

1.13. „ციცაბო დაღმართი”.

1.14. „ციცაბო აღმართი”.

1.15. „მოლიპული გზა” (გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი მოლიპულია).

1.16. „უსწორმასწორო გზა” (გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი უსწორმასწოროატალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და . .).

1.17. „ქვის ასხლეტა” (გზის მონაკვეთი, რომელზედაც შესაძლოა სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშისა და . . ასხლეტა).

1.18.1–1.18.3. „გზის შევიწროება” (შევიწროება ორივე მხრიდან – 1.18.1, მარჯვნიდან – 1.18.2, მარცხნიდან – 1.18.3).

1.19. „ორმხრივი მოძრაობა” (გზის (სავალი ნაწილის) მონაკვეთის დასაწყისი, სადაც საპირისპირო მოძრაობაა).

1.20. „ქვეითთა გადასასვლელი” (აღინიშნება 5.16.1, 5.16.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით).

1.21. „ბავშვები” (გზის მონაკვეთი საბავშვო დაწესებულებასთან (სკოლა, გამაჯანსაღებელი ბანაკი და . .) ახლოს, რომლის სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა).

1.22. „საველოსიპედო ბილიკის გადაკვეთა”.

1.23. „საგზაო სამუშაოები”.

1.24. „პირუტყვის გადარეკვა”.

1.25. „გარეული ცხოველები”.

1.26. „ქვის ცვენა” (გზის მონაკვეთი, სადაც შესაძლოა ჩამონგრევა, მეწყერი, ქვის ცვენა).

1.27. „გვერდითი ქარი”.

1.28. „დაბლამფრენი თვითმფრინავები”.

1.29. „გვირაბი” (ადგილი, სადაც არ არის ხელოვნური განათება ან რომლის შესასვლელში ხილვადობა შეზღუდულია).

1.30. „სხვა საშიშროებანი” (გზის მონაკვეთი, სადაც არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით გაუთვალისწინებელი საშიშ­როებანი).

1.31.1, 1.31.2. „მოხვევის მიმართულება” (მოძრაობის მიმართულება შეზღუდული ხილვადობის მქონე მცირერადიუსიანი გზის მომრგვა­ლებაზე; გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულება).

1.31.3. „მოხვევის მიმართულება” (მოძრაობის მიმართულება "T" ნიშნის გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე; გზის შესაკეთებელი მონაკვეთის შემოვლის მიმართულება).

ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში კი – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას, ნიშნები იდგმება სხვა მანძილზეც, რომელიც ამ შემთხვევაში მითითებულია 7.1.1 დაფაზე.

ნიშნები 1.13 და 1.14 შეიძლება დაიდგას 7.1.1 დაფის გარეშე, უშუალოდ დაღმართის ან აღმართის დასაწყისში, თუ ისინი ერთმანეთს მიჰყვება.

ნიშანი 1.23 სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10-15 მეტრ მანძილზე, 7.1.1 დაფის გარეშე.

ნიშნები 1.1, 1.2, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.

ნიშნები 1.3.1 და 1.3.2 იდგმება უშუალოდ რკინიგზის გადასასვლელის წინ.

 

2. პრიორიტეტის ნიშნები

პრიორიტეტის ნიშანი ადგენს გზაჯვარედინის, სავალი ნაწილის გადაკვეთის ან გზის ვიწრო მონაკვეთის გავლის რიგითობას.

2.1. „მთავარი გზა” (გზა, რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება).

2.2. „მთავარი გზის დასასრული”.

2.3.1. „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა”.

2.3.2, 2.3.3. „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება” (შეერთება მარჯვნიდან– 2.3.2, შეერთება მარცხნიდან – 2.3.3).

2.4. „დაუთმეთ გზა” (მძღოლი გზას უთმობს გადა­სა­კვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7.13 დაფის არსებობისასმთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას).

2.5. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” (აკრძალულია გაუჩერებლად მოძრაობასდექხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არისგადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან). მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო 7. 13 დაფის არსებობისასმთავარ გზაზე მოძრავ სატრან­სპორტო საშუალებას).

ნიშანი 2.5 იდგმება რკინიგზის გადასასვლელის ან საკარანტინო საგუშაგოს წინ. ამ შემთხვევაში მძღოლი ჩერდებასდექხაზის წინ, ხოლო თუ ის არ არისნიშნის წინ.

2.6. „საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა” (აკრძალულია გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლა, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრან­სპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან).

2.7. „უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან” (გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელზედაც მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით).

 

3. ამკრძალავი   ნიშნები

ამკრძალავი ნიშანი ზღუდავს მოძრაობას ან აუქმებს შეზღუდვებს.

3.1. „შესვლა აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სახის სატრან­სპორტო საშუალების შესვლა მოცემული მიმართულებით).

3.2. „მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სახის სატრან­სპორტო საშუალების მოძრაობა).

3.3. „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია”.

3.4. „სატვირთო ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია სატვირთო ავტომობილისა და სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების, აგრეთვე ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება (თუ ნიშანზე მასა არ არის მითი­თე­ბუ­ლი, ან აქვთ ნებადართული მაქსიმალური მასა, რომელიც აღემატება ნიშანზე მითითებულს).

ნიშანი 3.4 არ კრძალავს იმ სატვირთო ავტომობილის მოძრაობას, რომელსაც ბორტებზე აქვს დახრილი თეთრი ზოლები ან მგზავრთა გადასაყვანად არის განკუთვნილი.

3.5. „მოტოციკლის მოძრაობა აკრძალულია”.

3.6. „ტრაქტორის მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანის მოძრაობა).

3.7. „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილისა და ტრაქტორის მოძრაობა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება).

3.8. „საჭაპნე ოთხთვალის მოძრაობა აკრძალულია” (აკრძა­ლუ­ლია საჭაპნე ოთხთვალის (მარხილის), სასაპალნე და საჯდომი ცხოველების მოძრაობა, აგრეთვე პირუტყვის გადარეკვა).

3.9. „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობა).

3.10. „ქვეითის მოძრაობა აკრძალულია”.

3.11. „მასის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრაობა, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს).

3.12. „ღერძზე დატვირთვის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის ფაქტობრივი დატვირთვა რომელიმე ღერძზე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს).

3.13. „სიმაღლის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს).

3.14. „სიგანის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუა­ლების მოძრაობა, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს).

3.15. „სიგრძის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობების მოძრა­ობა, რომელთა გაბარიტული სიგრძე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს).

3.16. „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა შორის დისტანცია ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლებია).

3.17.1. „საბაჟო” (აკრძალულია საბაჟოსთან (საკონტროლო პუნქტთან) გაუჩერებლად გავლა).

3.17.2. „საშიშროება” (აკრძალულია ყველა სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან, ავარიასთან ან სხვა საშიშროებასთან დაკავშირებით).

3.18.1. „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია”.

3.18.2. „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”.

3.19. „მობრუნება აკრძალულია”.

3.20. „გასწრება აკრძალულია” (აკრძალულია ყველა სატრან­სპორ­ტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა).

3.21. „გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული”.

3.22. „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” (სატვირთო ავტომობილს, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპნე ოთხთვა­ლისა (მარხილისა და ველოსიპედისა).

3.23. „სატვირთო ავტომობილით გასწრების აკრძალვის ზონის დასასრული”.

3.24. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” (აკრძალულია მოძრაობა სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს).

3.25. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული”.

3.26. „ხმოვანი სიგნალით სარგებლობა აკრძალულია” (აკრძალულია ხმოვანი სიგნალით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება).

3.27. „გაჩერება აკრძალულია” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა).

3.28. „დგომა აკრძალულია” (აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა).

3.29. „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.

3.30. „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში

3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალე­ბის გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე.

3.31. „ყველა შეზღუდვის ზონის დასასრული” (3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებიდან ერთდროულად რამდენიმე ნიშნის მოქმე­დების ზონის დასასრული).

3.32. „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია საცნობი ნიშნითსაშიში ტვირთიაღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა).

3.33. „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია” (აკრძალულია საცნობი ნიშნითსაშიში ტვირთიაღჭურვილი და 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით 1.22–2.4, 3.1, 3.2, 5.2 კლასის საშიში ტვირთის გადასატანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა).

3.2–3.9 და 3.33 ნიშნები კრძალავს შესაბამისი სახის სატრან­სპორტო საშუალების მოძრაობას ორივე მიმართულებით.

ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება:

) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისასამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე;

) 3.2–3.8 ნიშნებისასატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ­რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში  სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე;

) 3.28–3.30 ნიშნებისატაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი;

) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისასატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე;

) 3.18.1, 3.18.2 ნიშნებისასავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი;

) 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნებისანიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინიდასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გზასთან მიმდებარე ტერიტორიების გამოსას­ვლე­ლთან და საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი.

5.22 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის წინ დადგმული 3.24 ნიშნის მოქმედება ვრცელდება პუნქტის აღმნიშვნელ 5.22 ნიშნამდე.

ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება:

) 3.16 და 3.26 ნიშნებისა – 7.2.1 დაფის გამოყენებით;

) 3.20, 3.22, 3.24 ნიშნებისამათი მოქმედების ზონის ბოლოში შესაბამისად 3.21, 3.23, 3.25 ნიშნების დადგმით ან 7.2.1 დაფის გამოყენებით. 3.24 ნიშნის მოქმედების ზონა მცირდება მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის სხვა მნიშვნელობის მქონე 3.24 ნიშნის დადგმით;

) 3.27–3.30 ნიშნებისამათი მოქმედების ზონის ბოლოში 7.2.3 ნიშნის დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 7.2.2 დაფის გამოყენებით. 3.27 ნიშანი გამოიყენება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშანი – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთან, ნიშნების მოქმედების ზონა განისაზღვრება მონიშვნის ხაზის სიგრძით.

3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული.

 

4. მიმთითებელი   ნიშნები

4.1.1. „მოძრაობა პირდაპირ”.

4.1.2. „მოძრაობა მარჯვნივ”.

4.1.3. „მოძრაობა მარცხნივ”.

4.1.4. „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”.

4.1.5. „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.

4.1.6. „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ”.

მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. გამოიყენება აგრეთვე 4.1.1–4.1.6 ნიშნები ისრების კონფიგურაციით, რომლებიც შეესაბამება კონკრეტულ გადაკვეთაზე მოძრაობის საჭირო მიმართულებას. 4.1.1–4.1.6 ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე. 4.1.1–4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

4.1.1 ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე. ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად.

4.2.1. „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან”.

4.2.2. „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან” (შემოვლა ნებადართულია მხოლოდ ისრით ნაჩვენები მხრიდან).

4.2.3. „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” (შემოვლა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან).

4.3. „წრიული მოძრაობა” (მოძრაობა ნებადართულია ისრებით ნაჩვენები მიმართულებით).

4.4. „მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა” (ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილისა და სხვა სამარშრუ­ტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრა­ობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არ აღემატება). ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ ზონაში მდება­რე საწარმოს, ანდა ემსახურებიან ან ეკუთვნიან ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილიდან უახლოეს გზაჯვა­რედინზე.

4.5. „საველოსიპედო ბილიკი” (ნებადართულია მოძრაობა მხოლოდ ველოსიპედითა და მოპედით. საველოსიპედო ბილიკით სარგებლობს ქვეითიც, თუ არ არის ტროტუარი ან ქვეით­თა ბილიკი).

4.6. „ქვეითთა ბილიკი” (ნებადართულია მხოლოდ ქვეითის მოძრაობა).

4.7. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” (ნებადართულია მოძრა­ობა მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით).

4.8. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრული”.

4.9. „საშიში ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულება” (საცნობი ნიშნითსაშიში ტვირთიაღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართუ­ლია მხოლოდ ნიშანზე აღნიშნული მიმართულებებით: 4.9.1 – მარცხნივ, 4.9.2  – პირდაპირ, 4.9.3 – მარჯვნივ).

5. საინფორმაციო-მაჩვენებელი  ნიშნები

საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი ადგენს ან აუქმებს მოძრაობის გარკვეულ რეჟიმებს, აგრეთვე იძლევა ინფორმაციას დასახლებული პუნქტებისა და სხვა ობიექტების მდებარეობაზე.

5.1. „ავტომაგისტრალი” (გზა, რომელზედაც მოქმედებს ავტომა­გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები).

5.2. „ავტომაგისტრალის დასასრული”.

5.3. „საავტომობილო გზა” (გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუ­სისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის).

5.4. „საავტომობილო გზის დასასრული”.

5.5. „ცალმხრივმოძრაობიანი გზა” (გზა ან სავალი ნაწილი, რომელ­ზედაც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით).

5.6. „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული”.

5.7.1, 5.7.2. „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” (ცალმხრივ­მოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლა).

5.8.1. „ზოლებზე მოძრაობის მიმართულებანი” (ზოლების რაოდე­ნობა და მოძრაობის ნებადართული მიმართულება ყოველ ზოლში).

5.8.2. „ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი” (ზოლზე მოძრაობის ნებადართული მიმართულებანი).

5.8.1 და 5.8.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე­ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა.

გზაჯვარედინის წინ დადგმული 5.8.1 და 5.8.2 ნიშნების მოქმე­დება ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ 5.8.1 და 5.8.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.

5.8.3. „ზოლის დასაწყისი” (აღმართზე დამატებითი ზოლის ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისი).

თუ დამატებითი ზოლის წინ დადგმულ ნიშანზე გამოსახულია ნიშანი    4.7. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, მაშინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ შეუძლია განაგრძოს ძირითად ზოლზე მითითებული ან მეტი სიჩქარით მოძრაობა, გადაადგილდება დამატებით ზოლზე.

5.8.4. „ზოლის დასაწყისი” (სამზოლიან გზაზე შუა ზოლის მონა­კვე­­თის დასაწყისი, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმართულებით მოძრაობისათვის).

5.8.5. „ზოლის დასასრული” (აღმართზე დამატებითი ან გაქანების ზოლის დასასრული).

5.8.6. „ზოლის დასასრული” (სამზოლიან გზაზე იმ ზოლის მონა­კვეთის დასასრული, რომელიც განკუთვნილია მოცემული მიმა­რთუ­ლებით მოძრაობისათვის).

5.8.7, 5.8.8. „ზოლებზე მოძრაობის მიმართულება”.

თუ 5.8.7 ნიშანზე გამოსახულია სხვა ნიშანი, რომელიც კრძა­ლავს რომელიმე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, მაშინ ამ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა შესაბამის ზოლზე აკრძა­ლულია.

5.8.7 და 5.8.8 ნიშნები ისრების შესაბამისი რაოდენობით გამოიყენება გზაზე, რომელსაც ოთხი და მეტი ზოლი აქვს.

შესაცვლელი გამოსახულების მქონე 5.8.7 და 5.8.8 ნიშნებით ხდება რევერსული მოძრაობის ორგანიზება.

5.9. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებათა ზოლი” (სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი, რომელზედაც მოძრაობა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით). ნიშნის მოქმედება ვრცელდება მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. გზის მარჯვენა მხარეს დადგმული ნიშნის მოქმედება ვრცელდება მარჯვენა ზოლზე.

5.10.1. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებე­ბი­სათვის განკუთვნილი ზოლიანი გზა” (გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე, სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპიროდ).

5.10.2, 5.10.3. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიან გზაზე გასვლა”.

5.10.4. „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის გან­კუთვნილი ზოლიანი გზის დასასრული”.

5.11.1. „მობრუნების ადგილი” (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია).

5.11.2. „მობრუნების ზონა” (მობრუნების ზონის სიგრძე. მარცხნივ მოხვევა აკრძალულია).

5.12. „ავტობუსის ან/და ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი”.

5.13. „ტრამვაის გაჩერების ადგილი”.

5.14. „მსუბუქი ტაქსის გაჩერების ადგილი”.

5.15. „დგომის ადგილი”.

ნიშანი 5.16.1 იდგმება გზის მარცხენა მხარეს გადასასვლელის შორ საზღვართან.

თუ ქვეითთა გადასასვლელზე არ არის 1.14.1–1.14.3 მონიშვნები, ნიშანი 5.16.2 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს გადასასვლელის ახლო საზღვართან.

5.17.1, 5.17.2. „ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელი”.

5.17.3, 5.17.4. „ქვეითთა მიწისზედა გადასასვლელი”.

5.18. „რეკომენდებული სიჩქარე” (სიჩქარე, რომლითაც რეკომენ­დე­ბულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა).

5.18 ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო გამაფრთხი­ლებელ ნიშანთან ერთად 5.18 ნიშნის გამოყენებისას განისაზღვრება სახიფათო სიგრძე.

5.19.1–5.19.3. „ჩიხი” (გზა, რომელსაც არა აქვს გამჭოლი გასასვლელი).

5.20.1, 5.20.2.  „მიმართულებების წინასწარი მაჩვენებელი”. (ნიშნებზე გამოისახება დასახლებული პუნქტისაკენ და სხვა ობიექტებისაკენ მოძრაობის მიმართულება).

5.20.1 და 5.20.2 ნიშნებზე აღიბეჭდება აგრეთვე 5.29.1 ნიშნის გამოსახულება, ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები. 5.20.1 ნიშანზე აღიბეჭდება სხვა ისეთი ნიშნების გამოსახულებები, რომლებიც იძლევა ინფორმაციას მოძრაობის თავისებურებებზე. 5.20.1 ნიშნის ქვემო ნაწილზე მითითებულია მანძილი ნიშნის დადგმის ადგილიდან გზაჯვარედინამდე ან დამუხრუჭების ზოლის დასაწყისამდე.

5.20.1 ნიშანი გამოიყენება აგრეთვე გზის იმ მონაკვეთის შემოვლის მისათითებლად, რომელზედაც დადგმულია ერთ-ერთი 3.11–3.15 ამკრძა­ლავი ნიშნებიდან.

5.20.3. „მოძრაობის სქემა” (მოძრაობის მარშრუტი გზაჯვარე­დინ­ზე ცალკეული მანევრის აკრძალვის დროს ან რთულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ნებადარ­თული მიმართულებები).

5.21.1. „მიმართულების მაჩვენებელი”.

5.21.2. „მიმართულებების მაჩვენებელი” (მოძრაობის მიმართულებები მარშრუტის პუნქტე­ბი­საკენ).

5.21.1, 5.21.2 ნიშნებზე მიეთითება მანძილი მათზე აღნიშნულ ობიექტამდე (კმ), აგრეთვე ავტომაგისტრალის, აეროპორტის სიმბოლოები, სპორტული და სხვა პიქტოგრამები.

5.22. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი” (დასახელება და დასახლებული პუნქტის დასაწყისი, სადაც მოქმედებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები).

5.23. „დასახლებული პუნქტის დასასრული” (ადგილი, საიდანაც მოცემულ გზაზე ძალას კარგავს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები).

5.24. „დასახლებული პუნქტის დასაწყისი” (დასახელება და დასახლებული პუნქტის დასაწყისი, სადაც მოცემულ გზაზე არ მოქმე­­დებს დასახლებულ პუნქტში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები).

5.25. „დასახლებული პუნქტის დასასრული” (5.24 ნიშნით აღნიშნული დასახლებული პუნქტის დასასრული).

5.26. „ობიექტის დასახელება” (დასახლებული პუნქტისაგან განსხვავებული ობიექტისმდინარე, ტბა, უღელტეხილი, ღირსშესანიშნაობა და სხვადასახელება).

5.27. „მანძილის მაჩვენებელი” (მანძილი (კმ) მარშრუტზე მდებარე დასახლებულ პუნქტამდე).

5.28. „კილომეტრის ნიშანი” (მანძილი (კმ) გზის დასაწყისამდე ან გზის ბოლომდე).

5.29.1, 5.29.2. – „გზის (მარშრუტის) ნომერი და მიმართულება”.

5.30.1–5.30.3. „მოძრაობის მიმართულება სატვირთო ავტომობილისათვის” (მოძრაობის რეკომენდებული მიმართულება სატვირთო ავტომობილის, ტრაქტორისა და თვითმავალი მანქანი­სათვის, თუ გზაჯვარედინზე მათი ერთ-ერთი მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია).

5.31. „შემოვლის სქემა” (მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მარშრუტი).

5.32.1–5.32.3. „შემოვლის მიმართულება” (მოძრაობისათვის დროებით დაკეტილი გზის მონაკვეთის შემოვლის მიმართულება).

5.33. „სდექ ხაზი” (შუქნიშნის (მომწესრიგებლის) ამკრძალავ სიგნალზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილი).

5.34.1, 5.34.2. „სხვა სავალ ნაწილზე გადაადგილების წინასწარი მაჩვენებელი” (მოძრაობისათვის დაკეტილი სავალი ნაწილის მონაკვე­თის შემოვლის მიმართულება გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, ან მოძრაობის მიმართულება მარჯვენა სავალ ნაწილზე დასაბრუ­ნებლად).

5.35. „რევერსული მოძრაობა” (გზის მონაკვეთის დასაწყისი, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება იცვლება საპირისპიროდ).

5.36. „რევერსული მოძრაობის დასასრული”.

5.37. „რევერსული მოძრაობით გზაზე გასვლა”.

5.38. „საცხოვრებელი ზონა” (ტერიტორია, სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები).

5.39. „საცხოვრებელი ზონის დასასრული”.

დაუსახლებელ პუნქტში დადგმული 5.20.1, 5.20.2, 5.21.1 და 5.21.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით. დასახლებულ პუნქტში დადგმულ 5.20.1, 5.20.2, 5.21.1 და 5.21.2 ნიშნებზე მწვანე ან ლურჯი ფონი აღნიშნავს, რომ მოძრაობა მითითებულ დასახლებულ პუნქტამდე ან ობიექტამდე მოცემული დასახლებული პუნქტიდან გასვლის შემდეგ ხორციელდება შესაბამისად ავტომაგისტრალით ან სხვა გზით, თეთრი ფონი კი აღნიშნავს, რომ მითითებული ობიექტი მოცემულ დასახლებულ პუნქტშია.

 

6. სერვისის ნიშნები

სერვისის ნიშანი იძლევა ინფორმაციას შესაბამისი ობიექტის განლაგებაზე.

6.1. „პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი”.

6.2. „საავადმყოფო”.

6.3. „ავტოგასამართი სადგური”.

6.4. „ავტომობილის ტექნიკური მომსახურება”.

6.5. „ავტომობილის რეცხვა”.

6.6. „ტელეფონი”.

6.7. „კვების ობიექტი”.

6.8. „სასმელი წყალი”.

6.9. „სასტუმრო ან მოტელი”.

6.10. „კემპინგი”.

6.11. „დასვენების ადგილი”.

6.12. „საგზაო პოლიციის საგუშაგო”.

 

7. დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)

დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) აზუსტებს ან ზღუდავს იმ ნიშნის მოქმედებას, რომელთანაც ის გამოიყენება.

7.1.1. „მანძილი ობიექტამდე” (მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

7.1.2. „მანძილი ობიექტამდე” (მიუთითებს მანძილს 2.4 ნიშნიდან გზაჯვარედინამდე, თუ უშუალოდ გზაჯვარედინის წინ დადგმულია ნიშანი 2.5).

7.1.3, 7.1.4. „მანძილი ობიექტამდე” (მიუთითებს მანძილს გზის მხარეს მდებარე ობიექტამდე).

7.2.1. „მოქმედების ზონა” (მიუთითებს გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციომაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას).

7.2.2–7.2.6. „მოქმედების ზონა” (7.2.2 მიუთითებს 3.27–3.30 ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას; 7.2.3 მიუთითებს 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს; 7.2.4 მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი  ყოფნის შესახებ; 7.2.5, 7.2.6 მიუთითებენ 3.27–3.30 ნიშნების მიმართულებისა და მოქმედების ზონას გაჩერებისა და დგომის აკრძალვისას მოედნის, შენობის ფასადისა და . . ერთი მხარის გასწვრივ).

7.3.1, 7.3.3. „მოქმედების მიმართულებები” (მიუთითებს გზაჯვარე­დინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაო­ბის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ).

7.4.1–7.4.8. „სატრანსპორტო საშუალების სახეობა” (მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება).

დაფა 7.4.1 ნიშნის მოქმედებას ავრცელებს სატვირთო ავტომობი­ლებ­ზე, აგრეთვე მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალუ­რი მასა 3,5 ტონას აღემატება, დაფა 7.4.3 – მსუბუქ ავტომობილზე, აგრეთვე სატვირთო ავტომობილზე, რომლის ნებადართული მაქსიმა­ლური მასა 3,5 ტონაზე ნაკლებია, დაფა 7.4.8 კისაცნობი ნიშნითსაშიში ტვირთიაღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებაზე.

7.5.1. „შაბათი, კვირა და სადღესასწაულო დღეები”.

7.5.2. „სამუშაო დღეები”.

7.5.3. „კვირის დღეები” (მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი).

7.5.4. „მოქმედების დრო” (მიუთითებს დღე-ღამის დროზე, როცა მოქმედებს ნიშანი).

7.5.5–7.5.7. „მოქმედების დრო” (მიუთითებს კვირის დღეებსა და დღე-ღამის დროზე, როცა ნიშანი მოქმედებს).

7.6.1–7.6.9. „სატრანსპორტო საშუალების სადგომზე დაყენების ხერხი”.

7.6.1 მიუთითებს, რომ სადგომზე ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა დადგეს სავალ ნაწილზე ტროტუარის გასწვრივ, ხოლო 7.6.2–7.6.9 მიუთითებენ მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის დაყენების ხერხზე ტროტუართან მიმდებარე სადგომზე.

7.7. „დგომა გამორთული ძრავით” (მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომა ნებადართულია მხოლოდ გამორთული ძრავით).

7.8. „ფასიანი მომსახურება” (მიუთითებს, რომ მომსახურება წარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით).

7.9. „დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვა” (მიუთითებს 5.15 ნიშნით აღნიშნულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალებათა დგომის მაქსიმა­ლურ ხანგრძლივობას).

7.10. „ავტომობილის დათვალიერების ადგილი” (მიუთითებს, რომ 5.15 ან 6.11 ნიშნით აღნიშნულ მოედანზე არის ესტაკადა ან დასათვალიერებელი თხრილი).

7.11. „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” (მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა­ტება დაფაზე მითითებულს).

7.12. „სახიფათო გზისპირი” (მიუთითებს, რომ გზისპირზე გადასვლა სახიფათოა მასზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, და გამოიყენება 1.23 ნიშანთან ერთად).

7.13. „მთავარი გზის მიმართულება” (მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე).

7.14. „მოძრაობის ზოლი” (მიუთითებს ზოლზე, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის ან შუქნიშნის მოქმედება).

7.15. „უსინათლო ქვეითი” (მიუთითებს, რომ ქვეითთა გადა­სასვლელით სარგებლობს უსინათლო და გამოიყენება 1.20, 5.16.1, 5.16.2 ნიშნებთან და შუქნიშნებთან ერთად).

7.16. „სველი საფარი” (მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მანამ, სანამ სავალი ნაწილის საფარი სველია).

7.17. „ინვალიდი” (მიუთითებს, რომ 5.15 ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებ­ზედაც დადგმულია საცნობი ნიშანიინვალიდი”).

7.18. „გარდა ინვალიდისა” (მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება მოტოეტლსა და ავტომობილზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანიინვალიდი”).

7.19. „საშიში ტვირთის კლასი” (მიუთითებს საშიში ტვირთის კლასის (კლასების) ნომერს 19433-88 სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით).

დაფა თავსდება უშუალოდ იმ ნიშნის ქვემოთ, რომელთანაც ის გამოიყენება. 7.2.2–7.2.4, 7.13 დაფები თავსდება ნიშნის გვერდით, თუ ეს ნიშანი განლაგებულია სავალი ნაწილის, გზისპირის ან ტროტუა­რის ზემოთ. თუ  დროებითი (გადასატანი სადგარი) და სტაციონარული საგზაო ნიშნები ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლი ხელმძღვანელობს დროებითი ნიშნებით.

 

II. საგზაო მონიშვნები

 

1. ჰორიზონტალური მონიშვნა

ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნები სავალ ნაწილზე) აწესებს მოძრაობის გარკვეულ რეჟი­მებსა და წესრიგს. ჰორიზონტალური მონიშვნა თეთრი ფერისაა, გარდა ყვითელი ფერის 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა.

1.1. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს; აღნიშნავს სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრებს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირებს, რომლებიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს.

1.2. (მთლიანი ფართო ხაზი) აღნიშნავს ავტომაგისტრალზე სავალი ნაწილის ნაპირებს.

1.3. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ოთხი და მეტი ზოლი აქვს.

1.4. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი­ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას.

1.6. (მიახლოების ხაზიწყვეტილი ხაზი, რომლის შტრიხების სიგრძე სამჯერ აღემატება მათ შორის არსებულ შუალედებს) აფრთხილებს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანს­პორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

1.7. (წყვეტილი ხაზი მოკლე შტრიხებითა და იმავე ზომის შუალედებით) აღნიშნავს მოძრაობის ზოლებს გზაჯვარედინის ფარგლებში.

1.8. (განიერი წყვეტილი ხაზი) აღნიშნავს საზღვრებს გაქანების ან დამუხრუჭების ზოლებსა და სავალი ნაწილის ძირითად ზოლს შორის (გზაჯვარედინზე, სხვადასხვა დონეზე გზების გადაკვეთაზე, ავტობუსის გაჩერების ზონაში და სხვა).

1.9. აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს, ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშნები) გზებზე, რომლებიც რევერსულად წესრიგდება.

1.10. აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია დგომა; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 3.28 ნიშანთან შეერთებით; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

1.11. ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე­ლს და . ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს.

1.12. („სდექ ხაზი”) აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი უნდა გაჩერდეს 2.5 ნიშნის არსებობისას, ან შუქნიშნის მარეგულირებლის ამკრძალავ სიგნალზე.

1.13. აჩვენებს ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გზა დაუთმოს გადასაკვეთად გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

1.14.1, 1.14.2 („ზებრა”) აღნიშნავს ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელს; 1.14.2 მონიშვნის ისარი უჩვენებს ქვეითთა მოძრაო­ბის მიმართულებას.

1.14.3. აღნიშნავს ქვეითთა გადასასვლელს, სადაც მოძრაობა წესრიგდება შუქნიშნით.

1.15. აღნიშნავს ადგილს, სადაც საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.

1.16.1–1.16.3. აღნიშნავს მიმმართველ კუნძულებს სატრანსპორტო ნაკადების გაყოფის ან შეერთების ადგილზე.

1.17. აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და ტაქსის სადგომს.

1.18. აღნიშნავს გზაჯვარედინის ზოლებზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს; გამოიყენება დამოუკიდებლად ან 5.8.1, 5.8.2 ნიშნებთან შეერთებით; მონიშვნა ჩიხის გამოსახულებით მიუთითებს, რომ მოხვევა უახლოეს სავალ ნაწილზე აკრძალულია; უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებადამრთველი მონიშვნა, ამავე დროს, ამ ზოლიდან მობრუნების ნებას იძლევა.

1.19. აფრთხილებს სავალი ნაწილის შევიწროებასთან (მონაკვეთი, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რიცხვი) ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.18.1–1.18.3 ნიშნებთან შეერთებით.

1.20. აფრთხილებს 1.13 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ.

1.21. (წარწერასდექ”) აფრთხილებს 1.12 მონიშვნასთან მიახლოების შესახებ, თუ ის გამოიყენება 2.5 ნიშანთან შეერთებით.

1.22. აჩვენებს გზის (მარშრუტის) ნომერს.

1.23. აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

1.1 და 1.3 ხაზების გადაკვეთა აკრძალულია.

დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 და 1.2 ხაზების გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.

1.5–1.8 ხაზების გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.

1.9. ხაზის გადაკვეთა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ის მძღოლისაგან მარჯვნივ მდებარეობს და რევერსული შუქნიშანი არ არის ან გამორთულია. როდესაც ჩართულია რევერსული შუქნიშანი, 1.9 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის ყოფს ზოლებს, რომლებზედაც მოძრაობა ნებადართულია ერთი მიმართულებით. რევერსული შუქნიშნის გამორთვის შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაადგილდეს მარჯვნივ – 1.9 ხაზის იქით.

თუ გამორთულია რევერსული შუქნიშანი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფი 1.9 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია.

1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავ­რე­­ბისას.

თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით.

 

2. ვერტიკალური  მონიშვნა

ვერტიკალური მონიშვნა თეთრი და შავი ზოლების შეერთებით საგზაო ნაგებობებსა და გზის აღჭურვილობის ელემენტებზე აჩვენებს მათ გაბარიტს და არის მხედველობითი ორიენტაციის საშუალება.

2.1. აღნიშნავს საგზაო ნაგებობათა ელემენტებს (ხიდის ბურჯი, გზაგამტარი, მოაჯირის გამოშვერილი ნაწილი და ..), თუ ისინი საშიშია მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის.

2.2. აღნიშნავს გვირაბის, ხიდისა და გზაგამტარის განივი ნიშნების ქვედა მხარის ნაპირს.

2.3. აღნიშნავს გამყოფ ზოლზე ან უშიშროების კუნძულზე დადგმულ მრგვალ ტუმბოს.

2.4. აღნიშნავს მიმმართველ ბოძს, ბოძკინტს, გზის შემოღობვის საყრდენსა და სხვა.

2.5. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირს მცირერადიუსიან მოსახვევში, ციცაბო დაღმართსა და სხვა სახიფათო მონაკვეთზე.

2.6. აღნიშნავს გზის შემოღობვის გვერდით ზედაპირებს სხვა მონაკვეთზე.

2.7. აღნიშნავს სახიფათო მონაკვეთზე ბორდიურსა და უშიშროების ამაღლებულ კუნძულს.

29. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1830-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 28. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1846-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 27. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1392-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 27/12/2012 - საქართველოს კანონი - 174-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 25. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6442-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 24. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6163-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 23. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5944-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 22. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5628-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 21. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 20. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4686-Iს - ვებგვერდი, 110601017, 01/06/2011 19. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4216-Iს - ვებგვერდი, 110310017, 10/03/2011 18. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4058-რს - სსმ, 74, 24/12/2010 17. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 16. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2474 - სსმ, 50, 31/12/2009 15. 30/12/2008 - საქართველოს კანონი - 957 - სსმ, 41, 30/12/2008 14. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 890 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5941 - სსმ, 8, 28/03/2008 12. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4602 - სსმ, 11, 10/04/2007 11. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4221 - სსმ, 4, 12/01/2007 10. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3395 - სსმ, 26, 14/07/2006 9. 28/04/2006 - საქართველოს კანონი - 2964 - სსმ, 15, 16/05/2006 8. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2516 - სსმ, 59, 31/12/2005 7. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2022 - სსმ, 48, 29/11/2005 6. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1754 - სსმ, 36, 11/07/2005 5. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1747 - სსმ, 38, 15/07/2005 4. 15/06/2005 - საქართველოს კანონი - 1621 - სსმ, 33, 01/07/2005 3. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 513 - სსმ, 32, 10/11/2004 2. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 206 - სსმ, 18, 09/07/2004 1. 27/09/2000 - საქართველოს კანონი - 513 - სსმ, 35, 11/10/2000