„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2964
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.130.000.05.001.002.235
  • Word
2964
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
310.130.000.05.001.002.235
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

             მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად;“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         “მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა)

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას (გამოცდას) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების (საგამოცდო) ცენტრების მიმართ მოთხოვნებს და გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (გამოცდის) წესს ამტკიცებს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტარდება ტესტირება (გამოცდა), ტესტირების (საგამოცდო) ფირნიშების ფორმა და მათი წარმოების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების (გამოცდის) პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ნორმატიული აქტით.

4. გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირებისათვის (გამოცდისათვის) ფირნიშების დამზადებასა და მათი ტესტირების (საგამოცდო) ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია აკრედიტებული ტესტირების (საგამოცდო) ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და აკრედიტაციის შესახებ აქტუალური ინფორმაცია. გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (საგამოცდო) ფირნიშის საფასურია ერთი ლარი.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს ტრანსპორტის დარგში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 12. ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის აკრძალვა

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია:

ა) ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესს და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხას, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას, ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

4. 451 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები:

„4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

5. აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების (საგამოცდო) ცენტრების მიმართ მოთხოვნების და გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების (გამოცდის) წესის დამტკიცების შესახებ.

6. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ გამოსცეს ნორმატიული აქტი (აქტები) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტარდება ტესტირება (გამოცდა), ტესტირების (საგამოცდო) ფირნიშების ფორმისა და მათი წარმოების წესის, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების (გამოცდის) პერიოდულობის შესახებ.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2964– Iს