„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4221
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.130.000.05.001.002.532
  • Word
4221
29/12/2006
სსმ, 4, 12/01/2007
310.130.000.05.001.002.532
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

                 მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ1) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომში – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებების შემადგენლობა;“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 11. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომში – ტესტირების ცენტრი).

2. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ ტესტირების ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული მისამართის მიუხედავად.

3. ტესტირების ცენტრის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი.

4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნორმატიული აქტით (აქტებით).

5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი.

7. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ ჩაუტარდება, თუ მის მფლობელს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდა ჯარიმა და იგი არ გადაუხდია დადგენილი წესით.

8. ტესტირების ცენტრისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.

9. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნუსხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.“.

3. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა (ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარდა) და მისაბმელის სპეციალურ ადგილებზე კეთდება შესაბამისი ნიმუშის სარეგისტრაციო ნიშნები, ხოლო ავტომობილზე, დამატებით, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში თავსდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში.“;

ბ) მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხაზზე გაუშვან ტექნიკურად გაუმართავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაცია აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების დარღვევით ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, ანდა რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;“.

4. 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 45 1 . გარდამავალი დებულებანი

1. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები:

ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე ამავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;

ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება შეიძლება განხორციელდეს ნებაყოფლობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება არ არის სავალდებულო, არ გამოიყენება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებასთან და მის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით.

4. 2007 წლის 1 მარტამდე:

ა) აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა გამოსცეს ნორმატიული აქტი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფორმის შემუშავება და დამტკიცება.

5. 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტი (აქტები):

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება;

ბ) სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობის შესახებ;

გ) ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ;

დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ.

6. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ფირნიშების ფორმა, მათი დამზადების წესი და ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება არსებული წესების შესაბამისად, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები – საქართველოში მოქმედი სტანდარტების მიხედვით.

7. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლამდე, ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულობის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია.“.

5. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „მუხლი 46. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტის (აქტების) ძალაში შესვლის დღიდან.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4221–რს