"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4686-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601017, 01/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310150000.05.001.016327
  • Word
4686-Iს
17/05/2011
ვებგვერდი, 110601017, 01/06/2011
310150000.05.001.016327
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო .“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელი მოთხოვნები

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭებისათვის სავალდებულოა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირი, რომელმაც გაიარა სათანადო მომზადება მძღოლების მოსამზადებელ დაწესებულებაში.

3. „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას დამოუკიდებლად მომზადებული 18 წლის ასაკს მიღწეული პირი.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171  მუხლი:

     „მუხლი 171 . 17 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის მართვის უფლების მინიჭების პირობები და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 17 წლის ასაკს მიღწეული პირი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 17 წლის მძღოლს ენიჭება „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვებით) და გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე 17 წლის ასაკს მიღწეული პირის დაშვებისათვის სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მინიჭებული „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება წყდება (უქმდება):

ა) პირის 18 წლის შესრულების დღიდან 30-ე კალენდარული დღის 24 საათზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების უვადოდ (შეზღუდვის გარეშე) მინიჭების მოთხოვნის შემთხვევაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების დადგომამდე პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართვის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე;

დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით მართვის უფლების შეწყვეტისას (გაუქმებისას).

4. პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ეკრძალება:

ა) მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით, ტაქსით ან/და შემოსავლის (მოგების) მიღების მიზნით;

ბ) შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად მუშაობა.

5. პირის მიერ, რომელსაც 17 წლის ასაკში მიენიჭა მართვის უფლება, „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე (თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე) მიღებული დადებითი შეფასება იურიდიულ ძალას კარგავს:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლის წარმოშობისთანავე;

ბ) დაუყოვნებლივ, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების შეწყვეტიდან (გაუქმებიდან), მაგრამ არა უგვიანეს მართვის უფლების უვადოდ (შეზღუდვის გარეშე) მინიჭებისა:

ბ.ა) პირს დაედო ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე, 117-ე ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევისათვის;

ბ.ბ) პირს მართვის უფლება ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

6. პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება , 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ „A“ ან/და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება მიენიჭება 17 წლის ასაკში წარმატებით ჩაბარებული მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფუძველზე, თუ მოთხოვნის მომენტისათვის არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოება.

7. პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მართვის უფლების უვადოდ (შეზღუდვის გარეშე) მისაღებ გამოცდაზე დაიშვება 18 წლის ასაკის მიღწევისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ.

8. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას, ტრაქტორისტის მართვის მოწმობასა და საერთაშორისო მართვის მოწმობას.

10. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, აგრეთვე მართვის მოწმობის, ტრაქტორისტის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის, აღდგენისა და გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში პირი ითვლება მართვის უფლების არმქონედ.“.

 4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერებისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:

ა) სამედიცინო დასკვნა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვას;

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:

ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ არსებობს მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველი;

ბ) ამ კანონის 171   მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა;

გ) პირის გარდაცვალება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას პირს ეკრძალება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე. შეჩერებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

  მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 17 მაისი.

№4686-Iს