დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3482 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/07/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 30, 27/07/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.05.001.002.367 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ
ამ კანონის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიკროლიზინგი – ლიზინგი, რომლის ღირებულება განისაზღვრება მიკროკრედიტის დადგენილი ზღვრით;
ბ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში;
გ) (ამოღებულია);
დ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ანდა პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა;
ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი – სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატის წევრი, ან/და სხვა პირები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო;
ვ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
ზ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;
თ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქმნის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისათვის და სხვადასხვა სახის რისკისაგან დასაცავად;
ი) განცხადებული კაპიტალი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;
კ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;
ლ) დაკავშირებული პირი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, პარტნიორი/აქციონერი, მათთან ისეთი ნათესაური კავშირის მქონე პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პირველი ან მეორე რიგის კანონით მემკვიდრეა, ან მათთან საქმიანი ინტერესებით დაკავშირებული პირი.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი მნიშვნელობა.
მუხლი 3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებულ უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.
3. მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა უფლებამოსილი, თავის საფირმო სახელწოდებაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღნიშვნის გარდა შეიტანოს ტერმინი „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია“ ან მისი აბრევიატურა „მისო“.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 4. მიკროსაფინანსო საქმიანობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
ვ1) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება;
ვ2) ამ პუნქტის „ა“–„ვ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა;
ვ3) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება;
ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, დერივატივის დადება, ვალუტის გადაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია და გამოსყიდვა, აგრეთვე ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები;
ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
21. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წერილობითი მითითებებით დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად.
მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა
1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.
მუხლი 6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი
1. პირის მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციისათვის მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. განაღდებული კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა გაიზარდოს.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და ფორმირების წესი.
მუხლი 7. შესაფერისობის კრიტერიუმები
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე კომერციული ბანკის, მიკრობანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პარტნიორი (აქციონერი) ან სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი.
2. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ:
ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია;
ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა;
გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ;
დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;
ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს ეკრძალება მონაწილეობა იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს.
4. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.
41. პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი ახორციელებს უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას.
5. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) მონაწილეობა 10%-ს ან 50%-ს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე.
6. საქართველოს ეროვნული ბანკი განაცხადს განიხილავს მისი წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.
7. განაცხადის წარმოდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაინტერესებული პირისათვის პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობის მიცემას.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისაგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილი.
9. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები.
მუხლი 8. სათანადო პროცედურები, აუდიტი, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგება და დაიცვას საჯაროობის პრინციპი;
ბ) შეიმუშაოს და განახორციელოს შიდა კონტროლის სისტემა და პროცედურები;
გ) ყოველწლიურად მოიწვიოს აუდიტორი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩასატარებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) აწარმოოს გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება და საგადასახადო ანგარიშგება, პასუხისმგებელი იყოს აღნიშნული ანგარიშგებების უტყუარობისთვის, აგრეთვე ინფორმაციისა და ანგარიშგებების სრულად წარდგენისთვის, დაიცვას საჯაროობის პრინციპი; საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. აღრიცხვის წესი, ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით;
ე) საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშგება. ანგარიშგების ფორმა და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით;
ვ) იყოს პასუხისმგებელი ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე;
ზ) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, რომელიც მომზადდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და რომლის აუდიტიც განხორციელდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის საერთაშორისო აღრიცხვისა და მარწმუნებელი სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
თ) განახორციელოს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული სათანადო პროცედურები აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული „ანგარიშგების საერთო სტანდარტის“ თანახმად, თუ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ შეთანხმებით განსაზღვრული ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტია.
2. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამ მუხლით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას ზედიზედ ორჯერ არ წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს მის მიერვე დადგენილი ფორმით და პერიოდულობით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია 6 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
მუხლი 9. მიკროსესხის გაცემის პირობები
1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია განახორციელოს კონტროლი მსესხებლის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობაზე, ხოლო მსესხებელი ვალდებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოს ასეთი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობით. თუ მსესხებელი არ შეასრულებს კრედიტის მიზნობრივად გამოყენების ვალდებულებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას კრედიტის გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შესრულებაზე გაუცემელი კრედიტის ნაწილში და მოითხოვოს კრედიტის გაცემული ნაწილის ვადამდე დაფარვა.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 91. დარღვევები და სანქციები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა:
ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა;
ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას;
გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
დ) დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნები;
ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს დარღვევის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომები;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;
ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, ფულადი სახსრების მოზიდვა; მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა;
ვ) შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები;
ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმოს რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
მუხლი 10. ინფორმაციის კონფიდენციალობა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე) შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას − პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს. სხვა პირებს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
3. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის სხვა ორგანოსთვის (მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით) გადაცემა და საჯარო გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია გადაეცემა „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 101. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა ამ კანონის 102 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.
2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე აღნიშნულ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნულ ვალდებულებათა გადაცემას.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა და ვალდებულებების გადაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი კრედიტორი ან/და მოვალე არ განაცხადებს თანხმობას ან უარს აქტივის ან ვალდებულების სხვა პირისათვის გადაცემაზე, თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება.
6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.
7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე ვრცელდება ამ კანონისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.
8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით.
9. თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იმავდროულად „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორია, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონის მე-18, მე-20 და 22-ე მუხლებით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.
მუხლი 102. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კომერციულ ბანკად ან მიკრობანკად გარდაქმნა
1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, უფლებამოსილია შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უწყვეტად ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას და მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმებისთანავე მისი უფლებამონაცვლე ხდება შესაბამისი კომერციული ბანკი ან მიკრობანკი.
4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის მიღების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია განაგრძობს საქმიანობას ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების დაფუძნების შემთხვევაში ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით დაადგინონ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ოდენობა ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად (სააქციო საზოგადოებისათვის დაადგინონ აქციების ნომინალური ღირებულება).
2. საწესდებო კაპიტალში არაფულადი შენატანის შეტანისას ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2007 წლის 30 ნოემბრამდე მოახდინონ შესაბამისი ქონების აუდიტორული შეფასება.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წესდებებით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ უფლება, გაასხვისონ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაფუძნებული საზოგადოებების წილები (აქციები) და დაადგინონ მათი გასხვისების წესი.
4. ამ კანონის ამოქმედებამდე არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე 2007 წლის 31 დეკემბრამდე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 18 ივლისი.
№3482–რს
დოკუმენტის კომენტარები