სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2839
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 260.030.000.05.001.003.961
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2839
26/03/2010
სსმ, 17, 06/04/2010
260.030.000.05.001.003.961
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.

 2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია და სტანდარტები, აგრეთვე ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ჰარმონიზაციის ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და ახორციელებს მასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.

4. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს:

ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს;

ბ) შიდა აუდიტს;

გ) ჰარმონიზაციის ცენტრს.

5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ დაწესებულებებზე.

6. ამ კანონის II თავის მოქმედება ვრცელდება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, მიუხედავად ამ ორგანიზაციებში შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის ვალდებულებისა.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 18  დეკემბრის კანონი 4675  - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული , რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს ამ კანონით დადგენილი წესით;

გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება ან/და დაწესებულების სისტემა ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/ ქვედანაყოფები (ერთეული/ერთეულები) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული/ერთეულები, რომელშიც/რომლებშიც შიდა აუდიტი ხორციელდება;

დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება;

ე) შიდა კონტროლის სისტემა – დაწესებულების მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ფუნქციას, რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, გამჭვირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა, და რომლის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები;

ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა კონტროლის სისტემის ნაწილი, რომელსაც ნერგავენ და ახორციელებენ დაწესებულების ხელმძღვანელები, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას;

ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას;

1) მარწმუნებელი საქმიანობა − დამოუკიდებელი შეფასების მომზადების მიზნით დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების აუდიტორული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზის განხორციელება;

2) საკონსულტაციო საქმიანობა − კონსულტაციის ობიექტისთვის რჩევის ან რეკომენდაციის მიცემა ან მისი მხარდამჭერი სხვა, მსგავსი მომსახურების გაწევა, მათ შორის, ტრენინგის ჩატარება ან/და ფასილიტაციის გაწევა, რომლის შინაარსი და მასშტაბი თანხმდება აღნიშნულ ობიექტთან და რომელიც მიზნად ისახავს დაწესებულების მმართველობის, რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების გაუმჯობესებას შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე;

თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას;

ი) ჰარმონიზაციის ცენტრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ხელს უწყობს და უზრუნველყოფს დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებასა და ფუნქციურ სრულყოფას და ამ საკითხების კოორდინაციას;

კ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ლ) შესაბამისობის აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

მ) ეფექტიანობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

ნ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი − ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში);

ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს;

რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ შემუშავებული შიდა აუდიტის სტანდარტები;

ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“;

ტ) რისკი − ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე;

უ) ეკონომიურობა – რესურსების ღირებულების მინიმუმამდე შემცირება მისაღები ხარისხის პირობებში, რაც გულისხმობს შესაბამისი ხარისხისა და რაოდენობის საჭირო რესურსების დროულად და საუკეთესო ფასად შეძენას;

 ფ) ეფექტიანობა – დაგეგმილი შედეგებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, რაც გულისხმობს მიღწეული მიზნებისა და შედეგების განხორციელებულ ღონისძიებებთან კავშირს;

 ქ) პროდუქტიულობა – არსებული რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა, რაც გულისხმობს, შესაბამისი ხარისხის, რაოდენობისა და დროულობის გათვალისწინებით, გამოყენებულ რესურსებსა და საბოლოო პროდუქტს შორის თანაფარდობას.

საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .20 10 წ., მუხ. 395

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

     მუხლი 3. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა

1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.

2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.

3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.

4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების შესაბამისად. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება.

5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.

6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში

1. შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში:

ა) საქართველოს სამინისტროებში;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში;

გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;

დ) მუნიციპალიტეტის მერიაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მერიის დებულების საფუძველზე.

2. შიდა აუდიტის სუბიექტი შეიძლება შეიქმნას იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, რომელიც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება, იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირში, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, და საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა დაწესებულებამ შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნის თაობაზე უნდა აცნობოს ჰარმონიზაციის ცენტრს.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

თავი II. ფინანსური მართვა და კონტროლი

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავება

1. თითოეული დაწესებულება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად შეიმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარ სისტემას.

2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია იმისთვის, რომ ზემდგომ ხელმძღვანელს აცნობოს ფინანსურ მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი

1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ინერგება ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებისათვის, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, რაც ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:

ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ წესებთან, შიდა პოლიტიკასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან;

ბ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება;

გ) სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება;

დ) აქტივების, ინფორმაციისა და სხვა რესურსების დაცვა დაკარგვისაგან, არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან და დაზიანებისაგან.

2. ფინანსური მართვა და კონტროლი ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში.

3. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს, ოპერაციებსა და ქმედებებს.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 7. მენეჯერული ანგარიშვალდებულების არსი

1. დაწესებულების ყოველ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი მის მიერ განხორციელებული ქმედებისათვის და სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვის პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე.

2. რომელიმე პროგრამაზე ან პროექტზე ერთზე მეტი დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი ხელმძღვანელები წერილობით უნდა შეთანხმდნენ თითოეული მათგანის მენეჯერული ანგარიშვალდებულების მოქმედების სფეროზე.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები

1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას;

ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს;

დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;

ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას;

ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;

ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში;

თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას;

ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით;

ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას;

მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.

3. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 9. უფლებამოსილების დელეგირება

1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ამ თავით განსაზღვრული უფლებამოსილების მისდამი დაქვემდებარებულ უფლებამოსილ პირზე დელეგირება.

2. უფლებამოსილების დელეგირება დაწესებულების ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 10. ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტები

1. ფინანსური მართვა და კონტროლი ეფუძნება შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს და ხორციელდება შემდეგი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების საშუალებით:

ა) კონტროლის გარემო;

ბ) რისკის მართვა;

გ) კონტროლის ღონისძიებები;

დ) ინფორმაცია და კომუნიკაცია;

ე) მონიტორინგი და შეფასება.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტების შემუშავებას, ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 11. კონტროლის გარემო

ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაბამისი კონტროლის გარემოს ჩამოყალიბებასა და დახვეწას, რომელიც მოიცავს:

ა) ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა პირად და პროფესიულ პატიოსნებას და ეთიკურ ღირებულებებს;

ბ) მართვის პროცესებსა და მეთოდებს;

გ) დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას;

დ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების განაწილებას, ასევე ანგარიშგების საფეხურების იერარქიულობას;

ე) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკას;

 ვ) დაწესებულების თანამშრომელთა კომპეტენტურობას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 12. რისკის მართვა

რისკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებისათვის პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი განსაზღვრავს იმ შესაძლო მოვლენებისა და სიტუაციების განსაზღვრის, შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგის პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენს დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან/და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე და მოიცავს რისკის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 13. კონტროლის ღონისძიებები

1. კონტროლის ღონისძიებები ყალიბდება რისკის ოპტიმალურ დონემდე შესამცირებლად, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად და ეფუძნება შესაბამის ინსტრუქციებსა და პროცედურებს.

2. კონტროლის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას და მათი განხორციელების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელ სარგებელს.

3. კონტროლის ღონისძიებები მოიცავს:

ა) უფლებამოსილების მინიჭების პროცედურებს;

ბ) მოვალეობების იმგვარ განაწილებას, რომ ერთი და იგივე პირი არ იყოს პასუხისმგებელი უფლებამოსილების მინიჭებაზე, ქმედების განხორციელებასა და კონტროლზე;

გ) ხელმოწერის ორმაგი სისტემის დამკვიდრებას, რაც შეუძლებელს გახდის ვალდებულების აღებას და გადახდის განხორციელებას დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ერთდროულად ხელმოწერის გარეშე;

დ) აქტივებისა და ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს;

 ე) წინასწარი და შემდგომი კონტროლის განხორციელებას;

ვ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად ასახვის პროცედურების დამკვიდრებას;

ზ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის, პროცესებისა და ქმედებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას;

თ) ზედამხედველობას;

ი) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის პროცედურების დამკვიდრებას;

კ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის დოკუმენტირებას და სხვა.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 14. ინფორმაცია და კომუნიკაცია

დაწესებულების ხელმძღვანელი ნერგავს და განავითარებს სანდო, სრულყოფილ და ხელმისაწვდომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემას, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესახებ უახლესი და სანდო ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობას დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე;

 ბ) დაწესებულების ყველა თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის შესახებ მიიღონ სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მითითებები და ინსტრუქციები.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 15. მონიტორინგი და შეფასება

1. დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგისა და შეფასებისათვის, მისი ადეკვატურობის, ფუნქციონირების შენარჩუნებისა და დროულად განახლების მიზნით. მონიტორინგი უზრუნველყოფს ასევე შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება უწყვეტი მონიტორინგისა და თვითშეფასების მეშვეობით, შიდა აუდიტის სუბიექტთან ერთად.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 16. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა

ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელები ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვისა და განვითარების შესახებ წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი III. შიდა აუდიტი

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

შიდა აუდიტის სუბიექტი საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:

 ა) დამოუკიდებლობა;

 ბ) კეთილსინდისიერება;

 გ) ობიექტურობა;

 დ) პროფესიონალიზმი;

 ე) კონფიდენციალურობა;

 ვ) კანონიერება;

 ზ) გამჭვირვალობა.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 18. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები

1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ დაწესებულების სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული.

2. შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:

ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

 3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

4. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 19. შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები

1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.

2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.

3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:

ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

აქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 20. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი

1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.

2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი წარმართავს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი:

 ა) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ე) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 21. შიდა აუდიტის დაგეგმვა

1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:

ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;

ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;

გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.

2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.

3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.

4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.

5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით, რისკის შეფასების საფუძველზე.

7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.

8. შიდა აუდიტის წლიურ გეგმასა და სტრატეგიულ გეგმას, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტების წლიური და სტრატეგიული გეგმები ჰარმონიზაციის ცენტრს ეგზავნება.

9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

     მუხლი 22. შიდა აუდიტორული შემოწმება

1. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.

2. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

ა) აუდიტის დაგეგმვა;

ბ) აუდიტის განხორციელება;

გ) ანგარიშგება;

დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.

3. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:

ა) სისტემური აუდიტი;

ბ) შესაბამისობის აუდიტი;

გ) ეფექტიანობის აუდიტი;

დ) ფინანსური აუდიტი;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 23. შიდა აუდიტორული ანგარიში

1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.

3. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.

4. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.

5. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.

6. შიდა აუდიტის სუბიექტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის.

7. თუ შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სუბიექტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

      მუხლი 231. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა

1. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს შიდა აუდიტის საქმიანობის ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებას.

2. შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასებასა და გარე შეფასებას.

3. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის შიდა შეფასება გულისხმობს შიდა აუდიტის საქმიანობის მიმდინარე მონიტორინგს ან/და შიდა აუდიტორის მიერ ჩატარებულ პერიოდულ თვითშეფასებას ან  დაწესებულებაში იმ პირის მიერ ჩატარებულ შეფასებას, რომელსაც აქვს შიდა აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა.

4. შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებას ახორციელებს გარე კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებელი ან/და შემფასებელთა ჯგუფი არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.

      მუხლი 24. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში

1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:

ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;

ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;

გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);

დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;

ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;

ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.

2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელს. ამ კანონის  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებებისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების (გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებისა, რომელთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით) შიდა აუდიტის სუბიექტები შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშებს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენენ აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

      მუხლი 241. შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარება

1. შიდა აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტორი ვალდებულია შეთავაზებულ უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.

2. დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა აუდიტორს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.

3. სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას ადასტურებს ჰარმონიზაციის ცენტრი ამ კანონის 242 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

      მუხლი 242. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა

1. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს სერტიფიცირების კანდიდატის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარებას და შიდა აუდიტის სფეროში მუშაობის პრაქტიკის დადასტურებას.

2. ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს.

3. სერტიფიცირების კანდიდატს უფლება აქვს, სასერტიფიკატო გამოცდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის გარეშე ჩააბაროს.

4. შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების შიდა აუდიტორებსა და შიდა აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების მსურველ კანდიდატებს.

5. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორის სერტიფიკატი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით, თუ შიდა აუდიტორს უწყვეტი პროფესიული განვითარებით კვალიფიკაცია უნარჩუნდება და მისი საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსს.

6. საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დებულება მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3574 – ვებგვერდი, 03.11.2023წ.

     მუხლი 25. შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან

1. შიდა აუდიტის სუბიექტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან , მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .

2. შიდა აუდიტის სუბიექტი, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სუბიექტისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ციფრული მმართველობის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან 1 თვის ვადაში.

3. შიდა აუდიტის სუბიექტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურ თან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 26. ინტერესთა კონფლიქტი

1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა ამ კანონით და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.

2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;

ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;

გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი IV. შიდა კონტროლის კოორდინირება და ჰარმონიზება

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 27. ჰარმონიზაციის ცენტრი

1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებას, კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

2. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განახლებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ელემენტების ხარვეზების ანალიზს, განვითარების შეფასებას და სამოქმედო გეგმას;

ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას;

გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას, მის შემდგომ განახლებასა და დახვეწას;

დ) შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნას, მათ შემდგომ განახლებასა და დახვეწას;

ე) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სფეროებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა ჰარმონიზაციის ცენტრებთან ურთიერთობების დამყარებასა და თანამშრომლობას;

ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსური მართვისა და კონტროლისათვის პასუხისმგებელი პირებისთვის პერიოდულად სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების დაგეგმვას, მათ ხელშეწყობას და მათი საქმიანობის კოორდინაციას;

ზ) შიდა აუდიტის სუბიექტისთვის ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების, შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ;

თ) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის მარეგულირებელი კანონმდებლობის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს;

ი) შიდა აუდიტის, აგრეთვე ფინანსური მართვისა და კონტროლის სტრატეგიის, მეთოდოლოგიის და მათი სახელმწიფო სექტორში განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;

კ) სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის შემუშავებას და ყოველი წლის 31 მარტამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენას, რომელიც, თავის მხრივ, ამ ანგარიშს საქართველოს მთავრობას წარუდგენს;

ლ) შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის დანერგვას.

3. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

4. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 271. შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ჩართულობისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, საჭიროებათა ანალიზის განსახორციელებლად და სხვა მიზნით შექმნას შიდა აუდიტის და დაწესებულების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განვითარების საკითხების განმხილველი სამუშაო ჯგუფები. ამ ჯგუფების შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

 

თავი V. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი VI. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი VII. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 30. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

    მუხლი 31. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

 

თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 32. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.

     2. (ამოღებულია).

     3. (ამოღებულია).

31(ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

4. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

5. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).

6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას.

7. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემური, ეფექტიანობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან.

8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოსაცემი/მისაღები სამართლებრივი აქტები გამოსცენ/მიიღონ ამავე კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული – გამოსცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

9. ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციას.

10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.252

საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .20 10 წ., მუხ. 395

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1446 - ვებგვერდი, 28.10.2013წ.

     მუხლი 33. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2839–Iს

12. 19/10/2023 - საქართველოს კანონი - 3574-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/11/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6945-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 10. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6303-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 9. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1266-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 8. 18/12/2015 - საქართველოს კანონი - 4675-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 13/12/2013 - საქართველოს კანონი - 1795-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 6. 04/10/2013 - საქართველოს კანონი - 1446-Iს - ვებგვერდი, 28/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 4. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 3. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5447-IIს - ვებგვერდი, 111222014, 22/12/2011 2. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3756-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3375 - სსმ, 40, 20/07/2010