დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2291 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 21/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/08/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.05.001.003.797 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2013 - 29/11/2013)
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში დამოუკიდებელი , ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფა .
2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს, ადგენს სტატისტიკის წარმოებისა და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამართლებრივ საფუძვლებს, ოფიციალურ სტატისტიკაზე პასუხისმგებელ ორგანოთა სისტემას და მათ ფუნქციებს .
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების , ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან .
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :
ა) ადმინისტრაციული წყარო – სახელმწიფო რეესტრი ან სხვა მონაცემთა ბაზა როგორც ელექტრონული , ისე სხვა ფორმით , რომელსაც აწარმოებს ან ფლობს ადმინისტრაციული ორგანო ;
ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო ;
გ) კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მიზნით შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია , რომელიც იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა ;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – განსაზღვრულ დროს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური , ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების , დამუშავების , შეფასების , ანალიზის , განზოგადებისა და გამოქვეყნების ერთიანი პროცესი ;
ე) ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა , რომლის საფუძველზედაც მიიღება ქვეყნის სოციალური , ეკონომიკური , დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები . საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე , აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა , თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე ;
ვ) სტატისტიკური კვლევა – ექსკლუზიურად , სტატისტიკური მიზნით ჩატარებული კვლევა , რომელიც ეფუძნება სტატისტიკური ერთეულების შესახებ მონაცემთა შეგროვებას ;
ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული , რომელიც ექვემდებარება სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური საქმიანობის საგანი ;
თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით;
ი) შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა , რომლებიც ექვემდებარებიან ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით ), ნათესაური ან / და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც );
კ) საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური .
მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები
1. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს :
ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური ან / და დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად ;
ბ) ობიექტურობა – სტატისტიკის წარმოებისას და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იქნეს სისტემატურობა , საიმედოობა და მიუკერძოებლობა , რაც გულისხმობს სტატისტიკის წარმოებას პროფესიული და ეთიკური სტანდარტების საფუძველზე , აგრეთვე განხორციელებული პოლიტიკისა და პრაქტიკის გამჭვირვალობას , ყველა მომხმარებლისათვის სტატისტიკური მონაცემების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ;
გ) სანდოობა – სტატისტიკის წარმოება უნდა განხორციელდეს სწორად , ზუსტად და თანამიმდევრულად , რაც გულისხმობს სტატისტიკური სტანდარტების , მეთოდოლოგიისა და რესურსების შესარჩევად სამეცნიერო კრიტერიუმების გამოყენებას , აგრეთვე სტატისტიკის წარმოებისათვის გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის საჯაროობას ;
დ) სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს დაკვირვების ერთეულთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია , რომელიც შეგროვდა სტატისტიკური მიზნით , ადმინისტრაციული თუ სხვა წყაროებიდან . აკრძალულია ამ ინფორმაციის არასტატისტიკური მიზნით გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება ;
ე) ეფექტიანობა – სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო დანახარჯი უნდა იყოს შედეგის მნიშვნელობისა და მიღებული სარგებლის პროპორციული .
2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას .
მუხლი 5. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით , ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის მნიშვნელოვანია საქსტატის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან .
2. სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე .
3. ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს საქსტატის თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან სტატისტიკის ეფექტიანი წარმოების მიზნით .
მუხლი 6. საქსტატის სამართლებრივი სტატუსი
საქსტატი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე .
თავი II. საქსტატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და დაფინანსება
მუხლი 7. საქსტატის უფლებამოსილება
1. საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება :
ა) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა ;
ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება ;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა , რომელიც მოიცავს :
გ .ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას ;
გ .ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად , სტატისტიკური მიზნით ;
გ .გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას ;
გ .დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას ;
გ .ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ;
გ .ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას ;
დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება ;
ე) ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება ;
ვ) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა ;
ზ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა .
2. საქსტატი სტატისტიკას აწარმოებს საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული / აღიარებული საერთაშორისო ანალოგიების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე .
3. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა , რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით .
4. საქსტატს ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა , რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე -4 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს .
5. საქსტატის ორგანოების კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 8. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი , რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე .
2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს არანაკლებ 1 მოადგილისა , რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში .
4. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი .
5. აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონითა და საქსტატის დებულებით მისთვის გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქსტატის აპარატის მეშვეობით .
6. აღმასრულებელი დირექტორის მიმართ ვრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები .
მუხლი 9. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები
1. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია :
ა ) საქსტატის ხელმძღვანელობა ;
ბ ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა ;
გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა ;
ე ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა ;
ვ ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა ;
ზ ) საქსტატის აპარატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ;
თ ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება ;
ი) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;
კ ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა ;
ლ ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება .
2. საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე .
3. აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) წლის განმავლობაში სტატისტიკის სისტემაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ბ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
მუხლი 10. საქსტატის დაფინანსების წყაროები
საქსტატი ფინანსდება :
ა ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , ყოველწლიურად , საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად ;
ბ ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით ;
გ ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით ;
დ ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან .
1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომში – საბჭო ).
2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან და საბჭოს თავმჯდომარისაგან .
3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
4. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე .
მუხლი 12. საბჭოს შემადგენლობის დანიშვნა
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.
4. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში − სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.
5. ჩაითვლება , რომ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატურას თანხმობა მიეცა , თუ იგი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას , მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა .
6. თუ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ხმას მიიღებს ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე მეტი კანდიდატი , მაშინ ჩაითვლება , რომ თანხმობა მიეცა უფრო მეტი ხმის მქონე კანდიდატს .
7. კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა თანაბარი რაოდენობის ხმების მქონე კანდიდატებს შორის .
8. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით.
9. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
10. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით .
11. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 4 წელი . პირი არ შეიძლება დაინიშნოს საბჭოს წევრად ზედიზედ 2- ჯერ .
12. საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დანიშვნის შესაბამისი პროცედურები ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით .
საბჭოს ფუნქციებია :
ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა ;
ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;
გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება ;
დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის განხილვა , რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის აღიარება ;
ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის დამტკიცება ;
ვ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;
ზ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება ;
თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;
ი) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება , რომლითაც უნდა განისაზღვროს საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები ;
კ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა .
მუხლი 14. საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძვლები
1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია :
ა ) პირადი განცხადება ;
ბ ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა , უგზო - უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლი ლად გამოცხადება ;
გ ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ;
დ ) გარდაცვალება .
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა , უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია ასევე:
ა ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში :
ა . ა ) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა ;
ა . ბ ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა ;
ბ ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში :
ბ . ა ) საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის გასვლა ;
ბ . ბ ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრობის უფლებამოსილების განუხორციელებლობა ;
ბ . გ ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება ;
გ ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში :
გ . ა ) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა ;
გ . ბ ) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გასვლა .
3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
4. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
თავი IV. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები
მუხლი 15. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია ოფიციალური სტატისტიკის სფეროში
ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციაა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე სტატისტიკის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად .
მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა
1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები , საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების , ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას საბჭოს მიერ დამტკიცებული/ აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე .
2. საქსტატი უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას , გასცემს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ახორციელებს სტატისტიკის წარმოების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას და ხელს უწყობს დამტკიცებული სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეფექტიან იმპლემენტაციას .
თავი V. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა
მუხლი 17. აღწერის ჩატარების მიზანი
აღწერა ტარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, რაც აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით .
მუხლი 18. მოქალაქეთა ვალდებულება
1. საქართველოს ყველა მოქალაქე , აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა .
2. გამოკითხვის პროცესში აკრძალულია მოსახლეობისათვის რაიმე საბუთის მოთხოვნა .
მუხლი 19. აღწერის ძირითადი პრინციპები
აღწერის ძირითადი პრინციპებია :
ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი ;
ბ) აღწერის ჩატარების პერიოდულობა ;
გ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი პროგრამითა და წესით ჩატარება ;
დ) სტატისტიკური მონაცემების მოპოვება თითოეული შინამეურნეობისა და მის წევრთა ინდივიდუალური რეგისტრაციით ;
ე) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს ჩატარება , გარდა იმ შემთხვევებისა , როდესაც :
ე.ა) საქართველოს ზოგიერთ მთიან , ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია და აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით , განსაზღვრულ პერიოდში ;
ე.ბ) კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია საქსტატისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით .
მუხლი 20. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარების თარიღი
1. აღწერა ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით , რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიას .
2. აღწერის ჩატარების თარიღი თითოეული აღწერისათვის განისაზღვრება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით .
3. საქართველოს ზოგიერთ მთიან , ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში , რომელთანაც აღწერის ჩატარების დროს კავშირი გართულებულია , აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით , განსაზღვრულ პერიოდში .
მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები
1. აღწერის მომზადების , ჩატარების , მოპოვებული მასალების დამუშავების , შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს .
2. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის , ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების უზრუნველსაყოფად და მათი კოორდინაციის განსახორციელებლად აღწერის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 3 თვისა , საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით , საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია ).
3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას , განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს , განსაზღვრავს ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს , მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს . მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას ამტკიცებს კომისია .
4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს მთავრობის წევრი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ - მინისტრი .
5. კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით , რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .
6. კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში .
1. აღწერის ორგანიზებისა და მეთოდურ დებულებათა პროექტების , მისი მასალების დამუშავების ტექნოლოგიური პროცესის შემოწმებისა და აღწერის მომზადებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ სპეციალისტთა სწავლების მიზნით ძირითად აღწერას 2–2,5 წლით უსწრებს საცდელი აღწერა .
2. საცდელი აღწერის მიზანია განსაზღვროს , თუ რამდენად მისაღებია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა , აღწერის დოკუმენტაციის ფორმა და შინაარსი , განმარტებითი მუშაობის ეფექტიანობა , კითხვების შესაბამისი კოდირების სისტემა , აღწერის მასალების ავტომატიზებული დამუშავების ტექნოლოგიური პროცესი და სხვა .
3. საცდელი აღწერის ჩატარების შემდეგ , საჭიროების შემთხვევაში , საქსტატი უფლებამოსილია შეცვალოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მეთოდოლოგია , რომელიც უნდა დამტკიცდეს კომისიის დადგენილებით .
მუხლი 23. აღწერის შედეგების გამოქვეყნება
აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის ჩატარებიდან 6 თვეში , ხოლო საბოლოო შედეგები – არა უგვიანეს 18 თვისა .
მუხლი 24. აღწერის მონაცემთა შენახვა
მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე , ხოლო ელექტრონულ მატარებელზე არსებული ინფორმაცია – უვადოდ .
თავი VI. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, გავრცელება, შენახვა და მათი კონფიდენციალურობის დაცვა
მუხლი 25. სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1. საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
2. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიაწოდონ საქსტატს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ.
მუხლი 26. სტატისტიკურ მონაცემთა ხელმისაწვდომობა და შენახვა
1. სტატისტიკური მონაცემები საჯაროა, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებითაც შესაძლებელია დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირება.
2. სტატისტიკური მონაცემები, გარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სტატისტიკური მონაცემებისა, მატერიალური ფორმით ინახება მათ სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული ფორმით – 20 წლის განმავლობაში.
მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან მიღებული შემოსავალი
1. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში:
ა) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის;
ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა.
2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს განსაზღვრავს საქსტატის საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3293 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.224
მუხლი 28. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გაცემა და გავრცელება ან მათი არასტატისტიკური მიზნით გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, ასეთი მონაცემების შემცველი სტატისტიკური კვლევის ამსახველი კითხვარების განადგურება ან განცალკევებით შენახვა.
მუხლი 29. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა
1. დაუშვებელია საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ სტატისტიკური კვლევის მიზნით შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი მიზნით, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის.
2. საქსტატის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელება.
3. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ ამ კანონის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
4. ბრალეულობის ან/ და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს შემდეგი დისციპლინური სახდელების შეფარდებას: გაფრთხილება, ხელფასის დაკავება ან/ და სამსახურიდან გათავისუფლება.
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა გამოცხადდეს და 2010 წლის 1 თებერვლამდე დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაცია.
2. რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად. საქსტატი შექმნილად ჩაითვლება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და საქსტატის დებულების დამტკიცების მომენტიდან.
3. რეორგანიზაციის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამტკიცებს საქსტატის დებულებას.
4. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს საქსტატს საბჭოს პირველი შემადგენლობის დანიშვნამდე.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს, რომელთა წარდგენა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
6. საქსტატი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.
მუხლი 31. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–29- ე მუხლებისა და 31- ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი–29- ე მუხლები და 31- ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) „ სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი ( პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 58);
ბ) „ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 01.11.2001, მუხ. 122).
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 დეკემბერი.
№2291–რს
დოკუმენტის კომენტარები