ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2995-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 30/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.020884
2995-XIმს-Xმპ
31/05/2023
ვებგვერდი, 13/06/2023
300010000.05.001.020884
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მიზანია გაეროს ოფიციალური სტატისტიკის  ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტატისტიკური მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და ძირითად პრინციპებს, ადგენს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების, მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის პასუხისმგებელი ორგანოების სისტემასა და ფუნქციებს.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში

ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოფიციალური სტატისტიკა − სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა და საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე წარმოებული სტატისტიკის მონაცემები, რომლებიც აღწერს საქართველოში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ მდგომარეობას, მისი გარემოს მდგომარეობას, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა;

ბ) სტატისტიკის ეროვნული სისტემა – საქართველოში არსებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და სტატისტიკური ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წლიური ან მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ძირითადად შეიცავს ინფორმაციას შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალისა და მათ შემსრულებელთა, აგრეთვე შესაბამისი დაკვირვების ჩატარების პერიოდულობისა და მისი შედეგების გამოქვეყნების თარიღის შესახებ;

დ) მონაცემების სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − მონაცემების ექსკლუზიურად გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოებისთვის, სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისა და სტატისტიკური მომსახურების გაწევისთვის, ყველა საქმიანობის ჩათვლით, რომლებსაც ეს კანონი არეგულირებს;

ე) სტატისტიკური გამოკვლევა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ რესპონდენტთა განსაზღვრული ერთობლიობისგან ინდივიდუალური მონაცემების შეგროვება ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სისტემატური გამოყენებით;

ვ) აღწერა – სტატისტიკური გამოკვლევა, რომელიც სრულად მოიცავს მოსახლეობას, საცხოვრისებს, ეკონომიკურ ერთეულებს, შენობებსა და სასოფლო მეურნეობებს და რომლის ჩატარების დროსაც გარკვეული სტატისტიკური მახასიათებლებით ხდება სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების მიღება;

ზ) სტატისტიკური ერთეული − სტატისტიკური მახასიათებლების მქონე ერთეული, მათ შორის, ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი;

თ) რესპონდენტი − სტატისტიკური ერთეული, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს სტატისტიკური მიზნებისთვის აწვდის ინდივიდუალურ მონაცემებსა და სხვა სახის მონაცემებს;

ი) სტატისტიკური მეთოდოლოგია − მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის თეორიისა და მეთოდების ერთობლიობა;

კ) შემუშავება − საქმიანობა (აქტივობა), რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას და გავრცელებისას გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების, კონცეფციების, სტანდარტებისა და პროცედურების შექმნას, გაუმჯობესებასა და სრულყოფას;

ლ) წარმოება − საქმიანობა, რომელიც უკავშირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მონაცემების აუცილებელ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და შენახვას;

მ) გავრცელება − მოქმედება, რომლის შედეგადაც სტატისტიკური მონაცემები, სტატისტიკური ანალიზის შედეგები, სტატისტიკური მომსახურება და მეტამონაცემები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება;

ნ) პირველადი გავრცელება − ისეთი გავრცელება, რომლის დროსაც სტატისტიკური მონაცემები საჯაროდ პირველად ქვეყნდება;

ო) ადმინისტრაციული მონაცემები − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული ნორმებისა) შესაბამისად ადმინისტრაციული მიზნებისთვის შეგროვებული მონაცემები;

პ) სტატისტიკური რეგისტრი − სტატისტიკური ერთეულებისა და მათი მახასიათებლების სია, იდენტიფიკატორების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია სტატისტიკის წარმოებისთვის;

ჟ) ინდივიდუალური მონაცემები − სტატისტიკური ერთეულის შესახებ დეტალური მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

რ) აგრეგირებული მონაცემები − ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებით მიღებული შედეგები (მაგალითად, ჯამი);

ს) კონფიდენციალური მონაცემები − ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკური მიზნებისთვის არის შეგროვებული და სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა;

ტ) იდენტიფიკატორი − სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც სტატისტიკური ერთეულის უნიკალური იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, მისი სახელის, ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ან საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით. იდენტიფიკატორით შესაძლებელია პირდაპირი იდენტიფიცირება, კერძოდ, შეიძლება კონკრეტული სტატისტიკური ერთეულის იდენტიფიცირება ერთი იდენტიფიკატორის ან იდენტიფიკატორების კომბინაციის საფუძველზე. ნებისმიერი სხვა საშუალებით იდენტიფიცირება არაპირდაპირ იდენტიფიცირებად მიიჩნევა;

უ) მეტამონაცემები − მონაცემები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სტანდარტულად აღწერს სტატისტიკურ მონაცემებსა და სტატისტიკურ პროცესებს ამ მონაცემთა წყაროების, შესაბამისი მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა ხარისხის შესახებ ინფორმირებით;

ფ) საქსტატი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

ქ) შინამეურნეობა − იმ ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ცხოვრების საერთო წესებს ექვემდებარებიან და ერთმანეთთან საერთო ბიუჯეტით ან მისი ნაწილით არიან დაკავშირებული და ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობები აქვთ. შინამეურნეობა შეიძლება ერთი ადამიანისგანაც შედგებოდეს.

თავი II. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი და ძირითადი პრინციპები

მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის მიზანი

ოფიციალური სტატისტიკის მიზანია ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებისა და ბიზნესსუბიექტების გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მონიტორინგისთვის, მეცნიერული კვლევების ჩატარებისთვის, საზოგადოებისა და სხვა კატეგორიის მომხმარებლის ინფორმირებისთვის მათი ხარისხიანი სტატისტიკური ინფორმაციით დროულად უზრუნველყოფა.

მუხლი 5. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტებისა და ოფიციალური სტატისტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:

ა) პროფესიული დამოუკიდებლობა − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო დამოუკიდებლად, პოლიტიკური და  ნებისმიერი სხვა სახის ზეწოლის ან ჩარევის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების თაობაზე, მათ შორის, მონაცემთა წყაროების, გამოსაყენებელი კონცეფციების, მეთოდების, განმარტებებისა და კლასიფიკაციების შერჩევის შესახებ, აგრეთვე სტატისტიკის გავრცელების ყველა ფორმის, დროისა და შინაარსის თაობაზე. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჯაროდ გამოთქვას მოსაზრება სტატისტიკურ საკითხებსა და ოფიციალური სტატისტიკის არამართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით;

ბ) მიუკერძოებლობა და ობიექტურობა − ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს ნეიტრალური, სანდო და მიუკერძოებელი ფორმით, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. იგი თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური განცხადებისგან თუ მოსაზრებისგან. ყველა მომხმარებელს უნდა მიეცეს ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უფლება;

გ) სიზუსტე და საიმედოობა − ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ზუსტად და თანამიმდევრულად უნდა ასახავდეს და იმ მეცნიერულ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რომლებიც მონაცემთა წყაროების, მეთოდებისა და პროცედურების შერჩევისთვის გამოიყენება;

დ) თანამიმდევრულობა და შესადარისობა − სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო დონეზე თანამიმდევრული და დროის, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით შესადარისი უნდა იყოს;

ე) სიცხადე და გამჭვირვალობა − ოფიციალური სტატისტიკა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი, ხოლო გამოყენებული სტატისტიკური მეთოდები და პროცედურები მომხმარებელს სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე სახით უნდა მიეწოდოს;

ვ) სტატისტიკური კონფიდენციალურობა და მონაცემების ექსკლუზიურად სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება − ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ შეგროვებული ან მიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ პერსონალური მონაცემები ან/და ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალური უნდა იყოს და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული;

ზ) შესაბამისობა − მომხმარებლის არსებულ და მოსალოდნელ საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ხარისხი.

2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესაბამისად უნდა მოხდეს.

თავი III. სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურა

მუხლი 6. სტატისტიკის ეროვნული სისტემა

1. სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი შემდეგი ორგანოებისგან:

ა) საქსტატი. იგი სტატისტიკის ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანოა;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;

გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

3. საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობენ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების საკითხებში, ამ კანონითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას ახდენენ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის საფუძველზე, ამ კანონით განსაზღვრული ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი აღიარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა ამ კანონის შესაბამისად.

6. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების ჩამონათვალი დგინდება სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამით.

მუხლი 7. საქსტატი

1. საქსტატი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.

2. საქსტატი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა. იგი კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებასთან, წარმოებასა და გავრცელებასთან, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

მუხლი 8. საქსტატის უფლებამოსილებები

1. საქსტატის უფლებამოსილებებია:

ა) ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების კოორდინაცია;

დ) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარება;

ე) მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა საუკეთესო პროფესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფით;

ვ) ამ კანონის VIII თავით განსაზღვრული აღწერის ჩატარება;

ზ) ოფიციალური სტატისტიკის ტერმინების, მეთოდოლოგიის, კლასიფიკაციებისა და ნომენკლატურების განსაზღვრა, შესაძლებლობის ფარგლებში − საერთაშორისო კონცეფციებისა და კლასიფიკაციების შესაბამისად;

თ) სხვადასხვა სახის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა, წარმოება და განახლება;

ი) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის შემუშავება;

კ) ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნებისთვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებსა და მომხმარებლებს შორის სტატისტიკის საჭიროების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა;

ლ) სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ხარისხის მართვის კონცეფციების დანერგვა და დაცვა;

მ) სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობა;

ნ) საზოგადოებაში სტატისტიკის როლისა და მნიშვნელობის აღქმის ხელშეწყობა;

ო) ყველა მომხმარებლისთვის ოფიციალური სტატისტიკის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

პ) საერთაშორისო დონეზე ოფიციალური სტატისტიკის მიმდინარე ან სამომავლო საკითხების განხილვისას სტატისტიკის ეროვნული სისტემის წარდგენა;

ჟ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

რ) საქსტატისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული სწავლების ხელშეწყობა;

ს) საქსტატის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა;

ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსთვის წარდგენა;

უ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

2. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული არ არის.

3. საქსტატს ეკრძალება ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.

4. საქსტატის კონკრეტული უფლებამოსილებები განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 9. საქსტატის დაფინანსების წყაროები

საქსტატი ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) სტატისტიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლით;

გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გაცემული გრანტებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.

მუხლი 10. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით.

2. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.

3. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობისთვის წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ 2 კანდიდატურას.

5. აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან ახორციელებდეს სხვა სახის პოლიტიკურ საქმიანობას.

6. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს ორჯერ.

7. აღმასრულებელი დირექტორი იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

8. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ასრულებს მის მოვალეობას. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება საქსტატის დებულებით.

9. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. აღმასრულებელ დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

11. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

გ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა;

ვ) აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ზ) გარდაცვალება.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

13. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მისი, როგორც საქსტატის საბჭოს წევრისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის, უფლებამოსილებების შეწყვეტასაც.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე აღმასრულებელი დირექტორის, საქსტატის საბჭოს თავმჯდომარისა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

მუხლი 11. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები

1. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:

ა) საქსტატის ხელმძღვანელობა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება, საქსტატის საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ მასთან შეთანხმება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) მოსახლეობის აღწერის პროგრამისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შემუშავება და აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) ეკონომიკური აღწერის პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების,  მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, მეთოდოლოგიებისა და კლასიფიკაციების აღიარება;

ვ) სხვადასხვა სახის აღწერის მეთოდოლოგიების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება;

თ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) საქსტატის თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება;

კ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ლ) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

მ) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საქსტატის საბჭოსთვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა;

ნ) არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა;

ო) საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;

პ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ჟ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის შემუშავება და საქსტატის საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

რ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წინა წლის განმავლობაში:

ა) განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ;

გ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

3. საქსტატის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტი.

4. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის დებულებით განსაზღვრული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.

5. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი (ბრძანება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

მუხლი 12. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები არიან პროფესიულად დამოუკიდებელი ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების საკითხებში.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ან/და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დამტკიცებული ანალოგიური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე.

3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები, აგრეთვე სახელმწიფო  ორგანოები და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებასა და შესრულებაში, ვალდებული არიან:

ა) მიაწოდონ საქსტატს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოთხოვნილი ყველა სახის ინფორმაცია, დოკუმენტი და ჩანაწერი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

ბ) შეასრულონ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით მათთვის დაკისრებული ყველა მოვალეობა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ საქსტატისთვის შესაბამისი საფასურის დაწესება დაუშვებელია.

5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს არ შეიძლება დაეკისროთ ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს.

თავი IV. საქსტატის საბჭო

მუხლი 13. საქსტატის საბჭო

1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომ – საბჭო).

2. საბჭო არის ორგანო, რომელიც შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მისი მწარმოებელი ორგანოების პროფესიული დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

3. საბჭო შედგება 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა.

4. საბჭოს 9 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი.

5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი.

მუხლი 14. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ ღია კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.

4. საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს  ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

7. საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

8. აღმასრულებელი დირექტორის, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

9. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, გახდეს საბჭოს წევრი ამ თავით დადგენილი წესით.

10. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მისი საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

11. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

12. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ ღია კონკურსში.

მუხლი 15. საბჭოს ფუნქციები

1. საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების მიმდინარეობის პერიოდული მიმოხილვა;

დ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;

ე) საქსტატის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი აღიარების წესის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საქსტატის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

თ) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცება;

კ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესისა და პირობების დამტკიცება;

ლ) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება. ამ დებულებით განისაზღვრება საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები;

მ) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცება;

ნ) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

2. საბჭო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ნორმატიული აქტი (დადგენილება) ამ კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

3. საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

მუხლი 16. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საფუძვლების გარდა, საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია აგრეთვე:

ა) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა:

ა.ა) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა;

ა.ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა;

ბ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა:

ბ.ა) საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ბ.ბ) არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

ბ.გ) საჯარო დაწესებულებაში თანამდებობის დაკავება.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

თავი V. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და სხვა საკონსულტაციო ორგანო

მუხლი 17. საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

2. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრი თავის მოვალეობას ასრულებს ახალი აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე.

3. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 9 წევრისგან. მათგან ერთ-ერთი არის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

4. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მრჩეველთა საბჭოს მიერ საქმიანობის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

5. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისთვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და სტატისტიკური მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის რეკომენდაციების მომზადება;

გ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისთვის სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა და წინადადებების წარდგენა;

დ) ამ კანონითა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

6. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

7. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

მუხლი 18. სხვა საკონსულტაციო ორგანო

1. ოფიციალური სტატისტიკის სფეროში სტრატეგიული და მეთოდოლოგიური საქმიანობების მხარდასაჭერად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია შექმნას სხვა საკონსულტაციო ორგანო. მისი წევრები შეირჩევიან სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში ან მისი ფარგლების გარეთ.

2. სხვა საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობის, უფლებამოსილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

თავი VI. სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია და სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა

მუხლი 19. სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო შესაძლებლობის შემთხვევაში იყენებს ერთიან, საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, განმარტებებს, მეთოდებსა და კლასიფიკაციებს. საქსტატი ხელს უწყობს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში ერთიანი მიდგომების დამკვიდრებას.

2. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკის ეროვნული სისტემისა და სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაციისთვის. აღნიშნული კოორდინაცია ეხება საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების მიზნით განხორციელებულ ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

3. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისა და შესაბამისი ანგარიშგების, ხარისხის მონიტორინგის, მეთოდოლოგიების, მონაცემთა გადაცემისა და ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებულ საქმიანობათა შესახებ კომუნიკაციის კოორდინაციისთვის.

4. საქსტატის, როგორც მაკოორდინირებელი ორგანოს, პასუხისმგებლობა ვრცელდება სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებისთვის, წარმოებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებელ ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებზე, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა.

მუხლი 20. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა

1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა არის სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანი სტრატეგიული და ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის ძირითადი ინსტრუმენტი.

2. საქსტატი პასუხისმგებელია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისთვის, მომხმარებელთან, რესპონდენტსა და ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელთან აქტიური თანამშრომლობით. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ამ პროცესში მონაწილეობენ და საქსტატს საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფენ.

3. საქსტატი შესაბამისი გამჭვირვალე და დოკუმენტირებული პროცესების საფუძველზე ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების, მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის მოსალოდნელი შედეგების სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტში ჩართვას შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ა) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ავლენს ამ კანონის პირველი და მე-5 მუხლების დებულებებისა და ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპების შესრულებისთვის მზადყოფნას და მათი შესრულების შესაძლებლობას;

  ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა (აქტივობა) და მისი შედეგები არ ახდენს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოს საქმიანობის (აქტივობის) და მისი შედეგების დუბლირებას.

4. საქსტატი პასუხისმგებელია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადებისთვის. ეს ანგარიში განსახილველად და დასამტკიცებლად საბჭოს გადაეცემა.

მუხლი 21. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამ

1. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამა შემუშავდება საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის სტრატეგიული განვითარებისა და მომხმარებლის არსებული და მოსალოდნელი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

2. სტატისტიკური სამუშაოების მრავალწლიანი პროგრამა განსაზღვრავს შემდგომი 4 ან 4-ზე მეტი წლისთვის სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების კონცეფციასა და პრიორიტეტულ მიმართულებებს, აგრეთვე მისი ძირითადი მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებებსა და რესურსებს.

მუხლი 22. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა

  1. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საქსტატი აწარმოებს ან/და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

2. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა შემუშავდება ყოველი კალენდარული წლისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა ჩამონათვალის განახლებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველსაყოფად:

ა) მთელი გამოსაქვეყნებელი ოფიციალური სტატისტიკისთვის;

ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა მიერ ჩასატარებელი ყველა სტატისტიკური გამოკვლევისთვის;

გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის ადმინისტრაციული მონაცემების მიწოდების ან სხვა წყაროებში არსებული მონაცემების გადაცემის ყველა შემთხვევისთვის;

დ) ყველა არსებული და შესაქმნელი სტატისტიკური რეგისტრისთვის;

ე) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების, ახალი სტატისტიკური გამოკვლევებისა და შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავებისა და დანერგვისთვის.

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისას საქსტატმა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს.

მუხლი 23. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცება

1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 1 თვისა.

2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცებისას საფრთხე არ უნდა შეექმნას ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპს.

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესასრულებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები უნდა გამოეყოს.

 

თავი VII. მონაცემების შეგროვება

 მუხლი 24. მონაცემების შეგროვების უფლებამოსილება

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია პროფესიული მოსაზრების საფუძველზე შეარჩიოს მონაცემთა წყაროები და საჭირო მონაცემები უშუალოდ რესპონდენტისგან შეაგროვოს, თუ სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შესაბამისი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის და არსებულ მონაცემთა ბაზიდან/რეგისტრიდან (მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლების გარეთ არსებული ადმინისტრაციული ორგანოებისგან) მათი მიღება შეუძლებელია.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოსგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. მონაცემების შეგროვება იგეგმება ამ მონაცემთა ხარისხისა და მიღების ხარჯების და რესპონდენტთა დატვირთვის გათვალისწინებით.

4. მონაცემების შეგროვების მეთოდებისა და მონაცემთა წყაროების მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მიღებული მონაცემები უნდა დამუშავდეს, შენახული უნდა იქნეს და უნდა გავრცელდეს ამ კანონის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 25. რესპონდენტის უფლებები და მოვალეობები

1. რესპონდენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სტატისტიკური გამოკვლევის მიზნებისა და სფეროს, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული ზომებისა და რესპონდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია საქსტატის წერილობითი მოთხოვნის (მათ შორის, ელექტრონული სახით) მიღების შემთხვევაში საქსტატს საქსტატის მიერ დადგენილი ფორმით, მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია.

3. სტატისტიკურ გამოკვლევაში მონაწილეობა შერჩეული რესპონდენტისთვის სავალდებულოა.

4. რესპონდენტი ვალდებულია ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს ამ ორგანოს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით მიაწოდოს საიმედო და სრული მონაცემები.

5. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის საქსტატისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირს (მეწარმე სუბიექტს) დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საქსტატისთვის წარდგენის ვადას ადგენს საქსტატი სტატისტიკური გამოკვლევის ჩატარების პერიოდულობის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა იყოს წერილობითი მოთხოვნის (მათ შორის, ელექტრონული სახით) ადრესატისთვის ჩაბარების/ადრესატის მიერ მიღების დღიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

7. წერილობითი მოთხოვნის ადრესატისთვის ჩაბარება სათანადო დოკუმენტით უნდა დადასტურდეს. ადრესატის მიერ წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად მიიჩნევა.

8. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის (მეწარმე სუბიექტის) ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ამ პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულად მიიჩნევა.

9. პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან.

10. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია რესპონდენტს დამატებით დაუკავშირდეს, თუ მან მონაცემები დადგენილ ვადაში არ მიაწოდა ან მონაცემებში შეუსაბამობა ან/და ხარვეზი გამოვლინდა.

მუხლი 26. ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელი გეგმავს ახალი ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებას ან ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა თუ დამუშავების მეთოდების მნიშვნელოვან გადასინჯვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ოფიციალური სტატისტიკის მიზნებისთვის მისაწოდებელ მონაცემებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაცია უნდა გაიაროს საქსტატთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან.

მუხლი 27. სტატისტიკური რეგისტრი

1. საქსტატი ქმნის და აწარმოებს სტატისტიკურ რეგისტრს მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის:

ა) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად;

ბ) როგორც ინფორმირების საშუალებას, სტატისტიკური ერთეულებისა და მათი ტენდენციების სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისას;

გ) როგორც სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.

2. სტატისტიკური რეგისტრი იქმნება სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებსა და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით.

3. საქსტატი ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტატისტიკურ რეგისტრში ამ პირის შესახებ არსებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გაცემას.

თავი VIII. აღწერა

მუხლი 28. აღწერის დანიშნულება

1. ამ კანონის თანახმად, საქსტატი უფლებამოსილია ჩაატაროს აღწერა მოსახლეობის, საცხოვრისების, ეკონომიკური ერთეულების, შენობებისა და სასოფლო მეურნეობების რაოდენობის, ზომისა და სტრუქტურის შესახებ მონაცემების მისაღებად.

2. აღწერა ტარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად.

3. აღწერის სახეებია: მოსახლეობის აღწერა, სასოფლო-სამეურნეო აღწერა, ეკონომიკური აღწერა.

4. აღწერის მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს სრული მოცვის საფუძველზე ჩატარებული აღრიცხვიდან, სტატისტიკური გამოკვლევიდან, ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროდან და სხვა წყაროდან, აგრეთვე მათი ერთობლიობიდან.

5. ამ კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება აღწერის ჩატარების ყველა ეტაპზე.

მუხლი 29. რესპონდენტის ვალდებულება

1. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა იურიდიული პირისა და ფიზიკური პირისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).

2. რესპონდენტი ვალდებულია აღწერის ჩატარებისას გამოკითხვის პროცესში საქსტატს მიაწოდოს მის ხელთ არსებული უტყუარი მონაცემები.

3. აღწერას არ ექვემდებარებიან უცხო ქვეყნის მოქალაქე და მისი შინამეურნეობის წევრი, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე და მისი შინამეურნეობის წევრი.

მუხლი 30. აღწერის ძირითადი პრინციპები

აღწერის ძირითადი პრინციპებია:

ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი;

ბ) მოსახლეობის აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების პერიოდულობის არაუმეტეს 10 წლით განსაზღვრა;

გ) ეკონომიკური აღწერის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დროს ჩატარება;

დ) აღწერის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით და ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

დ.ა) ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებაში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია, რის გამოც აღწერა ამ დასახლებაში არსებული ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ პერიოდში ტარდება;

დ.ბ) საქსტატისგან დამოუკიდებელი მიზეზით კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია.

მუხლი 31. აღწერის ჩატარების თარიღი, აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები

1. აღწერის ჩატარების თარიღი დგინდება კონკრეტული აღწერისთვის, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა.

2. აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველსაყოფად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

3. აღწერა ტარდება აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.

4. აღწერის პროგრამა მოიცავს ინფორმაციას აღწერის ჩატარების მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების, შესაბამისი ბიუჯეტის, საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალის, მათი შესრულების ვადებისა და ამ სამუშაოთა შემსრულებლების შესახებ.

5. კომისია განიხილავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილ აღწერის მეთოდოლოგიასა და კითხვარებს და ამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.

6. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

7. კომისიის საქმიანობა და მისი განხორციელების წესი  განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

8. კომისია თავის საქმიანობას ასრულებს აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.

9. აღწერის მომზადებისა და ჩატარების, აღწერის შედეგად მოპოვებული მასალის დამუშავებისა და აღწერის შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობა საქსტატს ეკისრება.

10. აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო აღწერის საბოლოო შედეგები – აღწერის ჩატარების თარიღიდან არაუგვიანეს 18 თვისა.

11. მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული სახით არსებული ინფორმაცია – განუსაზღვრელი ვადით.

მუხლი 32. ეკონომიკური აღწერა

1. ამ კანონის 31-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ეკონომიკურ აღწერაზე.

2. ეკონომიკური აღწერის ჩატარების ადგილი და დრო განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ეკონომიკური აღწერა ტარდება ეკონომიკური აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

მუხლი 33. სხვა სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობა

სხვა სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი არიან აღწერის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებისთვის.

თავი IX. მონაცემთა კონფიდენციალურობა

მუხლი 34. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამასთანავე, აგრეგირებული მონაცემები კონფიდენციალურად მიიჩნევა, თუ:

ა) ეს მონაცემები არაუმეტეს 3 სტატისტიკურ ერთეულს ეხება და აღნიშნული მონაცემებით შესაძლებელია ერთ-ერთის არაპირდაპირი იდენტიფიცირება ან/და მჟღავნდება ამ ერთეულის/ერთეულების შესახებ კონფიდენციალური მონაცემები. 3-ზე მეტი სტატისტიკური ერთეულის შესახებ აგრეგირებული მონაცემები შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონფიდენციალურ მონაცემებად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილებით, თუ საჭიროა ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) ეს მონაცემები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო საიდუმლოებად არის მიჩნეული.

2. კონფიდენციალური მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის შესაბამისად ექსკლუზიურად სტატისტიკის წარმოებისთვის.

3. ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონფიდენციალურ ინფორმაციად, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციისა.

4. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროდან მიღებული ინდივიდუალური მონაცემები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციად არის მიჩნეული, არ ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად.

5. კონფიდენციალური ინდივიდუალური მონაცემების გამოქვეყნება შესაძლებელია, თუ არსებობს სტატისტიკური ერთეულის წერილობითი თანხმობა ამ მონაცემების გამოქვეყნებაზე.

6. კონფიდენციალური მონაცემების გაცემა, გავრცელება ან არასტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

მუხლი 35. მონაცემების უსაფრთხო დამუშავება და შენახვა

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური მონაცემებისა და კონფიდენციალური აგრეგირებული მონაცემების არაუფლებამოსილი პირისგან დაცვა.

2. მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი აქტების შესაბამისად, აგრეთვე სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით.

3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მიღებული/შეგროვებული, იდენტიფიკატორის შემცველი ინდივიდუალური მონაცემები მუშავდება და ინახება მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის დასრულებამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. იდენტიფიკატორის შემცველ მონაცემთა შეგროვების პირველადი ფორმები მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, მათ შორის, ქაღალდის სახით არსებული ფორმები უნდა განადგურდეს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

მუხლი 36. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინდივიდუალური მონაცემების ხელმისაწვდომობა

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო არ გასცემს ინდივიდუალურ მონაცემებს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რომლებიც საჯარო მოხმარების დოკუმენტებსა და ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობას ეხება.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია აწარმოოს სტატისტიკა და გაავრცელოს ინდივიდუალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემებიდან ამოღებულია იდენტიფიკატორი და ფიზიკური/იურიდიული პირის პირდაპირი იდენტიფიცირება ან არაპირდაპირი იდენტიფიცირება შეუძლებელია, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. არაპირდაპირი იდენტიფიცირების გამოსარიცხად ყველა გონივრული ზომა უნდა იქნეს მიღებული.

3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები ვალდებული არიან საქსტატს გადასცენ ინდივიდუალური მონაცემები იდენტიფიკატორის ჩათვლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. საქსტატი უფლებამოსილია სტატისტიკური ერთეულის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები გადასცეს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებს შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ეს მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის;

ბ) ეს მონაცემები არ იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაცემა ხდება შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მათი გადაცემის პირობები განისაზღვრება წერილობითი შეთანხმებით.

6. მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

მუხლი 37. კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ შესაძლებელია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს თავისი ინდივიდუალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის გაცემული მონაცემები არ უნდა შეიცავდეს იდენტიფიკატორს და უნდა მოიცავდეს მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის საჭირო მონაცემებს. ამასთანავე, პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპით დაცული ინდივიდუალური მონაცემების გაცემამდე საქსტატი უნდა დარწმუნდეს, რომ მონაცემთა მიმღებ მხარეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს მათი კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ინფრასტრუქტურა.

4. შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების პერიოდში ინდივიდუალური მონაცემების დამუშავებაში მონაწილე ყველა პირმა ხელი უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ყოველი მათგანი ვალდებულია:

ა) არ ეცადოს, ნებისმიერი გზით (მათ შორის, ამ მონაცემების სხვა ინდივიდუალურ მონაცემებთან შედარებით) მოახდინოს ფიზიკური/იურიდიული პირის იდენტიფიცირება;

ბ) არ გაუმჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემები მესამე მხარეს (პირს), ხელშეკრულების მხარეთა გარდა, ან/და არ გამოიყენოს ეს მონაცემები სხვა მიზნით, გარდა შესაბამის მოთხოვნაში აღნიშნული მიზნისა;

გ) არ გაამჟღავნოს ინდივიდუალური მონაცემებისგან მიღებული აგრეგირებული მონაცემები, რომლებითაც შესაძლებელია სტატისტიკური ერთეულის არაპირდაპირი იდენტიფიცირება;

დ) ყველა გამოქვეყნებულ სტატისტიკურ პროდუქტში მიუთითოს შესაბამისი წყარო;

ე) გაანადგუროს ინდივიდუალური მონაცემები სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დასრულებისთანავე.

5. მონაცემთა მომზადებისა და გადაცემისთვის გაწეული დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია დააწესოს შესაბამისი მომსახურების საფასური. მისი ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით.

6. მონაცემების გადაცემათა ჩამონათვალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნის საფუძველზე.

7. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა, ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესს ამტკიცებს საბჭო.

მუხლი 38. მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ ყველა მარეგულირებელ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად და მათი გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლები, რომლებისთვისაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას ინდივიდუალური მონაცემები პირდაპირ არის ხელმისაწვდომი, აგრეთვე სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლების გარეთ აღწერის პროცესში მონაწილე პირები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული მონაცემების კონფიდენციალურობა სამსახურში მუშაობის პერიოდში და მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებს არ აქვთ უფლება, გამოიყენონ ინდივიდუალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, გარდა სტატისტიკური მიზნებისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კატეგორიის პირებმა სამსახურში მიღებისთანავე ხელი უნდა მოაწერონ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის პირობას.

5. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების თანამშრომლებს ეკრძალებათ სტატისტიკური მიზნებისთვის შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების პირადი, აკადემიური, სამეცნიერო ან სხვა საქმიანობისთვის გამოყენება და გავრცელება.

მუხლი 39. კანონის დებულებათა (მათ შორის, სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპის) დარღვევა

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს თანამშრომლის მიერ ამ კანონის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს მისთვის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

2. პირის მიერ ამ კანონის 38-ე მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მუხლი 40. მესამე მხარე (ქვეკონტრაქტორი)

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან სტატისტიკის წარმოების ცალკეული პროცესები მესამე მხარეს გადასცენ, თუ სრულად იქნება დაცული სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპი.

2. მესამე მხარეს უფლება აქვს, გამოიყენოს და შეინახოს შესაბამისი მონაცემები მხოლოდ სათანადო ხელშეკრულებაში აღნიშნული საქმიანობისთვის, მასში მითითებული ვადით.

თავი X. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი

მუხლი 41. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო იღებს ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესების ვალდებულებას ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს შესაბამისი ზოგადი სტანდარტების, მოცვის ხარისხის, კონცეფციების, განმარტებების, სტატისტიკური ერთეულებისა და კლასიფიკაციების ჰარმონიზებული მეთოდების შესაბამისად.

3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემების რედაქტირება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანება და გაანგარიშება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მოახდინოს მისი წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე შესაბამისი შედეგების სტანდარტული წესით დოკუმენტირება.

5. მომხმარებელი მეტამონაცემების მეშვეობით ინფორმირებული უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე სტატისტიკური პროდუქტის ხარისხის შესახებ.

მუხლი 42. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის შეფასება

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოსა და მომხმარებელს შორის რეგულარულად იმართება კონსულტაციები ოფიციალური სტატისტიკის ხარისხთან დაკავშირებით.

2. მონაცემთა ხარისხის გასაუმჯობესებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს რესპონდენტთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

3. სტატისტიკური მეთოდოლოგიის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლოს.

4. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური გარემოს, შესაბამისი პროცესებისა და შედეგების შეფასება შეიძლება განახორციელონ შიდა და გარე ექსპერტებმა.

თავი XI. მონაცემების გავრცელება

მუხლი 43. სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება

1. ოფიციალური სტატისტიკის გავრცელება უნდა მოხდეს დროულად, ოპერატიულად და ამ კანონის მე-5 და 44-ე მუხლებითა და ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ, სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპით გათვალისწინებული თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.

2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ადგენს და აქვეყნებს მონაცემების გავრცელების კალენდარს, რომელშიც მითითებულია მონაცემების გამოქვეყნების დაგეგმილი თარიღი და დრო.

3. მონაცემების გამოქვეყნებისთვის წინასწარ შედგენილი კალენდრის დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებას მათი გამოქვეყნების დაგეგმილ თარიღამდე უნდა ეცნობოს. ამასთანავე, უნდა დადგინდეს და გამოცხადდეს მონაცემების გამოქვეყნების ახალი თარიღი.

4. სტატისტიკური მონაცემები შესაბამის მეტამონაცემებსა და განმარტებებთან ერთად უსასყიდლოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის.

5. გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღმოჩენილი შეცდომები უნდა გასწორდეს, ხოლო შესწორებები უნდა გამოქვეყნდეს და მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

6. მომხმარებელს უფლება აქვს, ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისი მეტამონაცემები გამოიყენოს თავის სტატისტიკურ პროდუქტში ამ მონაცემთა წყაროს მითითებით.

7. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ყველა მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ, ელექტრონული ფორმით მიწოდებას.

8. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქსტატის საბჭო.

მუხლი 44. სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკა

1. საქსტატი განსაზღვრავს გამჭვირვალე პროცედურებზე აგებულ მონაცემების გავრცელების პოლიტიკას.

2. წინასწარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელებისას, რომლებიც მოგვიანებით უნდა გადაისინჯოს, გარკვევით უნდა მიეთითოს, რომ ეს მონაცემები წინასწარია.

3. მეთოდების გადახედვით გამოწვეული ძირითადი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გახდეს საჯარო.

თავი XII. სტატისტიკური მომსახურება

მუხლი 45. მომსახურება სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით

1. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია გასწიოს მომსახურება სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით.

2. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით გაწეული მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას.

3. მომხმარებელმა უნდა აანაზღაუროს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებით გაწეული მომსახურების ხარჯი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.

5. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით გაწეული მომსახურების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკად არ მიიჩნევა.

6. ამ კანონის IX თავის (მონაცემთა კონფიდენციალურობა) და X თავის (ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი) დებულებების დაცვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

მუხლი 46. მომსახურება დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით

1. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ შეაგროვოს დამატებითი სტატისტიკური მონაცემები.

2. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობები და ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. დამკვეთმა უნდა აანაზღაუროს დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების ხარჯი.

4. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეულ მომსახურებათა ჩამონათვალი შეტანილი უნდა იქნეს საქსტატის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშში.

5. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით გაწეული მომსახურების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკად არ მიიჩნევა.

6. დამატებითი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევის რესპონდენტებისთვის ან მათი ნაწილისთვის სავალდებულოდ გამოცხადება დაუშვებელია.

7. ამ კანონის VII თავის (მონაცემების შეგროვება), IX თავის (მონაცემთა კონფიდენციალურობა) და X თავის (ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი) დებულებების დაცვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

მუხლი 47. სტატისტიკური მომსახურებით მიღებული შემოსავალი

საქსტატის მიერ ამ კანონის 45-ე და 46-ე მუხლების შესაბამისად გაწეული სტატისტიკური მომსახურებით მიღებული შემოსავალი გამოიყენება საქსტატის საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

                                 თავი XIII. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა                                           

მუხლი 48. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

1. საქსტატმა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა სხვა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის, აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების მიზნით აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებსა და ღონისძიებებში (აქტივობებში).

2. საქსტატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 49. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა: 

ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ დაამტკიცოს:

ბ.ა) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი;

ბ.ბ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესი;

ბ.გ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები.

3. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის №2291-რს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაშია ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი ნაწილი ამ კანონს ეწინააღმდეგება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრს/საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრს უნარჩუნდება შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით, რომლითაც ის იყო დანიშნული თანამდებობაზე ამ კანონის მიღებამდე.

მუხლი 50. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320).

მუხლი 51. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 30 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

31 მაისი 2023 წ.

N2995-XIმს-Xმპ