„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1292-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.017144
1292-რს
24/09/2013
ვებგვერდი, 08/10/2013
300010000.05.001.017144
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით;“.

2. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქსტატის ორგანოების კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.  

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი ) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.“.

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველი − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

2. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

4. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან 21 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში − სესიის განახლებიდან 2 კვირის ვადაში, ფარული კენჭისყრით თანხმობას აძლევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბჭოს წევრების დანიშვნაზე.“;

ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ რომელიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს თანხმობა არ მიეცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალ კანდიდატურებს, რომლებიც აირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

6. მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

4. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

მუხლი 2 

1. სათანადო ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამავე კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 სექტემბერი 2013 წ.

N1292-რს