დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 619 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/10/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.10.003.022337 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/10/2020 - 17/02/2021)
|
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის, 23-ე მუხლის მე-12 და მე-15 ნაწილების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული:
1. „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი“ (დანართი №1). 2. „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები“ (დანართი №2). 3. „იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა“ (დანართი №3). |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის (შემდგომში – სტატუსი) მინიჭებისა და გაუქმების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების პირობებს, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, აგრეთვე სტატუსის გაუქმების პირობებსა და წესს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსში. მუხლი 2. სტატუსის მინიჭების ძირითადი პირობები და პროცედურები 1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი რომელიმე შემდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს საწარმოს: ა) რომელსაც აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით; ბ) რომელიც არის არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით; გ) რომლის 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორ საწარმოებს დამოუკიდებლად (თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე) აქვთ ამ დადგენილების №2 დანართით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, რომელსაც საქართველოს საწარმო ახორციელებს და რომელზეც მიმართავს სტატუსის მინიჭების მიზნით. 2. საწარმოს, რომელსაც სურს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭება, სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში. შესაბამისად, სტატუსის მქონე პირმა საქართველოში უნდა განახორციელოს ძირითადი შემოსავლის მიმღები საქმიანობა, ამისათვის უნდა გააჩნდეს სათანადო ადამიანური რესურსები საჭირო კვალიფიკაციით და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების გაწევა. 3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით. 4. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად, დაინტერესებული პირი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის განცხადებით (წერილობით ან ელექტრონულად) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). 5. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა); ბ) საწარმოს იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებს; გ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული იმ ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სახეს, რომელზეც სურს სტატუსის მიღება; დ) №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობ(ებ)ის განხორციელების ფარგლებში, მომსახურების გაწევის ადგილს; ე) განცხადების წარდგენის თარიღსა და უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერას. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ხოლო ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში − შესაბამისი ნებართვა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. შემოსავლების სამსახური 10 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 8. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. 9. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და უარი თქვას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენაზე, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი. 10. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური პირის განცხადებას, თანდართულ მასალებთან ერთად, წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ დოკუმენტაციასა და წინადადებას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. 11. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 12. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსის მინიჭება ხდება უვადოდ. პირი სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თვის დასაწყისიდან. 13. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნება განმცხადებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს. მუხლი 3. სტატუსის გაუქმება 1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი უქმდება, თუ: ა) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი შემოსავლების სამსახურში წარადგენს განცხადებას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების მოთხოვნით; ბ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი განახორციელებს ამ დადგენილების №2 დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობ(ებ)ის გარდა სხვა საქმიანობას, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი გადააჭარბებს ამავე დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას; გ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური აღნიშნული საფუძვლის გამოვლენიდან 10 დღეში შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. 3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას პირისთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების შესახებ. 4. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუქმებულად ითვლება: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების თვის დასაწყისიდან; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების თარიღიდან. 5. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება პირს, რომელსაც გაუუქმდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს. მუხლი 4. რეესტრის წარმოება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დანართი №2 საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირისათვის ნებადართული საქმიანობის სახეები მუხლი 1. ნებადართული საქმიანობის სახეები საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, გასწიოს შემდეგი სახის მომსახურება: ა) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 58.2 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები: ა.ა) 58.2 − პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა; ა.ბ) 58.21 − კომპიუტერული თამაშების გამოცემა; ა.გ) 58.29 − სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა; ბ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 62 კოდით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობები: ბ.ა) 62.0 − კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები; ბ.ბ) 62.01 − კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები; ბ.გ) 62.02 − საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში; ბ.დ) 62.03 − კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები; ბ.ე) 62.09 − საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები; გ) ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით; დ) ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება; ე) ვებჰოსთინგი, პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დისტანციური ტექნიკური მომსახურება; ვ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება; ზ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება, მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; თ) სისტემის დისტანციური ადმინისტრირება; ი) მეხსიერების გამოყოფილი მოცულობის ონლაინმიწოდება; კ) პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა ან ჩამოტვირთვა (შესყიდვების/ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამების ან ანტივირუსული პროგრამების ჩათვლით) და მისი განახლებები; ლ) ბანერული რეკლამების ბლოკირების პროგრამები; მ) ჩამოსატვირთი დრაივერები, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც კომპიუტერებს უკავშირებს პერიფერიულ მოწყობილობებს (როგორიცაა, მაგ., პრინტერი); ნ) ვებსაიტებზე ფილტრების ავტომატური ონლაინინსტალაცია; ო) ბრენდმაუერების (ფაიერვოლების) ავტომატური ონლაინინსტალაცია; პ) გემთმფლობელის მიერ ან/და მისთვის გემის ფლობასთან დაკავშირებული კომერციული და ტექნიკური მომსახურებები, მათ შორის: პ.ა) გემის გაქირავება ეკიპაჟით ან უეკიპაჟოდ (ბერბოუტ-ჩარტერი); პ.ბ) რეისის დაგეგმვა ან/და ანალიზი; პ.გ) გემის კაპიტნისათვის დამფრახტველთან შეთანხმებული რეისის ინსტრუქციების მიცემა; პ.დ) სტალიური დროის დათვლა, დისბურსმენტის ანგარიშის ანალიზი და მართვა; პ.ე) ტვირთთან დაკავშირებული მოთხოვნების, კომერციული, სამართლებრივი საკითხებისა და დაფრახტვის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების (ჩარტერის) დავების მართვა; პ.ვ) ახალი გემების მშენებლობის შეკვეთების ორგანიზება ან/და მეორადი გემების ყიდვა-გაყიდვის მომსახურება; პ.ზ) გემის ფიზიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა ან/და შესაბამისი ტექნიკური ნაწილებით ან/და საკვები პროდუქტებით გემთმომარაგება; პ.თ) გემთმშენელობის, გემების დოკირებისა და რემონტის კოორდინირება, ინსპექციების ჩატარება დარგის მარეგულირებლების მოთხოვნების შესაბამისად; პ.ი) გემის გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (ISM) კოდექსთან, დროშისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის მოთხოვნებსა და საკლასიფიკაციო საზოგადოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. შენიშვნა: მოცემული დანართის „ა“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება. მუხლი 2. შემოსავლები, რომლის მიღება არ იწვევს საერთაშორისო კომპანიის სტატუსის გაუქმებას საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა სხვა შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ სახის შემოსავლები (დღგ-ის გარეშე) ჯამურად არ აღემატება საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ სტატუსის ფარგლებში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 2%-ს. დანართი №3 იმ ხარჯების ნუსხა, რომელთა საქართველოში გაწევის შემთხვევაში, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა 1. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი. 2. საერთაშორისო კომპანიისათვის ნებადართული საქმიანობ(ებ)ის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსტრუქტორო მომსახურების ხარჯები.
|
დოკუმენტის კომენტარები