საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.021889
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
177
19/03/2020
ვებგვერდი, 19/03/2020
010240010.10.003.021889
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (19/03/2020 - 29/05/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2020 წლის 19 მარტი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის შემუშავებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ

მუხლი 1
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აწარმოე საქართველოში კომპეტენციის შესაბამისად უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის

 


მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

პროგრამის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პროგრამა − „სახელმწიფო პროგრამა − თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სააგენტო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში;

დ) მეწარმე სუბიექტი – ამ პროგრამის მიზნებისათვის, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ   ბანკთან  გაფორმებული  აქვს სესხის  ხელშეკრულება  სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

ე) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად;

ვ) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი, რომელთანაც ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა, თავისი ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით (აღნიშნული ჯგუფი მოიცავს მცირე, საშუალო, საოჯახო, გესთჰაუსის ტიპის სასტუმროებს), რომელიც გათვალისწინებულია სასტუმროდ, განთავსებულია ერთ საკადასტრო კოდზე ერთმანეთთან დაკავშირებული არანაკლებ 4 და არა უმეტეს 50 ფუნქციონირებადი სასტუმრო ნომრისგან;

თ) სასტუმრო ინდუსტრია – საქმიანობა, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ საქართველოში, მის საკუთრებაში/დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში;

ი) სესხი − კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე გაცემული კრედიტი სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის/ რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

კ) ხაზინა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ლ) განაცხადი − კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტი მის პორტფელში პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სესხების თაობაზე;

მ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება;

ნ) რეფინანსირება − მეწარმე სუბიექტის მიერ მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა/გადაფარვა იმავე ან სხვა კომერციული ბანკისგან მიღებული ახალი სესხით სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით;

ო) მიმართვა − მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციულ ბანკში დაფიქსირებული განცხადება პროგრამაში ჩართვის თაობაზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 1 მაისის ჩათვლით პერიოდში.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე, საშუალო და საოჯახო ტიპის სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა ადგილობრივი სასტუმროებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტებისათვის დახმარება, რომელთაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა.

მუხლი 3. თანადაფინანსების მექანიზმი

1. თანადაფინანსების მექანიზმი მოიცავს სააგენტოს მიერ სასტუმრო ინდუსტრიის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტებისთვის გაცემულ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას (რომელიც დათვლილია 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებულ სესხზე მომდევნო 6 თვის პერიოდზე),  სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის გამოყენება იმ სესხებისათვის, რომლის ვადამოსული გადახდა გრაფიკის შესაბამისად დგება მიმდინარე წლის 1 მარტის შემდეგ, შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტიდან წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულებებისთვის, ასევე 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დასაფარად.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ასევე უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების ზედამხედველობას.

3. სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

4. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულების ის ბენეფიციარი, რომელთანაც სააგენტოს მხრიდან არ არის დასრულებული ამ დადგენილების შესაბამისად სესხის პროცენტის თანადაფინანსების 24-თვიანი პერიოდი.

5. პროგრამით დადგენილი თანადაფინანსებით ვერ ისარგებლებს ის მეწარმე სუბიექტი, რომლის მიერ აღებული სესხი კომერციული ბანკის მიერ 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში პრობლემურ კატეგორიაშია კლასიფიცირებული, მხარეებს შორის შეთანხმებისა და ბანკის შიდა პროცედურების შესაბამისად.

6. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, თანადაფინანსების მექანიზმთან დაკავშირებით დაადგინოს დამატებითი პირობები კომერციული ბანკისათვის მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

მუხლი 4. თანადაფინანსების მექანიზმის ბენფიციარები

1. მეწარმე სუბიექტი პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის ეროვნულ ვალუტაში დამტკიცებული სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში:

− 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;

− 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ევროს – ევროში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში;

ბ) კომერციული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;

გ) მეწარმე სუბიექტსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიზნობრიობა უნდა იყოს სასტუმროს მშენებლობა/გაფართოება/აღჭურვა/რემონტი/რეკონსტრუქცია.

2. პროგრამით გათვალისწინებული დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით შესაძლოა, ისარგებლოს იმ მეწარმე სუბიექტმა, რომლის მიმდინარე რეფინანსირების სესხით რეფინანსირებულია მეწარმე სუბიექტზე მხოლოდ სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/ რემონტის/რეკონსტრუქციის მიზნობრიობით კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი/სესხები.

მუხლი 5. თანადაფინანსების მექანიზმის განხორციელების პროცესი

1. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მეწარმე სუბიექტი,  თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, მიმართავს კომერციულ ბანკს.

2. კომერციული ბანკი ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას პროგრამის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-4 მუხლის  მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, სააგენტოს უგზავნის განაცხადს.

3. კომერციული ბანკის მიერ წარდგენილი განაცხადისა და პროგრამით დადგენილი პროცედურების შესაბამისად,  პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში სააგენტო ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ სესხზე 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით მომდევნო 6 თვის პერიოდში საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთიდან:

− 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში;

− 70 პროცენტის ოდენობით, უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში.

4. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში ჩართვის მომენტისათვის გადახდილია მარტიდან დაწყებული თანადაფინანსების მექანიზმის მოქმედების ექვსთვიანი ვადის განმავლობაში რომელიმე თვის/თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხები მოხმარდება სესხის მომდევნო თვეების დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვას.

მუხლი 6. თანადაფინანსების მექანიზმის თანხის მართვა და განხორციელების სქემა

1. კომერციული ბანკი ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

2. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში წარსადგენ განაცხადში მისათითებელი ინფორმაცია:

ა) პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისი მეწარმე სუბიექტების დასახელება/საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) დამტკიცებული სესხების მოცულობა;

გ) სესხების გაცემის თარიღები;

დ) სესხების მიზნობრიობა;

ე) სასტუმროს აღწერა, საკადასტრო კოდი;

ვ) სასტუმროს ნომრების რაოდენობა;

ზ) სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა (რომელიც  ანგარიშდება 2020 წლის 1 მარტიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის პერიოდში);

თ) პროგრამაში ჩართვის მომენტამდე გასული 12 თვის მანძილზე თითოეული მეწარმე სუბიექტის მიერ თვიურად გადახდილი სესხის ძირისა და საპროცენტო სარგებლის ოდენობა.

3. კომერციული ბანკის მიერ სააგენტოში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო ჩარიცხავს თანადაფინანსების მექანიზმის თანხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციულ ბანკში აღნიშნული მიზნით გახსნილ ანგარიშზე.

4. სააგენტოს მიერ აღნიშნულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ კომერციული ბანკი უზრუნველყოფს დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ბენეფიციარებისათვის სესხის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად.

5. ბანკი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშიდან განხორციელებული ჩამოჭრების, თანადაფინანსების მექანიზმის ბენეფიციარების ოდენობისა და ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემების შესახებ.

6. კომერციული ბანკი ვალდებულია, განაცხადში ფიქსირებული ბენეფიციარისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვის შემდეგ, აღნიშნული ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანხის ანგარიშზე დარჩენის შემთხვევაში რიცხული ნაშთი ჩარიცხოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს.

მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.

2. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის არამიზნობრივი განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში ან/და პროგრამით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს ამ პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

მუხლი 8. თანადაფინანსების მექანიზმის შეწყვეტა

1. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ წყდება ამ პროგრამით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკისა და პროგრამის ბენეფიციარის მიერ ამავე პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებით.

2. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მექანიზმი სააგენტოს მიერ შეიძლება, შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 9. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები.

2. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შესაძლოა, დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსების მექანიზმზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, შესაბამისი განაცხადის მიღების ვადა განისაზღვრება სააგენტოსა და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

2. ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.