სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

  • Word
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 28/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
22
27/01/2010
სსმ, 10, 28/01/2010
000000000.00(0).000.000000
სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/01/2010 - 08/05/2012)

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №22

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით დამტკიცდეს სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) თანდართული წესი და პირობები.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი და პირობები

    მუხლი 1. რეგულირების საგანი

ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვთა სახლში, ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა პანსიონატში, სათემო ორგანიზაციაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და დღის ცენტრში (შემდგომში – სპეციალიზებული დაწესებულება) პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესსა და პირობებს (შემდგომში – წესი).

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობებია:

ა) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ბ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

გ) რეგიონული საბჭო – სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სათათბირო ორგანო, რომლის უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება კანონმდებლობით;

დ) ვაუჩერი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების ასანაზღაურებლად გამოყენებული მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ვაუჩერი განკუთვნილია მომსახურების დაფინანსებისათვის ერთი წლის განმავლობაში და შედგება ცალკეული თვისათვის განკუთვნილი 12 ტალონისაგან, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) მომსახურების მიმწოდებელი – სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება, ბავშვთა სახლი, ხანდაზმულთა პანსიონატი, შშმ პირთა პანსიონატი, სათემო ორგანიზაცია, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დღის ცენტრი);

ვ) ბენეფიციარი – სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიმღები პირი;

ზ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მშობელი, მეურვე, მზრუნველი; ქმედუუნარო ბენეფიციარის შემთხვევაში – მეურვე; შეზღუდული ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მზრუნველი; ქმედუნარიანი ბენეფიციარის შემთხვევაში – მისი მხრიდან სათანადო უფლებამოსილებით (რწმუნებულება) აღჭურვილი პირი.

    მუხლი 3. სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარის დაფინანსების (თანადაფინანსების) წესი

1. პირის ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო.

2. სამინისტროს სისტემაში შემავალ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) ხორციელდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების (ოქმი) საფუძველზე.

3. შშმ პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრების, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების (გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით, ამასთან:

ა) შშმ პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ბ) შშმ პირთა სათემო ორგანიზაციასა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების თანახმად მომსახურების მიმწოდებლისათვის ბენეფიციარისთვის განკუთვნილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გაცემას სააგენტო უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე.

4. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარს შეიძლება შეეცვალოს მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მომსახურების მიმწოდებლის შეცვლამდე წარდგენილი ტალონი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს ყოველი მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე წარუდგენს ვაუჩერის იმავე თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას მომსახურების მიღების მიმდინარე თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. ამ წესით განსაზღვრული ოდენობის თანადაფინანსების შემთხვევაში, ბენეფიციარი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე მომსახურების მიმწოდებლის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადოს თანადაფინანსების კუთვნილი წილი.

    მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) მოხდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 57 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – თვეში 600 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 57 001 ქულიდან 70 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან 90 ლარს თვეში;

ა.გ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 450 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან 150 ლარს თვეში;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან და სათემო ორგანიზაციიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ დადგენილების ამოქმედებამდე ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (ხანდაზმულთა პანსიონატში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – თვეში 600 ლარის ოდენობით);

გ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – თვეში 600 ლარის ოდენობით.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა პანსიონატში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 70 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა პანსიონატში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – თვეში 600 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 510 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან 90 ლარს თვეში;

ა.გ) არის 100 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ თვეში 450 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან 150 ლარს თვეში;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა შშმ პირთა და ხანდაზმულთა პანსიონატიდან, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, ბავშვთა სახლიდან, მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან და სათემო ორგანიზაციიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ დადგენილების ამოქმედებამდე შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა პანსიონატში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – თვეში 600 ლარის ოდენობით);

გ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არც ერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – თვეში 600 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბავშვთა სახლში (გარდა დღის ცენტრის მომსახურებისა), შშმ პირთა სათემო ორგანიზაციასა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად.

4. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შშმ პირთა დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 100 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – დღეში 10 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 100 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 70 პროცენტით (დღეში 7 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – დღეში 10 ლარის ოდენობით);

გ) ბენეფიციარებს, რომლებიც შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წლის ნოემბერში (გარდა იმ ოჯახების წევრებისა, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000 ქულას) გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 60 პროცენტით (დღეში 6 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან მომსახურების საფასურს – დღეში 4 ლარის ოდენობით);

დ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – დღეში 10 ლარის ოდენობით.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრში, აგრეთვე ბავშვთა სახლში, რომელიც ახორციელებს დღის ცენტრის მომსახურებას, გაწეული მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ იმ რეგისტრირებული ოჯახების წევრ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 70 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – დღეში 5 ლარის ოდენობით);

ა.ბ) არის 70 001 ქულიდან 100 001 ქულამდე – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 80 პროცენტით (დღეში 4 ლარის ოდენობით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში, გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 1 ლარს);

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან მის ტერიტორიულ ორგანოს (ფილიალი) – დღეში 5 ლარის ოდენობით);

გ) სხვა ბენეფიციარები გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით სრულად, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი ტერიტორიული ორგანოს (ფილიალი) შემთხვევაში – დღეში 5 ლარის ოდენობით.

13. 31/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 647 - ვებგვერდი, 31/12/2021 12. 10/02/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 104 - ვებგვერდი, 12/02/2020 11. 31/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 666 - ვებგვერდი, 31/12/2019 10. 27/08/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 415 - ვებგვერდი, 30/08/2019 9. 19/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 109 - ვებგვერდი, 21/02/2019 8. 07/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 08/02/2019 7. 10/04/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 168 - ვებგვერდი, 12/04/2018 6. 01/09/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 425 - ვებგვერდი, 02/09/2016 5. 28/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 29/07/2016 4. 01/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 05/07/2016 3. 28/11/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 640 - ვებგვერდი, 02/12/2014 2. 28/03/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 68 - ვებგვერდი, 01/04/2013 1. 08/05/2012 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 168 - ვებგვერდი, 11/05/2012