„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023203
647
31/12/2021
ვებგვერდი, 31/12/2021
280120000.10.003.023203
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №647

2021 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებაში (სსმ, №10, 28/01/2010) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის:

ა)  მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, მომსახურების მიმწოდებელი ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, წარუდგენს ვაუჩერის  შესაბამისი თვის ტალონს, რის საფუძველზეც სააგენტო უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების დაფინანსებას.  სააგენტოს მიერ ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში შეადგენს - 378 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 630 ლარს, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში- 60 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 10 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე:

ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 18 ლარზე – შშმ პირთა (მ.შ. ბავშვთა) დღის ცენტრის შემთხვევაში, 30 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-იდან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, თუ გაცდენილ დღეთა რაოდენობა 5-ზე მეტია,  ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით  დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად, სააგენტოს ასევე  უნდა წარუდგინოს  მომსახურების გაწევის  წინა თვის ტალონები;

გ) ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის  ბოლომდე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ, არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%, ხოლო 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება, თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად,  შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა (თუ შესაბამისი პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ასევე,  დასაშვებია მუშაობის დროებითი შეწყვეტა მიმწოდებლის მიერ არდადეგების გამოცხადების დროს − წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა ან ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო (სტიქიური უბედურება, დაუძლეველი ძალა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, ეპიდემია, პანდემია) შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხანგრძლივობით და პირობებით.

7. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას, სააგენტო უზრუნველყოფს მცირე საოჯახო ტიპის სახლში, სათემო ორგანიზაციასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებას დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე.“;

) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს 71  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„71. არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით დაფინანსებისას მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) არა უგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„9. სათემო ორგანიზაციიდან ბენეფიციარისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები) ან პალიატიური სამედიცინო მომსახურების გაწევისას, მისი სტაციონარში 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხანგრძლივობით დაყოვნების შემთხვევაში, სათემო ორგანიზაციაში ჩარიცხული ბენეფიციარის დაფინანსებას სააგენტო უზრუნველყოფს დღეში - 10 ლარით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარისთვის − დღეში 15 ლარის ოდენობით, ბენეფიციარის სტაციონარში დაყოვნების დროით. ამ დროის განმავლობაში ბენეფიციარს სათემო ორგანიზაციის მომსახურების ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული   დაფინანსება/თანადაფინანსების გადახდის ვალდებულება არ აქვს.“.

2. 31  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალიზებული დაწესებულების ბენეფიციარის მიერ დაწესებულების 14  კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში (მათ შორის,  არდადეგების ან/და სხვა პერიოდში დროებით გასვლისას/გაყვანისას)  თუ არ არსებობს დაწესებულებიდან პირის ამორიცხვის საფუძველი, ბენეფიციარის მიერ დაწესებულების დატოვების მე-15 დღიდან, რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების დაფინანსების შეჩერების თაობაზე.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. მომსახურების დაფინანსების (თანადაფინანსების) პირობები და სამიზნე ჯგუფები

1. ქვემოთ ჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა პანსიონატში,  სათემო ორგანიზაციაში, დღის ცენტრებში (გარდა მიუსაფარ ბავშვა დღის ცენტრისა),  დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებული (შესწავლილი) იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის:

ა.ა) არ აღემატება 65 000 ქულას – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით, იმ სათემო ორგანიზაციაში, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი) ხანდაზმული პირის შემთხვევაში დღეში 25 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში დღეში 30 ლარის ოდენობით;

ა.ბ) არის 65 001 ქულიდან 120 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 3 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი), ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში − დღეში 5 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში - 6 ლარს;

ა.გ) არის 120 001 ქულიდან 150 001 ქულამდე – ხანდაზმულთა და  შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარები გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან დღეში 5 ლარს, იმ სათემო ორგანიზაციის, რომელიც არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან მისი ტერიტორიული ორგანო (ფილიალი),  ბენეფიციარები ხანდაზმული პირის შემთხვევაში  − დღეში 7.5 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დღეში - 9 ლარს;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატიდან, სათემო ორგანიზაციიდან და სააღმზრდელო დაწესებულებიდან გადმოყვანილ ბენეფიციარებს, აგრეთვე ამ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრებ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურების დაფინანსება (თანადაფინანსება) გაუგრძელდეთ იგივე პირობებითა და ოდენობით;

გ) შშმ პირთა პანსიონატსა და სათემო ორგანიზაციებში მინდობით აღზრდის მომსახურებიდან მოთავსებულ და გადაუდებელი წესით ჩარიცხულ ბენეფიციარებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად: შშმ პირთა პანსიონატში  – დღეში 16 ლარის ოდენობით,  სათემო ორგანიზაციაში ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში დღეში 25 ლარის ოდენობით, შშმ პირის შემთხვევაში - დღეში 30 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს − დღეში 35 ლარის ოდენობით;

დ) ბენეფიციარები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ კატეგორიას, გაწეული მომსახურების საფასურს იხდიან საკუთარი სახსრებით, სრულად: ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატში – დღეში 16 ლარის ოდენობით, სათემო ორგანიზაციებში ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში − 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში დღეში -30 ლარს;

ე) სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარებს მომსახურება უფინანსდება სრულად დღეში - 35 ლარის ოდენობით.

2. სააღმზრდელო დაწესებულებასა და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ სრულად. ამასთან, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ფლობა არ უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების ვალდებულებას.

3. სააღმზრდელო დაწესებულებაში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში - 35 ლარს,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 25 ლარს, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურების შემთხვევაში დღეში 120 ლარს, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 70 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 12  ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურებაში დღეში 60 ლარით, ხოლო მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 35 ლარით.

4. დედათა და ბავშვთა თავშესაფარში დაფინანსება განხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გაწეული მომსახურების დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 25  ლარს, ხოლო შშმ ბავშვის და  შშმ დედის შემთხვევაში – 35 ლარს;

ბ) მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 12 ლარით, მაგრამ არა უმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

5. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ 18 წელს ზემოთ შშმ პირების დღის ცენტრში გაწეული მომსახურება დაფინანსდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ აღემატება 120 000-ს – გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, თვეში -378 ლარის ოდენობით;

ბ)..დანარჩენ  შშმ  პირებს  გაწეული  მომსახურება  დაუფინანსდებათ   80%-ით  – თვეში 302 ლარის ოდენობით, ხოლო გაწეული მომსახურების თანადაფინანსებისათვის იხდიან თვეში 75 ლარს. ამასთან, თუ წინა თვეში ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (მ.შ.,  არდადეგების) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, მიმდინარე თვეში ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ანაზღაურებისათვის ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა მცირდება გაცდენილი დღეების რაოდენობის ნამრავლით 18  ლარზე.

6. ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა, ასევე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად, შშმ პირთა/ბავშვთა დღის ცენტრში თვეში - 378 ლარის ოდენობით, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 630 ლარის ოდენობით, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრში დღეში - 60 ლარის ოდენობით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 10 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის შშმ სტატუსის დადგენის, დაკარგვის, გაუქმების შემთხვევაში, დაფინანსება იცვლება რეგიონული საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი