სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3273-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.019099
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3273-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
080240000.05.001.019099
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2018 - 08/05/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტატუსს, მისი საქმიანობის პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებს, სახელმწიფო ინსპექტორის  არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები

ამ კანონის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანია, განახორციელოს:

ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;

გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  სახელმწიფო ინსპექტორი − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობაზე აირჩევა ამ კანონით დადგენილი წესით და ახორციელებს ამავე კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედება − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) – საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო;

დ) კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;

ე) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;

ვ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;  

ზ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემა;

თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;

ი) მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა);

კ) სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ.

2. ამ კანონის III თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობები.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3802 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

თავი II. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპები, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებები, მისი არჩევა, ხელშეუხებლობა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

მუხლი 4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპები

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;

გ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ე) პროფესიონალიზმი;

ვ) საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

მუხლი 5. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებები

1. სახელმწიფო ინსპექტორი:

ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;

გ) ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბი­დან ათავი­სუ­ფ­ლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს;

ვ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს კანონით დადგენილი წესით ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებას;

ზ) წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

თ) უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ი) ახორციელებს ამ კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სახელმწიფო ინსპექტორი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას − შეტყობინების, ნებართვისა და განცხადების განხილვის თაობაზე, შემოწმების (ინსპექტირების) მეთოდისა და განხორციელების შესახებ, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე დანაშაულის გამოძიებასთან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

3. სახელმწიფო ინსპექტორი ამ კანონის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.

მუხლი 6. სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა

1. სახელმწიფო ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.

2. სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია იქმნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით. საკონკურსო კომისიის წევრები არიან:

ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი;

ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრთაგან ღია კონკურსის წესით შერჩეული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

3. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 11 კვირისა და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უწყებები და დაწესებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს აცნობებენ სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის ყველა წევრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას.  საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, თავის წევრთაგან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და 1 კვირის ვადაში ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადა და წესი.  

4. სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და მათ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შერჩეული კანდიდატურების რაოდენობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სხვადასხვა სქესის კანდიდატების წარდგენა.

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად.

6. საქართველოს პარლამენტი კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს სახელმწიფო ინსპექტორს. თუ ეს ვადა მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისთვის ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო სახელმწიფო ინსპექტორად არჩევისთვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

7. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

8. სახელმწიფო ინსპექტორი შეირჩევა თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 60 დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

9. ახალარჩეული სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ იგი ამ ვადის გასვლამდე იქნა არჩეული, ან  არჩევის მომდევნო დღიდან, თუ იგი ამ ვადის გასვლის შემდეგ იქნა არჩეული ან წინა სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, გარდა ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება უწყდება არჩევიდან 6 წლის გასვლისთანავე ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.

11. სახელმწიფო ინსპექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი ახალი სახელმწიფო ინსპექტორი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით.

12. სახელმწიფო ინსპექტორის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სახელმწიფო ინსპექტორის ერთ-ერთი მოადგილე. სახელმწიფო ინსპექტორის მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სახელმწიფო ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიებით. 

მუხლი 7. სახელმწიფო ინსპექტორის ხელშეუხებლობა

1. სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

3. სახელმწიფო ინსპექტორის პირად უსაფრთხოებას დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.

მუხლი 8. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

1. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. სახელმწიფო ინსპექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

2. სახელმწიფო ინსპექტორს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა.

3. სახელმწიფო ინსპექტორად არჩეული პირი ვალდებულია არჩევიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. სანამ სახელმწიფო ინსპექტორად  არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება შეუთავსებელი თანამდებობიდან,  იგი არ არის უფლებამოსილი, შეუდგეს სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.

მუხლი 9. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) იგი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;

ზ) იგი გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.

მუხლი 10. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის უფლებამოსილებების განაწილების წესები დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორი.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. 

3. სახელმწიფო ინსპექტორი ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა ეთიკის კოდექსს. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის წინასწარი თანხმობით.

მუხლი 11. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობა

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. სახელმწიფო ინსპექტორზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურესა და გამომძიებელზე რაიმე ზემოქმედება ან მათ საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.

3. სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახელმწიფო ინსპექტორს. ეს უფლება სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

მუხლი 12. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში

1. სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის, აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მდგომარეობისა და ამ მიმართულებებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ზოგად ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა თაობაზე, სტატისტიკურ მონაცემებს მისი უფლებამოსილებების სფეროში მიმდინარე გამოძიების შესახებ, ზოგად ტენდენციებს, შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს და სხვა შესაბამის საკითხებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წლიური ანგარიში არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს სახელმწიფო ინსპექტორი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრულ პარლამენტის კომიტეტს და ნდობის ჯგუფს.

4. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს მიიწვიოს სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის სხდომაზე ან/და პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არავის არა აქვს უფლება, სახელმწიფო ინსპექტორს მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიების მსვლელობას.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

თავი III. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში

მუხლი 13. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;

ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;

გ) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);

დ) საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ცნობიერების ამაღლება.

მუხლი 14. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია განიხილოს მონაცემთა სუბიექტის განცხადება პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. მონაცემთა სუბიექტის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ღონისძიებების შესახებ, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით განახორციელოს შემოწმება. ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.

5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისას შეაჩეროს შესაბამისი საქმის წარმოება დამატებითი მასალის, ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის საფუძვლით, რის შესახებაც აცნობებს მონაცემთა სუბიექტს. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვა გაგრძელდება ამ საფუძვლის გაუქმებისთანავე. საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის დასრულებამდე მიიღოს გადაწყვეტილება მონაცემთა დაბლოკვის შესახებ. მონაცემთა დაბლოკვის მიუხედავად, შეიძლება გაგრძელდეს ამ მონაცემთა დამუშავება, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებისთვის.

7. მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რის თაობაზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში აცნობებს მონაცემთა სუბიექტს და მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს.

მუხლი 15. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის შემოწმება. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემოწმების განხორციელება გულისხმობს:

ა) მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას;

ბ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების და განხორციელებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;

გ) ფაილური სისტემის კატალოგთან, ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრსა და მონაცემთა გაცემის აღრიცხვასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმებას;

დ) მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას;

ე) მონაცემთა დაცვისთვის ამ კანონით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განხორციელებისას ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან/და იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველი მასალა ან/და დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება და აუცილებელია შემოწმების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ფარგლებში განსახორციელებლად.

4. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიებასა და დამუშავებას.

5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მონაცემთა დამმუშავებლის ან/და უფლებამოსილი პირის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტსა და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული, პროფესიული საიდუმლოებების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და დანაშაულის გამოძიების ამსახველ მასალას ან/და დოკუმენტაციას ან/და ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება, მიუხედავად მათი შინაარსისა და შენახვის ფორმისა.  

7. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხოება და არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.

მუხლი 16. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ღონისძიებების გამოყენება

1. თუ სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახური გამოავლენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტის დარღვევას, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე შემდეგი ღონისძიება:

ა) მოითხოვოს დარღვევისა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების მის მიერ მითითებული ფორმით და მითითებულ ვადაში გამოსწორება;

ბ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების დროებით ან სამუდამოდ შეწყვეტა, თუ მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის მიღებული ზომები და განხორციელებული პროცედურები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება;

დ) მოითხოვოს მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შეწყვეტა, თუ მონაცემთა გადაცემა  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდება;

ე) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს მის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული წესების უმნიშვნელოდ დარღვევის შემთხვევაში;

ვ) დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

2. მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი ვალდებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს მისი მოთხოვნები და მათი შესრულების შესახებ აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

3. თუ მონაცემთა დამმუშავებელი ან/და უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს, სამართალდამცავ ორგანოებს ან/და შესაბამისი სფეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზედამხედველ (მარეგულირებელ) სახელმწიფო დაწესებულებას.

4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და, შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელს ან/და უფლებამოსილ პირს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმიანობის განხორციელებისას მიიჩნევს, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი ვალდებულია ამის შესახებ კანონით დადგენილი წესით აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს, თუ საქმე მისი ქვემდებარე არ არის. თუ საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იწყებს გამოძიებას.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა და იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 17. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

თავი IV. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში

მუხლი 18. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ჩატარების დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს:

ა) კონტროლის ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას;

ბ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით − მონაცემთა დამუშავების კანონიერებას;

გ) მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას (ინსპექტირება).

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს სასამართლოს, პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით), ამ კანონით დადგენილი წესით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა და პროკურორისა) ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელება არ მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/ჩატარების პროცესში უშუალო მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი, სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის  კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

6. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით და მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით (ინსპექტირებით).

7. სააგენტოს შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია:

ა) შევიდეს სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში დააკვირდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქმიანობის განხორციელებას;

ბ) გაეცნოს სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ) სამართლებრივ დოკუმენტებს და ტექნიკურ ინსტრუქციებს;

გ) მიიღოს ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ და შეამოწმოს ეს ინფრასტრუქტურა;

დ) სააგენტოს მოსამსახურეებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით;

ე) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია ითანამშრომლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სრულად მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტებები შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელებისას გამოვლენილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

თავი V. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების სფეროში

მუხლი 19. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები 

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;

ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი  მოთავსების  იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ აგზავნის საქმეს ქვემდებარეობის მიხედვით.

3. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე არ არის, პროკურორის გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, და ის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად პროკურორს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.

4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის ის მოადგილე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საქმიანობას კურირებს (შემდგომ − სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე), უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.  

5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც მას გადასცა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში. 

6. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს:

ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;

ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;

გ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 20 დღისა − სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ.

7. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, სახელმწიფო ინსპექტორი  უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.

8. თუ არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფო ინსპექტორი.

მუხლი 20. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებები გამოძიების სფეროში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფლებამოსილია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;

ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;

გ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზედაც აწარმოებს გამოძიებას;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და მოქმედებები.

მუხლი 21. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს უფლება აქვთ, უფლებამოსილების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის  შენახვისა და ტარების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესებს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.

მუხლი 22. პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3802 - ვებგვერდი, 13.12.2018წ.

მუხლი 23. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის შერჩევა და დანიშვნა, მისი უფლებამოსილება

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში − საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის წესს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროს და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

მუხლი 24. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.

2. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი უკანონობის შესახებ, და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს სახელმწიფო ინსპექტორს.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი.

10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური.

მუხლი 25. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის სოციალურ დაცვას.

2. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისთვის გათვალისწინებული, სოციალურ დაცვასთან (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან) დაკავშირებული სოციალური გარანტიები.

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იღებს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;

გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;

დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოს და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.

მუხლი 26. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 27. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლეობა

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე გაუქმდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა. სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაითვალონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის თანამშრომლები გადაყვანილ იქნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. 

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას იძენს ამ კანონის ამოქმედების დროისთვის თანამდებობაზე მყოფი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

მუხლი 28. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები    

1. 2019 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისი საქართველოს გენერალური პროკურორის ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.

2. 2019 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო ინსპექტორმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

3. 2019 წლის 1 ივლისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.

4. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.

5. ამ კანონის ამოქმედების დროისთვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი № 4238 – ვებგვერდი, 2 9.12.2018წ.

მუხლი 29. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა

 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს 2019 წლის 1 ივლისიდან ჩადენილ შესაბამის დანაშაულებზე.

საქართველოს 2018 წლის  27 დეკემბრის კანონი № 4238 – ვებგვერდი, 2 9.12.2018წ.

მუხლი 30. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „ზ“−„კ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი, მე-4−მე-17 მუხლები, მე-18 მუხლის პირველი−მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტები, მე-19−27-ე მუხლები, 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 3. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს 2018 წლის  27 დეკემბრის კანონი № 4238 – ვებგვერდი, 2 9.12.2018წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3273-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.