„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4981-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 080240000.05.001.019566
4981-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 23/09/2019
080240000.05.001.019566
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„ლ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი/საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

მ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი/გამომძიებელი  − სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო ინსპექტორის იმ მოადგილეს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას კურირებს (შემდგომ − სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე), სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ წოდებაში;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„111. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს.“. 

4. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე დადგენილი წესით ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სამსახურის გავლის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი.

3. სახელმწიფო ინსპექტორი ამტკიცებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება ხორციელდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით.“.

5. მე-19 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ პროკურორს წერილობით მიმართოს დასაბუთებული წინადადებით სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.“;  

ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა − მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას;

გ) სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, სახელმწიფო ინსპექტორი  უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.“.

6. 21-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.

2. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე−32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

3. სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამის მოადგილეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობითა და სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით.“.

7. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შერჩევა, დანიშვნა და უფლებამოსილებანი

1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მოწვეული უნდა იქნენ სისხლის სამართლის სფეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტები.

2. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო სამართალი, სასჯელაღსრულებითი სამართალი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირის სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირი სტაჟიორ-გამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დადგენილი წესით.

5. დასაშვებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).

6. დასაშვებია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით ჰორიზონტალური გადაყვანა. 

7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის კვალიფიკაციის შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერიოდულად უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

8. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.

9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.“.

8. 24-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი, რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სახელმწიფო ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

10. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.“.

9. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25.  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალური დაცვა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).

3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი იღებს:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს;

გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;

დ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.

5. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

6. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორი.

მუხლი 26. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N4981-Iს