კომენტარები

trekhviashvili1's picture
trekhviashvili1 (თამთა რეხვიაშვილი)
სხვა
რეგ. თარ: 2019/12/17
ბოლო შემოს: 2020/12/02 19:07:29
კონტაქტი - ყველა კომენტარი

განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო
მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო
ვალდებულებების სათანადოდ შესრულების აუცილებლობით. კერძოდ, „საქართველოსა და
ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ სხვადასხვა ნაწილები
(„ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები“ მოუწოდებს სახელმწიფოს, მიიღოს
ყველა შესაბამისი ზომა, რათა ხელი შეეწყოს სამართალდამცავი უწყებების წარმოამდგენლების მიერ
ჩადენილ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან და დამოუკიდებელ
გამოძიებას.
ამასთანავე, არაერთი საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციის, საერთაშორისო
ექსპერტისა და საქართველოს სახალხო დამცველის (2013-2017 წლების ანგარიშები) რეკომენდაციაა
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017-2018 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის
აქტივობა 2.3.1. ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემაში, პოლიციის დაწესებულებებსა და სხვა
დახურულ დაწესებულებებში წამებასა და სხვა სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით წაყენებული
ბრალდებების გამოძიების სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად
საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას. ეს აქტივობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის
№338 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წწ.
სამთავრობო სამოქმედო გეგმაშიც გვხვდება (5.1.5.1.).
ყოველივე ზემომითითებულიდან გამომდინარე, საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი
ინსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა), საქართველოს პროკურატურის (გარდა საქართველოს მთავარი პროკურორისა, აგრეთვე
საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო
დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული
ერთეულის პროკურორისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (გარდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფისა და სპეციალური
პენიტენციური სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის
სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის წარმომადგენელი), მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის
მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კანონიერების, აგრეთვე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის
კონტროლს უზრუნველყოფს. ამავე კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია წინამდებარე
კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ სამართალდამცავი ორგანოების
ხელმძღვანელების მიერ, როგორიცაა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საქართველოს მთავარი პროკურორი,
გავრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის წესი. აგრეთვე, ამავე კანონის 92
მუხლითა და „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძოებო
ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის
№34 ბრძანებით გათვალისწინებული საგამოძიებო ქვემდებარეობის წესები, რომელშიც,
კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 1 დეკემბრამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის
მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ
შესრულების, სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციისა თუ
დამოუკიდებელი ექსპერტის, აგრეთვე საქართველოს შიდა კანონმდებლობით დამტკიცებული
ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული
შესაბამისი ვალდებულებების აღსრულებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და
ერთიანი, დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და
თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას,
აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლს უზრუნველყოფს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, აგრეთვე სახელმწიფო ინსპქეტორის საქმიანობის პრინციპები,
უფლებამოსილებები და გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არჩევისა და
უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.
კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ
განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინპექტორის უფლებამოსილებები - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი,
აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.
გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ინპექტორის უფლებამოსილებაში მოექცევა უმნიშვნელოვანესი
ფუნქცია - სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის
მიერ (გარდა ამავე კანონით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა) ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება.
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს
ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული
განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში, ან ადამიანის
უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. ასეთი პირი უნდა
სარგებლობდეს მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით.
სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერმინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, საქართველოს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი
მოადგილე ან მოადგილე, საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის
წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის წევრთაგან დანიშნული, სათანადო გამოცდილების მქონე პირი, რომელსაც აქვს
ადამიანის უფლებათა ან/და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5
კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე
ასარჩევად.
პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის
კანდიდატურებიდან, სახელმწიფო ინსპექტორს, ნაცვლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის უფლებამოსილების ვადისა - 3 წლისა, აირჩევს 6 წლის ვადით. აქვე განისაზღვრება, რომ
ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ
ორჯერ.
სახელმწიფო ინსპექტორი სარგებლობს ხელშეუხებლობით. საქართველოს პარლამენტის
თანხმობის გარეშე დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან
დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა ისეთ საქმესთან
დაკავშირებით, რომელიც უაკვშირდება მის სამსახურეობრივ საქმიანობას. გამონაკლისია დანაშაულზე
წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ
საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული სახელმწიფო
ინსპექტორი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სახელმწიფო ინსპექტორის დაკავებაზე ან
დაპატიმრებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას საქართველოს
პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლებრივი დევნის
შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე ან სასამართლო განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლამდე.
კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის გარანტიები,
კერძოდ:
 თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება
არცერთ თანამდებობის პირს და ორგანოს. სახელმწიფო ინსპექტორზე და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის მოხელზე რაიმე ზემოქმედება ან სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა
აკრძალულია და კანონით ისჯება. სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის
მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობის სათანადო პირობები.
 სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების
კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
კონტროლის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებით არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო,
რომელიც მას გაანდეს, როგორც ინსპექტორს. ეს უფლება მას უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც
უნარჩუნდება.
 არავის აქვს უფლება სახელმწიფო ინსპექტორს მოთხოვოს ანგარიში კონკრეტულ სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების შესახებ ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გაცემამ შეიძლება ხელი
შეუშალოს გამოძიების მსვლელობას.
კანონი აწესრიგებს სახელმწიფო ინსპექტორის საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის
საკითხებს, რომლებიც, დიდწილად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქართველოს
პარლამენტთან ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების მსგავსია, თუმცა, მცირედით განსხვავდება
მისგან. კერძოდ:
 სახელმწიფო ინსპექტორი ყოველ წელს, არაუგვიანეს 31 მარტისა, პარლამენტს წარუდგენს
ანგარიშს წინა წელს ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ხოლო
პარლამენტი აღნიშნულ სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტით
დადგენილი წესით (ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საქართველოს პარლამენტს
იგივე ანგარიშს წარუდგენს არაუგვიანეს 1 მარტისა). ამასთანავე, განისაზღვრება, რომ საქართველოს
პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიიწვიოს
სახელმწიფო ინსპექტორი პარლამენტის და/ან საპარლამეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო
ინსპექტორის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარსადგენად.
 სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებული იქნება წელიწადში ერთხელ წარუდგინოს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებისა და 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების
(სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია
კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან,
სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან
(როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი
პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია) კონტროლის შედეგების შესახებ
ანგარიში.
 თუ სახელმწიფო ინსპექტორი ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის
მოვალეობას ან დაიკავებს სახელმწიფო ინსპექტორის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობას ან
განახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას, პარლამენტის ინიციატივით ან პარლამენტის
თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, მას უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის
გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
კანონპროექტით სახელმწიფო ინპექტორს, პრაქტიკულად, უცვლელი სახით განესაზღვრება
პერსონალურ მონაცემის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობის ის მიმართულებები და
უფლებამოსილებები, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორს გააჩნდა
„პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული საქმიანობის
ძირითადი მიმართულებებია: საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური
პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; მონაცემთა
დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა; საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა
დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); საქართველოში მონაცემთა დაცვის
მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების
ინფორმირება.
კანონპროექტში „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გადმოტანილია ის ძირითადი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფო ინსპექტორის
მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვას; სახელმწიფო ინსპექტორის მიერ როგორც
საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ნებისმიერი
მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის შემოწმების განხორციელებას; სახელმწიფო
ინსპექტორის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული წესების
დაცვისათვის კანონის აღსრულების მიზნით გამოსაყენებელ ღონისძიებებს; ფარული საგამოძიებო
მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ
ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს; სახელმწიფო ინსპექტორის მიერ
კონსულტაციების გაწევასა და საგანმანათლებლო საქმიანობას; სახელმწიფო ინსპექტორის სხვა
ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობას.
კანონპროექტით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს სახელმწიფო
ინსპექტორის აპარატისათვის მინიჭებული უფლებამოილება, რომლის თანახმად, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახური განახორციელებს კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ
გამოძიებას. ამ ფუნქციის განხორციელებაში გამოიხატება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის
არსი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება:
 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-1443 მუხლებით (წამება, წამების მუქარა,
დამამცირებელი მოპყრობა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე
სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან
იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), 333-ე მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მოხელის ან
მასთან გათანაბრებული პირის, აგრეთვე სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის
პირის მიერ, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, აგრეთვე, დაზარალებულის პირადი
ღირსების შეურაცხყოფით), 335-ე მუხლით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით,
მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულება განმარტების ან ჩვენების
მიცემისათვის ანდა ექსპერტისა – დასკვნის მიცემისათვის) ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით
(პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების
მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის
შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით) გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი ჩადენილია
კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
 კანონპროექტის მე-3 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა
დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის
დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ
დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული
ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა
სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო
ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით მთავარი პროკურატურის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. იგივე
ერთეული უზრუნველყოფს სისხლისსამართლებრივ დევნას და მხარს დაუჭერს სახელმწიფო
ბრალდებას. აღნიშნული სტრუქტურული ერთეული უშუალოდ მთავარ პროკურორს
დაექვემდებარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებზე,
რომელიც ჩადენილია პროკურატურის მუშაკის მიერ, ზემომითითებულ ფუნქციებს საქართველოს
მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე
დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს:
- სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების
შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;
- მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობას;
- სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის
შესახებ;
თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი
მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ზემომითითებულ საკითხებთან დაკავშირებით,
სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილი იქნება, ამავე საკითხებზე დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ პროკურორს.
გარდა ამისა, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ რომელიმე
საგამოძიებო ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას
მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის ის მოადგილე, რომელიც
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების საქმიანობას კურირებს (შემდგომში -
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე), უფლებამოსილია დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს სხვა საგამოძიებო ორგანოდან მის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ.
თუ ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისათვის გადაცემას, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია, საქმის გამოსაძიებლად
გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს მთავარ
პროკურორს.
კანონპროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის
შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები:
 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლები
თანამდებობაზე ინიშნებიან სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანებით;
 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს
ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში
ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში - საკონსტიტუციო სამართალი,
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის
პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები, და
რომელსაც აქვს საქმიანი და მორალური მაღალი თვისებები. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან
თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო
გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, პროკურატურის მუშაკთა
საკვალიფიკაციო გამოცდა ან ადვოკატთა ტესტირება საერთო ან სისხლის სამართლის
სპეციალიზაციით.
 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის დასანიშნად კონკურსის ჩატარების
მიზნით სახელმწიფო ინსპექტორი ქმნის საკონკურსო კომისიას და განსაზღვრავს მისი საქმიანობის
წესს. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ უნდა იქნენ სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებათა
სფეროს სპეციალისტები.
კანონპროექტში მოცემულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლის
სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები.
კანონპროექტით მოსაწესრიგებელი საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, საკმაოდ
მნიშვნელოვანია გარდამავალი პერიოდი, რომელიც კანონონის სრულად ასამოქმედებად გასატარებელ
ღონისძიებებს უკავშირდება. კანონის ამოქმედებისთანავე უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის თანამდებობა, სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
უფლებამონაცვლედ ჩაითვლება, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლედ. ამასთან, კანონის ამოქმედებისთანავე
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას შეიძენს კანონის ამოქმედების დროისთვის
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მას
აღნიშნული უფლებამოსილება საკუთარი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეუნარჩუნდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება, რომ
პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის ინპექტორის მიერ
გამოცემული სამართლებრივი აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ
შესაბამის საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე. ამავე გარდამავალი
დებულებებით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და
ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს 2019 სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბაბამისი ხარჯების
გათვალისწინებას იმ ოდენობით, რაც აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და
საქართველოს პროკურატურისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური
რესურსების გადასაცემად, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად
შესასრულებლად საჭირო რაოდენობის გამომძიებლებისა და გამოძიებაზე საპროცესო
ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორების თანამდებობაზე დასანიშნად.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
კანონპროექტი განხილულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.

ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.