ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 1/9/1673,1681
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 17/11/2022
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016746
1/9/1673,1681
17/11/2022
ვებგვერდი, 22/11/2022
000000000.00.000.016746
ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/9/1673,1681

2022 წლის 17 ნოემბერი

ქ. ბათუმი


კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) №1673 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და 281 მუხლის მე-2 პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) №1681 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის მე-5 პუნქტისა და 29-ე მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 552 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

დავის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – ლონდა თოლორაია; მოსარჩელის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – მიხეილ შარაშიძე და საბა ელიზბარაშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1673) მომართა ლონდა თოლორაიამ. №1673 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 28 იანვარს. №1673 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 28 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერით №1673 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული.

2.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1681) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1681 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2022 წლის 10 თებერვალს. №1681 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 თებერვალს.

3.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის №3/1/1681 განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო №1681 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი იყო. შესაბამისად, საქმე გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს კოლეგიებს შორის გასანაწილებლად. №1681 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 24 თებერვალს. №1681 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 13 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №1/2/1681 საოქმო ჩანაწერით №1681 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №1/2/1681 საოქმო ჩანაწერით №1673 და №1681 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და ერთობლივად იქნა არსებითად განხილული. №1673 და №1681 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 18 და 19 მაისს.

4.   №1673 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

5.   №1681 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

6.   კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. ამასთანავე, სადავოდ არის გამხდარი ის ცვლილებები, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებითა და სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების შექმნით გამოწვეული საკანონმდებლო ცვლილებების ზოგადი ასახვა. ცვლილებების თანახმად, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა. 2022 წლის პირველი მარტიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. ამასთანავე, სადავო ნორმებით განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობებზე დანიშვნის წესი, წესრიგდება სამსახურთან დადებული გარიგებების საკითხი და კანონში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების თარიღები. გარდა ამისა, დადგენილია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების დაწყების პირობები და აღნიშნული სამსახურის ქონებით აღჭურვის საკითხი.

7.   საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს.

8.   №1673 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელეა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით თანამდებობაზე დაინიშნა 2025 წლის 3 ივლისამდე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მისი ლეგიტიმური მოლოდინისა, რომ თანამდებობას განახორციელებდა კანონით განსაზღვრული ვადით, სადავო ნორმების საფუძველზე, მას, ვადაზე ადრე, 2022 წლის პირველ მარტს შეუწყდა უფლებამოსილება. მოსარჩელისთვის პრობლემურია არა, ზოგადად, რეფორმის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ სამსახურად გაყოფა, არამედ აღნიშნული რეფორმის 2025 წლის 3 ივლისამდე, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე განხორციელება.

9.   საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, №1673 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტი, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტი და 281 მუხლის მე-2 პუნქტი, ხოლო №1681 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის - საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურია „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადება, მე-19 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 271 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტები, ასევე, 281 მუხლის მე-5 პუნქტი, 29-ე მუხლი და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლები, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 42-ე მუხლი და 552 მუხლის მე-5 პუნქტი.

10. მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა იქმნება და მისი კომპეტენცია რეალიზდება კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა ერთობლიობით, თანამშრომლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა მექანიზმების საფუძველზე. ამდენად, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან როგორც უშუალოდ თანამდებობის გაუქმებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ასევე ინსტიტუციის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო დანაწესებს.

11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი არსისა და ფუნქციის გათვალისწინებით, წარმოადგენს საჯარო თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არ არის კონსტიტუციური ორგანო, სამსახურის ფუნქციამ განაპირობა მისი, მთელი რიგი გარანტიების საფუძველზე, შექმნის აუცილებლობა. სახელმწიფო ინსპექტორის ხელშეუხებლობისთვის დადგენილია ზუსტად იგივე გარანტიები, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა სხვა არჩევითი თანამდებობის პირებისთვის. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, სახელმწიფო ინსპექტორი ახორციელებდა სამ მნიშვნელოვან ფუნქციას: წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს. ადამიანის ღირსების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვის, ასევე პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ჩარევის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობას როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფუნქციების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის დაკისრება განპირობებული იყო იმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტს. ამდენად, მოსარჩელეთა მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ უფლებას.

12. კონსტიტუციური სარჩელების ავტორთა აზრით, სადავო ნორმების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სარგებლობენ იმავე უფლებამოსილებით, რაც მოცემულ სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გააჩნდა. შესაბამისად, არ ხდება ისეთი ახალი ორგანოების ჩამოყალიბება, რომლებიც კომპეტენციების თვალსაზრისით, თვისებრივად განსხვავებული იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისაგან. გარდა ამისა, არ იცვლება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოსარჩელე სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც წაყენებულია ახალი სამსახურების უფროსების მიმართ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ‒ სახელმწიფო ინსპექტორს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდა უპირობოდ.

13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარეებმა მიუთითეს, რომ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად „განსახორციელებელ კომპეტენციათა შორის ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტის“ დასახელება წარმოადგენს მხოლოდ თეორიულ არგუმენტს, რომელიც არ ეფუძნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს შეეძლო, ერთი მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის თეორიული საფრთხე დაეზღვია გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებით, ხოლო, მეორე მხრივ, ინსპექტორს მისცემოდა ერთ-ერთი ან ტოლფასი თანამდებობის დაკავების უფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ საჯარო თანამდებობის განხორციელების პირობებს.

14. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა თუ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სარეკომენდაციო დასკვნებზე.

15. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, №1673 და №1681 კონსტიტუციური სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა გაუქმდა და შეიქმნა ორი ახალი სამსახური – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. დასახელებული ცვლილებების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესება, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლი საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.

16. მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით მოხსენიებულ თანამდებობას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახური, საქართველოს პარლამენტს გააჩნია ფართო მიხედულების ფარგლები, შექმნას მსგავსი შინაარსისა და ფუნქციების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ორგანო ან ორგანოები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭა სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია. ახლად შექმნილი საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა კი გაფართოვდა, ხოლო, რაც შეეხება თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ცვლილებების შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

17. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, ახლადშექმნილ ორგანოთა უფლებამოსილებათა ფარგლებში განცალკევებულად განისაზღვრა, ერთი მხრივ, საგამოძიებო და, მეორე მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, რაც მიუთითებს ფუნქციათა ჯეროვანი შესრულებისა და ეფექტიანობის გაზრდის კომპონენტზე. რაც შეეხება მოპასუხის არგუმენტაციას სახელმწიფო ინსპექტორის ახლადშექმნილ ორგანოთა ხელმძღვანელის ერთ-ერთ თანამდებობაზე გადანიშვნის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები, ფუნქციური დატვირთვა და კომპეტენციათა ფარგლები იმდენად გაფართოვდა, რომ სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ახლადშექმნილი სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევა და დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის შედეგად განხორციელებულიყო. მოპასუხის მითითებით, საგამოძიებო ქვემდებარეობის თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციებში შედიოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მხოლოდ რამდენიმე დანაშაულის გამოძიება. განხორციელებული რეფორმის ფარგლებში კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მათ შორის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ნიშნების მქონე ქმედებების გამოძიების უფლებამოსილება, რაც მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტაციით, მნიშვნელოვნად ართულებდა სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის საფუძველზე ავტომატური გადანიშვნის შესაძლებლობის განხორციელებას.

18. მოპასუხის წარმომადგენელთა მითითებით, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახელმწიფო ინსპექტორის ავტომატური გადანიშვნა სხვა მხრივადაც სირთულეს წარმოადგენდა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას, კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შემუშავების პროცესში, იმავდროულად განეხორციელებინა სახელმწიფო ინსპექტორის კვალიფიკაციის, უნარებისა და გამოცდილების ინდივიდუალური შეფასება. მათი თქმით, ამგვარი შეფასება მოითხოვდა სპეციალურ პროცედურას, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვანი საჯარო მიზნის უგულებელყოფას და რეფორმის წარმატებით განხორციელება დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა მესამე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მითითებით, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების შედეგად ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა არ ყოფილა საკანონმდებლო ორგანოს თვითმიზანი. განხორციელებული რეფორმა მიმართული იყო სახელმწიფოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ, ვინაიდან საკითხი ეხებოდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ისეთ მნიშვნელოვან უფლებრივ ასპექტებს, როგორიცაა, მათ შორის, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ასეთ დროს კი სახელმწიფო მოქმედებს საჯარო მიზნიდან გამომდინარე, რაც ცალსახად აღმატებული ინტერესია კერძო პირის ინდივიდუალურ უფლებასთან [საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება] შედარებით.

19. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმები აკმაყოფილებს კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის გამოსადეგობის, აუცილებლობისა და ვიწრო პროპორციულობის კრიტერიუმებს. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.

20. №1673 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინეს სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებები.

21. ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერილობით მოსაზრებაში ხაზს უსვამს არსებულ კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უმნიშვნელოვანეს როლს, ასევე შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ფარგლებში მსჯელობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს. მოსაზრების თანახმად, დასახელებული ფაქტორების გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

22. სასამართლოს მეგობარი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ განცალკევებულ ინსტიტუტად დაყოფა ფაქტობრივად მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო რისკებს დაუკავშირდა და სხვა არსებითი ცვლილება მანდატსა და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. ასევე, არ შეცვლილა ახლადშექმნილი ინსტიტუტების ხელმძღვანელების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც ობიექტურად შესაძლოა დღის წესრიგში დაეყენებინა მოქმედი ხელმძღვანელობის გადასინჯვის საკითხი. ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის მხოლოდ თეორიული მითითებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებს შორის შეუთავსებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებზე არ უნდა ჩაითვალოს იმ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესად, რომელიც გაამართლებდა მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გათავისუფლებას. სასამართლოს მეგობრის აზრით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება იმ პირობებში, როდესაც თვისებრივად არ იცვლებოდა ახალი უწყებების მანდატისა და უფლებამოსილებათა მოცულობა ისევე, როგორც მათი ხელმძღვანელების არჩევის წესი და მათთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ვერ ჩაითვლებოდა უფლების შეზღუდვის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებად. არსებული ცვლილებების ანალიზი არ იძლეოდა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ შეუძლებელი იყო მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის დაქვემდებარებაში რომელიმე ერთი უწყების დატოვება. შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების თუნდაც ნაწილის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგისა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებასთან მიმართებით.

23. ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ წარმოდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეფუძნება ნორმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გაანალიზებას დოქტრინალურ ჭრილში, მოდერნული კონსტიტუციის ფუძემდებლური მახასიათებლების ფარგლებში, ასევე საერთაშორისო იურისდიქციებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზს. სასამართლოს მეგობარი განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მხარს უჭერდა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხს. შესაბამისად, მისი არგუმენტაცია, წარმოდგენილი შედარებით-სამართლებრივი და საერთაშორისოსამართლებრივი გამოცდილების ანალიზი სრულად მიემართება განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მოსარჩელის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით.

24. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება №1673 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე წარმოადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა წევრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა მაია კოპალეიშვილმა. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, ლონდა თოლორაიას თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შინაარსის მქონე სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. უფრო კონკრეტულად, სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27¹ მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს 6 წლის ვადით საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისათვის – ლონდა თოლორაიასთვის დარჩენილ ვადაში უფლებამოსილების გაგრძელებას რომელიმე ახლადშექმნილი დამოუკიდებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

25. მაია კოპალეიშვილის მოსაზრებით, სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ ლონდა თოლორაიას მიერ სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს, რადგან ის არ ადგენს გონივრულ ბალანსს მოსარჩელის უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის. ამასთანავე, მიუთითებს, რომ თანამდებობის პირის უფლებამოსილების ნაადრევად შეწყვეტა უდავოდ იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ არა მხოლოდ მოსარჩელის მიმართ, არამედ სხვა საჯარო თანამდებობის პირების მიმართაც. სადავო სამართლებრივმა ნორმებმა დათრგუნა ისინი, რადგან მათ არ აქვთ საჯარო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადაში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და სტაბილურობის განცდა. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ორი დამოუკიდებელი სამსახურის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან ინსტიტუციურ მოწესრიგებას გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების კონტროლისა და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით, არ გამოდგება საკმარის არგუმენტად, რომელიც გაამართლებდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული პირის – სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას უფლების შეზღუდვას.

26. მაია კოპალეიშვილი სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში ასევე მსჯელობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იურიდიული ძალის დაკარგვა, სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური გარანტიები, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობრივი სტატუსი, მისი დაცვის კონსტიტუციური გარანტიები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1.   განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. აღნიშნული დებულების თანახმად, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. იმისათვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობა, აუცილებელია, განმარტოს ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები.

2.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ №1673 კონსტიტუციური სარჩელის მოსარჩელე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2019 წლის 1 ნოემბერს. აღნიშნული უფლებამოსილება სახელმწიფო ინსპექტორს უნდა განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილების სრული ვადის დასრულებამდე ანუ 2025 წლის 3 ივლისამდე. სადავო ნორმების საფუძველზე, მას, ვადაზე ადრე, 2022 წლის პირველ მარტს შეუწყდა უფლებამოსილება. უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა გამოიწვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამ და მის ნაცვლად ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნამ. შედეგად, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

3.   საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოში არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული სირთულეებიდან გამომდინარე, ერთი უწყების გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა საკანონმდებლო ორგანოს დისკრეციას მიეკუთვნება. ამასთანავე, სასამართლო თავიდანვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, ცალკე აღებული, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის კონსტიტუციურობას. მოსარჩელისთვის პრობლემურია ამ რეფორმის განხორციელება მისი კანონიერი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში და მისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რის გამოც, მიიჩნევს, რომ მას გაუმართლებლად შეეზღუდა საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციური უფლება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ დამოუკიდებელი ორგანოს გაყოფა უნდა მომხდარიყო ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და, საკუთრივ, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების კანონისმიერი ვადის დაცვის (ხელშეუხებლობის) პრინციპის გათვალისწინებით.

4.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შინაარსი და მიზანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის დროს გატარებული ღონისძიებები აღქმულ და გააზრებულ იქნეს მთლიანობაში, კომპლექსურად, მათი თანმიმდევრულობის გათვალისწინებით და არა როგორც ცალკეული და ერთმანეთისგან მოწყვეტილი ღონისძიებები. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს იმაზე, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მოახდინა თუ არა სადავო ღონისძიებამ გავლენა დამოუკიდებელ ორგანოთა სისტემაში საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაზე, ხოლო თუ იქონია გავლენა, იყო თუ არა ეს გამართლებული შესაბამისი ლეგიტიმური მიზნებით, რასაც ეს რეფორმა ისახავდა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი, მათ შორის, უნდა განისაზღვროს განხორციელებული ღონისძიების ფარგლები და საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი ფაქტები შესაბამისი კანონმდებლობის კონტექსტში.

 

1.  საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებით დაცული სფერო

5.   საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს ‒ არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“], ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი - ამავე ნორმის მე-2 წინადადება [„საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“]. ამასთან, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.

6.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 25-ე მუხლი „სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა, უპირველესად, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად, წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს. სახელმწიფო თანამდებობის პირები ახორციელებენ და ხელს უწყობენ საჯარო ხასიათის საქმიანობას. ისინი საჯარო მმართველობის განხორციელების პროცესში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს ან/და ზედამხედველობას უწევენ მათ აღსრულებას და, ამგვარად, ემსახურებიან საჯარო ინტერესებს. საჯარო მიზნების განხორციელებაზე ორიენტირებული, საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი პირები, დამოუკიდებლად იმისგან, წარმოადგენენ თუ არა ისინი კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეებს ან სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო ფუნქციის ეფექტიანად და სრულყოფილად განხორციელებისათვის აუცილებელია სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური გარანტიებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5-6).

7.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის სტატუსს განაპირობებს შესაბამისი საქმიანობის ბუნება, მისი არსი. კერძოდ, მნიშვნელოვანია, დადგინდეს მოცემული თანამდებობა განეკუთვნება საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო ხელისუფლებას, წარმოადგენს სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, თუ არ გააჩნია პირდაპირ განსაზღვრული კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო თანამდებობების სტატუსის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე განსახორციელებელი ფუნქციების ხასიათი. ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური გარანტიებიც. მაგალითისთვის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრის (მინისტრის) სხვადასხვაგვარი ფუნქციისა და კონსტიტუციურსამართლებრივი როლის შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები უნდა იქნენ განხილული, როგორც განსხვავებული დაცვის გარანტიებით აღჭურვილი სახელმწიფო თანამდებობის პირები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

8.   როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი უკავშირდება პირის კონსტიტუციურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა საჯარო სფეროში, ..., განახორციელოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დელეგირებული ესა თუ ის უფლებამოსილება. ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის 25-ე მუხლი, განსაკუთრებულ მოთხოვნებს აწესებს და მისი მოქმედების არეალი შემოიფარგლება სახელმწიფო სამსახურით, საჯარო სფეროთი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს დამოუკიდებელ ორგანოთა კონსტიტუციურსამართლებრივი ადგილი, ხოლო მათი საქმიანობის სფეროს, სპეციფიკისა და დანიშნულების გათვალისწინებით კი - დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ ისინი ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე კონსტიტუციური პასუხისმგებლობის მქონე ორგანოებს.

 

1.1. დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში

9.   საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ღირებულებათა არქიტექტურაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობა, იმის მიუხედავად, „ადამიანის წამებას“, როგორც ყველაზე მძიმე ქმედებას, შეეხება საქმე თუ გაცილებით ნაკლებად მძიმე „დამამცირებელ მოპყრობას“, ყველაზე უფრო პირდაპირ და უხეშად ლახავს ადამიანის ღირსებას, რომელიც სამართლიანად განიხილება როგორც ადამიანის ყველა უფლების საფუძველთა საფუძველი და რომლის პატივისცემის იდეასაც ეფუძნება ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია.

10. ცხადია, ხელისუფლებას ეკისრება კონსტიტუციური ვალდებულება, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). დემოკრატიულ საზოგადოებაში კი, რომლის საფუძველი და მიზანი თავისუფალი ადამიანია, შეუძლებელია, არსებობდეს ვინმეს წამების, მისდამი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საჭიროება და რაიმე გამართლება. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ვითარება, სადაც ადამიანისადმი არასათანადო მოპყრობას შეიძლება, თუნდაც ნაწილობრივი გამართლება მოეძებნოს დემოკრატიის ინტერესების დაცვის მიზნით, რამდენადაც სწორედ ადამიანის ღირსების დაცვაა დემოკრატიული ღირებულებების ქვაკუთხედი და ამ ფუნდამენტისგან ყოველი უკანდახევა პრინციპულად შეუთავსებელია დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/3/1441 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

11. აღსანიშნავია, რომ როგორც ადამიანის ღირსების, ასევე მისი სიცოცხლის სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ვალდებულება გულისხმობს, რომ ადამიანებისადმი არაადამიანური მოპყრობის, წამებისა თუ მათთვის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. ამგვარი გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოიშობა მკვლელობის ან სიკვდილის საეჭვო შემთხვევების დროს ყოველთვის, იმის მიუხედავად, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი კერძო პირია თუ სახელმწიფო მოხელე. აქვე, ხაზგასასმელია ისიც, რომ გამოძიება უნდა იყოს ეფექტიანი იმ გაგებით, რომ შესაძლებელი გახდეს ფაქტების დადგენა, პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და ადეკვატურად დასჯა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელისუფლო ორგანოებმა უნდა განახორციელონ ყველა საჭირო შესაძლო ღონისძიება კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების, საქმეში არსებული ჩვენებების, ნივთმტკიცებებისა თუ, საჭიროებისდამიხედვით, სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებათა შესასრულებლად, რომლებიც ზუსტად აღწერს დამდგარი შედეგების მიზეზის ობიექტურ ანალიზს.

12. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტისა თუ მტკიცებულების ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოძიება ეფექტიანი. ხოლო იმისათვის, რათა გამოძიებამ დააკმაყოფილოს ეფექტიანობის შესაბამისი მოთხოვნები, გამოძიებასა და მის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ზემოხსენებულ კრიტერიუმებში იგულისხმება დამოკიდებულების არარსებობა როგორც იერარქიული და ინსტიტუციური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა არსი დამატებით მდგომარეობს იმაში, რომ გამოძიების დროს ან მისი შედეგების მიღებისას, შესაბამის ფარგლებში უნდა იყოს დაშვებული საზოგადოებრივი კრიტიკაც, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ანგარიშვალდებულება, საზოგადოების ნდობის შენარჩუნება ხელისუფლების ორგანოების მიერ სამართლის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით და არაკანონიერი ქმედების ხელშეწყობის რაიმე გამოვლენის თავიდან აცილების მიზნით. ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნისა თუ გაუქმების პროცესი კი ვერ განხორციელდება საზოგადოებრივი ინტერესისგან მოწყვეტილად და მისი უგულებელყოფით, არამედ იგი უნდა პასუხობდეს საზოგადოების მოთხოვნებს და მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისკენ.

14. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს კონსტიტუციურსამართლებრივ როლს საქართველოს კანონმდებლობაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტატუსს, მისი საქმიანობის პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებებს, სახელმწიფო ინსპექტორის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესებს, აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, განსაზღვრავდა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის №3273-რს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს, რომლის მიზანი იყო, განეხორციელებინა: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და ზემოხსენებული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დანაშაულს კი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2021 წლის 30 დეკემბრის რეფორმის განხორციელებამდე მიეკუთვნებოდა: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441−1443 მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლით ან/და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილი იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არსებობასა და, მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ამ ორგანოს ავტონომიის დაცვის აუცილებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, არა მხოლოდ დემოკრატიის განვითარებისთვის, არამედ ასევე ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, აუცილებელია ამ დამოუკიდებელი ორგანოს შესაბამისი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიებით აღჭურვა, რათა მის მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებამ უზრუნველყოს სახელმწიფოში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და თავად ამ სამსახურის საქმიანობის სტაბილურობა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა ავტონომიის დაცვის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მაშინ, როდესაც ისინი თავისუფალნი უნდა იყვნენ საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნებისმიერი ხელყოფისა და პოლიტიკური გავლენისგან, რომელიც შესაძლოა მათთან მიმართებით არსებობდეს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების პატივისცემა მოითხოვს დაინტერესებული პირის საკითხის არსებითად განხილვას, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე შეეხება ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპებსა და ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვას შორის ურთიერთმიმართებას.

 

1.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემას, მასში სახელმწიფოსა და კერძო პირების ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. ეს საზოგადოების არსებობის თანმდევი, ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის დაცვის ლეგიტიმური მოლოდინი ყველას გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). პერსონალური მონაცემები ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შემადგენელი ნაწილია, რომელიც განეკუთვნება პირადი და ოჯახური ხელშეუხებლობის უფლებრივ კომპონენტებს: პირადი საქმიანობის ადგილის ხელშეუხებლობა; პირადი ჩანაწერის ხელშეუხებლობა; მიმოწერის თავისუფლება; სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით საუბრის თავისუფლება; ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებების ხელშეუხებლობის უფლება; საცხოვრებელი ბინისა და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება და სხვა. ყოველივე ზემოხსენებული კი, თავის მხრივ, განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა შესაბამის კატეგორიებს, რომლებიც განსაკუთრებულად საჭიროებს დაცვას, რათა არ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური გადაწყვეტილებების შედეგად პირის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა.

17. აღსანიშნავია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას უზრუნველყოფს კონსტიტუციით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: „ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

18. ნებისმიერი უფლების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თავისთავადი შემადგენელი ელემენტია ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ამ სიკეთეებით შეუზღუდავად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე სარგებლობის გარანტია, სანამ არ გაჩნდება უფლების შეზღუდვისთვის კონსტიტუციითვე გათვალისწინებული საფუძველი და საამისო აუცილებლობა. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, კანონის საფუძველზე, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

19. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, დემოკრატიის პრინციპების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. სწორედ ასეთ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომლის საქმიანობის მიმართულებებია: პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი.

20. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი სათავეს 2013 წლიდან იღებს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა კი 2015 წლიდან ხორციელდება. აღნიშნულ უფლებამოსილებებს 2013-2019 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ხოლო 2019 წლიდან 2022 წლამდე მისი უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებდა. 2022 წლის 1 მარტიდან კი აღნიშნული მანდატი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭა. მაშასადამე, კონსტიტუციურ ღირებულებათა, უფრო კონკრეტულად კი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სადარაჯოზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მნიშვნელოვან ფუნქციებს ემსახურება. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლია. ამ მიზნით სამსახური საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს: საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვა; საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე, ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა და საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

21. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელ ორგანოთა ფუნქციებიდან და დაცვის ობიექტიდან გამომდინარე, ასეთი ორგანოების ინსტიტუციური ავტონომია მნიშვნელოვანია ამ სამსახურების საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისა და სტაბილურობისთვის, რაც, საერთო ჯამში, ემსახურება სახელმწიფოში არსებული კონსტიტუციური სიკეთეების დაცვის ვალდებულებას და ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა მიემართება არა უშუალოდ რომელიმე დამოუკიდებელი ორგანოს არსებობის კონსტიტუციურსამართლებრივ ანალიზს, არამედ, ზოგადად, ხაზს უსვამს დემოკრატიულ საზოგადოებაში დამოუკიდებელ ორგანოთა როლსა და მნიშვნელობას.

 

2.  შეესაბამება თუ არა სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლება საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების კონსტიტუციურ სტანდარტებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ ახალ სამსახურად ფუნქციური გაყოფისა და კომპეტენციათა კონფლიქტის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით

22. როგორც აღინიშნა, №1673 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელისთვის პრობლემურია არა ზოგადად რეფორმის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ სამსახურად გაყოფა, არამედ აღნიშნული რეფორმის 2025 წლის 3 ივლისამდე – მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – განხორციელება. №1681 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით კი, დაუსაბუთებელია, თუ რამ განაპირობა სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტა რეფორმის განხორციელების დროს, რატომ იყო ის აუცილებელი საჯარო ფუნქციათა გამიჯვნის საკითხის გადასაწყვეტად.

23. დასაწყისისთვის ყურადსაღებია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს თავის მიდგომას, რომელიც მან ჩამოაყალიბა 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ, ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობის არსის განმსაზღვრელი ელემენტი ხელისუფლების აღმასრულებელი ან/და საკანონმდებლო შტოსგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხია. მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ინტერესი კი შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიზღუდოს საჯარო სამსახურის მართვის გაუმჯობესების ლეგიტიმური მიზნით. ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას ექნება ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს და დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, განსახილველ საქმეში ცენტრალური საკითხი სწორედ ის არის, თუ რატომ წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით რეფორმის განხორციელება გადაუდებელ აუცილებლობას, ემსახურებოდა თუ არა ამ მიზანს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და იყო თუ არა ეს აუცდენელი გზა ამ მიზნის მისაღწევად.

24. განსახილველ საქმეზე მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, თუ რით გამოიხატებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებისა და სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაუდებელი აუცილებლობა. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, განხორციელებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია. ამასთანავე, მოცემულ ვითარებაში არ არსებობდა სხვა ნაკლებად მზღუდავი გარემოება, რომელიც იმავე ეფექტიანობით, თუმცა ინდივიდუალური უფლების შეზღუდვის გარეშე და დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევით, უზრუნველყოფდა ახლადშექმნილი სამსახურების ფუნქციათა გამიჯვნას. საქართველოს პარლამენტმა მიუთითა, რომ ლეგიტიმური მიზნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათი მიღწევა შეუძლებელი იყო განხორციელებული რეფორმის გვერდის ავლით. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ასევე შეუძლებელი იყო სახელმწიფო ინსპექტორის ერთ-ერთ თანამდებობაზე ავტომატური გადანიშვნა, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას ინდივიდუალურად შეეფასებინა, რამდენად შეესაბამებოდა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფი სუბიექტის ამ თანამდებობისთვის დამაკმაყოფილებელი უნარები ახლადშექმნილ ორგანოთა ხელმძღვანელისთვის განკუთვნილ პროფესიულ უნარებს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის კანონით გაფართოებული ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე.

25. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა conditio sine qua non კავშირი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და გაუქმებული სამსახურის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნას შორის და იყო თუ არა პირველი მათგანი აუცილებელი პირობა მეორის რეალიზაციისთვის. სხვა სიტყვებით, შეიძლებოდა თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშე განხორციელებულიყო ეს რეფორმა, კერძოდ, ერთი ინსტიტუტის ბაზაზე ორი ახალი ორგანოს შექმნა, რომელიც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა. სწორედ ამ კონტექსტში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, შეესაბამება თუ არა სადავო ნორმების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ საჯარო სამსახურის საქმიანობის უწყვეტობის პრინციპს. სასამართლო იმსჯელებს, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის თუ არარსებობის პირობებში, გამოიწვია თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებამ და მის ნაცვლად ორი ახალი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნამ ინდივიდუალური უფლების, კერძოდ, საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

 

2.1. სახელმწიფო ინსპექტორის, როგორც საჯარო თანამდებობის სამართლებრივი ბუნება და შესაბამისი კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტიები

26. წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში მნიშვნელოვანია ჯეროვნად განიმარტოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები, მიზანი და უფლებამოსილებათა ფარგლები, ასევე, საკუთრივ, ამ სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი ბუნება. ამ კუთხით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საკითხის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი ისტორია. კერძოდ, 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მან, ერთი მხრივ, შეითავსა მანამდე არსებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები; მეორე მხრივ კი, მას დაემატა კონკრეტულ დანაშაულთა გამოძიების უფლებამოსილება. მართალია, 2018 წელს რეფორმა განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული სფეროს ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების თვალსაზრისით, გარკვეული საკითხები გადაუჭრელი დარჩა. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების განხორციელებამდე არსებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ითავსებდა და ახორციელებდა სამ ძირითად ფუნქციას. ესენია: ა) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი და გ) გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიება. უდავოა, რომ დასახელებული ფუნქციები, თავისი ხასიათით, საჯაროსამართლებრივი ბუნებისაა და, შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა წარმოადგენს საჯარო თანამდებობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის გაგებით.

27. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცნობს როგორც წმინდად პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან პროფესიული ნიშნით შერჩეულ, ისე შერეული ტიპის თანამდებობების პირებს, რომელთა საქმიანობა ხასიათდება როგორც პოლიტიკური, ისე პროფესიული თანამდებობისათვის დამახასიათებელი ნიშნებით. რა თქმა უნდა, თანამდებობათა ტიპებად დაყოფას არ გააჩნია მხოლოდ თეორიული დატვირთვა და იგი რეალურ გავლენას ახდენს კონსტიტუციური უფლების შინაარსსა და თანამდებობის პირის დაცვის გარანტიებზე. საჯარო სამსახური/თანამდებობები, თავისი არსით, საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. საჯარო თანამდებობებს შორის არსებული ფუნქციური, შინაარსობრივი თუ სხვა ტიპის განსხვავებები კი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ ზემოხსენებულთაგან რომელი ამოცანის დაცვაზეა ორიენტირებული საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების შინაარსი და ფარგლები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა თანამდებობასთან მიმართებით.

28. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ზოგიერთ თანამდებობასთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიზანი, უმთავრესად, შრომითი უფლებების დაცვაა, რაც მოიაზრებს შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფას, თანამდებობრივი სარგოს მიღების შესაძლებლობას, უფლებამოსილების დაუსაბუთებლად შეწყვეტისაგან დაცვას და სხვა შრომით გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციით შრომითი უფლებების დაცვის საჭიროება, უმთავრესად, მიმართულია პროფესიული თანამდებობის პირების ინტერესების დაცვისაკენ. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია პირის ინდივიდუალური უფლება, საკუთარი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეწეოდეს შრომით საქმიანობას საჯარო სამსახურში, იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას, ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებული არ იყოს რომელიმე პირის სუბიექტურ შეხედულებაზე. ამდენად, როგორც წესი, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების აკრძალვის უმთავრესი მიზანი მისი შრომითი უფლების დაცვაა და არა საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

29. შრომითი უფლებების დაცვის მიღმა კი, რიგ თანამდებობებთან მიმართებით კონსტიტუცია ქმნის სპეციალურ გარანტიებს. მაგალითად, რიგ თანამდებობის პირებთან მიმართებით თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის დადგენილია იმპიჩმენტის პროცედურა და ა. შ.. ამ შემთხვევაში წინა ხაზზე გამოდის თანამდებობის პირთა ფუნქციური დატვირთვა და მათი მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. კონსტიტუცია უშვებს, რომ მათ შეიძლება მოუწიოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც არასასურველია სხვადასხვა დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, მათ მიერ უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფა მოითხოვს ნებისმიერი დაინტერესებული მხარისაგან დაცვის სპეციალურ გარანტიებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).

30. ამრიგად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა ისეთ საქმიანობას, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა გამორიცხავდეს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებულ თუნდაც მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებზე მითითებით და, ამასთანავე, მის შრომით უფლებებსა და უფლებამოსილების ვადას უნდა უქმნიდეს დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს.

31. როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება მიმართულია პირის შრომითი უფლებების დაცვისკენ. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც საქმე შეეხება პოლიტიკური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ საჯარო ინსტიტუტებში უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეულ მოხელეებს, მათ მიერ თავიანთი საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელება უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე, იმავდროულად, უნდა ემსახურებოდეს ამ ინსტიტუტების ქმედითი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ხდება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული მოხელისათვის, რომელსაც საქმიანობის შეუფერხებლად და სტაბილურად განხორციელების თვალსაზრისით, შესაბამისი ლეგიტიმური მოლოდინი გააჩნია, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა განსაკუთრებით ინტენსიური ხდება და მისი გამართლება ასეთივე განსაკუთრებული სიფრთხილით შემოწმებას მოითხოვს.

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ უფლებაში ყოველგვარი ჩარევა, რომლებიც დაკავშირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და თანამდებობებთან, განსაკუთრებით მკაცრად უნდა შეფასდეს. თუმცა, აღნიშნული ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მკვეთრად განსხვავებულ, შერბილებულ მიდგომებს გამოიყენებს კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი ინსტიტუტებისა და თანამდებობების მიმართ, როდესაც საქმე შეეხება უფლებამოსილების კონკრეტული, გარანტირებული ვადით არჩეულ მოხელეებს. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, იმოქმედა თუ არა რეფორმის განხორციელებისას საკანონმდებლო ორგანომ ზემოხსენებული მოთხოვნების შესაბამისად და გაატარა თუ არა ღონისძიებები იმ თანამდებობის პირთა უფლებების დაცვისა თუ ზიანის შემცირების მიმართულებით, რომელთა უფლებამოსილების გარანტირებული ვადაც, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების გამო, საფრთხის ქვეშ დადგა.

33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ არის საქართველოს კონსტიტუციაში სახელდებით პირდაპირ მოხსენიებული ინსტიტუტი. ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებათა ფარგლები განსაზღვრულია კანონით, რომლის საფუძველზე შეიქმნა თავად ეს ორგანო 2018 წელს, ხოლო, საკუთრივ, სახელმწიფო ინსპექტორმა უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო 2019 წლიდან. ამავდროულად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის, როგორც სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში შექმნილი დამოუკიდებელი სამსახურის მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებულია და განმტკიცებულია იმით, რომ ამ სამსახურის ხელმძღვანელი გადაწყვეტილების მიღებისა თუ სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თავისუფალი ყოველგვარი შესაძლო გავლენისაგან, გარანტირებული ვადით არჩეული თანამდებობის პირის, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა წარმოადგენს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში ჩარევას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურობის შესაბამის საერთო მოთხოვნებს.

 

2.2. შეზღუდვის კონსტიტუციურობა

34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

35. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება განამტკიცებს, რომ საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. განსახილველ შემთხვევაში საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვა დადგენილია საკანონმდებლო აქტით - „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა.

36. საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისთვის აუცილებელია, ამგვარი შეზღუდვა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის დისტანცირება საჯარო მმართველობის პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).

 

2.2.1. ლეგიტიმური მიზანი

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.

38. მოცემულ ვითარებაში საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს ‒ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგების გაუმჯობესებას, მათ შორის, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავების კონტროლისა და საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით და, აგრეთვე, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები მოპასუხე მხარემ თანაბრად რელევანტურად მიიჩნია როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, ისე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მიმართებით.

39. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერში, გარკვეულწილად, იმსჯელა მოსარჩელის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობაზე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების კონტექსტში. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, „...ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის მართებულად გადაწყვეტის მიზნებისათვის და საქმეზე გამწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, სასამართლო არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, საფუძვლიანად გამოიკვლიოს, სადავო ნორმების საფუძველზე ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის წარმოშობა მხოლოდ ჰიპოთეტურია თუ რეალური, რომელ/როგორ შემთხვევებს შეიძლება იგი უკავშირდებოდეს, რამდენად ხშირად შეიძლება ამგვარი საფრთხე წარმოიშვას და პრაქტიკაში რეალიზდეს. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვის ამ ეტაპზე შემოიფარგლება მხოლოდ იმის შეფასებით, შეიცავს თუ არა სადავო ნორმები prima facie ამგვარი კონფლიქტის წარმოშობის პოტენციალს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29).

40. ზემოაღნიშნულ კონტექსტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უწინარესად განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლოსთვის პრინციპულია არა იმაში დარწმუნება, რომ პრაქტიკაში მართლაც მრავლად იყო იმგვარი შემთხვევები, რომლებმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ განსხვავებულ ფუნქციას შორის ინტერესთა მწვავე კონფლიქტი გამოავლინა, არამედ იმაში, რომ არსებული ინსტიტუციური მოწესრიგების ფარგლებში ამგვარი კონფლიქტის წარმოშობის სერიოზული საფრთხე არსებობდა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მას დამაჯერებლად ესახება განმარტებით ბარათში მითითებული და შემდგომ, საქმის არსებითი განხილვის დროს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობაზე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებული რეგულაციების საფუძველზე, ერთი და იმავე უწყების ფარგლებში ხორციელდებოდა, ერთი მხრივ, გამოძიებისა და, მეორე მხრივ, გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება.

41. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი, ცალკეულ დანაშაულთა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორისათვის მინიჭებული ფუნქციების ერთი და იმავე სამსახურის მიერ შესრულება იმას გულისხმობს, რომ ეს სამსახური უფლებამოსილია, ერთი მხრივ, გამოიძიოს გარკვეული დანაშაული, ხოლო, მეორე მხრივ, გააკონტროლოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება მაშინაც, როდესაც დანაშაულის გამოძიება, ზოგადად, მჭიდროდ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან საკუთრივ გამომძიებელთა მხრიდან. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ადგილი აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, ერთი მხრივ, გამოძიებისა და, მეორე მხრივ, გამოძიების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმების ფუნქციების ერთმანეთში აღრევას, რაც იწვევს ინტერესთა კონფლიქტს იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს საკუთრივ გამომძიებელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. შესაბამისად, განმარტებითი ბარათისა და საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხის მიერ დაფიქსირებული პოზიციის მიხედვით, სწორედ ორივე ამ ფუნქციის ჯეროვნად შესრულების მიზნით გამიჯნა საქართველოს პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და დაუქვემდებარა იგი ორ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ორგანოს. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმასაც, რომ სწორედ ინტერესთა ამგვარ კონფლიქტზე მითითებით გამოითქვა კრიტიკა არასამთავრობო სექტორის მხრიდან ჯერ კიდევ სადავო რეგულაციების მიღების დროს, 2018 წელს განხორციელებული რეფორმის ფარგლებში.

42. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოდ, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების დამოუკიდებლობა, მათი ავტონომიურობის გარდა, მოიცავს და გულისხმობს მათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობასაც, რომლის ხარისხიც მნიშვნელოვნად მცირდება ამ სამსახურების ერთი და იმავე უწყების ფარგლებში არსებობის დროს და წარმოშობს მათი ინსტიტუციური გამიჯვნის საჭიროებას მათი დამოუკიდებლობის აუცილებელი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთანავე, სასამართლოს საფუძველს მოკლებულად ესახება ის არგუმენტი, თითქოს, ამ სამსახურებისათვის უზრუნველყოფილი ავტონომიურობა დამოუკიდებლობის აუცილებელი ხარისხის მინიჭების გარეშე, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს გამორიცხავს. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებისა და ქვემდებარე გამოსაძიებელ საქმეთა გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება რეფორმის განხორციელების თაობაზე შესაძლოა მიჩნეულ იქნეს გამართლებულად, ვინაიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების მხრიდან შესაძლო გადაცდომა ან დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, ობიექტური გამოძიება თუ სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა ექცეოდეს ამავე სამსახურის ზემდგომი მოხელეების მხრიდან გავლენის ქვეშ და, ცხადია, რომ ორ დამოუკიდებელ სამსახურს შორის ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია გამართული სამართლებრივი მექანიზმებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

43. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, იგი არ დგას ინსტიტუციური ცვლილებების ნაწილში რეფორმის კონსტიტუციურობის შეფასების ამოცანის წინაშე, თუმცა იგი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სწორედ ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის თავიდან აცილებას ისახავდა სახელმწიფო მიზნად, როდესაც განახორციელა სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ინსტიტუციური გაყოფა მათთვის მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ის, თუ რა გავლენა იქონია რეფორმის ფარგლებში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა პირის კონსტიტუციურ უფლებაზე – ეფექტიანად და შეუფერხებლად განეხორციელებინა საჯარო საქმიანობა; იყო თუ არა შეზღუდვა გამართლებული იმ ლეგიტიმური მიზნებით, რომლებსაც რეფორმა ისახავდა; გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ უფლების შეზღუდვის დამაბალანსებელი მექანიზმები და დაადგინა თუ არა სამართლიანი ბალანსი დაპირისპირებულ ინტერესებს შორის.

44. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს რა მხედველობაში საკანონმდებლო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული რეფორმის ეტაპების თანმიმდევრულობას, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების რელევანტურობას იგი შეაფასებს რეფორმის განხორციელების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაციისა და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიციის საფუძველზე. მათ შორის, გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, გაფართოვდა საგამოძიებო სამსახურის განსჯადობა, ხოლო მისი ქვემდებარე, გამოსაძიებელ დანაშაულთა გარდა, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირისა და პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ იქნება ჩადენილი.

45. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამის პარაგრაფებში (იხ. II-9-21 პარაგრაფები) უკვე იმსჯელა დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელ ორგანოთა როლზე. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო პასუხისმგებელია ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა დაცვის მიზნით შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებათა ეფექტიან გამოძიებაზე, შესაბამის საგამოძიებო მოქმედებათა მიუკერძოებელ ჩატარებასა თუ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე. ამასთანავე, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ემსახურება, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოს მიერ განხორციელებულ მოქმედებათა ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ შეფასებას. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ორივე უმნიშვნელოვანესი ფუნქციის როგორც ერთმანეთისგან, ასევე გარეშე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პოზიტიური და პროცედურული ვალდებულებების შემადგენელი ნაწილია.

46. ამავდროულად, უდავოა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თავისთავად არსებობს სახელმწიფო ორგანოთა შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების ლეგიტიმური ინტერესი. განსახილველ საქმეში სახეზეა იმგვარი ვითარება, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ამ ინტერესის მიღწევის მიზნით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის ნაცვლად შექმნა ორი ახალი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, განსხვავებული ფუნქციებით აღჭურვილი ორგანო. საჯარო ფუნქციათა ეფექტიანი განხორციელება ასევე შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღონისძიებათა გატარებით მაშინ, როცა საქმე ეხება გამოძიებისა და, ასევე საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ცვლილებები ემსახურებოდა შემდეგ ძირითად მიზნებს: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფრო ეფექტიან ინსტიტუციურ მოწესრიგებას გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს როგორც პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების კონტროლის, ისე საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით, ასევე შეუთავსებელი ფუნქციების გამიჯვნის გზით სახელმწიფო უწყებაში ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას, ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას და, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობას. აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებს სასამართლო მხედველობაში მიიღებს ერთიანობაში უფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებისას.

48. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რეფორმის თანმიმდევრულობის, მისი შინაარსისა და მიზნების, საკანონმდებლო ორგანოს მიერ სხვადასხვა ეტაპზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების რელევანტურობის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, რომლებმაც გარკვეულ გარემოებებში და თანაზომიერების პრინციპის დაცვით, შეიძლება გაამართლოს ინდივიდუალურ უფლებათა, მათ შორის, საჯარო სამსახურში შეუფერხებელი საქმიანობის უფლების შეზღუდვა.

 

2.2.2.  გამოსადეგობა

49. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა რეალურად ემსახურებოდეს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სადავო ნორმით გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული განსახილველი ურთიერთობის სპეციფიკა და ხელმძღვანელ პირთა ფუნქციები.

50. უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლები მოცემულია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლში, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას; გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად (თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ე) მან დაიკავა მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ვ) იგი ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან; ზ) იგი გარდაიცვალა. ზემოხსენებულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.

51. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებს, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და 2 მოადგილე, რომლებსაც იგი თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით. სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისას სახელმწიფო ინსპექტორის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი ახალი სახელმწიფო ინსპექტორი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ინსპექტორი განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების მათთვის დელეგირებას.

52. ხაზგასასმელია, რომ ზემოხსენებული კანონით სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ შესაძლო საფუძვლად განსაზღვრული არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საკანონმდებლო ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ლეგიტიმურად ახორციელებს სახელმწიფოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და განვითარების მიზნით. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმების საფუძველზე, როგორც არაერთხელ აღინიშნა, გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის ნაცვლად კი შეიქმნა ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანო. სასამართლომ ზემოთ უკვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა conditio sine qua non პირობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შესაქმნელად, რაც, თავის მხრივ, ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ასე რომ, ახალი სამსახურების შექმნა, შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი კი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სხვა თანამდებობის პირებისათვის [მისი მოადგილეებისთვის] უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გარეშე. შესაბამისად, რაკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით და მის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნით განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურებს შორის ინტერესთა კონფლიქტის პრევენცია და გაიზარდა ამ უწყებების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაც უნდა განიხილებოდეს როგორც ვარგისი საშუალება დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად.

53. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამასთანავე, განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე შეეხება არა უბრალოდ უფლებამოსილების გარანტირებული ვადის მქონე თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ინდივიდუალურ გარემოებებთან დაკავშირებული რაიმე მიზეზით, არამედ საკუთრივ უწყების გაუქმების გამო პირის გათავისუფლებას, რომელიც განსხვავებულ ღირებულებათა კონფლიქტს გულისხმობს. უწყების გაუქმების გამო პირის გათავისუფლების ფაქტორი, მართალია, არ ამცირებს უფლებამოსილების გარანტირებული ვადის როგორც დამოუკიდებლობის გარანტიის შენარჩუნების მნიშვნელობას ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ჭრილში, თუმცა, იმავდროულად, არც უვარგის საშუალებად აქცევს მას რეფორმის მიზნის მიღწევის თვალსაზრისით. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კვალობაზე, ამ სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე არჩეული პირისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური უფლების შეზღუდვა გამოძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების კონტროლის, აგრეთვე, საგამოძიებო ქვემდებარეობის გაფართოების თვალსაზრისით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფრო ეფექტიანი ინსტიტუციური მოწესრიგებისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნების მისაღწევად, მიჩნეული უნდა იქნეს გამოსადეგ და ვარგის საშუალებად. საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დასახული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული ნებისმიერი გამოსადეგი და ვარგისი საშუალება, იმავდროულად, უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნის მისაღწევად არსებულ ყველა გამოსადეგ ღონისძიებათა შორის ყველაზე ნაკლებად მზღუდველსა და პროპორციულ საშუალებას.

 

2.2.3. აუცილებლობა

54. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). სწორედ თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ არ არსებობდეს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად სხვა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სადავო რეგულირება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

55. წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა, რომ საჯარო თანამდებობის განხორციელების უფლება დაკავშირებულია მთელი რიგი კონსტიტუციური სტანდარტების დაკმაყოფილებასთან. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაზე საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც დადგინდა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სტანდარტები დამოუკიდებელი ორგანოს თანამდებობის პირთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უფლებაში ჩარევის სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალების არსებობის საკითხის განხილვის ფარგლებში, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის ცხადად უნდა დაენახვებინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირება, სამეურვეო საბჭოს პლურალიზმისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო განხორციელებულიყო სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრების მონაწილეობით, რაც დაადასტურებდა, რომ ლეგიტიმური საჯარო მიზნები ვერ მიიღწეოდა სხვა ღონისძიების გამოყენებით. სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედ მეურვეთა უფლებამოსილების შეწყვეტა, უნდა ყოფილიყო მიზნის მიღწევის უკიდურესად აუცილებელი საშუალება.

56. წინამდებარე საქმეზე მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თანმდევ შედეგს. ახლადშექმნილი ორგანოებიდან სახელმწიფო ინსპექტორის – მოსარჩელის ლონდა თოლორაიას – ერთ-ერთის ხელმძღვანელად ავტომატური გადანიშვნის შეუძლებლობას კი კანონმდებელი ხსნის იმ არგუმენტით, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა ქვემდებარე, გამოსაძიებელ საქმეთა მიმართულებით, რის გამოც, მათი განმარტებით, საჭირო იყო ახალ თანამდებობაზე პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და პროფესიული უნარების ახლიდან შეფასება. ავტომატური გადანიშვნის პირობებში კი სახელმწიფო ინსპექტორი ამგვარი შეფასების გარეშე შეუდგებოდა სპეციალური საგამოძიებო თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთაგან ერთ-ერთის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელებას, რასაც შეიძლება შეექმნა გარკვეული საფრთხე ახლადშექმნილი სამსახურების ეფექტიანი საქმიანობის ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან აღნიშნული პირი ახალი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდა იმის წინასწარი დადასტურების გარეშე, რომ იგი სრულად შეესაბამებოდა ახალი სამსახურის მოთხოვნებს და ნამდვილად შეძლებდა ახალი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებში კანონისმიერი ცვლილებების განხორციელებას.

57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული ახალი წესი მართლაც ეფუძნება საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციების გაფართოებასა და ამ ორგანოს ინსტიტუციური საქმიანობის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფას. კერძოდ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა ამ სამსახურის ქვემდებარე გამოსაძიებელ საქმეთა დამატებითი კატეგორია. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 1261, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−1511 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ (გარდა პროკურორისა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე−159-ე, 162-ე−163-ე და 1644 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები კი მიმართულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. მათ შორის, გათვალისწინებულია ისეთი დანაშაულებრივი ქმედებებიც, რომლებიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა უგულებელმყოფი ქმედებების გამო. ამ კონტექსტში, ყურადსაღებია მოპასუხის პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებათა ფარგლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებათა ფარგლები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებთან შედარებით ნაკლებია. სასამართლოს აზრით, დავას მართლაც არ იწვევს ის გარემოება, რომ არა მხოლოდ რაოდენობრივად გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის ქვემდებარე გამოსაძიებელ საქმეთა ნუსხა, არამედ შინაარსობრივად და ფუნქციურად გაფართოვდა გამოსაძიებელ დანაშაულთა ფარგლები.

58. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მოპასუხე არ უკავშირებს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას განსხვავებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. უფრო მეტიც, მოპასუხე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების კომპეტენტურობასა და მათ თავსებადობას ახლად შექმნილ ორგანოთა ხელმძღვანელების პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან, თუმცა მისი მოსაზრებით, რეფორმის შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების უფლებამოსილებათა გაფართოებიდან გამომდინარე, საჭირო იყო ხელმძღვანელ თანამდებობაზე ასარჩევ პირთა კონკურსის გზით შერჩევა და დაინტერესებულ პირთა შესაბამისი უნარების ზედმიწევნით შეფასება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების ჯეროვნად შესრულება იმ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად, როგორიც არის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და, რისთვისაც შეიქმნა სწორედ ორი ახალი დამოუკიდებელი სამსახური.

59. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდა ფორმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოხელე, მას, განსაკუთრებით კი, ხელმძღვანელ პირს, უნდა გააჩნდეს შესაბამისი პოზიციისთვის აუცილებელი სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რათა მან უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის საქმიანობის ეფექტიანი განხორციელება. ამ კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს რა ორი ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებსა და იმ დამატებითი ფუნქციების სპეციფიკას, რომლებიც მათ შეიძინეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან განსხვავებით, აღნიშნავს, რომ არ ესახება არაგონივრულად მოპასუხის არგუმენტი მათი ხელმძღვანელი პირების უნარების გადამოწმების აუცილებლობის თაობაზე. თუმცა უნარების გადამოწმების გონივრულობა, ცალკე აღებული, ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უკიდურესად აუცილებელ საშუალებას. სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა უნდა შეაფასოს ღირებულებათა კონფლიქტის ჭრილში კონფლიქტში ჩართული ინდივიდუალური და საჯარო ინტერესების შეპირისპირების კონტექსტში. მოხელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ შესაბამისი პოზიციისთვის არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი, არამედ ის სამართლებრივი სიკეთე, რომლის დაცვის მიზნით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები.

60. მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით არ არის პირდაპირ სახელდებული, მაგრამ იმ მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასრულებდა, ხოლო მის ბაზაზე შექმნილი ორი ახალი ინსტიტუტი მომავალში შეასრულებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და შესაძლო სამართალდარღვევების ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების თვალსაზრისით, აგრეთვე, დამოუკიდებლობის იმგვარი ხარისხის გათვალისწინებით, როგორიც საჭიროა საგამოძიებო თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი გამოიყენებს, მართალია, არა იმის ადეკვატურ მიდგომას, რასაც გამოიყენებდა კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და თანამდებობებთან მიმართებით, მაგრამ მასთან ძალიან დაახლოებულ მიდგომასა და სტანდარტებს. სასამართლოს ასევე რელევანტურ და მხედველობაში მისაღებ ფაქტორებად მიაჩნია შესაბამისი პირის თანამდებობაზე განწესების წესი, პროცედურა და მისი ლეგიტიმაციის ხარისხი. სასამართლოს აზრით, მიდგომები, საზოგადოდ, შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, კონსტიტუციური ორგანოების მიერ არის პირი განწესებული თუ არა, ანდა, საქმე შეეხება არჩევით თუ სუბორდინაციული წესით დანიშვნით თანამდებობას და ა.შ..

61. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ორი ახალი დამოუკიდებელი ორგანო, რის შედეგადაც, სახელმწიფო ინსპექტორს, მოსარჩელე ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება შეუწყდა ვადამდე. არ მომხდარა მისთვის ორი ახალი ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან რომელიმეზე დანიშვნის შეთავაზება ანდა ერთ-ერთზე მისი ავტომატური გადანიშვნა (ცხადია, მისი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მათ შორის, თუნდაც ამ ახალ პოზიციებთან მიმართებით მისი შესაბამისი უნარების გადამოწმების პირობით). არ მომხდარა მისთვის არც სამართლიანი კომპენსაციის გადახდა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი ნაბიჯი იქნებოდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობის შემცირებისა და ზიანის მინიმალიზაციის თვალსაზრისით იმდენად, რამდენადაც უფლებამოსილების შეწყვეტა არ უკავშირდებოდა მისი მხრიდან რაიმე დარღვევებსა თუ სამსახურებრივ მოთხოვნებთან შეუსაბამობას. ამგვარად, სახელმწიფო ინსპექტორი სადავო ნორმების მოქმედების შედეგად უპირობოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ორივე მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდა კომპენსაციის გარეშე.

62. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე (მისი მოადგილეებისათვის კი რაიმე ტოლფას თანამდებობაზე) დანიშვნის შეთავაზება შესაძლოა ყოფილიყო საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში – უფლებამოსილებაშეწყვეტილი პირის შესაბამისი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანი კომპენსაციის გადახდა იქნებოდა გარემოება, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებდა უფლებაში ჩარევის ინტენსიურობას და გაზრდიდა სადავო ღონისძიების, როგორც „ყველაზე ნაკლებად მზღუდავის“ შეფასების შესაძლებლობას. ეს კი საფუძველს შექმნიდა კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის გამართლებისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების კონსტიტუციურად მიჩნევისათვის.

63. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორისთვის ზემოხსენებული სოციალური გარანტია შესაძლოა ყოფილიყო სამართლიანი კომპენსაცია იმ ლეგიტიმური მოლოდინების გაცრუებისა და მატერიალური ზიანის სანაცვლოდ, რაც მოსარჩელემ - ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა (ლონდა თოლორაიამ) - განიცადა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო.

64. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული პოზიცია წინამდებარე საქმეში სრულ შესაბამისობაშია სასამართლოს ადრინდელ პრაქტიკასთან. თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოთქვა აზრი, რომ პირის მიერ კონკრეტული საჯარო თანამდებობის დაკავებისას მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოტივაციასა და წამახალისებელ ფაქტორს შესაძლოა წარმოადგენდეს კანონმდებლობით დადგენილი სამართლიანი და ღირსეული სოციალური დაცვის გარანტიების არსებობა, რომელიც ფინანსური უსაფრთხოების განცდასთან ერთად, ქმნის გაწეული სამსახურისათვის საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასებისა და მადლიერების განცდას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის №3/4/648, 1315, 1369, 1370, 1371, 1372, 1373, 1374, 1375, 1379, 1385, 1386, 1388, 1391, 1397, 1398, 1405, 1406, 1407, 1411, 1413, 1414, 1415 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).

65. ამრიგად, მოცემულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, მოსარჩელე ლონდა თოლორაიასთვის უფლებამოსილების გარანტირებული ვადის დარღვევისა და დაკავებული თანამდებობის გაუქმების დროს მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალებებიდან რომელიმე მათგანი – ახლად შექმნილი ორი სამსახურიდან (სპეციალური საგამოძიებო სამსახური; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) მისთვის რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზება (თუნდაც მისი შესაბამისი უნარების ახლიდან გადამოწმების პირობით), ან მისთვის შესაბამისი სამართლიანი კომპენსაციის გადაცემა უფლებამოსილების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით.

66. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება, თუნდაც ინსტიტუციური რეფორმის გამო, მისთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებს საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. სასამართლო იმეორებს, რომ საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რომელიც წარმოშობს უფლებამოსილების გარანტირებულ ვადასთან დაკავშირებულ რისკებს, უნდა განხორციელდეს კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის გარეშე, ანდა ისეთი მინიმალური ჩარევით, რომელიც გამართლებული იქნებოდა შესაბამის გარემოებებში, ცხადია, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვით ღირებულებათა სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში. როდესაც ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შეუძლებელია უფლებაში ჩარევის გარეშე, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, შეარჩიოს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიმღწევ გამოსადეგ/ვარგის საშუალებებს შორის.

67. დაბოლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმის აღნიშვნას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელ ორგანოთა არსებობისა და მათი სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ამ ორგანოთა ხელმძღვანელ პირთა ვადამდე გათავისუფლება მხოლოდ ინდივიდუალური უფლებრივი საკითხი არ არის. პირველი, ხაზგასასმელია ის, რომ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გააჩნია ე.წ. „მსუსხავი ეფექტის“ მოხდენის პოტენციალი სხვა თანამდებობის პირებზე, რომლებიც ასევე გარანტირებული ვადით არიან არჩეული და გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თავიანთ საქმიანობას შეუფერხებლად განახორციელებენ უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე. მეორე, საყურადღებოა ის, რომ ამგვარი ეფექტი ზიანს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და მის ასეთად აღქმადობას საზოგადოებაში, რასაც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას უნდა მოერიდოს სახელმწიფო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიულობის განვითარების კვალდაკვალ ამგვარი რეფორმების განხორციელებისას სახელმწიფოს საქმიანობა თეორიულ თუ პრაქტიკულ ასპექტში, მუდამ უნდა ემსახურებოდეს კონსტიტუციის სულისკვეთების აღსრულებას, ინდივიდისა და საზოგადოების უფლებების, კერძო და საჯარო ინტერესების დაბალანსებას, მათ ჰარმონიულ თანაარსებობას, ყველა დემოკრატიული ღირებულების, უწინარესად კი - ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას, მათ შორის, პოზიტიური ვალდებულებების განუხრელი შესრულებით.

68. რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებს, რომლებსაც ასევე ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათი თანამდებობრივი სტატუსი არ უტოლდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას, რომელსაც მოსარჩელე ლონდა თოლორაია იკავებდა. ეს უკანასკნელი ამ თანამდებობაზე არჩეული იყო კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს წარმომადგენლობითი ხელისუფლების - საქართველოს პარლამენტის მიერ, მაშინ როდესაც, ლონდა თოლორაიას მოადგილეები დანიშნული იყვნენ არა რომელიმე კონსტიტუციური ორგანოს, არამედ, საკუთრივ, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ერთპიროვნულად. გარდა ამისა, იმ რეგულაციების მიხედვით, რომელთა საფუძველზეც ისინი დაინიშნენ თანამდებობებზე (მხედველობაშია „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (2021 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია)), სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ახალი ინსპექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყება ავტომატურად იწვევდა მათი უფლებამოსილების შეწყვეტასაც. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების განსაზღვრას და მათთვის შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირებასაც სახელმწიფო ინსპექტორი ახდენდა და ეს მის ფუნქციას შეადგენდა. ხსენებული გარემოებები აშკარად მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის პირველი და სხვა მოადგილეების თანამდებობა არათუ კონსტიტუციურ თანამდებობებს, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობასაც ვერ უტოლდება ნაკლები მნიშვნელობის, დანიშვნის იერარქიული წესის, ასევე ფუნქციებისა და უფლებამოსილების ვადის განუსაზღვრელობის მხედველობაში მიღებით. შესაბამისად, სასამართლო იმ აზრისაა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის, და, მეორე მხრივ, მისი მოადგილეების უფლებამოსილების შენარჩუნების გარანტიების არსებობა ვერ შეფასდება როგორც თანაბრად მნიშვნელოვანი. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო ითვალისწინებს და მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ საქმე შეეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც თანამდებობიდან გათავისუფლდნენ არა ინდივიდუალური საფუძვლით - ჩადენილი დარღვევების ან თანამდებობასთან შეუთავსებლობის გამო, არამედ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით და, ამასთან, ყოველგვარი - დიდი თუ მცირე - კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ამის გამო სასამართლო ასკვნის, რომ ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა ყოველგვარი კომპენსაციის მიუცემლად ასევე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს.

69. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ინსტიტუციური რეფორმის განხორციელების მიზეზით სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ტოლფასი თანამდებობების შეუთავაზებლად ან შესაბამისი სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, არ წარმოადგენს დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას, რის გამოც გამოყენებული სადავო ღონისძიებები ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის აუცილებლობის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვებისა „და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა“ და მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებას ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის მიუცემლად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

 

3.  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით

 

3.1. სადავო ნორმების რედაქციული ცვლილება

70. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე 29-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

71. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის შემდგომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 29-ე მუხლებმა განიცადა რედაქციული ცვლილება. კერძოდ, „„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 24 მაისის №1571-VIIIმს-Xმპ კანონის საფუძველზე, მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტს – „დ“ ქვეპუნქტი. ამასთანავე, ახლებურად ჩამოყალიბდა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი.

72. საყურადღებოა, რომ ახლად ჩამოყალიბებული რედაქციის ფარგლებში დასახელებულმა საკანონმდებლო დებულებებმა მუხლის შესაბამისი პუნქტებისა და ქვეპუნქტების მითითებით, გააფართოვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და მისი გავრცელების ფარგლები. უფრო კონკრეტულად, ცვლილების შედეგად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებსაც გამოიძიებს, რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს. რაც შეეხება, საკუთრივ, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სადავოდ გამხდარ მე-19 მუხლის ნორმატიულ შინაარს, იგი უცვლელად დარჩა, პირიქით, მას დაემატა ქვემდებარე გამოსაძიებელი საქმეები და, შესაბამისად, აისახა ახალი რედაქციის ფარგლებში, თუმცა განხორციელებული ცვლილება სადავო ნორმატიულ შინაარსს უშუალოდ არ შეხებია. რაც შეეხება ამავე კანონის 29-ე მუხლს, სადავო ნორმის პირველი პუნქტი უცვლელად დარჩა, მას დაემატა მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლებიც ასევე არ შეხებია მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ნორმას და სპეციალური საგამოძიებო სამსახური კვლავ უცვლელად დარჩა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე 2022 წლის 1 მარტიდან საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ. შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე არსებულ დავის საგანს რაიმე ფორმით ცვლილება არ შეხებია, გარდა იმისა, რომ, ზოგადად, „„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2022 წლის 24 მაისის №1571-VIIIმს-Xმპ კანონის საფუძველზე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და 29-ე მუხლის ფარგლებში გაფართოვდა საგამოძიებო ქვემდებარეობა და მათი გავრცელების ფარგლები.

73. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ისეთ შემთხვევებში, როდესაც სადავო ნორმა, ახალი რედაქციის ფარგლებში ყალიბდება იმგვარად, რომ მასში არ შედის არანაირი შინაარსობრივი თუ გრამატიკული ცვლილება, შეუძლებელია იგი საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის ძალადაკარგულ ნორმად იქნეს მიჩნეული. ხსენებულის დაშვება და, ფორმალურად, ყოველგვარი რედაქციული ცვლილების დროს სადავოდ გამხდარი ნორმის ძალადაკარგულად მიჩნევა, ერთი მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობას და წინააღმდეგობაში მოვიდოდა ადამიანის უფლებების დაცვასთან, მეორე მხრივ, კი დააზიანებდა პროცესის ეკონომიურობის უმნიშვნელოვანეს პრინციპს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/8/926 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

74. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ მოსარჩელისთვის პრობლემატური იყო ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოიცავდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მათ გამოძიებაზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოდ განსაზღვრავდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, არსებითი განხილვის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 29-ე მუხლების სადავო ნორმატიული შინაარსი არ შეცვლილა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მათ კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

 

3.2. გასაჩივრებული ნორმების შინაარსი, სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირება და შესაფასებელი მოცემულობა

75. №1673 და №1681 კონსტიტუციური სარჩელების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყების თარიღის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტოლფას თანამდებობებზე გადანიშვნის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების, ქვემდებარეობის ფარგლებისა და მათი მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამისი საბიუჯეტო კოდიდან დაფინანსების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქონების განკარგვის, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებების გაუქმების, ასევე მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვის მიღების შემდეგ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის შესაძლებლობის არსებობის საკითხისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მომწესრიგებელი შესაბამისი სადავო ნორმები.

76. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ დგას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცული სფეროს ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო თანამდებობის საქმიანობის შეუფერხებლად, სტაბილურად და ეფექტიანად განხორციელება არ არის დამოკიდებული, ცალკე აღებული, ამ სამსახურის რომელიმე ცალკეულ ფუნქციაზე. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული უფლებით მოსარგებლე სუბიექტები არიან მოქალაქეები, რომლებიც თავად კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს წარმოადგენენ. საგულისხმოა, რომ საჯარო თანამდებობის დაკავებასა თუ მის შეუფერხებლად განხორციელებას დაეკარგებოდა აზრი, თუკი მის უშუალოდ განმახორციელებელ სუბიექტად არ მოიაზრებოდა საქართველოს მოქალაქე. კონსტიტუციური სარჩელებით გასაჩივრებული ზემოხსენებული საკითხები და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმები მიემართება არა უშუალოდ საჯარო თანამდებობის განხორციელების ინდივიდუალურ უფლებას, არამედ საკუთრივ საჯარო სამსახურების სხვადასხვა უფლებამოსილებებსა და მოვალეოებებს, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყების თარიღს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის განსაზღვრული კატეგორიის საქმეების დაქვემდებარებას, ქვემდებარეობის ფარგლებსა და მათი მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიების ვალდებულებას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამისი საბიუჯეტო კოდიდან დაფინანსების საკითხს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქონების განკარგვის, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებების გაუქმების მომწესრიგებელ შესაბამის რეგულაციებს და სხვა. იმავდროულად, ისინი არ გულისხმობენ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე ან რომელიმე სხვა მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში რაიმე ფორმით ჩარევას და არ ქმნიან, პირდაპირ ან ირიბად, მათი შეზღუდვის დამოუკიდებელ ეფექტს, რის გამოც ზემოაღნიშნული სადავო ნორმები დამოუკიდებლად ვერ იქნება კონსტიტუციური უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვად მიჩნეული.

77. უფრო მეტიც, ნორმები, რომლებიც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ტოლფას თანამდებობებზე გადანიშვნას, უფლებააღმჭურველი ხასიათის სამართლებრივი ნორმებია, რომლებსაც არ გააჩნია რაიმე ფორმით სახელმწიფო ინსპექტორის თანამშრომელთა საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის შესაძლებლობა.

78. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების, ქვემდებარეობის ფარგლებისა და მათი მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიების ვალდებულების კანონმდებლობით განსაზღვრა მნიშვნელოვანია რეფორმის შინაარსობრივი თანმიმდევრულობის მართებულად გაანალიზებისა და კანონმდებლის მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადება, მე-19 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, და 29-ე მუხლი ახდენს მხოლოდ საჯარო სამსახურის ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების წესების რეგლამენტირებას. ისინი, ცალკე აღებული, დამოუკიდებლად არ ადგენენ გარკვეული ქცევის წესს, რომელიც ზიანს მიაყენებდა საქართველოს მოქალაქის საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას.

79. რაც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს, ეს უკანასკნელი განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის გასაჩივრების უფლებას, კერძოდ, მის უფლებას, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, მიმართოს უფლებამოსილ სუბიექტს. ამავე ნორმით დამატებით განსაზღვრულია მონაცემთა სუბიექტის მიმართვის განხილვის წესი. ასეთივე მიმართებას გულისხმობს აგრეთვე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნებართვით სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობის არსებობასა და მონაცემთა დაცვის მიზნით სათანადო გარანტიების დადგენასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ აღნიშნულ დებულებებს არ გააჩნია არავითარი პოტენცია დამოუკიდებლად გააჩნდეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვის ეფექტი, მით უფრო იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელის მიერ საკითხის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნა ეფუძნება არა მოქალაქის უფლებრივი პერსპექტივიდან საკითხის ხედვას, არამედ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას უშუალოდ სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის ხარისხის მიხედვით. როგორც აღინიშნა, საჯარო სამსახურის საქმიანობის ზოგადი მომწესრიგებელი ზემოაღნიშნული კონკრეტული ნორმები ვერ იქნება განხილული როგორც დამოუკიდებელი უფლებაშემზღუდველი ნორმები. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმების მოქმედებით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა.

80. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს №1673 და №1681 კონსტიტუციური სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 552 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1.   კონსტიტუციური სარჩელები №1673 და №1681 („ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა“ და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლებას ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების გარეშე ან სამართლიანი კომპენსაციის მიუცემლად.

2.   არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1673 („ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“ და 281 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

3.   არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1681 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 წინადადების, მე-19 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებს, 271 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „2022 წლის 1 მარტიდან გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური“, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, 281 მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, 4011, 4012, 4013, 4014, 4015, 4016 მუხლების, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 552 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

4.   არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5.   გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

6.   გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7.   გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.

8.   გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

9.   გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე