ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016269
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
26/01/2018
ვებგვერდი, 02/02/2018
010250020.35.129.016269
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2018 - 16/02/2018)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2018 წლის 26 იანვარი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის №7 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ (სსმ,  17/03/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016220).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი




დანართი №1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს.

თავი I. სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სოციალური დახმარებები:

ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა:

ა.ა) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება;

ა.ბ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება;

ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება;

ა.დ) სიცოცხლისათვის საშიში და იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარება;

ბ) ხანდაზმულთა დახმარება;

გ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;

დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

ე) სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულთა დახმარება;

ვ) დევნილთა სოციალური დაცვა;

ზ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

თ) ომის ვეტერანთა დახმარება;

ი) მარჩენალდაკარგულთა დახმარება;

კ) მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარება;

ლ) უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოთი მომსახურება.

თავი II. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების

გაცემისა და მიღების წესი

მუხლი 2. ავადმყოფთა სოციალური დაცვა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯები:

ა) გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები;

ბ) ექიმის დანიშნულების მიხედვით სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის ხარჯები. ასევე დაფინანსდება იმ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური თუ მაღალტექნოლოგიური კვლევის განხორციელების პროცესში;

გ) ამბულატორიულ ან/და სტაციონარულ დონეზე ჩასატარებელი გეგმური სამედიცინო სამკურნალო/ სარეაბილიტაციო პროცედურების ხარჯები, მხოლოდ ნერვკუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის 0-დან 14 წლამდე, ხოლო მოზრდილებისათვის მძიმე ფორმის შეძენილი ნერვკუნთოვანი დაავადების ან/და ტრავმის შედეგად განვითარებული ნერვკუნთოვანი დაზიანების შემთხვევაში;

დ) ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობა, კერძოდ: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები;

ე) მშობიარობის, გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ერთეულს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-თ, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

გ) საგარანტიო წერილის გაცემა მოხდეს ბიუჯეტში არსებული ასიგნების ფარგლებში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) მეურვის/მზრუნველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ინვოისი);

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის სერვისცენტრის ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სახელმწიფო ან კერძო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი და ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა იყოს მიმდინარე პერიოდის);

თ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ ანაზღაურდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების ხარჯები:

ა) სამედიცინო ჩვენების და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა, დაფინანსებული მკურნალობა;

ბ) გეგმური ამბულატორიული მკურნალობა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურებისა;

გ) საზღვარგარეთ მკურნალობა, აგრეთვე ალკოჰოლიზმით, ნარკოტიული საშუალებების ზემოქმედებით აღმოცენებული და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა;

დ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

ე) სექსუალური დარღვევის, უშვილობის მკურნალობა;

ვ) სტომატოლოგიური მომსახურება, თერაპიული პროფილის გეგმური სტაციონარული მომსახურება;

ზ) თუ სამედიცინო საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად;

თ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის და ეგზოპროტეზირების ხარჯები;

ი) აივ-ინფექციის/შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

6. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით და წარმოადგენენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) მიმდინარე პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ინდივიდუალური გრაფიკი;

დ) სოციალური კატეგორიის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

9. ამ მუხლით მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია მუდმივი ჩანაცვლებითი მკურნალობის გაგრძელების საჭიროების არარსებობის დადასტურება.

10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა:

ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (პირველი ჯგუფის) პირებს კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად;

ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000 ერთეულს და დაავადებულნი არიან შემდეგი სიცოცხლისათვის საშიში, ქრონიკული დაავადებებით: ონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (G00-G97), ეპილეფსია, ღვიძლის ციროზი, ნეირომუსკულური პრობლემები (მიასთენია, გრავის და სხვა მიონევრული დაავადებები) (G70.0-G70.9), გიენ-ბარეს სინდრომი (G61.0), მოტორული ნეირონების დაზიანება მათ შორის ვერდნიგ-ჰოფმანის დაავადება (G12.0-G12.9), პოლინეიროპათია(G63), პოლიომიელიტი და კუნთების პირველადი დაზიანებანი(G71.0-G71.9), მიქსედემა (E00.0) და „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრული იშვიათი დაავადებები;

დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, რადიაქტიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაავადებულ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა სეზონის მიხედვით: 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე - ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით, ხოლო ამ მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად - 200 ლარის ოდენობით.

13. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბოლო ექვსი თვის პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

14. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი წევრი ან მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის ან/და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) ბოლო ექვსი თვის პერიოდის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა), მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

დ) მეურვეობის/მზრუნველის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემეთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტი უნდა იყოს მიმდინარე პერიოდის);

თ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 3. ხანდაზმულთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულებს (95 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად, თანხის ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ);

გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

მუხლი 4. ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება;

ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება;

2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;

გ) დაღუპული ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

3. სარიტუალო მომსახურების თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს.

მუხლი 5. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:

ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას – 100 ლარი;

ბ) მესამე შვილის დაბადებისას – 150 ლარი;

გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 200 ლარი;

2. ახალშობილის კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები);

დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ე) ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

3. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე.

4. მრავალშვილიანი ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა ერთჯერადი დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შესაბამისად;

ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახებს:

ა) შემოსავლის გარეშე მყოფ მარტოხელა მშობელს ან მეურვე/მზრუნველს,რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი(შვილები);

ბ) შემოსავლის გარეშე მყოფ არასაპენსიო ასაკის მარტოხელა პირებს,რომელსაც არ ჰყავს მეუღლე და შვილები;

გ) შემოსავლის გარეშე მყოფ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;

დ) შემოსავლის გარეშე მყოფ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი(ბავშვები);

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ)) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოკვლევის აქტი, რომელიც ადასტურებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიას;

დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

8. მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია, მოიძიოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

მუხლი 6. სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებულთა დახმარება

1. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარების ბენეფიციარია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, თოვლის ზვავი, მეხი) შედეგად დაზარალებული მოქალაქე, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვლილის ოჯახი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა მოქალაქემ სტიქიური მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღეში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტიქიური მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობა და ნათესავური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ზ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან შემოსული განცხადებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე.

3. საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. დამხმარე შენობა-ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.

მუხლი 7. დევნილთა სოციალური დაცვა

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულის – დევნილის სტატუსის მქონე ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, წლის განმავლობაში, 100 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

მუხლი 8. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, წლის განმავლობაში ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი;

დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 9. ომის ვეტერანთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა შემდეგ კატეგორიებს:

ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს;

ბ) ავღანეთის ომის მონაწილეებს;

გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია მიიღებს დახმარებას ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციართა კატეგორია მიიღებს დახმარებას ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით.

4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.

მუხლი 10. მარჩენალდაკარგულთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ პირს (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე), დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 100 ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლის (ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე/მზურნველი) წერილობითი განცხადება;

ბ) მარჩენალდაკარგული პირის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მარჩენალდაკარგული პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ცნობა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციარის რეგისტრაციის ადგილის შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის შესაბამისად;

ვ) გარდაცვლილი მშობლის გარდაცვალების მოწმობა;

მუხლი 11. მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარება

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის თაობაზე;

დ) მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის დადასტურების დღიდან 2 თვის ან მეტი ვადით ადრე ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი –  ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება, კომუნალური გადასახადების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღები ოჯახის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფაქტობრივად ცხოვრებას;

ე) ცნობა სულადობის შესახებ;

3. დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე, შემდეგი სახით:

ა) ერთ და 2-სულიან ოჯახებზე – 100 ლარის ოდენობით;

ბ) 3 და 4-სულიან ოჯახებზე –150 ლარის ოდენობით;

გ) 5 და მეტ-სულიან ოჯახებზე – 200 ლარის ოდენობით;

მუხლი 12. უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოთი მომსახურება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართა კატეგორიას მიეკუთვნება:

ა) უსახლკარო პირი, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი ან ცხოვრობს არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობებში;

ბ) ფიზიკური ან/და გონებრივი შეზღუდვის პირი, რომელიც ცხოვრობს არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობებში;

გ) მარტოხელა პირი, რომლის ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და რომელსაც არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სოფლის შინამეურნეობისაგან მატერიალური შემოსავალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორიის მინიმალური ასაკობრივი ზღვარია 6 წელი.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციართა კატეგორია მუნიციპალიტეტს მომართვას შესაბამისი განცხადებით არა უგვიანეს 1 ნოემბრისა.

4.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გადაამოწმოს, შეისწავლოს და მოიძიოს ყველანაირი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ.

თავი III. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება

მუხლი 13. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა

1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტს.

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას.

3. მუნიციპალიტეტში შემოსული ყველა განცხადება, გარდა ამ დანართის მე-2, მე-3, მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 მუხლებით და მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დახმარებების შესახებ განცხადებებისა, თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნისა და რეკომენდაციის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის კომისიას.

მუხლი 14. კომისია

1. შემოსულ განცხადებებს განიხილავს კომისია, რომელსაც ქმნის და მის თავმჯდომარესა და მდივანს ნიშნავს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. კომისია იკრიბება თვეში სამჯერ მაინც და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად.

4. კომისია სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

5. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.

მუხლი 15. კომისიის სხდომის ოქმები

1. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში.

3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.

4. კომისიის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

მუხლი 16. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის ან/და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.

მუხლი 17. დახმარების გაცემა

1. მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, პირადი ნომერი, მისამართი და თანხა, იგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში.

2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

3. ამ წესის პირველი მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაფინანსების თაობაზე და ხელს აწერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბენეფიციარისათვის გაცემულ საგარანტიო წერილს (გარდა სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში), რომელსაც ბენეფიციარი წარადგენს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ შესაბამის დაწესებულებაში.

4. სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან არსებული დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ, თანხის ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

5. მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტის (ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

თავი IV. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 18. წესში ცვლილების შეტანა

წინამდებარე წესში ცვლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


9. 01/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 01/12/2023 8. 07/04/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 11/04/2023 7. 06/05/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 10/05/2022 6. 06/03/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 12/03/2020 5. 07/02/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 11/02/2020 4. 12/04/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 15/04/2019 3. 01/03/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 07/03/2019 2. 03/08/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 50 - ვებგვერდი, 08/08/2018 1. 16/02/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 23/02/2018