დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 455 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/10/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 130.030.000.05.001.000.174 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (15/06/2005 - 08/07/2005)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
საქართველოს საინფორმაციო სუვერენიტეტიდან და ინფორმაციის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.
საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი № 1853 - სსმ I , № 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები
1. „სახელმწიფო საიდუმლოება“ – ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.
2. „საიდუმლოობის ხარისხი“ – კატეგორია, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მნიშვნელობას, მისი გამჟღავნებით ან დაკარგვით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს.
3. „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა“ – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანოების მიერ გამოყენებული საიდუმლოების დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.
4. „დასაიდუმლოება“ – ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვები.
5. „განსაიდუმლოება“ – ამ კანონით დადგენილ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვების მოხსნა.
6. „სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე“ – დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას.
7. „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება“ – სახელმწიფო ორგანოსათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით.
8. „სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება“ – თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისათვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას.
9. „საიდუმლოობის გრიფი“ – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს.
10. „ინფორმაციის დაცვის საშუალებები“ – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის ტექნიკური, კრიპტოგრაფიული, პროგრამული და სხვა საშუალებები.
საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი № 1853 - სსმ I , № 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ შედგება ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება არ ვრცელდება კომერციული ან საბანკო საიდუმლოების, საფინანსო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგამომგონებლო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ეს ინფორმაცია ამასთანავე სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.
მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ
1. სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი.
2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ პოლიტიკის შესრულებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს, არის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.
5. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფ იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი № 1853 - სსმ I , № 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
მუხლი 4. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და
საიდუმლოების დაცვისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების
უფლებამოსილებანი
1. საქართველოს პარლამენტი:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას;
ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას;
გ) განსაზღვრავს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას პარლამენტში;
დ) გადაწყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს.
2. საქართველოს პრეზიდენტი:
ა) ამტკიცებს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“;
ბ) ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის დებულებასა და სტრუქტურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის უფროსს;
გ) ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას;
დ) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება;
ე) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;
ვ) განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სახელმწიფო კანცელარიაში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს ;
თ) უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.
3. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო:
ა) შეიმუშავებს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს:
„სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“;
სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისაკუთვნებელ ცნობათა ნუსხას;
იმ თანამდებობის პირთა სიას, რომელთაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ცნობების მიკუთვნების უფლებამოსილება;
იმ თანამდებობის პირთა სიას, რომელნიც უფლებამოსილი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და შესრულების ორგანიზაციას.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები:
ა) უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში;
გ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგენენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის წინადადებებს.
5. სასამართლო ხელისუფლება:
ა) განიხილავს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში;
ბ) უზრუნველყოფს საქმეთა განხილვისას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;
გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, ასევე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც ამ ცნობების გაცემით განიცადა ინფორმაციის მფლობელმა;
დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს 1998 წლის 4 მარტი ს კანონი № 1276 - პარლამენტის უწყებანი № 13-14 , 30.06.1998 წ., გვ. 30
მუხლი 5. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციასა და მის შემცველებზე საკუთრების უფლების განხორციელება
1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ან მისი მატერიალური შემცველის მესაკუთრე თავის საკუთრების უფლებას ახორციელებს ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესი და პირობები, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და მისი შემცველის გამოყენებისა და განკარგვის სპეციალური რეჟიმის დადგენის ჩათვლით, განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით ინფორმაციის ან მისი შემცველის მფლობელსა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციას შორის.
3. თუ ხელშეკრულებაში აღნიშნული საკუთრების უფლებათა შეზღუდვები სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციაზე და მის შემცველებზე ზარალს აყენებენ მათ მესაკუთრეს, ამ ზარალის სრული კომპენსაცია ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, იმ შემოსავლის ჩათვლით, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო.
4. თუ სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ან მისი შემცველის მესაკუთრე უარს ამბობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან არღვევს მას, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია ან მისი შემცველი შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს და გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო.
მუხლი 6. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება
1. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები სახელმწიფო ორგანოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში და სახაზინო საწარმოებში ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.
2. კერძო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები არასახაზინო საწარმოში ფინანსდება საწარმოსა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თავი II
ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა
მუხლი 7. ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული
სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია:
1. თავდაცვის სფეროში:
ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს;
ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას;
გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.
2. ეკონომიკის სფეროში:
ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის;
გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის – ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობათა – სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამზადების, შენახვის, დაცვისა და ყალბისმქმნელობის თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე.
3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო -ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს;
ბ) უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო -ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ცნობების გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს.
4. დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში:
ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობის გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და ადმინისტაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ;
გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ;
დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის შესახებ.
საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი № 1853 - სსმ I , № 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44
მუხლი 8. ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად
1. აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.
3. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკებისა.
4. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას;
ბ) გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, მისი ცხოვრების დონის შესახებ, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, აგრეთვე სოციალურ -დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის შესახებ;
დ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედობებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;
ე) პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;
ვ) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ;
ზ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ.
საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი № 1853 - სსმ I , № 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1622 - სსმ I, №33 01.07.2005 წ., მუხ.206
მუხლი 9. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის წესი
1. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, ამ ცნობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე, საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას, რომელმაც ეს ცნობები შეიმუშავა ან მიიღო განსახილველად და/ან შესანახად.
2. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომელსაც ეს უფლებამოსილება აქვს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით.
მუხლი 10. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა
1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას გამოსაქვეყნებლად ამზადებს და ოფიციალურ სახელმწიფო გამოცემებში აქვეყნებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
2. ცვლილებები და დამატებები სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია სულ ცოტა 5 წელიწადში ერთხელ ოფიციალურად აქვეყნებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას.
4. თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არღვევს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის დადგენილ წესს, დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
მუხლი 11. საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება და სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება და მისი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებით ან შეცვლით, ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ფორმდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის მიერ საიდუმლო ცნობათა ნუსხაში სათანადო ცვლილების შეტანით.
თავი III
ინფორმაციის დასაიდუმლოება
მუხლი 12. ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპები
1. ინფორმაციის დასაიდუმლოება ხორციელდება კანონიერების, დასაბუთებულობის და დროულობის პრინციპების შესაბამისად.
2. ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერება განისაზღვრება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით განსაზღვრულ საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ინფორმაციის დასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის საექსპერტო შეფასების საფუძველზე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების გათვალისწინებით.
4. ინფორმაციის დასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით მისი მიღების (შემუშავების) მომენტიდან.
მუხლი 13. ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და გრიფი
1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტისათვის, ნაკეთობისათვის ან ინფორმაციის სხვა მატერიალური შემცველისათვის საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.
2. საიდუმლოობის გრიფი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა აღნიშნავდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს ( „განსაკუთრებული მნიშვნელობის “, „სრულიად საიდუმლო “, „საიდუმლო “), ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადასა და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი.
3. მონაცემებს, რომლებისთვისაც წესდება „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის ხარისხი, მიეკუთვნება მონაცემები, რომელთა გავრცელება ან დაკარგვა არსებითად იმოქმედებდა საქართველოს ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში, გამოიწვევდა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს.
4. მონაცემებს, რომლებისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება ინფორმაცია, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის, აგრეთვე, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის.
5. მონაცემებს, რომლებისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „საიდუმლო“, მიეკუთვნება ინფორმაცია, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თავდაცვაზე, სახელმწიფო უშიშროებაზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე.
6. თუ გრიფის აღნიშვნა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტებში.
7. აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნა ინფორმაციის შემცველებზე, რომლებშიც დაცული სხვა სახის საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.
8. თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც უფლება აქვთ ინფორმაციის შემცველზე აღნიშნონ საიდუმლოობის გრიფი, ამტკიცებს იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ეწევა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
9. ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის დადაბლების ან მისი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დასაიდუმლოების განმხორციელებელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება.
მუხლი 14. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა
1. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ინფორმაციისათვის იგი შეადგენს არა უმეტეს 20 წელს, „სრულიად საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – არა უმეტეს 10 წელს, „საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – არა უმეტეს 5 წელს.
2. დასაიდუმლოების ვადის ათვლა იწყება ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან.
3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლება აქვს გააგრძელოს დასაიდუმლოების ვადა.
4. ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.
საქართველოს 1998 წლის 4 მარტი ს კანონი № 1276 - პარლამენტის უწყებანი № 13-14 , 30.06.1998 წ., გვ. 30
მუხლი 15. საიდუმლოების შემცველი ცნობების დასაიდუმლოების წესი
1. ცნობების დასაიდუმლოების, ე. ი. დოკუმენტებზე და სხვა მატერიალურ ობიექტებზე საიდუმლოობის გრიფის დაწესების საფუძველია მათი შესაბამისობა იმ ცნობების ნუსხასთან, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.
2. თუ შეუძლებელია მიღებული (შემუშავებული) ცნობების მოქმედ ნუსხაში შეტანილ ცნობებთან იდენტიფიკაცია, სახელმწიფო ორგანოს, დაწესებულების, უწყებისა და საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ცნობების წინასწარი დასაიდუმლოება, საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით, და ერთი კვირის ვადაში გადაუგზავნოს უშიშროების საბჭოს თავისი წინადადებები. უშიშროების საბჭო ერთი თვის ვადაში ჩაატარებს შემოსული წინადადების საექსპერტო შეფასებას და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას მოქმედ ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მუხლი 16. ინფორმაციის დაუსაბუთებელი დასაიდუმლოების გასაჩივრება
1. მოქალაქეები და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღმნიშვნელ თანამდებობის პირს მიმართონ ამ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ მოტივირებული წინადადებით, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული. აღნიშნულმა თანამდებობის პირმა მოქალაქეს ან იურიდიულ პირს ერთი თვის განმავლობაში უნდა გასცეს დასაბუთებული წერილობითი პასუხი.
2. გადაწყვეტილება ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
თავი IV
საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება
მუხლი 17. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საფუძველი
1. ცნობებისათვის საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია:
ა) საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების აღება იმის თაობაზე, რომ ღიად იქნეს გაცვლილი ის ცნობები, რომლებიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდნენ;
ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცულ იქნეს ის ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა;
გ) დადგენილი ვადის გასვლა ;
დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ.
2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახდენენ დასაიდუმლოებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად გადასინჯონ მონაცემები ცნობების დასაიდუმლოების შესახებ, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ცნობების საიდუმლოობის აუცილებლობა.
საქართველოს 1998 წლის 4 მარტი ს კანონი № 1276 - პარლამენტის უწყებანი № 13-14 , 30.06.1998 წ., გვ. 30
მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი
1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არა უგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ცნობები. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახორციელებს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტი, თუ ასეთი უფლებამოსილება ამ უკანასკნელს მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ ასეთი უფლებამოსილება სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტს მინიჭებული არა აქვს ან ეს ორგანიზაცია გაუქმდა, განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინპექციას.
3. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წინადადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგენს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლების მქონე შესაბამისი ორგანო. ეროვნული უშიშროების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წინადადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.
საქართველოს 1998 წლის 4 მარტი ს კანონი № 1276 - პარლამენტის უწყებანი № 13-14 , 30.06.1998 წ., გვ. 30
მუხლი 19. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების შეკითხვით მიმართვის უფლება ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ
1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შეკითხვით მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, აგრეთვე საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს (მათ შორის სახელმწიფო არქივებს) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები (მათ შორის სახელმწიფო არქივები), რომლებმაც ასეთი შეკითხვა მიიღეს, ვალდებული არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ და მოტივირებული პასუხი გასცენ შეკითხვის არსებით მხარეს. თუ მათ არა აქვთ ამ ცნობების განსაიდუმლოების უფლებამოსილება, შეკითხვის შემოსვლიდან ერთ კვირაში ის გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელსაც აქვს ასეთი უფლება, ან – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციას. შეკითხვას მოტივირებული პასუხი უნდა გაეცეს ერთი თვის ვადაში.
3. თანამდებობის პირის მიერ შეკითხვის არსებითად განხილვისაგან თავის არიდება იწვევს დისციპლინურ და/ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობის მიკუთვნების საფუძვლიანობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს მიერ ცნობის დასაიდუმლოების უსაფუძვლობის დადასტურების შემთხვევაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა განსაიდუმლოვდეს.
5. სასამართლოს მიერ ცნობის დასაიდუმლოების უსაფუძვლობის დადასტურების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მიყენებული ზარალის სრული კომპენსაცია ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, იმ შემოსავლის ჩათვლით, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო. კომპენსაციის ოდენობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სასამართლო.
თავი V
სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გამგებლობა
მუხლი 20. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემა
1. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებას აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ნებართვის გაფორმებით.
2. ასეთი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი”.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გაცემა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს გასცემს სახელმწიფო ხელისუფლების ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირთა სანქციით.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს, მოვალეა შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად. თანამდებობის პირები პერსონალურად აგებენ პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების დაცვის უზრუნველყოფისათვის.
3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემისას დაცულ უნდა იქნეს ამ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები.
თავი VI
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი
1. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა მოიცავს საორგანიზაციო–სამართლებრივ, საინჟინრო -ტექნიკურ, კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა მიზანია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება.
2. ამ ღონისძიებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი.
მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი საორგანიზაციო -სამართლებრივი ღონისძიებები
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით დგინდება:
1. ერთიანი მოთხოვნები სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის მატერიალური შემცველების დამზადების, გამოყენების, შენახვის, გადაცემის, ტრანსპორტირებისა და აღრიცხვისადმი.
2. თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის ნებართვის გაცემის პირობები და წესი.
3. ზემოაღნიშნული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი (საიდუმლოობის რეჟიმი).
4. სახელმწიფო საიდუმლოებასთან მოქალაქეთა დაშვების სპეციალური წესი.
5. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვა.
6. თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო -სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წესი.
7. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის.
მუხლი 24. ერთიანი მოთხოვნები სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველებისა და მათი შენახვისადმი
ერთიან მოთხოვნებს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველების დამზადების, გამოყენების, დაცულობის უზრუნველყოფის, გადაცემის, ტრანსპორტირებისა და აღრიცხვისადმი ადგენს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი”.
მუხლი 25. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის განსაკუთრებული რეჟიმი
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი (საიდუმლოობის რეჟიმი) განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.
მუხლი 26. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება
1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვება საქართველოს ქმედუნარიანი, 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება თავისი სამსახურებრივი ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.
2. გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებს იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ხორციელდება სამუშაო ან ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები და რომელიც უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.
3. სახელმწიფო ხელისუფლების იმ უმაღლეს ორგანოებში, რომელთა დაცვას „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებენ ამ ორგანოთა ხელმძღვანელები.
4. საქართველოს მოქალაქისათვის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეობის არმქონე პირს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მიეცემა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი განკარგულების საფუძველზე.
6. დაშვების გაცემა ითვალისწინებს:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად პირის შემოწმებას;
ბ) პირის მიერ ვალდებულების აღებას, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას;
გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო პირის წერილობით თანხმობას მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;
დ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.
7. პირისათვის საჭირო ინფორმაციასთან დაშვების ფორმები დგინდება მისი საიდუმლოობის ხარისხის მიხედვით („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“) .
8. გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების თაობაზე მიიღება მისი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
მუხლი 27. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმა
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაიცემა, თუ:
1. პირი არ წარადგენს დასაბუთებას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე სამუშაოდ .
2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცესში გამოვლინდა მის მიერ უცხოეთის სახელმწიფოების და ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის ხელშეწყობის ან მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტები, რომლის საქმიანობაც აკრძალულია სასამართლო წესით ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან თუ გამოვლინდა პირისათვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები.
3. პირი უარს ამბობს იკისროს ვალდებულება, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას ან არ არსებობს მისი თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვების თაობაზე.
4. პირი ნასამართლევია კანონით დადგენილი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის .
5. პირი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ ან სამედიცინო დასკვნის საფუძველზე არ შეიძლება მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. ასეთ დაავადებებს განსაზღვრავს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.
6. პირი დაშვების გაფორმების პროცესში შეგნებულად იძლევა არასწორ ცნობებს თავის შესახებ.
საქართველო ს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 63 - სსმ I , № 47(54) 09.12.1999 წ., მუხ. 239
მუხლი 28. პირის შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად
1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმებას ერთი თვის ვადაში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კანონით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.
2. შემოწმების დროს დგინდება ამ კანონის 27-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა.
3. შემმოწმებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა თანამდებობის იმ პირთათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის თაობაზე.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიღებაზე უარის თქმის გასაჩივრება
1. თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის თაობაზე, ვალდებულია განმცხადებელს წერილობით აცნობოს უარის მიზეზები და საფუძველი.
2. პირს უფლება აქვს უარი გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 30. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება
1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა ან გამოვლინდა ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი.
2. პირის თხოვნით სახელმწიფო საიდუმლოებასთან მისი დაშვება უქმდება დაშვების გაუქმების თაობაზე მიმართვიდან სამი დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილებას დაშვების გაუქმების თაობაზე იღებს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაშვების გაცემის თაობაზე. პირს უფლება აქვს უარი გაასაჩივროს სასამართლოში.
მუხლი 31. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ინახება ასეთ ინფორმაციასთან დაკავშირებული ცნობების შემცველები.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვებიან ამ კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე. მათ მიმართ მოქმედებს ისეთივე წესები, როგორიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
მუხლი 32. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად
პირი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაუშვეს, ვალდებულია:
1. არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;
2. შეასრულოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საიდუმლოობის რეჟიმის მოთხოვნები;
3. თანამდებობის პირს, რომელმაც იგი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაუშვა, აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება.
მუხლი 33. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა
1. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საზღვარგარეთ გასატანად მასალების მომზადებისას საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის მიზნით ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ამ კანონის მოთხოვნებით.
2. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
3. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია.
მუხლი 34. სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვა
სხვა სახელმწიფოსათვის ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.
მუხლი 35. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები
1. ინფორმაციის ტექნიკური დაცვის მიზნით საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის, დამუშავების, გადაცემისა და შენახვის დაცული საშუალებები და ტექნიკური მოწყობილობანი, რომლებიც სერტიფიცირებულია ტექნიკური დაცვის ნორმატივების შესაბამისად.
2. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას და აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოების ტექნიკური დაცვის უზრუნველმყოფი სისტემები და საშუალებები, შეასრულოს მათი მომსახურებისა და ტექნიკური დაცვის სამუშაოები, აგრეთვე შეწყვიტოს მომსახურება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკაციისა და ლიცენზირების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
მუხლი 36. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.
მუხლი 37. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი
1. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია მუდმივი კონტროლი დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფაზე.
2. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს, უფლება აქვს გააკონტროლოს იმ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა, რომელიც მან გადასცა.
3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კონკრეტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტის უფლება, ვალდებული არიან გააკონტროლონ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, რომლებიც ასრულებენ შესაბამის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ან ინახავენ ასეთი ინფორმაციის შემცველებს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოში, აგრეთვე იმ დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და საწარმოში, რომელთაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
5. ფიზიკური და არასახელმწიფო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ არსებობს დასაბუთებული საფუძველი, რომ ადგილი აქვს ამ კანონის დარღვევის ფაქტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
თავი VII
პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 38. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის
1. პირს, რომელიც დაარღვევს ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის სახელმწიფო საუდუმლოების გადაცემის შეზღუდვებს, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
2. თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც
ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ;
ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას ;
გ) საიდუმლოობის გრიფს მიანიჭებს ინფორმაციის შემცველებს, რომლებიც არ ან აღარ წარმოადგენენ სახელმწიფო საიდუმლოებას ;
დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის 26-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ;
ე) დაარღვევს ამ კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს ;
ვ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ;
ზ) არ დაიცავს ამ კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ სხვა სახელმწიფოსათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვებს ;
თ) არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე –
დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
3. თუ პირმა გაახმაურა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ უნდა მიკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ და თუ მისი საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
4. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, დანაშაულად არ ითვლება.
5. (ამოღებულია).
6. მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც ადრე უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება.
საქართველო ს 2004 წლის 24 ივნისის კანონი № 221 - სსმ I , № 19 15.07.2004 წ., მუხ. 83
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 29 ოქტომბერი.
#455-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1276 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 30.06.1998 წ., გვ. 30
2. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1853 - სსმ I, №12(19) 06.04.1999 წ., მუხ.44
3. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239
4. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №221 - სსმ I, №19 15.07.2004 წ., მუხ.83
5. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195
6. საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1622 - სსმ I, №33 01.07.2005 წ., მუხ.206
დოკუმენტის კომენტარები