დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3099-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 130030000.05.001.017622 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
|
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება. 2. საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის მნიშვნელობას, ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს. 3. საიდუმლოობის გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად გამოყენებული საიდუმლოობის დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 5. დასაიდუმლოება – ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა. 6. განსაიდუმლოება – სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნა. 7. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 8. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) მიერ დადგენილი და შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია. 81. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია − ევროპის კავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის კავშირის ან მისი წევრი ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანის მიყენება. 9. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება – პრინციპი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება. 10. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება – ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე. 11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 12. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 131. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება − ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 14. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 141. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 15. შემოწმების პროცედურა – სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისათვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შესაძლო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შექმნა, დამუშავება, შეგროვება, გადაცემა, ტრანსპორტირება, შენახვა, დაცვა, გამოყენება, აღრიცხვა, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა, განსაიდუმლოება, დაარქივება ან განადგურება. 17. საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) – მხარეებსა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან რომლის საფუძველზედაც შეიძლება შეიქმნას ასეთი ინფორმაცია. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ 1. ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება არ ვრცელდება კომერციული და საბანკო საიდუმლოებების, საიდუმლო საფინანსო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგამომგონებლო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ეს ინფორმაცია იმავე დროს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის.
მუხლი 21. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა ინფორმაცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად კანონით ან კანონით დადგენილი წესით, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2766
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ 1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. 4. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში 1. საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ. 3. საქართველოს მთავრობა: ა) ამტკიცებს: ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“; ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას; ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; ა.დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ; ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება. 5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ. 6. სასამართლო ხელისუფლება: ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას; ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს; დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. 7. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 5. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თავი II სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია
მუხლი 6. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თავდაცვის სფეროში: ა.ა) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, შეეხება ჯარებისა და სხვა დანაყოფების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს; ა.ბ) ინფორმაცია შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შესახებ, აგრეთვე ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების თაობაზე; ა.გ) ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ; ბ) ეკონომიკის სფეროში: ბ.ა) ინფორმაცია სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობების, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებისა და მოცულობის შესახებ, აგრეთვე ამ საცავების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის; ბ.გ) ინფორმაცია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა) დამზადებასთან, შენახვასთან, დაცვასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან და მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ; ბ.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის გადაზიდვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის შენახვასთან, დაცვასთან და აღრიცხვასთან, მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რომლის ნაადრევმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; ბ.ე) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრების (სერვერული ცენტრების), სადაც ელექტრონულად მუშავდება და ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაცია, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, აგრეთვე ამ ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე; ბ.ვ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების, სადაც ხორციელდება ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები, მშენებლობისათვის შესასრულებელი და შესრულებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია/ცნობები ამ ობიექტების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალის, ძალის, აგრეთვე აღნიშნული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ; გ) საგარეო ურთიერთობათა სფეროში: გ.ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარ გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; გ.ბ) სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; დ) დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში: დ.ა) ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე; დ.ბ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან; დ.გ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში; დ.დ) ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ე) ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ვ) ინფორმაცია სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ; დ.ზ) ინფორმაცია სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისათვის გამოყენებული კიბერსაშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად შექმნილი ინფორმაციული სისტემების ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლების შესახებ; კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო აქტების გამოვლენისას და აღკვეთისას გამოყენებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ; სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ, აგრეთვე კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თაობაზე; დ.თ) ინფორმაცია საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცეებისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ; დ.ი) ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეების და მათი თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; დ.კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი ან განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ე.ა) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების საიდუმლო ნაწილში; ე.ბ) ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნასა და მასზე რეაგირებასთან; ე.გ) ინფორმაცია იმ ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და საშუალებების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირებისთვის; ე.დ) ინფორმაცია ეროვნული სიტუაციური ოთახის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური აღჭურვის შესახებ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 7. ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას 1. აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული შესაბამისი უწყებების ნორმატიული აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ საქმიანობას ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში. 3. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების რუკებისა, რომლებზედაც დატანილია სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით განსაზღვრული, ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია და მონაცემები. 4. სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენის შესახებ, რომლებიც მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოსახლეობის უსაფრთხოებას; ბ) გარემოს მდგომარეობის თაობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების დონის (მათ შორის, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის) შესახებ, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის თაობაზე; გ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ; დ) პრივილეგიის, კომპენსაციის, ფულადი ჯილდოსა და შეღავათის შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეს, თანამდებობის პირს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას; ე) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ; ვ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თავი III სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება
მუხლი 8. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპები 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება კანონიერების, დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპების შესაბამისად. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერება განისაზღვრება ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება ამ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობის დადგენით. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების დროულობა განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების მისი მიღების (შემუშავების) მომენტიდან შეზღუდვით.
მუხლი 9. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და საიდუმლოობის გრიფი 1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით. 2. საიდუმლოობის გრიფი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა ადასტურებდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, უნდა მიუთითებდეს ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და უფლებამოსილ პირს, რომელმაც ეს გრიფი აღნიშნა. 3. საიდუმლოობის ხარისხის გათვალისწინებით დადგენილია შემდეგი საიდუმლოობის გრიფები: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია TOP SECRET); ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია SECRET); გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია CONFIDENTIAL); დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ (მასთან გათანაბრებულია RESTRICTED). 4. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება არსებითად იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 5. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისათვის თუ ორგანიზაციისათვის. 6. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და ამ კანონის მე-6 მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს. 7. ინფორმაციას, რომელსაც ენიჭება საიდუმლოობის გრიფი „შეზღუდული სარგებლობისათვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე. 8. თუ საიდუმლოობის გრიფის უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე აღნიშვნა შეუძლებელია, იგი თანდართულ დოკუმენტში მიეთითება. 9. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ან ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დამსაიდუმლოებელი უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისად საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
მუხლი 10. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. დასაიდუმლოების ვადა „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის არის 20 წელი, „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 10 წელი, „საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე ინფორმაციისათვის – 3 წელი. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო ან/და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვს ასეთი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურის ხელმძღვანელს, თუ ინფორმაციის განსაიდუმლოებით ზიანი მიადგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების დასაიდუმლოების ვადის გაგრძელება, საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან განსაიდუმლოება ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა აითვლება მასზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან. 3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, ეს ვადა გააგრძელოს. 4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ ეს ვადა გააგრძელოს.
მუხლი 11. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი 1. ინფორმაციის დასაიდუმლოების საფუძველია მისი სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობა. 2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო. 3. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტენ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები.
მუხლი 12. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით: ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება; ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი. 2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს აგრეთვე სასამართლოს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 13. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურება 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ აღდგენა. 2. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ ნადგურდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან სხვა უკიდურესად გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სათანადო დაცვის უზრუნველყოფა და არსებობს მისი გამჟღავნების ან დაკარგვის ფაქტობრივი საფრთხე, სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაანადგუროს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განადგურების პროცედურა განისაზღვრება „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“.
მუხლი 14. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში და იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამ ინფორმაციის გაცნობის უფლება. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს სამსახურებრივი მიზნებისათვის აუცილებელ რაოდენობამდე. 3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლს/თარგმანს ენიჭება იგივე საიდუმლოობის გრიფი, რომელიც მინიჭებული აქვს ამ ინფორმაციის დედანს. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ასლი/თარგმანი ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ამ ინფორმაციის დედანი. 4. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია არ უნდა გამრავლდეს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ითარგმნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. 5. „სრულიად საიდუმლო“ საიდუმლოობის გრიფის მქონე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შეიძლება გამრავლდეს მხოლოდ ინფორმაციაზე ამ გრიფის აღმნიშვნელი უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობით. 6. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამრავლება ან თარგმნა შეიძლება შეზღუდოს ან აკრძალოს ამ ინფორმაციაზე გრიფის აღმნიშვნელმა უფლებამოსილმა პირმა.
მუხლი 15. ინფორმაციის დასაიდუმლოების/განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, ინფორმაციის დასაიდუმლოების/განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო ორგანოს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღმნიშვნელ უფლებამოსილ პირს მიმართონ მოტივირებული წინადადებით ამ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. ეს უფლებამოსილი პირი განიხილავს წინადადებას და 1 თვის ვადაში პასუხს აცნობებს ინიციატორს. 3. სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უფლებამოსილ პირს/დაწესებულებას ისეთი ფორმით მიაწოდონ, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.
თავი IV სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება
მუხლი 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველი 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებისა და საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია: ა) საქართველოს მიერ იმ ინფორმაციის ღიად გაცვლის შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რის გამოც საჭირო აღარ არის იმ ინფორმაციის დაცვა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა; გ) ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლა; დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება; ე) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. 2. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც ახდენს ინფორმაციის დასაიდუმლოებას, ვალდებულია მისი დასაიდუმლოების შესახებ მონაცემები ყოველწლიურად გადასინჯოს, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ინფორმაციის საიდუმლოობის აუცილებლობა.
მუხლი 17. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რომლითაც ის დასაიდუმლოებულ იქნა. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელმა ან მისმა სამართალმემკვიდრემ მიანიჭა. თუ ამგვარი უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და აღნიშნული სუბიექტი აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ხოლო თუ ასეთი სუბიექტი აღარ არსებობს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო ორგანოს, იურიდიული ან ფიზიკური პირის წინადადებით. 4. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ პასუხს ინიციატორს აცნობებს მის მიერ შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს ინიციატორს. მითითებული ვადების გაშვების შემთხვევაში განსაიდუმლოების საკითხი გადაწყვეტილად ჩაითვლება. 6. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით საიდუმლოობის გრიფი მოხსნას მის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოობის ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას. 7. მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შეტყობინება ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი V სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება
მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
მუხლი 19. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი სათანადო ნებართვის გაფორმებით, რომელიც გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ნებართვის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. მუხლი 191. სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების − ნებართვის კატეგორიები სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) I კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; ბ) II კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას; გ) III კატეგორია − გაიცემა სახელმწიფო ორგანოზე/იურიდიულ პირზე და იგი უფლებამოსილია მოეპყროს „საიდუმლო“ და „შეზღუდული სარგებლობისათვის“ საიდუმლოობის გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაციას. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 20. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება 1. ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება, შემოწმების პროცედურის შედეგების გათვალისწინებით, მიეცემა ქმედუნარიან, 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის თანხმობის საფუძველზე იღებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის ხელმძღვანელი. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის ქვედანაყოფს. 3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის დაშვებისა და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 4. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. 5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. 6. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: ა) პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას; ბ) პირის შემოწმების პროცედურას; გ) პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას; დ) პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; ე) ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას. 7. საიდუმლოობის გრიფების („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“, „შეზღუდული სარგებლობისათვის“) შესაბამისად დგინდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუცემლობა 1. პირზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაიცემა, თუ: ა) პირი არ წარადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაშვების აუცილებლობის დასაბუთებას; ბ) შემოწმების პროცედურის ჩატარების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, პირი საფრთხეს უქმნის ან შეუქმნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) პირი უარს ამბობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებაზე ან არ არსებობს პირის თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე; დ) პირი თავის შესახებ არასწორ ცნობებს იძლევა. 2. პირს უფლება აქვს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან/და სასამართლოში.
მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, ამ კანონით, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა, შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით. 3. შემოწმების პროცედურის ჩატარების დროს დგინდება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა. 4. შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა იმ უფლებამოსილი პირისათვის, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის შესახებ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. მუხლი 221. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მოქმედების ვადა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების ფორმებისთვის დადგენილია შემდეგი მოქმედების ვადები: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მონაცემებთან − 5 წელი; ბ) „სრულიად საიდუმლო“ და „საიდუმლო“ მონაცემებთან − 10 წელი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება 1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება შესაძლოა გაუქმდეს: ა) ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში; 11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უქმდება ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლისას. ბ) პირის სამსახურიდან/თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. 2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირი/ორგანო, რომელსაც აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 24. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში.
თავი VI სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
მუხლი 25. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი 1. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა გულისხმობს ორგანიზაციულ-სამართლებრივ, კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა განხორციელების მიზანია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი. 3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 26. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დგინდება: ა) სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისადმი მოპყრობის მიმართ ერთიანი მოთხოვნები; ბ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების წესი და მისი საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი/ საიდუმლოობის რეჟიმი; გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების წესი; დ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვის წესი; ე) ელექტრონული ფორმით არსებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობის წესი; ვ) თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიმართ სახელმწიფო ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო-სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წესი.
მუხლი 27. ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი ელექტრონული კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემა, რომელსაც აქვს პროგრამული და ტექნიკური დაცვის სათანადო საშუალებები. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული ფორმით მოპყრობისათვის შექმნილი კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემის გამოყენების ნებართვას გასცემს და მის გამოყენებას ამ ინფორმაციის გაცნობის გარეშე აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 28. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის კონტროლი 1. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მუდმივი კონტროლი. 2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელ ორგანოს, რომელიც იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, უფლება აქვს, გააკონტროლოს ამ ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა. 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა ორგანოში, რომლებსაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ან სადაც არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი VII სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემისა და გამოქვეყნების შეზღუდვა, ამ ინფორმაციის გაცნობა და გადაცემა
მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ან/და გადაცემა 1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით. 2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წერილობითი თანხმობით. 3. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც მიიღებს ან/და შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ვალდებულია მის დასაცავად შექმნას და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა. უფლებამოსილი პირი პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიულ პირს.
მუხლი 30. სხვა სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვა 1. სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირს ისეთი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე. 2. სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიდოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.
მუხლი 31. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის საშუალებები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადასაცემად სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები (დიპლომატიური, საფოსტო, სპეციალური კავშირების სამსახურები და სხვა) იყენებენ სპეციალურ ფიზიკურ, ტექნიკურ და პროგრამულ საშუალებებს და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა საშუალებებს.
მუხლი 32. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა 1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს. 2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აანალიზებს გამოქვეყნების შესაძლო შედეგებს. 3. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი VIII ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია
მუხლი 33. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი ორგანო 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) (შემდგომ – ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრისა და სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში შექმნილი ქვერეგისტრებისაგან. 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 34. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაცია 1. საიდუმლოობის გრიფებსა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებს შორის დადგენილია შემდეგი შესაბამისობა: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ – COSMIC TOP SECRET; ბ) „სრულიად საიდუმლო“ – NATO SECRET; გ) „საიდუმლო“ – NATO CONFIDENTIAL; დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ – NATO RESTRICTED. 2. ნატოს ინფორმაციისათვის კლასიფიკაციის დონის მინიჭების უფლება აქვთ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების ან ნატოს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურების შესაბამის თანამდებობის პირებს.
მუხლი 35. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაციის დონის შეცვლა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კლასიფიკაციის დონის შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც ეს ინფორმაცია შექმნა ან ნატოში წარადგინა.
მუხლი 36. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 37. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურა 1. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს შესაბამისი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებიდან მის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემოწმების პროცედურის ჩამტარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირის თანხმობით.
მუხლი 38. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვაში.
მუხლი 39. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს, ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემის წესებს და საქართველოში ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
მუხლი 40. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დასაცავად საჭირო კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც: ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის არჩევს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ამ ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას; გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას; ბ) უზრუნველყოფს ნატოს კრიპტოგრაფიული მასალისა და ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების სრულყოფილ აღრიცხვას, შენახვას, უსაფრთხო მოხმარებას, გადაცემას, დისტრიბუციას და მათი განადგურებისათვის საჭირო პროცედურების ჩატარებას; გ) ახორციელებს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, კომუნიკაციისა და ინფორმაციის იმ სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას. 2. ყველა ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას ან შეხება აქვთ მასთან, ვალდებული არიან, ამ ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, აკრედიტებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები. 3. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 41. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურება 1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია, მათ შორის, ზედმეტი ეგზემპლარი ან/და შავი მასალა, რომელიც ოფიციალური მოხმარებისთვის საჭირო აღარ არის, ისე უნდა განადგურდეს, რომ შეუძლებელი იყოს მისი ამოცნობა ან აღდგენა. რეგისტრებში დაცული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია პერიოდულად უნდა გადაიხედოს მისი განადგურების საჭიროების დასადგენად. ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გასანადგურებლად ამ ინფორმაციის ავტორის თანხმობის მიღება აუცილებელი არ არის. 2. CONFIDENTIAL დონის და კლასიფიკაციის უფრო მაღალი დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის განადგურებისათვის სავალდებულოა მისი შესაბამის რეგისტრში დაბრუნება. გასანადგურებელი ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს განადგურების აქტში, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ რეგისტრისათვის პასუხისმგებელი პირი და შესაბამისი დონის ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მქონე მიუკერძოებელი ოფიციალური პირი, რომლებსაც აქვთ აღნიშნული ინფორმაციის განადგურების პროცესზე დასწრების წერილობითი ნებართვა. 3. RESTRICTED დონის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის ან ამონაწერის განადგურების უფლება აქვს ამ დოკუმენტის მიმღებს, იმ პირობით, რომ იგი დედანი არ არის, ხოლო ასლი შესაბამის რეგისტრში ინახება. თავი VIII1 ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 411. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 412. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი და მართვა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და სხვა დაწესებულებაში/ორგანოში შექმნილი ქვერეგისტრებისგან. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ცენტრალური რეგისტრი და ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
მუხლი 413. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაცია 1. საქართველოს საიდუმლოობის გრიფებსა და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეებს შორის დადგენილია შემდეგი შესაბამისობა: ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ – TRES SECRET UE/EU TOP SECRET; ბ) „სრულიად საიდუმლო“ – SECRET UE/EU SECRET; გ) „საიდუმლო“ – CONFIDENTIEL UE/EU CONFIDENTIAL; დ) „შეზღუდული სარგებლობისათვის“ – RESTREINT UE/EU RESTRICTED. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციას უნდა ჰქონდეს ევროკავშირის მხარის მიერ მინიჭებული საიდუმლოობის გრიფი. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შეცვლა ევროკავშირის მხარის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 414. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის უფლება ენიჭება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის საჭიროება და ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება, აგრეთვე ინფორმირებულია საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვების გასაცემად ფიზიკური პირის შემოწმების პროცედურას 1 თვის ვადაში ატარებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას, ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებასა და შესაბამისი დაშვების სერტიფიკატებს გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. 4. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სათანადო ფორმით ინდივიდუალური დაშვება. 5. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვების მისაღებად იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის შესაბამისი დონის დაშვება. 6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის სხვა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ან კონტრაქტორისთვის გამჟღავნება ან გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ინფორმაციის წარმომშობის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 415. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირის ვალდებულებები ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ხელს უშლის ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვაში. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 416. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია დაცული უნდა იქნეს სულ მცირე იმ დონეზე, რომელიც განსაზღვრული აქვს თავად ევროკავშირის მხარეს. 2. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნით, რომლისთვისაც ის მოწოდებულია ევროკავშირის მხარის მიერ. 3. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად პერსონალის უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების, საწარმოო უსაფრთხოების, საიდუმლო ინფორმაციის გამრავლების, თარგმნისა და განადგურების, გადაცემისა და გადატანის წესებს, საქართველოში ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის წესებს, აგრეთვე ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. საქართველოს ყველა ობიექტი, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა და მისი შენახვა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფრთხოების სათანადო სერტიფიცირების განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 5. საქართველოს ყველა საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემა, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა, საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აკრედიტაციის განხორციელებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 6. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია ელექტრონული საშუალებებით უნდა გადაიცეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებების გამოყენებით. 7. ელექტრონული საშუალებებით ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ავთენტურობის, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ნამდვილობის პრინციპების განუხრელი დაცვით. 8. ელექტრონული საშუალებები, რომლებიც ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის მიზნებისთვის გამოიყენება, ექვემდებარება ტესტირებას როგორც აკრედიტაციის პროცესში, ისე აკრედიტაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც შეიძლება დაირღვეს ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები. 9. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ რაოდენობის აპარატული აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალება, აგრეთვე ნებადართული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის სრული ციკლის შესასრულებლად. 10. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციისადმი მოპყრობის პროცესის მონაწილე უფლებამოსილ პირს, აგრეთვე შესაბამის მოწყობილობას უნდა ჰქონდეს იმ დონის ფუნქციური პრივილეგიები, რომელიც საჭიროა ამ პროცესში წარმოქმნილი კანონიერი ამოცანების შესასრულებლად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი IX პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის
მუხლი 42. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის 1. პირს, რომელიც არ შეასრულებს ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემისათვის დადგენილ შეზღუდვას, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც: ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას; ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას; გ) საიდუმლოობის გრიფს აღნიშნავს ინფორმაციის შემცველზე, რომელიც არ არის ან აღარ არის სახელმწიფო საიდუმლოება; დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; ე) არ გააკონტროლებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას. 3. თუ პირმა გაამჟღავნა სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც, ამ კანონის შესაბამისად, არ უნდა მიჰკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ. თუ აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 4. სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება იყო, დანაშაულად არ ითვლება. 5. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება. 6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი X გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 43. გარდამავალი დებულებანი საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესი“; ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა; გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ.
მუხლი 44. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53). 2. ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“; ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 45. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ქუთაისი, 19 თებერვალი 2015 წ. N3099-IIს |
დოკუმენტის კომენტარები