დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 816 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 25/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130.030.000.05.001.001.649 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, გარდა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების აქტებისა, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და უშიშროების თვალსაზ-რისით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.“.
3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებას აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ნებართვის გაფორმებით.“.
4. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმებას ერთი თვის ვადაში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კანონით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.“.
5. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას და აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოების ტექნიკური დაცვის უზრუნველმყოფი სისტემები და საშუალებები, შეასრულოს მათი მომსახურებისა და ტექნიკური დაცვის სამუშაოები, აგრეთვე შეწყვიტოს მომსახურება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით.“.
6. 37-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოში, აგრეთვე იმ დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და საწარმოში, რომელთაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.
5. ფიზიკური და არასახელმწიფო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ არსებობს დასაბუთებული საფუძველი, რომ ადგილი აქვს ამ კანონის დარღვევის ფაქტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№816–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები