„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2357-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130030000.05.001.017430
2357-IIს
02/05/2014
ვებგვერდი, 16/05/2014
130030000.05.001.017430
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატსა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან. ქვერეგისტრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტით, ქვერეგისტრებს ქმნის საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;“.

3. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ის. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს,  ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის,  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო თუ ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების წინადადებით. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2357-IIს