სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 455
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.000.174
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
455
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
130.030.000.05.001.000.174
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 19.02.2015, №3099)

 

საქართველოს კანონი

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

საქართველოს საინფორმაციო სუვერენიტეტიდან და ინფორმაციის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, მის დასაიდუმლოებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში.

საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1853 - სსმ I , 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები

1. „სახელმწიფო საიდუმლოება“ – ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას.

2. „საიდუმლოობის ხარისხი“ – კატეგორია, რომელიც გამოხატავს ინფორმაციის მნიშვნელობას, მისი გამჟღავნებით ან დაკარგვით გამოწვეულ შესაძლო ზიანს, ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს.

3. „სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა“ – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანოების მიერ გამოყენებული საიდუმლოების დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

4. „დასაიდუმლოება“ – ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვები.

5. „განსაიდუმლოება“ – ამ კანონით დადგენილ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობებთან დაშვებისა და მათი გავრცელების შეზღუდვების მოხსნა.

6. „სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მქონე“ – დოკუმენტი ან სხვა სახის მატერიალური საგანი, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარებულ ინფორმაციას.

7. „სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება“ – სახელმწიფო ორგანოსათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიცემული ნებართვა შეასრულოს სამუშაო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოყენებით.

8. „სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობის უფლება“ – თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე პირისათვის მიცემული შესაძლებლობა გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას.

9. „საიდუმლოობის გრიფი“ – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს.

10. „ინფორმაციის დაცვის საშუალებები“   – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის ტექნიკური, კრიპტოგრაფიული, პროგრამული და სხვა საშუალებები.

საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1853 - სსმ I , 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007 წ., მუხ.304

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

1. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ შედგება ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება არ ვრცელდება კომერციული ან საბანკო საიდუმლოების, საფინანსო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგამომგონებლო და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ეს ინფორმაცია ამასთანავე სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

    მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ

1. სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უზრუნველყოფენ ამ პოლიტიკის შესრულებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6567).

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს;

ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.

5. საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებისათვის. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატსა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში მოქმედი ქვერეგისტრებისაგან. ქვერეგისტრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იქმნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში – საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. სხვა დაწესებულებებში/ორგანოებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ პუნქტით, ქვერეგისტრებს ქმნის საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის წარდგინებით.

საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1853 - სსმ I , 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1892 - სსმ I, №42 29.07.2005 წ., მუხ.301

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007 წ., მუხ.304

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2986 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.152

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1382  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2357 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 4. ინფორმაციის სახელმწიფო    საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და საიდუმლოების დაცვისათვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებანი

1. საქართველოს პარლამენტი:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგებას;

ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებას;

გ) განსაზღვრავს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას პარლამენტში;

დ) გადაწყვეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს.

2. საქართველოს მთავრობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების წარდგინებით:

ბ.ა) ამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას;

ბ.ბ) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება;

ბ.გ) ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც უფლებამოსილი არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა;

ბ.დ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;

ბ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს.

21. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.

3. (ამოღებულია - 20.09.2013, №1269).

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები:

ა) უზრუნველყოფენ მათთვის გადაცემული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგენენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის წინადადებებს.

5. სასამართლო ხელისუფლება:

ა) განიხილავს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებში;

ბ) უზრუნველყოფს საქმეთა განხილვისას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას;

გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, ასევე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც ამ ინფორმაციის გაცემით განიცადა ინფორმაციის მფლობელმა;

დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად. 

საქართველოს 1998 წლის 4 მარტი ს კანონი № 1276 - პარლამენტის უწყებანი 13-14 , 30.06.1998 წ., გვ.30

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2357 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 5. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციასა და მის შემცველებზე საკუთრების უფლების განხორციელება

1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ან მისი მატერიალური შემცველის მესაკუთრე თავის საკუთრების უფლებას ახორციელებს ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესი და პირობები, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისა და მისი შემცველის გამოყენებისა და განკარგვის სპეციალური რეჟიმის დადგენის ჩათვლით, განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებით ინფორმაციის ან მისი შემცველის მესაკუთრესა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.

3. თუ ხელშეკრულებაში აღნიშნული საკუთრების უფლებათა შეზღუდვები სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციაზე და მის შემცველებზე ზარალს აყენებენ მათ მესაკუთრეს, ამ ზარალის სრული კომპენსაცია ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, იმ შემოსავლის ჩათვლით, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო.

4. თუ სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ან მისი შემცველის მესაკუთრე უარს ამბობს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან არღვევს მას, სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ინფორმაცია ან მისი შემცველი შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს და გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

    მუხლი 6. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებათა    დაფინანსება

1. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები სახელმწიფო ორგანოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში და სახაზინო საწარმოებში ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.

2. კერძო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები არასახაზინო საწარმოში ფინანსდება საწარმოსა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

თავი II. ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

    მუხლი 7. ცნობები, რომლებიც მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას

სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი სახის ცნობები:

1. თავდაცვის სფეროში:

ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს;

ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას;

გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.

2. ეკონომიკის სფეროში:

ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ;

ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის;

გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის − ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა ფასეულობათა − სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნების, ფასიანი ქაღალდებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების, შენახვის, დაცვისა და გაყალბების თავიდან აცილებასთან, მათ მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე.

3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში:

ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს;

ბ) უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს.

4. დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში:

ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;

ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და ადმინისტაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ;

გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ;

დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ ;

ე) საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, ასევე სამინისტროების და სხვა უწყებების მიერ განსახორციელებელი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთა წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1853 - სსმ I , 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2014  წლის 28 ნოემბრის  კანონი №2826 - ვებგვერდი, 30.11.2014წ.

     მუხლი 8. ცნობები, რომლებიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად  

1. აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიგა საქმიანობას თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.

3. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო და სპეციალური დანიშნულების რუკებისა, რომლებზედაც დატანილია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ცნობათა ნუსხით განსაზღვრული , ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის მიკუთვნებული ინფორმაცია და მონაცემები .

4. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს შემდეგი ცნობები :

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას;

ბ) გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, მისი ცხოვრების დონის შესახებ, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის შესახებ;

დ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედობებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;

ე) პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;

ვ) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ;

ზ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ.

საქართველო ს 1999 წლის 19 მარტის კანონი 1853 - სსმ I , 12(19) 06.04.1999 წ., მუხ. 44

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1622 - სსმ I, №33 01.07.2005 წ., მუხ.206

საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3156 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.145

საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5033 - სსმ I, №26 11.07.2007 წ., მუხ.240

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1016 - სსმ I, №4 12.03.2009 წ., მუხ.16

საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2325 - სსმ I, №46 22.12.2009 წ., მუხ.356

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2986 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.152

საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4412 -ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 73 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 9. სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის წესი

1. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, ამ ცნობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე, საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას, რომელმაც ეს ცნობები შეიმუშავა ან მიიღო განსახილველად და/ან შესანახად.

2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომელსაც ეს უფლებამოსილება აქვს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 10. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა

1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას გამოსაქვეყნებლად ამზადებს და ოფიციალურ სახელმწიფო გამოცემებში აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო .

2. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

3. (ამოღებულია – 28.06.2012, №6567). 

4. თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არღვევს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის დადგენილ წესს, დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

      მუხლი 11. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება, ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა და საიდუმლო ინფორმაციის განადგურება

1. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებისა და ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის უფლება აქვს ინფორმაციის დასაიდუმლოების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ თანამდებობის პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტივირებული მითითებით. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების უფლება აქვს ასევე სასამართლოს.

2. დოკუმენტი ან სხვა მატერიალური საგანი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას შეიცავს, შეიძლება განადგურდეს მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი № 6567 – ვებგვერდი, 10 .0 7 .2012წ.

 

თავი III. ინფორმაციის დასაიდუმლოება

    მუხლი 12. ინფორმაციის დასაიდუმლოების პრინციპები

1. ინფორმაციის დასაიდუმლოება ხორციელდება კანონიერების, დასაბუთებულობის და დროულობის პრინციპების შესაბამისად.

2. ინფორმაციის დასაიდუმლოების კანონიერება განისაზღვრება ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით განსაზღვრულ საფუძველზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ინფორმაციის დასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის საექსპერტო შეფასების საფუძველზე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების გათვალისწინებით.

4. ინფორმაციის დასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით მისი მიღების (შემუშავების) მომენტიდან.

    მუხლი 13. ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი და გრიფი

1. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დასაიდუმლოება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტისათვის, ნაკეთობისათვის ან ინფორმაციის სხვა მატერიალური შემცველისათვის საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.

2. საიდუმლოების გრიფი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის ყოველი მატერიალური შემცველის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი უნდა აღნიშნავდეს ამ ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს, ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი. სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება შემდეგი კლასიფიცირებული ინფორმაცია:

ა) „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ (მასთან გათანაბრებულია – TOP SECRET);

ბ) „სრულიად საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია – SECRET);

გ) „საიდუმლო“ (მასთან გათანაბრებულია – CONFIDENTIAL);

დ) „შეზღუდული სარგებლობისთვის“ (მასთან გათანაბრებულია – RESTRICTED).

3. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელება ან დაკარგვა არსებითად იმოქმედებდა საქართველოს ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში ან/და გამოიწვევდა განსაკუთრებით მძიმე შედეგებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.

4. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „სრულიად საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ ან დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისათვის და ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ინტერესებისათვის ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციისათვის.

5. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „საიდუმლო“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს ან/და რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებს.

51. ინფორმაციას, რომლისთვისაც წესდება საიდუმლოობის ხარისხი „შეზღუდული სარგებლობისთვის“, მიეკუთვნება მონაცემი, რომლის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს თავდაცვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, მართლწესრიგზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე ქვეყნისა თუ ორგანიზაციის ინტერესებსა და საქმიანობაზე.

6. თუ გრიფის აღნიშვნა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტებში.

7. აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნა ინფორმაციის შემცველებზე, რომლებშიც დაცული სხვა სახის საიდუმლო ან კონფიდენციალური ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.

8. თანამდებობის პირთა სიას, რომლებსაც უფლება აქვთ ინფორმაციის შემცველზე აღნიშნონ საიდუმლოობის გრიფი, ამტკიცებს იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ეწევა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

9. ინფორმაციის დასაიდუმლოების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლის ან მისი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში ინფორმაციის დასაიდუმლოების განმხორციელებელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საიდუმლოობის გრიფის შეცვლა ან ინფორმაციის განსაიდუმლოება.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007 წ., მუხ.304

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.  

    მუხლი 14. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა

1. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადა დამოკიდებულია მისი საიდუმლოობის ხარისხზე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ინფორმაციისათვის ეს ვადა არ აღემატება 20 წელს, „სრულიად საიდუმლო“ ინფორმაციისათვის არის 10 წელი, „საიდუმლო“ ინფორმაციისათვის – 5 წელი, ხოლო „შეზღუდული სარგებლობისთვის“ ინფორმაციისათვის – 3 წელი. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გაგრძელების უფლება აქვთ სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებს, თუ ეს ინფორმაცია დაკავშირებულია კონტრდაზვერვით ან/და სადაზვერვო საქმიანობასთან და მისი განსაიდუმლოებით არსებითი ზიანი მიადგება სახელმწიფოს ინტერესებს. საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესით აღიარებული სახელმწიფო საიდუმლოების ვადის გაგრძელება, განსაიდუმლოება ან გრიფის შეცვლა ხდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. დასაიდუმლოების ვადის ათვლა იწყება ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღნიშვნის თარიღიდან.

3. ინფორმაციის დასაიდუმლოების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლება აქვს, გააგრძელოს დასაიდუმლოების ვადა.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე მოხსნას სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას, მისი საიდუმლოობის ხარისხის მიუხედავად.

საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1276 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 30.06.1998 წ., გვ. 30

საქართველოს 2005 წლის 11 ნოემბრის კანონი №2100 - სსმ I, №49 30.11.2005წ., მუხ.329

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007წ., მუხ.304

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2986 - სსმ I, №24 10.05.2010წ., მუხ.152

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 15. საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი

1. ინფორმაციის დასაიდუმლოების, ე. ი. დოკუმენტებზე და სხვა მატერიალურ ობიექტებზე საიდუმლოობის გრიფის დაწესების, საფუძველია მათი შესაბამისობა იმ ცნობების ნუსხასთან, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება.

2. თუ შეუძლებელია მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის მოქმედ ნუსხაში შეტანილ ცნობებთან იდენტიფიკაცია, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, დაწესებულების, უწყებისა და საწარმოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მიღებული ინფორმაციის წინასწარი დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში გაუგზავნონ საქართველოს მთავრობას თავიანთი წინადადებები. საქართველოს მთავრობა 1 თვის ვადაში ატარებს მიღებული წინადადების საექსპერტო შეფასებას და ამტკიცებს წინადადებას მოქმედ ნუსხაში ცვლილების შეტანის შესახებ ან უარს ამბობს ასეთი წინადადების დამტკიცებაზე.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 16. ინფორმაციის დაუსაბუთებელი დასაიდუმლოების გასაჩივრება

1. მოქალაქეები და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან ინფორმაციის შემცველზე საიდუმლოობის გრიფის აღმნიშვნელ თანამდებობის პირს მიმართონ ამ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ მოტივირებული წინადადებით, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული. აღნიშნულმა თანამდებობის პირმა მოქალაქეს ან იურიდიულ პირს ერთი თვის განმავლობაში უნდა გასცეს დასაბუთებული წერილობითი პასუხი.

2. გადაწყვეტილება ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

თავი IV. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება

    მუხლი 17. საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საფუძველი

1. ინფორმაციისათვის საიდუმლოობის გრიფის მოხსნის საფუძველია:

ა) საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების აღება იმის თაობაზე, რომ ღიად იქნეს გაცვლილი ის ინფორმაცია, რომელიც ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა;

ბ) ობიექტური გარემოების შეცვლა, რომლის შედეგადაც აღარ არის საჭირო დაცულ იქნეს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა;

გ) დადგენილი ვადის გასვლა;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ.

2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახდენენ დასაიდუმლოებას, ვალდებული არიან ყოველწლიურად გადასინჯონ მონაცემები ინფორმაციის დასაიდუმლოების შესახებ, რათა კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეფასდეს ინფორმაციის საიდუმლოობის აუცილებლობა. 

საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1276 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 30.06.1998წ., გვ. 30

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების წესი

1. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოება ხდება არაუგვიანეს იმ ვადისა, რა ვადითაც დასაიდუმლოებულ იქნა ის. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოებას ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან/და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ეროვნული არქივი, თუ ასეთი უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი ორგანიზაციის ან მისი სამართალმემკვიდრის მიერ. თუ აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ არქივს მინიჭებული არ აქვს ან/და ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

3. ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოების საკითხს წყვეტს ინფორმაციისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანიზაცია ან მისი სამართალმემკვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო თუ ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული სახელმწიფო დაწესებულების წინადადებით. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის − სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ დასაიდუმლოებული ინფორმაციის ამ პუნქტის საფუძველზე განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ თავად აღნიშნული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები.

31. ამ კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების უფლება აქვს აგრეთვე პროკურორს კანონით დადგენილი წესით.

32 . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის განსაიდუმლოებაზე პასუხს გასცემს შესაბამისი წინადადებით მიმართვიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ პასუხის მოსამზადებლად მეტი დროა საჭირო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია აღნიშნული ვადა 2 თვემდე გააგრძელოს, რის თაობაზედაც წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის უწყებას ერთთვიანი ვადის ამოწურვამდე. აღნიშნული ვადების გაშვების შემთხვევაში საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება.

4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.

საქართველოს 1998 წლის 4 მარტის კანონი №1276 - პარლამენტის უწყებანი №13-14, 30.06.1998 წ., გვ.30  

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №1 04.01.2010 წ., მუხ.2

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2357 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 19. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების შეკითხვით მიმართვის უფლება ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან შეკითხვით მიმართონ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, აგრეთვე საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს (მათ შორის სახელმწიფო არქივებს) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აგრეთვე საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები (მათ შორის სახელმწიფო არქივები), რომლებმაც ასეთი შეკითხვა მიიღეს, ვალდებული არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ და მოტივირებული პასუხი გასცენ შეკითხვის არსებით მხარეს. თუ მათ არა აქვთ ამ ცნობების განსაიდუმლოების უფლებამოსილება, შეკითხვის შემოსვლიდან ერთ კვირაში ის გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელსაც აქვს ასეთი უფლება, ან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.  შეკითხვას მოტივირებული პასუხი უნდა გაეცეს ერთი თვის ვადაში.

3. თანამდებობის პირის მიერ შეკითხვის არსებითად განხილვისაგან თავის არიდება იწვევს დისციპლინურ და/ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების საფუძვლიანობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს მიერ ინფორმაციის დასაიდუმლოების უსაფუძვლობის დადასტურების შემთხვევაში, იგი დაუყოვნებლივ უნდა განსაიდუმლოვდეს.

5. სასამართლოს მიერ ინფორმაციის დასაიდუმლოების უსაფუძვლობის დადასტურების შემთხვევაში, ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის მიყენებული ზარალის სრული კომპენსაცია ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, იმ შემოსავლის ჩათვლით, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო. კომპენსაციის ოდენობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სასამართლო.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

 

თავი V. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამგებლობა

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.  

    მუხლი 20. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემა

1. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებას აძლევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ნებართვის გაფორმებით.

2. ასეთი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი”.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

    მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის    გაცემა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, დაწესებულება, საწარმო, ორგანიზაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირთა სანქციით.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც მიიღებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას , მოვალეა შექმნას ყველა პირობა სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად. თანამდებობის პირები პერსონალურად აგებენ პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის. 

3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემისას დაცულ უნდა იქნეს ამ კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

 

თავი VI. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

    მუხლი 22. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი

1. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა მოიცავს საორგანიზაციო–სამართლებრივ, საინჟინრო-ტექნიკურ, კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა მიზანია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება.

2. ამ ღონისძიებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი.

3. კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვისთვის წესდება ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოების, აგრეთვე საკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები, რომლებსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007 წ., მუხ.304  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 23. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ძირითადი საორგანიზაციო-სამართლებრივი ღონისძიებები

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით დგინდება:

1. ერთიანი მოთხოვნები სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის მატერიალური შემცველების დამზადების, გამოყენების, შენახვის, გადაცემის, ტრანსპორტირებისა და აღრიცხვისადმი.

2. თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის ნებართვის გაცემის პირობები და წესი.

3. ზემოაღნიშნული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი (საიდუმლოობის რეჟიმი).

4. სახელმწიფო საიდუმლოებასთან მოქალაქეთა დაშვების სპეციალური წესი.

5. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების, სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ან სხვა გზით გავრცელების შეზღუდვა.

6. თავისი საქმიანობით სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მიერ სასამართლო, საზედამხედველო, საკონტროლო-სარევიზიო და სხვა ფუნქციების შესრულების სპეციალური წესი.

7. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის.

    მუხლი 24. ერთიანი მოთხოვნები სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველებისა და მათი შენახვისადმი

ერთიან მოთხოვნებს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველების დამზადების, გამოყენების, დაცულობის უზრუნველყოფის, გადაცემის, ტრანსპორტირებისა და აღრიცხვისადმი ადგენს „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესი”.

    მუხლი 25. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის განსაკუთრებული რეჟიმი

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის საქმიანობის განსაკუთრებული რეჟიმი (საიდუმლოობის რეჟიმი) განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.

    მუხლი 26. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება       

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვება საქართველოს ქმედუნარიანი, 18 წლის ასაკს მიღწეული მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა სჭირდება თავისი სამსახურებრივი ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.

2. გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებს იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სადაც ხორციელდება სამუშაო ან ინახება ასეთი ინფორმაცია და რომელიც უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

2 1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვას შესაბამის პირზე გასცემს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან მუშაობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. სახელმწიფო ხელისუფლების იმ უმაღლეს ორგანოებში, რომელთა დაცვას „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილებას საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების თაობაზე იღებენ ამ ორგანოთა ხელმძღვანელები. 

4. საქართველოს მოქალაქისათვის საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვებაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

5. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

6. დაშვების გაცემა ითვალისწინებს: 

ა) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად პირის შემოწმებას;

ბ) პირის მიერ ვალდებულების აღებას, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო პირის წერილობით თანხმობას მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე;

დ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

7. პირისათვის საჭირო ინფორმაციასთან დაშვების ფორმები დგინდება მისი საიდუმლოობის ხარისხის მიხედვით („განსაკუთრებული მნიშვნელობის“, „სრულიად საიდუმლო“, „საიდუმლო“).

8. გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების თაობაზე მიიღება მისი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა.    

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5240 - სსმ I, №29 27.07.2007 წ., მუხ.304

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 27. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე უარის თქმა

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაიცემა, თუ:

1. პირი არ წარადგენს დასაბუთებას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე სამუშაოდ.

2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცესში გამოვლინდა მის მიერ უცხოეთის სახელმწიფოების და ორგანიზაციების მართლსაწინააღმდეგო საქმიანობისათვის ხელშეწყობის ან მოქალაქეთა ისეთ გაერთიანებაში მონაწილეობის ფაქტები, რომლის საქმიანობაც აკრძალულია სასამართლო წესით ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას, ან თუ გამოვლინდა პირისათვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტები.

3. პირი უარს ამბობს იკისროს ვალდებულება, რომ დაიცავს მისთვის განდობილ სახელმწიფო საიდუმლოებას ან არ არსებობს მისი თანხმობა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ უფლებათა შეზღუდვების თაობაზე.

4. პირი ნასამართლევია კანონით დადგენილი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

5. პირი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ ან სამედიცინო დასკვნის საფუძველზე არ შეიძლება მისი დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან. ასეთ დაავადებებს განსაზღვრავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად.

6. პირი დაშვების გაფორმების პროცესში შეგნებულად იძლევა არასწორ ცნობებს თავის შესახებ.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

    მუხლი 28. პირის შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმებას ერთი თვის ვადაში ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კანონით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით.

2. შემოწმების დროს დგინდება ამ კანონის 27-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა.

3. შემმოწმებელი ორგანოს დასკვნის გათვალისწინება სავალდებულოა თანამდებობის იმ პირთათვის, რომლებიც უფლებამოსილი არიან მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის თაობაზე.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

    მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოებასთან  დაშვების მიღებაზე უარის თქმის გასაჩივრება

1. თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის თაობაზე, ვალდებულია განმცხადებელს წერილობით აცნობოს უარის მიზეზები და საფუძველი.

2. პირს უფლება აქვს უარი გაასაჩივროს სასამართლოში.

    მუხლი 30. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება

1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა ან გამოვლინდა ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებანი.

2. პირის თხოვნით სახელმწიფო საიდუმლოებასთან მისი დაშვება უქმდება დაშვების გაუქმების თაობაზე მიმართვიდან სამი დღის ვადაში.

3. გადაწყვეტილებას დაშვების გაუქმების თაობაზე იღებს თანამდებობის პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაშვების გაცემის თაობაზე. პირს უფლება აქვს უარი გაასაჩივროს სასამართლოში.

    მუხლი 31. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, სადაც ინახება ასეთი ინფორმაცია.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაიშვებიან ამ კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე. მათ მიმართ მოქმედებს ისეთივე წესები, როგორიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

    მუხლი 32. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად

პირი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაუშვეს, ვალდებულია:

1. არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს;

2. შეასრულოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საიდუმლოობის რეჟიმის მოთხოვნები;

3. თანამდებობის პირს, რომელმაც იგი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაუშვა, აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლოება.

    მუხლი 33. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა

1. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საზღვარგარეთ გასატანად მასალების მომზადებისას საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და ფიზიკური პირები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის მიზნით ვალდებული არიან იხელმძღვანელონ ამ კანონის მოთხოვნებით.

2. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო .

3. პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის კანონი №6567 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

    მუხლი 34. სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვა

1. სხვა სახელმწიფოსათვის ისეთი ინფორმაციის ან ინფორმაციის შემცველის გადაცემა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება საერთაშორისო  მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე. 

საქართველოს 2013 წლის  31 მაისის კანონი № 681 – ვებგვერდი, 19 .0 6 .2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1269  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 35. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები

1. ინფორმაციის ტექნიკური დაცვის მიზნით საწარმო, დაწესებულება და ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია გამოიყენოს ინფორმაციის დაცვის, დამუშავების, გადაცემისა და შენახვის დაცული საშუალებები და ტექნიკური მოწყობილობანი, რომლებიც სერტიფიცირებულია ტექნიკური დაცვის ნორმატივების შესაბამისად.

2. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას და აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოების ტექნიკური დაცვის უზრუნველმყოფი სისტემები და საშუალებები, შეასრულოს მათი მომსახურებისა და ტექნიკური დაცვის სამუშაოები, აგრეთვე შეწყვიტოს მომსახურება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით.    

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სერტიფიკაციისა და ლიცენზირების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

    მუხლი 36. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით”.  

   მუხლი 361. კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული ღონისძიებები

1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დაცვისათვის, კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიანი და რაციონალური შერჩევისა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც:

ა) შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურისთვის შეარჩევს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებს, განსაზღვრავს ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობას, გასცემს სათანადო რეკომენდაციებს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად და აკონტროლებს მათ შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კრიპტოგრაფიული მასალის დისტრიბუციას, ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული კრიპტოგრაფიული საშუალებების მართვას, სრულ აღრიცხვას, უსაფრთხო მოხმარებას, შენახვას, დისტრიბუციისა და განადგურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელებას;

გ) ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დასაცავად გამოყენებული სისტემების აკრედიტაციას, კერძოდ, იმ ეროვნული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების სანქციონირებასა და კონტროლს, რომლებიც ინახავენ, ამუშავებენ ან გადასცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციას.

2. ყველა შესაბამისი ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომლებიც ფლობენ ან რომლებსაც შეხება აქვთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, ვალდებული არიან, ინფორმაციის დასაცავად გამოიყენონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, ატესტირებული და ნებადართული ტექნიკური საშუალებები.

3. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის  27  დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 37. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის   უზრუნველყოფის კონტროლი

1. საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია მუდმივი კონტროლი დააწესოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფაზე.

2. საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას, რომელიც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს, უფლება აქვს გააკონტროლოს იმ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა, რომელიც მან გადასცა.

3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კონკრეტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტის უფლება, ვალდებული არიან გააკონტროლონ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა ყველა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, რომლებიც ასრულებენ შესაბამის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ან ინახავენ ასეთი ინფორმაციის შემცველებს.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გააკონტროლოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ორგანოში, აგრეთვე იმ დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და საწარმოში, რომელთაც მიღებული აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება.

5. ფიზიკური და არასახელმწიფო იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის კონტროლის უფლება აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ არსებობს დასაბუთებული საფუძველი, რომ ადგილი აქვს ამ კანონის დარღვევის ფაქტებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამგვარი მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №816 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.195

 

თავი VII. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 38. პასუხისმგებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისათვის

1. პირს, რომელიც დაარღვევს ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას ან არ დაიცავს სხვა სახელმწიფოსათვის სახელმწიფო საუდუმლოების გადაცემის შეზღუდვებს, დაეკისრება კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

2. თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც

ა) დაასაიდუმლოებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) უსაფუძვლოდ დაასაიდუმლოებს ინფორმაციას;

გ) საიდუმლოობის გრიფს მიანიჭებს ინფორმაციის შემცველებს, რომლებიც არ ან აღარ წარმოადგენენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

დ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემის ამ კანონის 26-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ე) დაარღვევს ამ კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნებს;

ვ) დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას;

ზ) არ დაიცავს ამ კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ სხვა სახელმწიფოსათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვებს;

თ) არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე –

დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.

3. თუ პირმა გაახმაურა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ უნდა მიკუთვნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ამ ინფორმაციის საიდუმლოობის კანონიერების დადგენის შემდეგ და თუ მისი საიდუმლოობა უკანონოდ იქნა მიჩნეული, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

4. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, დანაშაულად არ ითვლება.

5. (ამოღებულია - 24.06.2004, №221).

6. მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლის გახმაურებასაც მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისათვის ან რომელიც ადრე უკვე გამოქვეყნებული იყო, დანაშაულად არ ითვლება.

საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №221 - სსმ I, №19 15.07.2004 წ., მუხ.83

საქართველოს პრეზიდენტი           ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი.

№455-Iს

25. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3099-IIს - ვებგვერდი, 12/03/2015 24. 28/11/2014 - საქართველოს კანონი - 2826-Iს - ვებგვერდი, 30/11/2014 23. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2357-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 22. 27/12/2013 - საქართველოს კანონი - 1903-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 21. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1382-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1269-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 31/05/2013 - საქართველოს კანონი - 681-IIს - ვებგვერდი, 19/06/2013 18. 25/03/2013 - საქართველოს კანონი - 473-რს - ვებგვერდი, 05/04/2013 17. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6567-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 16. 11/03/2011 - საქართველოს კანონი - 4412-Iს - ვებგვერდი, 110317042, 17/03/2011 15. 27/04/2010 - საქართველოს კანონი - 2986 - სსმ, 24, 10/05/2010 14. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2469 - სსმ, 1, 04/01/2010 13. 15/12/2009 - საქართველოს კანონი - 2325 - სსმ, 46, 22/12/2009 12. 27/02/2009 - საქართველოს კანონი - 1016 - სსმ, 4, 12/03/2009 11. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5240 - სსმ, 29, 27/07/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 22/06/2007 - საქართველოს კანონი - 5033 - სსმ, 26, 11/07/2007 9. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3156 - სსმ, 19, 01/06/2006 8. 11/11/2005 - საქართველოს კანონი - 2100 - სსმ, 49, 30/11/2005 7. 08/07/2005 - საქართველოს კანონი - 1892 - სსმ, 42, 29/07/2005 6. 15/06/2005 - საქართველოს კანონი - 1622 - სსმ, 33, 01/07/2005 5. 24/12/2004 - საქართველოს კანონი - 816 - სსმ, 39, 25/12/2004 4. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 221 - სსმ, 19, 15/07/2004 3. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1853 - სსმ, 12(19), 06/04/1999 1. 04/03/1998 - საქართველოს კანონი - 1276 - პარლამენტის უწყებანი, 13-14, 08/04/1998