სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.000.132
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
165
22/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
370.030.000.05.001.000.132
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/06/1997 - 20/03/1998)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

   თავი I

                                                             ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

1. კანონის მიზანია:

ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა;

ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება.

2. კანონი განსაზღვრავს:

ა) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და საადგილმამულო მეურნეობების შეძენისა და გასხვისების წესს;

ბ) სახელმწიფოს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

    მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.

2. კანონი მოქმედებს აგრეთვე:

ა) ნაკვეთებზე და ნაკვეთის ნაწილებზე, თუ ისინი მდებარეობენ დასახლებულ პუნქტებში და მიეკუთვნებიან საადგილმამულო მეურნეობას;

ბ) განაშენიანების ზონაში მდებარე ნაკვეთებზე, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ შეცვლილა;

გ) ტყის ფონდის იმ მიწებზე, რომლებითაც შეივსო სოფლის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები.

    მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ცნება

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად ითვლება საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის     მუხლი 4. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის ცნება

1. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად ითვლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობა, რომელიც  წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს.

2. საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად მიიჩნევა აგრეთვე მებაღეობისა და მებოსტნეობის ამხანაგობათა და სააგარაკო ნაკვეთი, თუ მისგან მიღებული შემოსავალი შეადგენს ოჯახის შემოსავლის ნახევარზე მეტს.

3. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით.

4. საკომლო მეურნეობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა, რომელიც ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, აგრეთვე მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების თანასაკუთრებას წარმოადგენს.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა. საადგილმამულო წინში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული.

მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი მესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. ეს პირი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება საკომლო მეურნეობის თავკაცად.

6. იურიდიული პირი, რომელიც ეწევა შერეული სახის საქმიანობას, ჩაითვლება საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობად, თუ იგი შემოსავლის ნახევარზე მეტს იღებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით.

    მუხლი 5. სოფლის მეურნის ცნება

1. სოფლის მეურნედ ითვლება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ძირითად შემოსავალს (შემოსავლის ნახევარზე მეტს) იღებს ამ საქმიანობისაგან და დამოუკიდებლად უძღვება საადგილმამულო მეურნეობას, იმის განურჩევლად, იგი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა  თუ ეს ნაკვეთი ხელშეკრულებით აქვს აღებული.

2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიეცემა მხოლოდ იჯარით.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სოფლის მეურნის სტატუსს ანიჭებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციით.

4. სოფლის მეურნის სტატუსი უქმდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) ჩანაწერის განუახლებლობის საფუძველზე.

5. სოფლის მეურნის სტატუსის მინიჭება, განახლება და გაუქმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

თავი II

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების კერძო-სამართლებრივი (სამოქალაქო - სამართლებრივი) შეზღუდვა

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების უფლება

1. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისება დაშვებულია ჩვეულებრივი წესით, ასევე ზოგადი შეზღუდვებით, სპეციალური ნებართვის საფუძველზე.

2. სოფლის მეურნეობის სტატუსის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის გარიგებების დროს გასხვისების ნებართვა საჭირო არ არის.

 

 მუხლი 7. (ძალადაკარგულია)

საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

 

 მუხლი 8. გასხვისებათა ზოგადი შეზღუდვა

1. მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო მეურნეობას უძღვება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტში დასახელებულ პირებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა, ანდა საერთო საკუთრების თავისი წილი გაასხვისოს მხოლოდ ამ პირთა თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს ასეთ თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

    მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

გამსხვისებელს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი თავს დაანებებს მიწის დამუშავებას. თუ შემძენმა მიწის დამუშავებას თავი დაანება გამსხვისებლის გარადაცვალების შემდგომ, გამსხვისებლის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაამუშაოს მიწა, შეუძლია დამოუკიდებლად ისარგებლოს გამოსყიდვის უფლებით.

    მუხლი 10. მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის გასხვისებისას მოიჯარეს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ათი წელია თვითონ უძღვება ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას მოიჯარეს აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ მოიჯარე უკვე არის სხვა საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

    მუხლი 11. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობაზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელსაც სურს თვითონ გაუძღვეს მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელიც არის საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და შესაძენი ნაკვეთი მდებარეობს მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე.

    მუხლი 12. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება

1. სახელმწიფოს აქვს საადგილმამულო ფონდის მეშვეობით უპირატესი გამოსყიდვის უფლება.

2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება, როცა:

ა) მესაკუთრის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

ბ) მესაკუთრე გარდაიცვალა და მის მემკვიდრეს სურს დამოუკიდებლად გაუძღვეს საადგილმამულო (ფერმერულ) მეურნეობას;

გ) მესაკუთრემ საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობა ან სასოფლო-  სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ან იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მესაკუთრეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრეები, გამოსყიდვის უფლების გამოყენება არ შეიძლება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.

    მუხლი 13. უპირატესი გამოსყიდვის უფლების ვადა

უპირატესი გამოსყიდვის უფლება უქმდება ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა უფლებამოსილმა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მესაკუთრე თავს ანებებს მეურნეობის გაძღოლას.

    მუხლი 14. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ღირებულება გასხვისებისას

სასოფო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი განისაზღვრება საბაზრო ღირებულებით, რომელიც მეტი ან ტოლია გამოსყიდვის მომენტისათვის ჩამოყალიბებული და ოფიციალურად დაფიქსირებული ღირებულებისა.

თავი III

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო-სამართლებრივი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი) მოწესრიგება

    მუხლი 15. გარიგებები, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია სპეციალური ნებართვა

1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისება და ხელშეკრულების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სხვა პირზე გადაცემა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას:

ა) სასოფლო-სამეურენეო დანიშნულების მიწების არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის (მიზნობრივი გამოყენების შეცვლა);

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზონისათვის გადაცემისას, როცა ნაკვეთი არ იქნება გამოყენებული სოფლის მეურნეობისათვის.

2. მიწის ნაკვეთის გასხვისებას უთანაბრდება:

ა) მიწის ნაკვეთზე საერთო საუთრების წილის სხვისთვის დათმობა ან მისი გასხვისება;

ბ) მიწის ნაკვეთის დატვირთვა უზუფრუქტის უფლებით. უზუფრუქტის წესს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

3. გასხვისების მომენტის დადგენისათივს გადამწყვეტი პირობაა:

ა) იმ ხელშეკრულების დადება, რომელითაც საკუთრება უნდა გადავიდეს შემძენზე;

ბ) მიწის ნაკვეთის ამოღების დაწყება;

გ) მიზნობრივი გამოყენების შეცვლისას ის გარემოება, რომლითაც უფლებამოსილ პირს ნება ეძლევა არასაოფლო-სამეურნეო სარგებლობისათვის გამოიყენოს მიწა ან მესაკუთრის ის ქმედება, რომელიც იწვევს ნაკვეთის მიზნობრივი გამოყენების შეცვლას;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის განაშენიანების ზონისათვის გადაცემის დაწყება.

    მუხლი 16. გასხვისების ნებართვის გამცემი ორგანო. განაცხადით მიმართვის უფლების მქონე პირები

1. გასხვისების ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს მიწის შესაბამისი სახელმწიფო სამსახური, თუ საკითხი არ ექვემდებარება სასამართლო განხილვას.

2. ნებართვის მისაღებად განაცხადით მიმართვის უფლება აქვს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც იდება ეს ხელშეკრულება.

    მუხლი 17. ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება

1. ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ერთ თვეში განაცხადის შემოსვლის დღიდან. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული ორგანო ამ ვადაში ვერ მოასწრებს განაცხადის შემოწმებას და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მან ახსნა-განმარტება უნდა მიცეს განმცხადებელს და ამასთანავე ამცნოს, რომ ნებართვის გაცემის ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა.

2. თუ ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ვერ მიიღეს, მაშინ ნებართვა გაცემულად ითვლება და ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

3. უარი ნებართვის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. გასაჩივრების უფლება აქვთ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს და იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც იდება ეს ხელშეკრულება.

4. თუ გაცემულ ნებართვას არ ეთანხმება ნებართვის გამცემი ორგანოს ზემდგომი ორგანო, მაშინ მას ასევე ერთი თვის ვადაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს ნებართვის შეცვლის ან გაუქმების მოთხოვნით.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში დასახელებული პირები არ გამოიყენებენ გასაჩივრების უფლებას, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება ითვლება ძალაში შესულად.

    მუხლი 18. საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) გასხვისებისა და ნებართვის რეგისტრაციის ვალდებულება

საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება როგორც გარიგება, რომელიც გასხვისების საფუძველი გახდა, ასევე ნებართვა. ნებართვა საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შეიტანება მხოლოდ მაშინ, როცა გავა მისი გასაჩივრების ვადა და ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული.

    მუხლი 19. ნებართვის გაცემისას შეზღუდვა

1. ნებართვის გაცემაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

ა) სივრცობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთი გასხვისების შედეგად პატარავდება ხუთ ჰექტარზე ნაკლებად;

ბ) ნაკვეთი გამოყენებული იქნება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გამოყენება არასასოფლო-სამეურეო დანიშნულებით, გარდა უშუალოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ნებართვის გაცემის აკრძალვა არ გამოიყენება:

ა) რაციონალური მიწათსარგებლობის პირობების შექმნისას, რომელსაც ახორციელებენ სათანადო სახელმწიფო ორგანოები;

ბ) რეკვიზიციისას;

გ) იძულებითი აღსრულებისას.

    მუხლი 20. სანქციები მიწის დაუმუშავებლობისათვის

1. იმ მესაკუთრის მიმართ, რომელიც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ ამუშავებს მიწას, არ იხდის მიწათსარგებლობისათვის დადგენილ გადასახადს, არ უძღვება მეურნეობას და ასეთ შემთხვევაში იჯარითაც არ გასცემს სხვა პირზე, გამოყენებული იქნება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

2. მიწის ნაკვეთის შემძენ პირს ეკისრება იგივე ვალდებულებები, რაც საადგილმამულო მეურნეობას ან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ამ კანონით.

    მუხლი 21. გარიგებათა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შედეგები

1. გარიგება, რომელიც არ შეესაბამება მე-19 მუხლის მოთხოვნებს ან გასხვისების გარიგებათა შესახებ ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებს, ბათილია.

2. ნებართვის გამცემ ორგანოს შეუძლია გააუქმოს თავისი გაცემული ნებართვა, თუ იგი გაიცა მიწის ნაკვეთის შემძენის მიერ წარმოდგენილი ყალბი მონაცემების საფუძველზე.

 თუ გასულია ათი წელი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) გარიგების რეგისტრაციიდან, ნებართვის გამცემ ორგანოს არ აქვს ამ ნებართვის გაუქმების უფლება.

3. თუ საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) რეგისტრირებულია გარიგება, რომელიც შემდგომში ბათილად იქნა ცნობილი, ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) შესწორების შეტანა. შესწორების შემდეგ ნებართვა უქმდება.

4. საადგილმამულო (ფერმერული) მეურნეობის ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შესაბამისად იპოთეკად ან გირაოდ გამოყენება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. წესები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№165-IIს

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონის ამოქმედების თაობაზე

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებრვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებევლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

3. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

4. სოფლად მცხოვრებ მედიცინის, განათლების, კულტურის სფეროს მიკუთვნებული მუშაკების კომლები (ოჯახები) გაუთანაბრდნენ სოფლად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ კომლებს და შესაძლებლობის შემთხვევაში გამოეყოთ მიწის ნაკვეთი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირველი კატეგორიისათვის განსაზღვრული ნორმის მიხედვით.

5. საკუთრების უფლება არ ვრცელდება იმ კომლთა მიწებზე, რომელთაც მიწის რაიმე ნაკვეთი მიღებული (მითვისებული) აქვთ ზემოაღნიშნული დადგენილების დარღვევით.

6. მეორე პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შესაბამისად მოქალაქეთა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მიწათსარგებლობა და საკუთრებითი ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი კანონით. დაევალოს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს აღნიშნული კანონპროექტი 1996 წლის 1 აგვისტომდე წაუდგინოს პარლამენტს განსახილველად.

7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმი სასაზღვრო და სანაპირო ზოლში და სასაზღვრო ზონაში განისაზღვრება სპეციალური კანონით.

8. ისტორიის, არქეოლოგიის, ქალაქმშენებლობის და არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების ძეგლების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილ ზონებში, აგრეთვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის რეჟიმს არეგულირებს კანონი.

9. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიღებული მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული აქტები ბათილია.

10. საქართველოს მთავრობამ 1996 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის შესასრულებლად აუცილებელი ფინანსური, ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ღონისძიებების გატარება.

11. (ძალადაკარგულია).

საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

12. აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 1996 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის კანონში ,,გირავნობის შესახებ“ ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული ცვლილებები და დამატებები.

13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთდროულად, ისე ეტაპობრივად, ცალკეული რეგიონების მიხედვით, მიწის მესაკუთრეთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის, კადასტრის სამსახურის მზადყოფნის შესაბამისად. ამასთან, მიწის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია მესაკუთრემ ხელი მოაწეროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას, რომ აღიარებს მას.

14. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ის ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 22 მარტი.

№166-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №719 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №23-24, 07.06.1997 წ., გვ.16

2. საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის კანონი №786 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №31, 24.07.1997 წ., გვ.1

18. 25/06/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4848-IIს - ვებგვერდი, 02/07/2019 17. 07/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/10/1267,1268 - ვებგვერდი, 12/12/2018 16. 16/06/2017 - საქართველოს კანონი - 1049-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 15. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3391-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 14. 24/06/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/2/563 - ვებგვერდი, 07/07/2014 13. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2027-IIს - ვებგვერდი, 26/02/2014 12. 28/06/2013 - საქართველოს კანონი - 795-IIს - ვებგვერდი, 17/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 26/06/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/512 - ვებგვერდი, 04/07/2012 10. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3513 - სსმ, 48, 09/08/2010 9. 19/06/2007 - საქართველოს კანონი - 4958 - სსმ, 24, 02/07/2007 8. 26/11/2004 - საქართველოს კანონი - 628 - სსმ, 36, 08/12/2004 7. 20/06/2003 - საქართველოს კანონი - 2429 - სსმ, 21, 15/07/2003 6. 14/06/2000 - საქართველოს კანონი - 389 - სსმ, 23, 23/06/2000 5. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 91 - სსმ, 52(59), 31/12/1999 4. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2082 - სსმ, 24(31), 26/06/1999 3. 20/03/1998 - საქართველოს კანონი - 1300 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 2. 26/06/1997 - საქართველოს კანონი - 786 - პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997 1. 15/05/1997 - საქართველოს კანონი - 719 - პარლამენტის უწყებანი, 23-24, 07/06/1997