დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1/2/563 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
მიღების თარიღი | 24/06/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.016024 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის
განმწესრიგებელი სხდომის
განჩინება
№1/2/563 ქ. ბათუმი, 2014 წლის 24 ივნისი
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე -წევრი;
მაია კოპალეიშვილი- წევრი.
სხდომის მდივანი:
ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება:
ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21–ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოსარჩელის - ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის წარმომადგენლები: თამარ ჭარბაძე და თეონა ზაქარაშვილი; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №563) მიმართა ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა. №563 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განხილვის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2013 წლის 18 სექტემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 24 იანვარს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21–ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებულია ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2013 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“. აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, უცხოელი 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის, მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებს. მოსარჩელე არის ავსტრიის მოქალაქე და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, მას ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა და მემკვიდრეობით მიღება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განსაზღვრულ საკუთრებისა და მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებებს.
5. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საკუთრების უფლება ვრცელდება ყველაზე, მათ შორის, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. შესაბამისად, საკუთრების უფლება უცხოელებსა და საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებელია შეეზღუდოთ მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, შეზღუდვას საფუძვლად უნდა დაედოს მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, კანონმდებლობით განსაზღვრული უნდა იყოს შეზღუდვის შემთხვევები და წესი და უფლება იმგვარად უნდა შეიზღუდოს, რომ საკუთრების უფლების არსი არ დაირღვეს.
6. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ სადავო ნორმის მიღება მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებასა და დარგის საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას, ვინაიდან არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები. ამასთან, კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფოს აქვს საჯარო ინტერესი, უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებამდე და საკადასტრო მონაცემების მოწესრიგებამდე თავიდან უნდა იქნეს აცილებული მიწების არარაციონალურად გასხვისება და იაფი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მასობრივი შესყიდვა.
7. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ნორმა იმ ნორმების იდენტური შინაარსისაა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ქვეყნის უშიშროება სწორედ ის სიკეთეებია, რომლებზეც პარლამენტი 2012 წელსაც აპელირებდა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სადავო ნორმა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის არათუ ერთადერთ, არამედ ზოგადად არაეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
8. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიწის კადასტრის ორგანიზება უდავოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა, თუმცა სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას ვერ ამართლებს. მოსარჩელის აზრით, ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შეძენა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირისთვის მნიშვნელობა არ აქვს მიწის შემძენის მოქალაქეობრივ კუთვნილებას. ამასთანავე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრის მოქალაქეობრივი კუთვნილება ასევე ვერ იქნება საფრთხის შემცველი, თუ კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. უფრო მეტიც, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მოქცეული ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, მოქალაქეობრივი კუთვნილების ან/და რეგისტრაციის ადგილისგან დამოუკიდებლად, ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება საკუთრების უფლების არაპროპორციულად შეზღუდვა.
9. მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკრეტული უფლების განსაზღვრული ვადით შეზღუდვას არ ითვალისწინებს. სადავო ნორმით საკუთრების უფლების თუნდაც დროებით შეზღუდვა ვერ იქნება გამართლებული დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების, კერძოდ, უცხოელებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს აწესებს. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით არ არის განპირობებული, კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოა და უფლებაში ჩარევის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა თვითმიზნურ და გაუმართლებელ დისკრიმინაციას წარმოადგენს.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედება შეჩერდეს. მოსარჩელის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას სადავო ნორმის იდენტური შინაარსის თაობაზე და საქმეს არსებითად განსახილველად მიიღებს, აუცილებელია, ნორმა შეჩერდეს. მოსარჩელე უთითებს, რომ, მართალია, ნორმის შეუჩერებლობამ შესაძლებელია მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, თუმცა ზოგადად, უფლებრივი თვალსაზრისით ეს ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.
13. მოსარჩელე მხარე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
14. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით.
15. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმით უცხოელებს საკუთრების უფლება მხოლოდ გარკვეული დროით შეეზღუდათ, რაც უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას არ წარმოადგენს. მოპასუხე განმარტავს, რომ საქართველო არის მცირემიწიანი სახელმწიფო, ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ მოდის 0.24 ჰა დამუშავების პროცესში მყოფი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი სივრცე, წარმოების უალტერნატივო საშუალება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს არსებითად განსაზღვრავს. ამასთან, შეზღუდვის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის პირობების განსაზღვრაზე, რაც ძალაში შესვლის შემდეგ ერთნაირად გავრცელდება როგორც უცხოელზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების გარკვეული პერიოდით აკრძალვის მთავარი დანიშნულება უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილებაა.
16. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ, მართალია, სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური ლეგიტიმური მიზნები აქვს და შეზღუდვაც ამ მიზნების მიღწევისთვის გამოიყენება, მთავარი განსხვავება არის ნორმის დროებითი ხასიათი. ვინაიდან სადავო ნორმა მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს, იგი უცხოელებს საკუთრების უფლებას კი არ ართმევს, არამედ იწვევს ამ უფლების დროებით შეჩერებას, რაც დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას წარმოადგენს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტური და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
18. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის დასადგენად, საკონსტიტუციო სასამართლომ რაციონალური დიფერენციაციის ტესტით უნდა იხელმძღვანელოს და შეაფასოს, რამდენად არის სადავო ნორმა მაქსიმალურად რეალისტური, საჭირო და არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან სადავო ნორმა დროებითი ხასიათის შეზღუდვებს აწესებს, მის საფუძველზე დადგენილი დიფერენცირება არ არის მაღალი ინტენსივობის და არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
19. სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ არ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მის მიმართ გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრთხეს. შესაბამისად, მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20 გარდა ამისა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნორმის შეჩერება შეუძლებელს გახდის მისი მიზნების შესრულებას, ვინაიდან თავად ნორმას დროებითი ხასიათი აქვს. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილ 11 თვეს გამოაკლდება მაქსიმუმ 45 დღე. ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეუზღუდავად შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რაც ლეგიტიმური მიზნების მიღწევას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. წინამდებარე საქმეში გასაჩივრებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებულია უცხოელის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის უფლება. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, ასევე კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. ამასთან, მოსარჩელე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, განჩინებით ძალადაკარგულად ცნოს სადავო ნორმა, რადგან ის შეიცავს იმავე შინაარსის ნორმას, რაც სასამართლოს პლენუმმა ძალადაკარგულად ცნო 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
4. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ წინამდებარე საქმეში, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს სადავო ნორმა წარმოადგენს თუ არა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით, საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად ცნო. აღნიშნულ საქმეში არაკონსტიტუციურად გამოცხადდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის საქმის გადაწყვეტის დროს მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები: ა) „ამ მუხლის 11, 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში“, ბ) „უცხოელსა და“, რომელიც გრძელდება სიტყვებით „საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე...“, გ) „ხოლო უცხოელს - აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე“ და მე-4 მუხლის 11 პუნქტის სიტყვები „უცხოელი და“.
5. საქმეში „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების თანახმად, უცხოელ ფიზიკურ პირს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეეძლო მოეპოვებინა მხოლოდ მემკვიდრეობით ან იმ შემთხვევაში, თუ იგი მიწას მართლზომიერად ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთან, კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციის მიხედვით, უცხოელი ფიზიკური პირი, რომელიც საკუთრებას მოიპოვებდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ვალდებული იყო ის საკუთრების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან საქართველოში რეგისტრირებულ იურდიულ პირზე. აღნიშნულ საქმეში საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა, ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, აგრარული სექტორის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მოპასუხე მიუთითებდა, რომ უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აკრძალვა უზრუნველყოფდა მდიდარი ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიწის მასობრივი შეძენის პრევენციას და ამ გზით საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მასიურად უცხოელთა საკუთრებაში გადასვლის თავიდან აცილებას. შესაბამისად, სადავო ნორმა გარკვეულწილად სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების, გარემოს და ქვეყნის უშიშროების დაცვას ისახავდა მიზნად, რაც აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობას განაპირობებდა.
6. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1) უცხოელი წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების სრულფასოვან სუბიექტს; 2) სადავო ნორმები წარმოადგენდა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული საკუთრების უფლების შეზღუდვას; 3) არ არსებობდა ლოგიკური კავშირი სადავო ნორმასა და მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. სადავო ნორმებით იზღუდებოდა უფლება ისე, რომ არ ხდებოდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლების შეზღუდვასა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის საჯარო ინტერესს შორის ლოგიკური კავშირის არსებობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების მიხედვით, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესაძლებლობა სახელმწიფოს ერთნაირად აქვს იმისგან დამოუკიდებლად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელს ეკუთვნის თუ საქართველოს მოქალაქეს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტაციიდან არ გამოიკვეთა უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრედ გახდომიდან მომავალი ის საფრთხეები, რომლებიც ლოგიკურ კავშირს წარმოაჩენდა სადავო ნორმასა და სახელმწიფოს ეკონომიკური ან ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას შორის. ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტის მიერ გასაჩივრებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით.
7. 2013 წლის 28 ივნისს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, ამავე კანონის 22-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელმაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეაჩერა ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის (მათ შორის მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოში უცხოელის მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, უცხოელს 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეზღუდება უფლება, გახდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე.
8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს.
9. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „დამძლევ ნორმად“ მიჩნევისას, ის ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, იმეორებს თუ არა ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად მსგავსია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად, იგი სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორებად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია.
11. იმის დასადგენად, არსებობს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, სადავო ნორმის შინაარსის შეფასებასთან ერთად, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ის ლეგიტიმური საჯარო მიზნები, რომელთა მიღწევასაც სადავო ნორმა ემსახურება. სასამართლო ასევე შეიძლება დადგეს ზოგიერთი ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი გარემოებების შეფასების აუცილებლობის წინაშე, თუ ეს გარემოებები არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მომენტისთვის.
12. შესაბამისად, სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა.
13. სადავო ნორმის, საქმის განხილვის პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციის, მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების ანალიზი წარმოაჩენს მნიშვნელოვან მსგავსებებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებსა და წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარ ნორმას შორის. კერძოდ, ისევე როგორც პლენუმის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმები, მოცემულ საქმეშიც სადავოდ გამხდარი ნორმა ზოგადად კრძალავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლებას. სადავო ნორმით განსაზღვრული აკრძალავა, მსგავსად წინა შემთხვევისა, ეხება ყველა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწას და წარმოადგენს ზოგად და აბსოლუტურ (თუმცა დროში შემოფარგლულ) აკრძალვას. ამ კუთხით მასში არ არის მოცემული რაიმე განსხვავებული რეგულირებები. უფრო მეტიც, არაკონსტიტუციურად გამოცხადებული ნორმებისგან განსხვავებით, მოქმედი რეგულირება უფრო ამძიმებს უცხოელი ფიზიკური პირის მდგომარეობას, რადგან არ იძლევა საშუალებას, რომ პირმა, თუნდაც დროებით, მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში. ამდენად, სადავო ნორმაში მოცემული ქცევის წესი, არსებითად, იმავე შინაარსის შემცველია, როგორი შინაარსიც გააჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს.
14. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 28 ივნისის №795-IIს საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშულია, რომ „დღევანდელი მდგომარეობით, არსებობს მიწების არარაციონალურად გასხვისების საფრთხე, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე, ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზარალოს სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლები. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, გარკვეული პერიოდით, 2017 წლის 1 იანვრამდე, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებამდე, .... უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუჩერდეთ მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვება“. როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, აღნიშნული შეზღუდვის დაწესება თავდაპირველად 2017 წლის 1 იანვრამდე იგეგმებოდა, თუმცა სადავო ნორმის მოქმედების ვადა საბოლოოდ 2014 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა. სწორედ ამ შინაარსით იქნა იგი გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. ამასთან, განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ უფლების გარკვეული ვადით შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საჯარო ინტერესი, უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებამდე და საკადასტრო მონაცემების მოწესრიგებამდე, თავიდან იქნეს აცილებული მიწების არარაციონალურად გასხვისება და იაფი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მასობრივი შესყიდვა“.
15. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ სადავო ნორმის მიღებას იგივე ლეგიტიმური მიზნები დაედო საფუძვლად, რომელთა მიღწევასაც ემსახურებოდნენ საქმეში „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები. ამასთან, მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ „გარკვეული პერიოდი არის აუცილებელი იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული მიწების მასობრივი გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ვინაიდან საბოლოო ჯამში ისე არ აღმოჩნდეს, რომ ვიდრე კრიტერიუმები იქნება დადგენილი, ქვეყნის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უმრავლესობა აღმოჩნდეს იაფად გასხვისებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე“.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები, რომელთა უზრუნველყოფასაც სადავო ნორმა ემსახურება, არსებითად მსგავსია იმ მიზნებისა, რაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მიერ №512 კონსტიტუციური სარჩელის („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განხილვისას იქნა დასახელებული.
17. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებელია შეაფასოს მოპასუხის მიერ დასახელებული კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის დროებით ხასიათს უკავშირდება. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის მოქმედება შემოფარგლულია დროით, კერძოდ, აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრამდე. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო ნორმის მოქმედების დროით შემოფარგვლა წარმოადგენს არსებით განმასხვავებელ ნიშანს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ ნორმებთან მიმართებით და, შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისთვის არ უნდა ჩაითვალოს „დამძლევ ნორმად“.
18. მოპასუხე მხარემ განმარტა, საჭიროა გარკვეული ვადა იმისთვის, რომ კანონმდებელმა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო პოლიტიკა სასოფლო-სამეურნო მიწებთან დაკავშირებით, განსაზღვროს გარკვეული კრიტერიუმები და მიწის კატეგორიები, რომელთა გასხვისებაც ზოგადად შეიზღუდება. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის დროებითი ხასიათი, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყევეტილების შესრულების აუცილებლობით არის განპირობებული. მან მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სასამართლო არ გამორიცხავს, რომ გარკვეული კატეგორიის მიწის, მაგალითად, სარეკრეაციო ზონების გასხვისების აკრძალვა, ემსახურებოდეს გარემოს დაცვის მიზნებს“. მოპასუხის განმარტებით, მორატორიუმით დადგენილ ვადაში განისაზღვრება იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორია, რომლის გასხვისებაც საერთოდ არ შეიძლება ან მიზანშეუწონელია, მაგალითად, როგორიც არის სასაზღვრო რეგიონში არსებული მიწები ან დაცული ტერიტორიების მიწები. მისი აზრით, ამ კატეგორიის მიწის ნაკვეთების გასხვისება, მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეზღუდული უნდა იყოს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებული უნდა იქნეს სასოფლო-სამეურნო მიწებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა და მოწესრიგდეს კადასტრი, რაც შესაძლებელს გახდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებით გამოწვეული გამოუსწორებელი შედეგების თავიდან აცილებას.
19. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის დროებითი ხასიათი იმდენად მნიშვნელოვან გარემოებას, რაც შესაძლებელს გახდის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისთვის, სადავო ნორმის შინაარსი განხილულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსისგან არსებითად განსხვავებულად.
20. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის შინაარსის გარკვევის პროცესში, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მისი დროში მოქმედების ფარგლები. წესი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული ვადით, შესაძლებელია იწვევდეს უფლების იმაზე ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე მუდმივად მოქმედი წესი. ნორმები, რომლებიც შინაარსობრივად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით დადგენილ ქცევის წესს, თუმცა დროებითი ხასიათი აქვს, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც იქნეს განხილული, როგორც ისეთი განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჭიროებს ახალი პროცესის ფარგლებში არსებით განხილვას. მაგალითად, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც განუსაზღვრელი ვადით ითვალისწინებდა რომელიმე უფლების შეზღუდვას და მიუთითა, რომ ნორმის არაკონსტიტუციურობას იწვევდა პირის უფლებაში ჩარევის მომეტებული ინტენსივობა, რაც განპირობებულია სწორედ უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ მიღებული ქცევის იმავე წესის შემცველი ნორმა, რომელიც განსაზღვრული ვადით მოქმედებს, შეიძლება შეფასდეს როგორც განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც ავტონომიურად საჭიროებს არსებით განხილვას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლების შემზღუდველი ნორმატიული რეგულირება ლოგიკურად არ უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მისი მიღწევის საშუალებას, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხს, ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა. ასეთი ნორმა, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის შეფასების გარეშეც, უკვე არაკონსტიტუციურია. უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის მოქმედების ვადას არც იმ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გარდაუვალია სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მიუხედავად. საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან „არ არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმასა და მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. სადავო ნორმით იზღუდება უფლება, რომლის ხარჯზეც არ ხდება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-70). ამდენად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა განაპირობა არა მასში მოცემული წესით პირის უფლებაში ზედმეტად მკაცრმა, არაპროპორციულმა ჩარევამ, არამედ იმ გარემოებამ, რომ სადავო ნორმით მოცემული შეზღუდვები არ იყო ლოგიკურ ბმაში მოპასუხის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ საჯარო მიზნებთან, არ იძლეოდა მათი მიღწევის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის პოზიცია ლეგიტიმურ მიზნებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
21. მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა კავშირს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვას ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის პოლიტიკის შემუშავებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლო არც ამჯერად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული გეოგრაფიული მდებარეობის ან კონკრეტული ტიპის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფომ დაადგინოს განსხვავებული წესი როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის, თუმცა მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობა აქვს ასეთი მიწების იდენტიფიცირების საკითხს უცხოელთათვის, მიწის შეძენის თუნდაც დროებით აკრძალვასთან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის ის კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რა ტიპის მიწები უნდა დარჩეს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში და არ გასხვისდეს, არ არის კავშირში სადავო ნორმით განსაზღვრულ მორატორიუმთან. სახელმწიფო საკუთრებაში ასრებული მიწების გასხვისების უფლებამოსილებას ფლობს მხოლოდ სახელმწიფო და, შესაბამისად, უცხოელებისადმი ამ მოტივით მიწის შეძენის უფლების თუნდაც დროებითი აკრძალვა, გაუგებარია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი უკვე იმყოფება კერძო პირის საკუთრებაში, გაუგებარი ხდება, როგორ შეუშლის ხელს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგებას მესაკუთრის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებიდან სადავო ნორმის მიღებამდე ერთი წელი იყო გასული, მოპასუხემ ვერ დაასახელა რაიმე ფაქტი ან მაგალითი, რომელმაც განაპირობა სადავო ნორმის მიღების აუცილებლობა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემხებლობა აქვს მიწის კადასტრის დაზუსტებას უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან.
22. უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვიანობის მოწესრიგება, მონაცემების სისტემატიზება და დაზუსტება, მნიშვნელოვან საჯარო ამოცანას წარმოადგენს და მისი განხორციელება შესაძლოა გარკვეულ დროს საჭიროებდეს. თუმცა კადასტრის დაზუსტება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის კრიტერიუმების განსაზღვრა და სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, თავისთავად, არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც თვითმყოფადი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. აღნიშნული ზომები/ქმედებები წარმოადგენს კონკრეტული მიზნის, საჯარო ინტერესის მიღწევის საშუალებებს. „სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ასევე განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რაც მთავრობამ უნდა გაატაროს მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში. კერძოდ: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა; გ)სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობას აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადა პირველ ეტაპზე ჰქონდა 2013 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო 2014 წლის 20 თებერვლის ცვლილებებით კი ეს ვადა ერთჯერადად გაგრძელდა 2014 წლის 30 ნოემბრამდე. უნდა აღინიშნოს, რომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, 2014 წლის 24 იანვარს ჩატარებული საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხეს არ დაუსახელებია კანონმდებლის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან ღონისძიება, რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა (ან არსებითად გართულდებოდა) სადავო ნორმის მიღების გარეშე.
23. მოპასუხის მიერ განმწესრიგებელ სხდომაზე დასახელებული ლეგიტიმური საჯარო მიზნები, როგორც არაერთგზის აღინიშნა, არსებითად იდენტურია იმ მიზნებისა, რაც დასახელდა №512 კონსტიტუციური სარჩელის („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განხილვისას, კერძოდ, ეკონომიკური უსაფრთხოება და სახელმწიფო უშიშროება. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ვერც ამჯერად იქნება განხილული იმ სამართლებრივ საშუალებად, რომლითაც შესაძლოა მიღწეულ იქნეს მოპასუხის მიერ დასახელებული ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ქცევის იმავე წესის შემცველი, თუმცა დროებითი ხასიათის ნორმა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისათვის არ იწვევს სადავო ნორმის შინაარსის იმგვარ ცვლილებას და არ ქმნის ისეთ განსხვავებულ ნორმატიულ მოცემულობას, რომელიც საჭიროებს ხელმეორედ არსებით განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც არსებითად განასხვავებდა სადავო ნორმას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან. სადავო ნორმით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები, მიზნების მისაღწევად გამოყენებული სამართლებრივი საშუალება და მოსარჩელისთვის გამოწვეული სამართლებრივი შედეგები არის არსებითად მსგავსი. ამავე დროს, მოპასუხის მიერ არ დასახელებულა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც არსებითად შეცვლიდა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის მიმართ. ამდენად, ასევე არ არის სახეზე ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიზნებისთვის წარმოადგენს იმავე შინაარსის ნორმას, რაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, იგი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
25. საკონსტიტუციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნის იურიდიულ პირებს ან საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დაფუძნებულია უცხოელის მიერ. მოცემულ საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს უცხოელი ფიზიკური პირი და, შესაბამისად, ის ვერ იქნება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების იურიდიული პირებისათვის შეზღუდვასთან მიმართებით.
26. მოსარჩელე ითხოვს ასევე სადავო ნორმების შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ იმდენად, რამდენადაც ნორმა ჩაითვალა „დამძლევ ნორმად“ და, შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, აღარ არის საჭიროება, დამატებით შეფასდეს ნორმის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელემ გამწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებაში, მისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან ნორმის შესაბამისობის შემოწმება ინტერესს კარგავდა. შესაბამისად, სასამართლო არ შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, 51, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 და 51 პუნქტების, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის კონსტიტუციური სარჩელი №563 და განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელის მიმართ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას.
2. განჩინება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები